EVER GIVEN-ი სუეცის არხში

Ever Given-მა სუეცის არხში შესვლამდე ზღვაზე მამაკაცის სასქესო ორგანო მოხაზა: ვიდეო

125
(განახლებულია 17:52 30.03.2021)
ოპერატორ კომპანიაში აცხადებენ, რომ ხომალდის მოძრაობის ტრაექტორია სრულიად შემთხვევით დაემთხვა მამაკაცის სასქესო ორგანოს გამოსახულებას.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. გიგანტურმა კონტეინერმზიდმა Ever Given-მა, სუეცის არხში შესვლამდე და მეჩეჩზე შეჯდომამდე, წითელ ზღვაში მანევრები ჩაატარა და „უხამსი ტრაექტორია“ მოხაზა, იუწყება გამოცემა Spiegel ხომალდის ოპერატორზე, კომპანია Bernhard Schulte Shipmanagement-ზე დაყრდნობით.

ოპერატორის ინფორმაციით, ხომალდის მოძრაობის ტრაექტორია შემთხვევით, წინასწარი განზრახვის გარეშე დაემთხვა მამაკაცის სასქესო ორგანოსა და საჯდომის სურათს.

„იშვიათი არ არის, როდესაც არხში შესვლის მომლოდინე ხომალდები აქეთ–იქით მოძრაობენ. კონტეინერმზიდის მოძრაობის ვირტუალური მოდელის დამთხვევა მამაკაცის სასქესო ოგანოსთან წმინდა შემთხვევითობაა“, — აცხადებენ ოპერატორ კომპანიაში.

გავრცელებული ცნობით, Ever Given-ის მიერ მოხაზულ ტრაექტორიას ყურადღება გამოცემა Vice-მ მიაქცია ჯერ კიდევ 25 მარტს.

400-მეტრიანი და 224 ათასი ტონა წყალწყვის გემი Ever Given, რომელიც ჩინეთიდან ნიდერლანდებისკენ მიემართებოდა, 23 მარტს შეჯდა მეჩეჩზე და არხში გარდიგარდმო გაიჭედა. მის ადგილიდან დაძვრას და ნავიგაციის აღდგენას რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა რვა საბუქსირო ხომალდი. ამ ხნის განმავლობაში, „ბლუმბერგის“ ექსპერტების დათვლით, ყოველდღიური ზარალი დაახლოებით 9,6 მილიარდ დოლარს აღწევდა. საბოლოოდ ხომალდი მეჩეჩიდან 29 მარტს მოხსნეს და სუეცის არხში ნაოსნობა აღდგა.

125
თემები:
საერთაშორისო პანორამა (328)
კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მკვლელობის მუქარის ბრალდებით ფლორიდაში 39 წლის ექთანი დააკავეს

11
(განახლებულია 11:30 18.04.2021)
ქალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვიცე-პრეზიდენტისთვის „რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ და თავის აღშფოთებას მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში ავლენდა.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მკვლელობის მუქარის ბრალდებით ფლორიდის მკვიდრი ქალი დააკავა, იუწყება გამოცემა USA Today.

სამართალდამცველებმა 39 წლის ექთანი ნივიან პეტი ფელპსი (Niviane Petit Phelps) ხუთშაბათს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული „შეგნებულად და განზრახ იმუქრებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მოკვლით და სხეულის დაზიანების მიყენებით“.

საიდუმლო სამსახურის მონაცემებით, ბრალდებულმა მეუღლეს, რომელიც ციხეში პატიმრობას იხდის, რამდენიმე ვიდეო გაუგზავნა, სადაც გამოხატავდა რისხვას 2020 წლის არჩევნების შედეგების გამო, ასევე იარაღის ტარების ნებართვას მოითხოვდა. სასამართლოს ხელთ არსებული დოკუმენტებით, ფელპსმა ჩაწერა ხუთი ვიდეორგოლი, სადაც ჰარისის მოკვლით იმუქრებოდა და კონკრეტულ თარიღს ასახელებდა. აღნიშნულია, რომ ქალის მუქარას ამყარებდა მისი რწმენა, თითქოს ჰარისი „სინამდვილეში შავკანიანი არაა“.

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ, რომელშიც ფელპსი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, განაცხადა, რომ მას დაითხოვენ.

ქალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვიცე-პრეზიდენტისთვის „რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა“ და თავის აღშფოთებას მხოლოდ ქმართან ურთიერთობაში ავლენდა.

11
ვენახი

საფრანგეთის სოფლის მეურნეობა უდიდეს კატასტროფას განიცდის

103
(განახლებულია 23:27 17.04.2021)
საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში XXI საუკუნის დასაწყისიდან ამხელა კატასტროფა არ მომხდარა

თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. საფრანგეთის ხელისუფლება ერთ მილიარდ ევროს გამოყოფს სოფლის მეურნეობის დარგის დასახმარებლად, რომელიც გვიანი ყინვების გამო კატასტროფას განიცდის, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა.

„ესაა ნამდვილი დრამა, რასაც ამ კლიმატური კატასტროფის გამო დარგის პროფესიონალები განიცდიან. ეს არის ადამიანური, ეკონომიკური დრამა. ახლა დგას სოფლის მეურნეობის დარგის მუშაკთა გადარჩენის საკითხი“, - განაცხადა კასტექსმა სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, სახელმწიფომ ამ კატასტროფას სათანადოდ უნდა უპასუხოს. სახელმწიფო გამოყოფს ერთ მილიარდ ევროს, რადგან „სიტუაცია ასეთ ზომებს ამართლებს“, განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა.

ადრე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟულიენ დენორმანდიმ აღნიშნა, რომ საფრანგეთში გვიანმა ყინვებმა დააზიანა „ასობით ათასი ჰექტარი ვენახები, ხე-ხილი და ნათესები“. მისი თქმით, ეს „შესაძლოა, სოფლის მეურნეობაში XXI საუკუნიდან ყველაზე დიდი კატასტროფაა“.

103
გამვლელები პირბადეებით

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

0
(განახლებულია 12:22 18.04.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.437 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 122 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1.179 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 136 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

 

 

0