ეტნა

ლავის შადრევნები და ფერფლის უზარმაზარი ღრუბელი: ეტნამ კვლავ გაიღვიძა ვიდეო

60
(განახლებულია 13:37 17.02.2021)
ევროპის ყველაზე მაღალმა მოქმედმა ვულკანმა ეტნამ ბოლოს 2017 წელს გაიღვიძა, რა დროსაც ათამდე ადამიანი დაშავდა.

თბილისი. 17 თებერვალი — Sputnik. კუნძულ სიცილიაზე ვულკანმა ეტნამ კვლავ გაიღვიძა და ამოფრქვევა დაიწყო, იუწყება იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი (INGV).

​მეცნიერთა მონაცემებით, ამოფრქვევას ახლდა ლავის ნაკადები და ვულკანური ფერფლის მძლავრი გამოტყორცნა, რამაც უზარმაზარი ღრუბელი წარმოშვა კრატერიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის სიმაღლეზე.

სტრომბოლის ტიპის ამოფრქვევისას გამოტყოცნილი ვულკანური ბომბები და ქანების საკმაოდ მსხვილი ნამსხვრევები ვულკანის ძირში განლაგებულ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ჩამოცვივდა. „ქვების წვიმამ“ გარკვეული მატერიალურ ზარალი მიაყენა მათ, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

​ამ დროისათვის რაიონში საჰაერო სივრცე დაკეტილია.

ეტნა ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია ევროპაში. 2013 წლის ივნისში ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში შეიტანეს.

60
თემები:
საერთაშორისო პანორამა (188)
ვაქცინა

აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა რუსული ვაქცინა შეაქო

44
(განახლებულია 21:52 06.03.2021)
რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“ სახელმწიფო რეგულატორების მიერ გაცემული ნებართვების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ენთონი ფაუჩიმ ბერძნულ ტელეარხ Skai-სთვის მიცემულ ინტერვიუში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“ შეაქო, იუწყება РИА Новости.

ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველს დაუსვა კითხვა, აიცრებოდა თუ არა ის რუსული „სპუტნიკით“ ან ჩინური ვაქცინით.

„მონაცემები, რომლებიც მე ვიცი „სპუტნიკის“ შესახებ, საკმაოდ კარგია. მე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია ჩინური ვაქცინის შესახებ, რადგან მათ აქვთ ორი თუ სამი სხვადასხვა ვაქცინა. ასე რომ არ მიდევნებია თვალი მათი ეფექტურობისთვის, მაგრამ რუსული პრეპარატის მონაცემები საკმაოდ კარგად გამოიყურება“, - უპასუხა ფაუჩიმ, რომელსაც არხი აშშ-ის წამყვან მეცნიერს უწოდებს.

ფაუჩიმ ასევე განაცხადა, რომ საუბრები ვაქცინების შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ ნაკლებად აღელვებს.

„ჩემი შეშფოთება მინიმალურია. ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ აშშ-ში Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებზე ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა მათი ეფექტურობა 94-95%-მდე და მინიმალური რეაქტიულობა. პირველი დოზის შემდეგ ჩნდება გარკვეული ტკივილი მკლავში, რომელიც დაახლოებით 24 საათს გრძელდება. მეორე დოზაში რეაქტიულობა უფრო მაღალია. Pfizer-ის შემთხვევაში ის ჩნდება 21 დღის შემდეგ, Moderna-ს - 28 დღის შემდეგ. მეორე დოზის შემდეგ ვლინდება დაღლილობის, ტკივილის, შემცივნების სიმპტომი და შესაძლოა მცირე ცხელება“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

მისი თქმით, ადამიანთა უმრავლესობაში აღნიშნული სიმპტომები 24 საათს გრძელდება, თუმცა ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ცოტა მეტხანს გაუგრძელდეს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“-ს 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ვაქცინა გამალეის ცენტრში შემუშავდა.

სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკV“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

44

როგორი იქნებოდა ჩვენი სამყარო, დედამიწა რომ ბრტყელი ყოფილიყო? - შემეცნებითი ვიდეო

39
(განახლებულია 14:07 06.03.2021)
ინტერნეტ-სივრცეში ხშირად წააწყდებით დედამიწის სიბტყელის შესახებ ხუმრობებსა თუ სერიოზული თეორიებს, რომლებსაც დღეისათვის უამრავი მიმდევარი ჰყავს

Flatearther-ებს (ბრტყელი დედამიწის თეორიის მხარდამჭერები) ნამდვილად მდიდარი ფანტაზია აქვთ, მათი აზრით ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო სამყაროს რეალობას უმალავს.

ისინი რომ მართლები ყოფილიყვნენ, ხეები დიაგონალურად გაიზრდებოდა, მზის დაბნელება კი განსხვავებული სანახაობა იქნებოდა. ასევე, მათი თქმით, მზე ბრუნავს დედამიწის გარშემო და არა პირიქით. თუმცა რეალობა სულ სხვაგვარია.

ვიდეოში იხილავთ, როგორი იქნებოდა სამყარო, თუ კი დედამიწა მართლად ბრტყელი იქნებოდა.

39
საეკლესიო კალენდარი: 7 მარტი

საეკლესიო კალენდარი: 7 მარტი

0
(განახლებულია 09:09 07.03.2021)
საქართველოს მართლმადიებელი ეკლესია 7 მარტს კოლაელი ცხრა ყრმის, მოწამეების: მავრიკიოსისა და 70 მხედრის, ფოტინისი, თეოდორესი, ფილიპესი და სხვების, სირიელი მეუდაბნოეების , თალასის  ლიმნის,  და ვარადატის, ასევე  ღირსი ათანასე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

ცხრა ყრმა კოლაელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 7 მარტი ცხრა ყრმა კოლაელის ხსენების დღეა. 

ცხრა კოლაელი ყრმა გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი, ჯუანშერ, რამაზ და ფარსმანი, VI საუკუნეში მდინარე მტკვრის სათავეში საკუთარ მშობელთა მიერ იქნენ ჩაქოლილნი ქრისტეს აღსარებისთვის.

სოფელი კოლა მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო.

ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როდესაც სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად. ქრისტიან ბავშვებთან ერთად წარმართი ყრმები ეკლესიამდე მიუყვებოდნენ მათ თანატოლებს, მაგრამ ტაძარში ვერ შედიოდნენ. ისინი თანდათან უფრო და უფრო ინტერესდებოდნენ ქრისტიანული მოძღვრებით; და ბოლოს გადაწყვიტეს ქრისტიანებს შეერთებოდნენ. კოლაელი ქრისტიანები სოფლის მღვდელთან მივიდნენ და აუწყეს ყრმათა სურვილი. იგი არ შეუშინდა წარმართთაგან მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეს ბავშვები მდინარეზე წაიყვანა მოსანათლად. ხუცესმა გაყინულ მდინარეში ჩაიყვანა ბავშვები და ნათელსცა მათ. ნათლობის დროს მოხდა სასწაული: წყალი გათბა და ყრმებმა ნათლის ანგელოზები იხილეს. ანგელოზთაგან განმტკიცებულმა ბავშვებმა აღარ ისურვეს წარმართ მშობლებთან დაბრუნება და ქრისტიანებთან დარჩნენ. მალე მშობლებმა გაიგეს შვილების ნათლისღების ამბავი, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით მიიყვანეს სახლში.

ბავშვებმა საოცარი მოთმინებით აიტანეს ყოველგვარი შეურაცხყოფა და ტანჯვა-წამება, შვიდი დღე-ღამე მშიერ-მწყურვალნი მუდამ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: „ჩვენ ქრისტიანენი ვართ და არა ჯერ-არს, ვითარმცა ვჭამეთ და ვსუთ ნაგები კერპთა“. ვერც მოფერებამ, ვერც სხვა სიკეთეთა აღთქმამ ვერ მოხიბლა ქრისტეშემოსილი ყრმები. შვილების სიჯიუტით განრისხებული მშობლები მთავართან მივიდნენ და ბავშვების ქვით ჩაქოლვის ნებართვა ითხოვეს, მდინარის სათავესთან, იქ, სადაც ყრმებმა ნათელიღეს, დიდი ორმო ამოთხარეს და ბავშვები შიგ ჩაყარეს. უსჯულო მშობლებმა პირველებმა აიღეს ქვები, შემდეგ თავმოყრილმა ბრბომაც მიჰბაძა მათ და მალე ორმო ქვებით ამოავსეს. წარმართებმა სიკვდილის პირას მიიყვანეს სოფლის ხუცესიც, გაძარცვეს და ნაძარცვი თვითონ დაინაწილეს.

ეს ამბავი მოხდა სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ტაოში.

მოწამე მავრიკი და 70 მხედარი: ფოტინი, ფილიპე, თეოდორე და სხვები

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 7 მარტი წმინდა მოწმაეების  მავრიკის და 70 მხედრის  ფოტინის, ფილიპეს, თეოდორეს და სხვების ხსენების დღეა. .

მავრიკი მხედართმთავარი იყო, იგი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს, 305 წელს ეწამა ძესთან, ფოტინთან და თავისი ლაშქრის 70 მეომართან ერთად (მათგან მხოლოდ ორის სახელია ცნობილი თეოდორე და ფილიპე).

დევნილობის დროს წარმართმა ქურუმებმა მოახსენეს იმპერატორს, მავრიკი ქრისტეს სარწმუნოებას ავრცელებსო. სამსჯავროზე შვილთან და მხედრებთან ერთად წარმდგარმა წმიდანმა აღიარა ქრისტე. ისინი სასტიკ სატანჯველებს მისცეს, ჭაბუკ ფოტინეს მამის თვალწინ მოკვეთეს თავი, მაგრამ ამ განსაცდელმა ვერ შეარყია წმიდა მავრიკი; მან მადლობა შესწირა უფალს შვილის მოწამებრივი აღსასრულისათვის.

მტარვალებმა უფრო დახვეწილ სატანჯველს მიმართეს; ქრისტეს მხნე აღმსარებლები ჭაობიან ადგილას გაიყვანეს, სადაც უამრავი კოღო, ბუზი და კრაზანა ირეოდა, თაფლი წაუსვეს სხეულზე და ხეებზე მიაკრეს. აქ ცალკე მწერების ნაკბენებისგან ეწამებოდნენ წმიდანები, ცალკე – შიმშილისა და წყურვილისაგან, მაგრამ დაუდუმებლად ადიდებდნენ უფალს. 10 დღის შემდეგ ქრისტეს მარტვილებს თავები მოკვეთეს. მრისხანე მბრძანებელმა განკარგულება გასცა, მათი ცხედრები დაუმარხავად დაეტოვებინათ, მაგრამ ქრისტიანებმა ღამით, ფარულად დაფლეს ისინი მათი საშინელი აღსრულების ადგილზე.

სირიელი მეუდაბნოეები: თალასი, ლიმნეი და ვარადატი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 7 მარტი სირიელი მეუდაბნოეების: თალასის, ლიმნეის და ვარადატის ხსენების დღეა. 

ღირსი თალასი, სირიელი მეუდაბნოე V საუკუნეში ცხოვრობდა. იგი სიყმაწვილეშივე განმარტოვდა ერთი მთის მწვერვალზე, სოფელ ტარვალის მახლობლად და 38 წელი გაატარა ღია ცის ქვეშ. უფალმა განდეგილს სასწაულთქმედების და კურნების ნიჭი მიმადლა. მრავლად იყვნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები და წმიდა მამაც არავის ისტუმრებდა უარით; ღირსი თალასი მშვიდობით მიიცვალა.

ღირსმა ლიმნეიმ წმიდა თალასის ხელმძღვანელობით დაიწყო მოღვაწეობა, მის გვერდით საკმაოდ დიდი ხანი ცხოვრობდა და მრავალი სათნოებაც შეითვისა: უბრალოება ადამიანებთან ურთიერთობაში, სიმდაბლე, მორჩილება. შემდგომ ღირსმა ლიმნეიმ ნეტარ მირონთან გადაინაცვლა, მთის მწვერვალზე ქვითკირის მცირე, უსახურავო ზღუდე მოიწყო და შიგ დაემკვიდრა. მნახველებთან წმიდანი კედელში დატანებულ მცირე ჭრილიდან საუბრობდა.

მოყვასის სიყვარულითა და თანაგრძნობით აღძრულმა წმიდა მამამ, მისი სულიერი შვილების დახმარებით, მთის კალთებზე ააგო დავრდომილთა თავშესაფარი. ნეტარმა მოსაგრემ საძმოს ამ მდაბიო და უპოვარ წევრებს მდუმარება და მარტომყოფობაც კი შესწირა, თავს იდო ზრუნვა მათ სულიერ საკვებზე და დაუცხრომლად შეაგონებდა, ელოცათ და ედიდებინათ ღმერთი. წმიდა ცხოვრებისთვის ღირსმა მამამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო ღვთისგან.

ღირსმა ვარადატ სირიელმა მეუდაბნოეობის ღვაწლი ანტიოქიის მახლობლად, ერთ ქოხში დაიწყო. შემდგომ მან მთის მწვერვალზე ისეთი ვიწრო და დაბალჭერიანი ქვითკირის კელია მოიწყო, რომ შიგ მხოლოდ წელში მოხრილს შეეძლო ყოფნა. კელიას კარ-ფანჯრები არ ჰქონდა, კედლებში საგანგებოდ დატანებული ხვრელებიდან კი თავისუფლად აღწევდა ქარი, წვიმა და სუსხი. არც ზაფხულში იყო ღირსი მამა დაცული პაპანაქებისაგან. მრავალი წლის შემდეგ წმიდანი ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოდოტიმ მოინახულა და შეაგონა, დაეტოვებინა ვიწრო თავშესაფარი. მაშინ ღირსი ვარადატი ახალ ღვაწლს შეუდგა: თავიდან ფეხებამდე დაიფარა ტყავის ქიტონით, რომელსაც ერთი ვიწრო ნასვრეტიღა ჰქონდა ჰაერისთვის და ფეხზე მდგარი, ხელაპყრობით დაუსრულებლად ადიდებდა უფალს. მრავალმა ადამიანმა იწყო სიარული რჩევა-დარიგების მოსასმენად და მორჩილებით აღსავსე მამაც გულმოდგინედ მოძღვრავდა ყველას. ღვთაებრივი მადლის ჭურჭლად ქცეული ბერი მშვიდობით მიიცვალა.

ათანასე აღმსარებელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 7 მარტი ღირსი ათანასე აღმსარებელის ხსენების დღეა.

ათანასე აღმსარებელი მდიდარ და კეთილმსახურ კონსტანტინეპოლელთა ოჯახში დაიბადა. ის ბავშვობიდანვე ოცნებობდა, უფლისთვის მიეძღვნა თავი და როცა სრულწლოვანებას მიაღწია, ნიკომიდიაში მოციქულთა თავთა სახელობის მონასტერს მიაშურა. მისი კეთილმსახური ცხოვრების ამბავი სამეფო კარზეც შეიტყვეს. ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) ზეობისას მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი სასტიკად აწამეს, დევნეს და შეავიწროვეს. ნეტარი ათანასე მშვიდობით მიიცვალა 821 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

0