AstraZeneca-ს ვაქცინა

AstraZeneca-ს ვაქცინას ბავშვებზე გამოცდიან

617
კვლევაში, რომელიც კლინიკური ცდების მეორე ეტაპს წარმოადგენს, მონაწილეობას მიიღებს 300 მოხალისე, საიდანაც 240-ს ვაქცინაცია ჩაუტარდება

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ოქსფორდის უნივერსიტეტი AstraZeneca-სთან ერთობლივად შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდებს 6-დან 17 წლამდე ბავშვებზე ჩაატარებს. იუწყება სააგენტო Reuters უნივერსიტეტზე დაყრდნობით.

„უნივერსიტეტი იწყებს ChAdOx1 nCoV-19 ვაქცინის უსაფრთხოების კვლევას... მოზარდებსა და ბავშვებზე. კვლევები ჩატარდება სამ ცენტრში ლონდონში, საუთჰემპტონში და ბრისტოლში. წინა კვლევებმა აჩვენა ვაქცინის უსაფრთხოება მოზრდილთათვის, ახალი ცდები კი დაგვანახებს, გამომუშავდება თუ არა საკმარისი იმუნური პასუხი ChAdOx1 nCoV-19-ზე 6-17 წლის ასაკის ბავშვებში“, - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

კვლევაში, რომელიც კლინიკური ცდების მეორე ეტაპი გახდება, მონაწილეობას მიიღებს 300 მოხალისე, საიდანაც 240-ს ვაქცინას გაუკეთებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმრავლესობას არ ემართება კორონავირუსი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ (ინფიცირების შემთხვევაში) თავი შეუძლოდ იგრძნონ, მნიშვნელოვანია, ვაქცინის შედეგად იმუნური პასუხი ბავშვებსა და მოზარდებში გამომუშავდეს“, - მოყვანილია განცხადებაში პრეპარატის მთავარი შემქმნელის, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ენდრიუ პოლარდის სიტყვები.

მოსალოდნელია, რომ მოხალისეები პირველ აცრებს უკვე თებერვალში მიიღებენ. ადრე ინგლისის მთავარი ექიმის მოადგილე ჯონათან ვან-ტამმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდები ბავშვებზე უკვე მიმდინარეობს.

617
ექიმები და პაციენტები ლოს-ანჯელესში

ნიუ-იორკში COVID-19-ის ახალი ვარიანტი გამოავლინეს

42
პირველად კორონავირუსის ახალი ვარიანტი ნოემბერში დააფიქსირეს, ხოლო თებერვლის შუა რიცხვებში შტამი უკვე ფართოდ გავრცელდა

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ნიუ-იორკში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს - სავარაუდოდ, მისი მუტაციები ვაქცინების ეფექტურობას აქვეითებს, წერს New York Times კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით.

მედიკოსებმა ახალ შტამს სახელწოდება B.1.526 მიანიჭეს. პირველად ის ნოემბერში დააფიქსირეს, ხოლო თებერვლის შუა რიცხვებში შტამი უკვე ფართოდ გავრცელდა.

„ჩვენ ვაფიქსირებთ შემთხვევებს უესტჩესტერში, ბრონქსში, ქუინსში და მანჰეტენის ქვედა ნაწილში, ასევე ბრუკლინში... ეს არ არის ერთჯერადი აფეთქება“, - განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის Aaron Diamond AIDS დირექტორმა დევიდ ხომ.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ნიუ-იორკში აღმოჩენილი კორონავირუსის ვარიანტის მუტაციები ჰგავს სხვა სახელმწიფოებში, მათ შორის სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ მუტაციებს.

ამ დროისათვის მსოფლიოში SARS-CoV-2-ის უამრავი შტამია აღმოჩენილი, ზოგიერთი მათგანი - ბრიტანული, სამხრეთაფრიკული და ბრაზილიური - განსაკუთრებით საგანგაშოა.

რა საშიშროება მოაქვს „ბრიტანულ შტამს“ - მეცნიერები განმარტავენ >>

რაც შეეხება ბრიტანულ შტამს, დიდ ბრიტანეთში ახალი მუტაცია დეკემბრის შუა რიცხვებში გამოავლინეს. მეცნიერთა მონაცემებით, კორონავირუსის ეს ვარიანტი შესაძლოა ჩვეულებრივთან შედარებით 70%-ით უფრო გადამდები იყოს და ამიტომ მოსახლეობას მეტი სიფრთხილე მართებს.

სამხრეთაფრიკული შტამი 501.V2 ოქტომბერში დააფიქსირეს. ის საწყისთან შედარებით ასევე უფრო გადამდებად არის მიჩნეული. ამასთან, ჯერჯერობით არ არსებობს იმის დამადასტურებელი მონაცემები, რომ ახალი შტამები სიკვდილიანობის კუთხით უფრო საშიშია ან დაავადების მიმდინარეობას ართულებს.

42
დავით ჩიჯავაძე ვარჯიშის დროს

კარატისტი, რომელიც ცოცხალ წმინდანს შეხვდა, და ყველა კითხვაზე გაცემული პასუხი

137
(განახლებულია 22:15 25.02.2021)
„ბავშვობიდან ვცდილობდი, რომ სხვებისგან განსხავავებული რაღაც მესწავლა“ – იხსენებს დავით ჩიჯავაძე, რომელმაც ჯერ კიდევ საბჭოური იდეოლოგიის პირობებში განსხვავებული გზა გაიარა იმისთვის, რომ საკუთარი თავის ძიების დროს ცხოვრებაში მთავარ კითხვებზე პასუხები მიეღო...

იოგაში ვარჯიში 12 წლიდან დაიწყო, კარატეზე 14 წლიდან გადაერთო. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს ჩვენთან ორივე იკრძალებოდა, ამდენად, მათი მიმდევრები თავისებურ სპორტულ დისიდენტებადაც კი მოიაზრებოდნენ. პარიზში ევროპის თასზე საქართველოს სახელით ვადო-რიუ კარატეს ნაკრებ გუნდთან ერთად ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როცა ევროპაში საქართველოს შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცოდა, თანაც, პირველივე გამოსვლა წარმატებული აღმოჩნდა...

დღეს დავითი საქართველოს ვადო-რიუ კარატეს ფედერაციის გენერალური მდივანია, ამასთან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აკრედიტებული ექსპერტიც არის და იმ ორ ქართველს შორისაა, ვინც საერთაშორისო აკრედიტაცია ამ სფეროში უცხოეთში მიიღო.

დავით ჩიჯავაძე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად
დავით ჩიჯავაძე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად

- ბატონო დავით, ბავშვობიდან მუსიკალურ გარემოში მოგიწიათ ცხოვრება, ბებია და მამა ცნობილი მუსიკოსები იყვნენ. თქვენთან სტუმრად მოსული რომელი მუსიკოსები გახსენდებათ?

- დიახ, ჩვენს სახლში მართლაც მუსიკალური გარემო იყო. მამა, ოთარ ჩიჯავაძე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ცნობილი მუსიკოსი და ფოლკლორისტი იყო. ბებია, ანა აგლაძე-ჩიჯავაძე ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში „აბესალომ და ეთერი“ ეთერის პარტიის პირველი შემსრულებელი და მუსიკალური ათწლედის დირექტორი გახლდათ. სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ მამამ ჯერ ფიზიკა-მათემატიკური დაამთავრა, მერე კი ფსიქოლოგიური. კონსერვატორიაში ფოლკლორის სიყვარულით ჩააბარა. ჩვენს ოჯახში სტუმრად ხშირად მოდიოდნენ ცნობილი მომღერლები და კომპოზიტორები. მახსოვს ჩვენთან ამღერებული ალეკო ხომერიკი, ცნობილი სიმღერის „ყაყაჩოს“ ავტორი თენგიზ ჩოჩუა, ავთო მთავრიშვილი. მამას მოწაფეები იყვნენ ანზორ ერქომაიშვილი და ვაჟა აზარაშვილი. მოკლედ, ჩვენს სახლში სიმღერა მუდმივად ისმოდა. 

დავით ჩიჯავაძე
დავით ჩიჯავაძე

- დარწმუნებული ვარ, ასეთ გარემოში ალბათ ბავშვობიდან ერთგვარი ვალდებულებაც დაგაკისრეს, რომ მუსიკის გზას გაჰყოლოდით, მაგრამ ასე არ მოხდა...

- მართლი ხართ, გარშემო ყველა ცდილობდა, რომ მეც მუსიკოსი გავმხდარიყავი. რაღა დაგიმალოთ და, მუსიკა, ცოტა არ იყოს, მობეზრებული მქონდა, ამიტომ დავადექი სპორტის გზას. თუმცა, მანამდე, როდესაც მკითხეს, რომელ მუსიკალურ ინსტრუმენტს ავირჩევდი, საყვირი დავასახელე. მამამ საყვირზე უარი მითხრა – მეზობლებს გადარევო. ამიტომ არჩევანი ფლეიტაზე შევაჩერე. ძალიან მიყვარს ფლეიტა და მასზე დღემდე სიამოვნებით ვუკრავ. ეს ამბავი ყველამ იცის და ერთხელ თანამშრომლებმაც მაჩუქეს ფლეიტა. როდესაც ინდოეთში ვიყავი, იქაც ვიყიდე.

დავით ჩიჯავაძე
დავით ჩიჯავაძე

- ერთ დღესაც ფლეიტა გვერდზე გადადეთ და საბჭოთა პიონერმა იოგას ვარჯიში დაიწყეთ, როგორ მოხდა ეს?

- ბავშვობიდან ვცდილობდი, რომ სხვებისგან განსხავავებული რაღაც მესწავლა. 1978 წელი იყო, როცა გაზეთ „ლელოდან“ გავიგე, რომ ალექსი იაკობაშვილმა იოგაზე მასალების წერა დაიწყო. მივხვდი, რომ ეს აბსოლუტურად განსხვავებული რამ იყო და დავინტერესდი. 12 წლის ვიყავი, როცა იოგას ვარჯიში სერიოზულად დავიწყე. იოგას მიმდევართა ვარჯიშების დემონსტრირება კომუნიზმის პერიოდში პირველად 1988 წელს ფილარმონიაში მოხდა.

დავით ჩიჯავაძე
დავით ჩიჯავაძე

- კარატე როდის გაჩნდა თქვენს სპორტულ ცხოვრებაში?

- 1979 წლის ბოლოს, როცა ჩვენთან კარატე გამოჩნდა ოფიციალურად, მასზე გადავერთე. 14 წლის ასაკში იოგაში ისე ვიყავი მომზადებული, რომ ძალიან მალე, ფაქტიურად ოთხ თვეში კარატეს უფროს ჯგუფში გადამიყვანეს. ძირითადად ვვარჯიშობდი ვადორიუ კარატეს სტილში, რომელიც ფანატიკურად შემიყვარდა.

- რატომ კრძალავდნენ კომუნისტები იოგას?

- თავისუფალი იდეოლოგიის გამო. იმ დროს საჯარო ბიბლიოთეკაში იოგაზე წიგნს არ იძლეოდნენ. იმიტომ კრძალავდნენ, რომ იოგას ჩარჩოები და დოგმები არ გააჩნია, ამიტომ თავისუფალი სულის ხალხი სამართავად ძნელი იქნებოდა და ეს, რა თქმა უნდა, არ აწყობდათ. ამიტომ ოფიციალურად აიკრძალა.

დავით ჩიჯავაძე ოჯახთან ერთად
დავით ჩიჯავაძე ოჯახთან ერთად

- იოგას შემდეგ კარატესაც შეეხო აკრძალვა...

- დიახ, კარატე ოფიციალურად იოგას აკრძალვის შემდგომ, 1984 წელს აიკრძალა. მაშინ ჯარში ვიყავი და ეს აკრძალვა ვერ ვიგრძენი. იქ კურსანტების და ოფიცრების ვარჯიში შემომთავაზეს. 1988 წლის აპრილის თვეში ქართული და აღმოსავლური ორთაბრძოლების ასოციაცია ჩამოყალიბდა და კარატეში ვარჯიშები ოფიციალურად ისევ გავაგრძელეთ. ამის შემდგომ პერიოდში ჯერ „იოგასა და ნატუროპათიის რესპუბლიკურ-სახალხო უნივერსიტეტში“ და შემდეგ „იოგასა და ადამიანის ჰარმონიული განვითარების ცენტრში“ კერძო სამწვრთნელო პრაქტიკით ვიყავი დაკავებული.

დავით ჩიჯავაძე იტალიაში ყოფნის დროს
დავით ჩიჯავაძე იტალიაში ყოფნის დროს

- 90-იან წლებში უკვე უცხოეთშიც გახვედით, პირველი სერიოზული შეჯიბრი რომელი იყო?

- საქართველოს სახელით ვადო-რიუს ნაკრებ გუნდს უცხოეთში გასვლა პირველად 1994 წელს პარიზში ევროპის თასზე მოგვიწია. მაშინდელ ევროპაში საქართველო, ფაქტობრივად, არავინ იცოდა, არადა, წარმატებას მივაღწიეთ და საერთო გუნდურ ჩათვლაზე მოულოდნელად მაღალი რეიტინგი ვაჩვენეთ. ამავე წელს ავიღე ჩემი პირველი შავი ქამარი. ორი წლის მერე მონაწილეობა მივიღე მსოფლიოს გაერთიანებული საბრძოლო ხელოვნების (WUMA) მიერ მოწყობილ მსოფლიო თასზე, რომელიც ინგლისის ქალაქ ჩელტენჰემში ჩატარდა. მაშინ გუნდურ შეჯიბრში მეორე ადგილი ავიღეთ და WUMA-ს ეგიდით 1996 წელს მსოფლიო გაერთიანებულმა საბრძოლო ხელოვნებამ მესამე დანი მომანიჭა.

საი-ბაბას აშრამი, ვარჯიშის ბოლოს
საი-ბაბას აშრამი, ვარჯიშის ბოლოს

- პირადი წარმატებებიდან რომელს გაიხსენებთ?

- ჩემს თანაგუნდელებს კარგად ახსოვთ, რომ ინგლისის ნაკრებთან შეხვედრისას ყველაზე მაღალ მონაწილესთან ფეხით იპონი ავიღე. ამ დროს ყველაზე დაბალი ვიყავი. პარიზში შეჯიბრისას შევხვდი კარატეს ლეგენდას, მერვე დანს ტაცუო სუძუკის, რომელიც საქართველოში ხშირად გვსტუმრობდა და ქართველ სპორტსმენებთან ძალიან ახლოს მეგობრობდა. 1994 წელს მე პირველი შავი ქამარი, პირველი დანი ავიღე ვადო-რიუ კარატეში. 2003 წელს კი სუძუკი სენსეიმ მესამე დანი მომანიჭა. ამავე წლიდან ვარ საქართველოს ვადორიუ კარატეს გენერალური მდივანი. პრეზიდენტი ჩემი თანაგუნდელი, ნაკრების პირველი კაპიტანი მიშა მახარაძეა.

საქართველოს გუნდი WUMAS-ის პირველ მსოფლო თასზე
საქართველოს გუნდი WUMAS-ის პირველ მსოფლო თასზე

- იაპონიაში არ ყოფილხართ?

- იაპონიაში არა, მაგრამ 1991-92 წლებში საქართველო-იაპონიის კულტურული ასოციაციის დახმარებით აღმოსავლეთმცოდნეობის ინსიტუტში დავეუფლე იაპონურ ენას, რომელიც ბევრჯერ გამომადგა. 1998 წელს კარატეს საწვრთნელო პრაქტიკის გამო, მაშინდელი ოფიციალური მოთხოვნის შესაბამისად, საგამოცდო ტესტირების საფუძველზე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის საგამოცდო კომისიამ კარატეს ინსტრუქტორის სახელმწიფო კვალიფიკაცია მომანიჭა.

დავით ჩიჯავაძე
დავით ჩიჯავაძე

- თქვენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აკრედიტებული ექსპერტიც ხართ, ამ სფეროში როგორ აღმოჩნდით?

- შრომის უსაფრთხოებასთან პირველი შეხება მქონდა 2000 წლიდან, როდესაც ბრიტანულ კომპანია BP-ში დეპარტამენტის ზედამხედველად ვმუშაობდი, შემდეგ კი მის კონტრაქტორ კომპანიაში მენეჯერად. 2010 წლიდან დავიწყე თანამშრომლობა „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან“. ვიყავი ასოციაციის შრომის უსაფრთხოების კომიტეტის წევრი. ILO-ს ექსპერტებთან გავიარეთ ბევრი ტრენინგი შრომის უსაფრთხოებაში, რომლებსაც შემდეგ უკვე თავად ვუტარებდით დაინტერესებულ კომპანიებს. ასოციაციის ეგიდით 2015 წელს სასწავლებლად მიმავლინეს იტალიაში, ქალაქ ტურინში, სადაც გამოცდები ჩავაბარე ILO-ს, ანუ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო ცენტრში და საერთაშორისო აკრედიტაცია მივიღე. 2015 წელს იტალიაში აკრედიტაცია ორმა ქართველმა ავიღეთ.

დავით ჩიჯავაძის სერთიფიკატი
დავით ჩიჯავაძის სერთიფიკატი

- დღეს, საქართველოს გარდა, უცხოეთის ქვეყნებშიც ატარებთ ტრენინგებს...

- 2015 წლის შემდეგ, როგორც უკვე ILO-ს ექსპერტ-ტრენერი, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვატარებდი შესაბამის ტრენინგებს. 2019 წლის მიწურულს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ხელშეწყობით, საქართველოში პირველად განხორციელდა აღნიშნული სააკრედიტაციო სწავლებები, რომელიც ჩემს იტალიელ კოლეგებთან ერთად ჩავატარე და საქართველოში კიდევ რამდენიმე დაინტერესებულმა პრაქტიკოსმა პირმა მიიღო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აკრედიტაციის სერტიფიკატი. მონაწილეობა მაქვს მიღებული საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თუ მსოფლიო ბანკის მრავალ პროექტში.

EOSH სააკრედიტაციო ტრენინგის ჩატარება ასტანაში
EOSH სააკრედიტაციო ტრენინგის ჩატარება ასტანაში

- ცოცხალ წმინდანს როდის შეხვდით?

- 2002 წელს იოგას პრაქტიკის დასახვეწად გავემგზავრე ინდოეთში, სადაც საი-ბაბას აშრამში ვიმყოფებოდი. ცოცხალ წმინდანს, საი-ბაბას იქ შევხვდი. მასთან შეხვედრა სულ ორჯერ მომიწია. სანამ შევხვდებოდი, წინასწარ მოვემზადე, დაახლოებით 150 კითხვა მქონდა ჩამოწერილი.

- რომელიმე მათგანზე თუ მიიღეთ პასუხი?

- ყველაფერს ვერ მოვყვები, როგორ გითხრათ, ძალიან უცნაურია, მასთან დარშანზე ყოფნისას ისე მოხდა, რომ ტრანსში შევედი. ჰოდა, იქიდან რომ გამოვედი, გჯერათ? კითხვები უკვე აღარ მქონდა! აბსოლუტურად ყველა ჩემს კითხვას პასუხი გაეცა... მაშინ საი-ბაბა თავზე ხელით შემეხო, იმ სულიერ კონტაქტს და შეხებას უხილავი ძაფებით დღემდე ვგრძნობ. ნათქვამია, „იპოვე თავი შენიო“. საკუთარ თავს კი ისე ვერ იპოვი, თუ არ გეცოდინება საიდან მოხვედი და სად მიდიხარ. როცა ადამიანი ამბობს, ცუდად ვარო, უნდა გაიგოს – რატომ არის ასე და მიზეზი საკუთარ კარმაში ეძებოს. კარმას კი ისე ვერ ჩაწვდები, სანამ საამისოდ ღრმა სულიერ პრაქტიკას არ გაივლი. ამაში საკუთარ ინდივიდუალურ ჰოროსკოპში ჩახედვა–ჩაწვდომაც საჭიროა. მოკლედ, ასე მარტივი ამბავი არ არის... საერთოდ, იოგას სწავლება გულისხმობს ფიზიკურ და სულიერ ჰარმონიას, რითიც სამყაროსთანაც მყარდება ჰარმონია. სამყაროს ჰარმონიამდე მისასვლელი გზები კი მრავალგვარია და მას ყველა იოგას არ ეძახის. ჩემთვის კი ეს ნამდვილად იოგაა...

 

137
საერთაშორისო აეროპორტი „ვნუკოვო“

რუსეთის ქართულმა დიასპორამ პუტინს ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით მიმართა

0
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან თბილისში გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული დემონსტრაციების გამო მოსკოვის ინიციატივით შეწყდა

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. რუსეთში ქართულმა დიასპორამ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით მიმართა.

1 მარტიდან რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოფრენა შეუძლიათ როგორც ვაქცინაციის სერტიფიკატის, ისე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის ქონის შემთხვევაში. მაგრამ ჯერჯერობით ეს შესაძლებელია მხოლოდ ტრანზიტული რეისებით, სხვა ქვეყნების გავლით, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები 2019 წლის ზაფხულში გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული დემონსტრაციების გამო შეწყდა.

რუსეთში ქართული ფედერალური ნაციონალურ–კულტურული ავტონომიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე პრეზიდენტ პუტინის სახელზე გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ რუსეთში კორონავირუსულ ინფექციასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად მისი მოქალაქეებისთვის თავის საზღვრებს სულ უფრო მეტი ქვეყანა ხსნის.

„ასეთი ქვეყნების რიცხვში შედის საქართველო, რომელიც 2021 წლის 1 მარტიდან მზად არის მიიღოს რუსეთის მოქალაქეები PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის ქონის შემთხვევაში. გთხოვთ განიხილოთ ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა. ვიტოვებთ იმედს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უსწრაფესად აღდგება და განვითარდება“, - ნათქვამია წერილში.

საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის და ბელარუსის მოქალაქეები PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის ქონის შემთხვევაში ქვეყანაში მოხვედრას შეძლებენ. მაგრამ ეს არ ეხება სახმელეთო საზღვარს, სადაც ამ ეტაპზე კვლავ მოქმედი რეჟიმი რჩება.

0