თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ბრაზილიის ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანაში შესაძლოა SARS-CoV-2-ის ბრაზილიური მუტაციის „მეგაეპიდემია“ გამოიწვიოს, იუწყება გაზეთი Globo ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ლუის ენრიკე მანდეტას განცხადებაზე დაყრდნობით.
ექს-მინისტრის თქმით, იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო წყვეტს ბრაზილიასთან ავიამიმოსვლას, ქვეყანაში „ყველაფერი სრულიად ღიაა“, პაციენტები კი სხვადასხვა შტატში გადაჰყავთ „ბიოლოგიური უსაფრთხოების დერეფნის დაუდგენლად“.
„დიდი ალბათობით, ჩვენ ამ შტამს ფედერაციის ყველა სუბიექტში გავავრცელებთ და 60 დღის შემდეგ შეიძლება მეგაეპიდემია მივიღოთ“, — აღნიშნა მანდეტამ.
აღსანიშნავია, რომ მანდეტამ თანამდებობა გასული წლის აპრილში დატოვა ეპიდემიის დაძლევის გზების შესახებ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსთან უთანხმოების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიაში COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 9 მლნ-ს აჭარბებს, საიდანაც 221 ათასზე მეტი ლეტალურად დასრულდა, პრეზიდენტის აზრით, დაავადების საშიშროება გადაჭარბებულია და მას გაუმართლებლად მიაჩნია კარანტინის დაწესება. მისი თქმით, ეს ქვეყნის ეკონომიკას გაანადგურებს.
ამ დროისათვის ბრაზილია მესამე ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ამ მხრივ ის მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამორჩება.