ჭარხლის წვენი

რატომ უნდა მიირთვათ ჭარხლის წვენი ვარჯიშის წინ: ეფექტი მეცნიერულად დადგინდა

89
(განახლებულია 11:42 10.01.2021)
მეცნიერები ექსპერიმენტში მონაწილეების ტვინის მუშაობას მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით აკვირდებოდნენ და აღნუსხავდნენ, როგორ იცვლებოდა მისი აქტიურობა ჭარხლის წვენის მიღების შემდეგ

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თუ ფიზიკური ვარჯიშის დაწყებამდე ჭარხლის წვენს მიირთმევთ, ეს შესამჩნევად შეუწყობს ხელს ტვინის მუშაობის გააქტიურებასა და მის გაახალგაზრდავებას, ნათქვამია ჟურნალ Gerontology-ში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიაში.

ჭარხლის წვენი, გარდა სასარგებლო ვიტამინებისა, ასევე შეიცავს იმგვარ ქიმიურ ელემენტებს, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ბიომოლეკულებს წარმოქმნიან. მათ უდიდესი მნიშვნელობა აქვთ, ვინაიდან სისხლძარღვების გაგანიერება-შევიწროების მართვაზე აგებენ პასუხს.

„ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვიცით, რომ ფიზიკური ვარჯიში სასიკეთო გავლენას ახდენს ტვინზე. მაგრამ ჩვენმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა ჭარხლის წვენის თანხლებით ისე ძლიერად ცვლის უკვე ასაკოვანი ადამიანების ტვინს, რომ ახალგაზრდის ტვინს ამსგავსებს“, — აცხადებს აშშ-ის უეიკ-ფორესტის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეკ რეჯესკი.

მეცნიერებმა სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ ჭარხლის წვენი ამ თვისების გამო ჰიპერტონიკების მდგომარეობაზე სასიკეთო გავლენას ახდენს. მათ 55 და მეტი წლის 26 ქალსა და მამაკაცს მოუყარეს თავი, რომლებიც არ მისდევდნენ სპორტს და აწუხებდათ მაღალი წნევა. ჯგუფის ნახევარი კვირაში სამჯერ ნამდვილ ჭარხლის წვენს სვამდა, რის შემდეგაც ერთი საათი დარბოდა, დანარჩენები კი შეფერადებულ წყალს მიირთმევდნენ, რომელსაც ჭარხლის გემო ჰქონდა, რის შემდეგაც პირველი ჯგუფის ანალოგიურად დარბოდნენ.

მეცნიერები კი ექსპერიმენტში მონაწილეების ტვინის მუშაობას მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით აკვირდებოდნენ და აღნუსხავდნენ, როგორ იცვლებოდა მისი უჯრედების აქტიურობა და რა კავშირები ყალიბდებოდა მათ შორის.

როგორც ამ ცდებმა აჩვენა, ტვინის მუშაობა ორივე ჯგუფის შემთხვევაში გაუმჯობესდა, თუმცა იმ ჯგუფის მდგომარეობა, რომლებიც ნამდვილ წვენს სვამდნენ, განუზომლად უკეთესი იყო. სულ რაღაც ექვსკვირიანი ვარჯიშის შემდეგ მათი ნერვული უჯრედების აქტიურობა ტვინის იმ ნაწილში, რომელიც ხელებისა და ფეხების მოძრაობაზე აგებს პასუხს, 30-35 წლის ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელ ნიშნულამდე მივიდა.

საინტერესოა, რომ მსგავსი რამ არ შეინიშნებოდა იმ ჯგუფის წევრებში, რომლებიც შეფერადებულ წყალს სვამდნენ. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მხოლოდ სპორტით დაკავებული ადმიანის ტვინი ვერ იძენს უჯრედებს შორის ახალი კავშირების ჩამოყალიბების უნარს. ანუ მათი ტვინი არ ახალგაზრდავდება.


89
თემები:
ექიმი გირჩევთ (23)
 Mega Millions-ის ლატარიის ბილეთი

აშშ-ში მცხოვრებმა უცნობმა 1 მილიარდი დოლარის ჯეკპოტი მოხსნა

45
(განახლებულია 23:31 23.01.2021)
უცნობი იღბლიანის ლატარიის ბილეთში ერთმანეთს დაემთხვა ექვსივე რიცხვი თეთრ ბურთულებზე, ასევე ოქროს „მეგაბურთულა“

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. ლატარია Mega Millions-ის ბილეთმა, რომელიც მიჩიგანის შტატში გაიყიდა, 1 მილიარდი დოლარის ჯეკპოტი მოიგო, რაც მეორე ყველაზე დიდი მოგებაა თამაშის ისტორიაში, აცხადებენ მისი ორგანიზატორები.

„ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ნომინალური ჯეკპოტი ერგება ბედნიერი ბილეთის მფლობელს მიჩიგანში. ეს ერთადერთი ბილეთია, რომელშიც დაემთხვა 22 იანვარს გათამაშებული ექვსივე ნომერი - თეთრი ბურთულები 4, 26, 42, 50 და 60, ასევე ოქროს „მეგაბურთულა“ – 24“, - ნათქვამია ლატარიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გათამაშებული ჯეკპოტის რეკორდი დამყარდა 2018 წელს, როდესაც სამხრეთ კაროლინაში გაყიდულმა ბილეთმა მოიგო 1,5 მილიარდი დოლარის პრიზი. ცნობილია, რომ ის შეიძინა ქალმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

ორი დღის წინ სხვა ამერიკული ლატარია Powerball-ის მერილენდში ნაყიდი ბილეთის მფლობელმა 731,1 მილიონი დოლარის ჯეკპოტი მოიგო. ეს მეოთხე ყველაზე დიდი მოგებაა Powerball-ის ისტორიაში.

Mega Millions-ს ლატარიის ბილეთები აშშ-ში 1996 წლიდან იყიდება. ახლახან ორგანიზატორებმა წესები იმგვარად შეცვალეს, რომ ცალკეული მოთამაშეების ისედაც ასტრონომიულად მცირე შანსები კიდევ უფრო შემცირდა. თუმცა ამასთან ერთად დაიწყო რეკორდული ჯეკპოტების გათამაშება, რამაც დამატებით მყიდველები მიიზიდა.

45
ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი

ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

38
(განახლებულია 22:50 23.01.2021)
იანვრის პირველ რიცხვებში ამერიკის მედია იუწყებოდა, რომ ტელეწამყვანი საავადმყოფოში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის დადებითი პასუხით მოხვდა

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტის Twitter-ის ოფიციალურ აკაუნტზეა ნათქვამი.

კინგი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში 23 იანვარს გარდაიცვალა.

ტელეწამყვანს მსოფლიო იცნობდა მისი შოუთი Larry King Live, რომელიც მას 1985 წლიდან 2010 წლამდე მიჰყავდა. საერთო ჯამში მან 50 ათასზე მეტი ინტერვიუ ჩამოართვა, მისი რესპონდენტები იყვნენ პოლიტიკოსები, მსახიობები, სპორტსმენები და სხვა ცნობილი პიროვნებები.

კინგი იყო ემის, ასევე პიბოდის ორი პრემიის ლაურეატი და Cable ACE-ს ათგზის პრიზიორი.

2013 წელს წამყვანმა საკუთარი ტელეშოუს უფლებები მიჰყიდა ტელეარხ RT America-ს, სადაც შემდგომში მოღვაწეობა გააგრძელა.

2017 წელს კინგმა განაცხადა, რომ ფილტვის კიბო აქვს, 2019 წელს მას ანგიოპლასტიკა ჩაუტარდა.

იანვრის დასაწყისში ტელეარხი ABC იუწყებოდა, რომ ტელეწამყვანი საავადმყოფოში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის დადებითი პასუხით მოხვდა.

ლარი კინგის ბიოგრაფია

ლარი კინგი დაიბადა 1933 წლის 19 ნოემბერს ბრუკლინში, ბელარუსიდან ჩასული ემიგრანტების ოჯახში. 22 წლის ასაკში გაემგზავრა მაიამიში, სადაც ადგილობრივ რადიოსადგურ WAHR-ის წამყვანი გახდა, იყო დიჯეი, მიჰყავდა ახალი ამბების და სპორტის გადაცემები. 1960 წელს ტელეარხ WTVJ-ზე ჰქონდა საკუთარი გადაცემა „მაიამის საფარქვეშ“ (Miami Undercover). გარდა ამისა, გამოცემებში Miami Herald და Miami News პერსონალური რუბრიკები მიჰყავდა.

1978 წელს რადიო WIOD-ზე დაიწყო მისი ახალი ღამის შოუ „ლარი კინგის შოუ“, რომელსაც უზარმაზარი პოპულარობა ხვდა წილად. შოუმ დაიმსახურა მედიამაგნატ ტედ ტერნერის ყურადღება, რომელმაც კინგს საკუთარი ტოკ-შოუს მასპინძლობა შესთავაზა ახალ შექმნილ ქსელ Cable News Network-ზე (CNN). 1985 წლის 3 ივნისს შედგა ლარი კინგის პროგრამა Larry King Live-ის პრემიერა CNN-ზე. 25 წლის განმავლობაში კინგს ინტერვიუ მისცა 50 ათასზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის რიჩარდ ნიქსონით დაწყებული აშშ-ის ყველა პრეზიდენტმა, სხვა ცნობილმა პოლიტიკოსებმა, სპორტისა და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებმა, მწერლებმა და სხვა ცნობილმა პიროვნებებმა. წამყვანის თქმით, მისი ყველაზე უჩვეულო სტუმარი იყო ნელსონ მანდელა. 2000 წელს ლარი კინგის სტუმარი იყო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. 2010 წელს პუტინმა, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, ლარი კინგს ინტერვიუ ვიდეო-ხიდის ფორმატში მისცა: წამყვანი იმყოფებოდა ლოს-ანჯელესში, პრემიერი - მთავრობის სახლის სტუდიაში.

Larry King Live მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში როგორც ყველაზე ხანგრძლივი შოუ, რომელსაც ჰყავს უცვლელი წამყვანი და ეთერში ერთ და იგივე დროს გადის.

38
თბილისი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 იანვარი

0
(განახლებულია 13:46 23.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 24 იანვარია, კვირა. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.

დღეს შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომე ნებისმიერ გადაუჭრელ საკითხში, ეხება ეს სამუშაოსა თუ პირად ცხოვრებას, სიცხადე შეიტანოთ. თუ შეძლებთ გრძნობების გაკონტროლებას, გაქვთ შანსი, რომ ჩაწვდეთ პრობლემის არსს და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. მაგრამ საფრთხე ისაა, რომ ვნებათაღელვა და ტემპერამენტი მომატებული იქნება, ამიტომ, ეცადეთ, გამოავლინოთ მხოლოდ პოზიტიური ენერგია, ხოლო ნეგატიური დამალოთ, არ მოაწყოთ „საქმის გარჩევა“ საყვარელ ადამიანთან – ეს შეიძლება ძალიან მძიმე შედეგით დამთავრდეს.

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

ვერძი: დღეს უნარი გაქვთ, საქმის არსს ჩასწვდეთ და თითოეული საკითხი „ატომებისა და მოლეკულების“ დონეზე „დაშალოთ“. ამან, შესაძლოა, სრულიად ახალ, მათ შორის, მოულოდნელ დასკვნებამდე მიგიყვანოთ. ყველაზე უბრალო ყოველდღიურ საქმეებშიც კი, თუ მათ სხვა კუთხით შეხედავთ, ადრე უხილავ ნიუანსებს დაინახავთ. ასევე იქნება ადამიანებთან მიმართებითაც – ირგვლივ მყოფნი თქვენგან სულ უმნიშვნელო საიდუმლოსაც ვერ დამალავენ.

კურო: დღეს რაღაც ისეთ საქმეში იქნებით ჩართული, რომელიც ასე თუ ისე ფულთან არის დაკავშირებული. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს – ხელმძღვანელობასთან ხელფასზე საუბრიდან დაწყებული ბანალურ კამათამდე ზედმეტი ხარჯების გამო. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გაცხარდეთ ასეთი ლაპარაკის დროს და მოერიდოთ უსარგებლო დეტალებს. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ფაქტებზე გაამახვალითო ყურადღება. წყენასა და ურთიერთპრეტენზიებს სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია დღეს.

ტყუპი: დღეს თქვენ ხმაში მბრძანებლური ტონი გაიჟღერებს. გარშემომყოფებისთვის საკუთარ სიმართლის მტკიცებას დაიწყებთ და არაა გამორიცხული, რომ ზედმეტად გაცხარდეთ. ზედმეტად თავდაჯერებული ბრძანდებით, ასი პროცენტით გჯერათ, რომ რასაც აკეთებთ, სწორად აკეთებთ. ირგვლივ მყოფებს კი ამაში ეჭვი ეპარებათ და დახმარების სურვილი არა აქვთ, რაც, შესაძლოა, საბოტაჟს დაემსგავსოს. დღე რომ უაზრო კამათში არ გავიდეს, უნდა მოთოკოთ თქვენი მღელვარება, შეაჩეროთ სხვებზე ზეწოლა. ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება ამ ადამიანებთან შეთანხმება ჩხუბის გარეშე?

კირჩხიბი: კარგი დღეა იმისთვის, რომ ურთიერთობებში სიცხადე შეიტანოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობას ხედავთ. რაზეც ვერ ბედავთ დალაპარაკებას, კითხვები, რომლების დასმაც გერიდებათ – ეს ყველაფერი შეიძლება დღეს გააკეთოთ უშიშრად. თქვენი განწყობა იმგვარია, რომ იყოთ პატიოსანი, გულწრფელი და გამგები თანამოსაუბრე. ეს დაგეხმარებათ, რომ ისაუბროთ პრეტენზიების გარეშე თუნდაც ყველქზე ფაქიზ თემებზე.

ლომი: დღეს, შესაძლოა, რაღაც საკითხში თავდაჯერებულობამ გიღალატოთ. რაშიც ასი პროცენტით იყავით დარწმუნებული, არაა გამორიცხული, რომ სულ სხვაგვარად დაინახოთ, მოულოდნელი მხრიდან შეხედოთ მას. ასევე შესაძლებელია, რომ რაღაც საკითხზე მოსაზრება შეიცვალოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს მზად უნდა იყოთ ცვლილებებისთვის, თუნდაც ეს ცვლილებები მხოლოდ თქვენს თავში „დატრიალდეს“.

ქალწული: მზად ხართ, ყველაფერს ძირისძირობამდე ჩაუღრმავდეთ, თუნდაც სულ უბრალო და მცირე მნიშვნელობის საკითხი იყოს. გაურკვევლობა საქმეებში თუ სიტყვებში გაგაღიზიანებთ და იქამდე „იკირკიტებთ“ საკითხში, სანამ ყველაფერი ნათელი არ გახდება. ეს დაგეხმარებათ, რომ შეცდომებს აარიდოთ თავი. თუმცა, იმდენ კითხვას დასვამთ დაზუსტების მიზნით, რომ გარშემომყოფებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ დასცინით მათ.

სასწორი: დღეს უნდა გადაწყვიტოთ, რა არის ის, რისგანაც დიდი ხნის წინ უკვე უნდა გათავისუფლებულიყავით და ახლისთვის დაგეთმოთ ადგილი. შესაძლოა, უკან გექაჩებათ უკვე ყავლგასული რაღაც იდეები, განუხორციელებელი გეგმები, შეუსრულებელი ვალდებულებების ტვირთი. არ არის გამორიცხული, რომ დღეს რომელიმე ილუზიასთან ან ოცნებასთან დამშვიდობება მოგიწიოთ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ წინ ნამდვილი პერსპექტივები გახსნათ.

მორიელი: დღეს არანაირ კომპრომისზე წასასვლელად არ ხართ მზად. თქვენი „დიახ“ ნიშნავს „დიახ“–ს და „არა“ – არას. მათ შორის სხვა არაფერი არსებობს. ასეთი უაპელაციო მცდელობა, რომ სამყარო შავ და თეთრ ფერებად დაყოთ, გარშემომყოფების მხრიდან აუცილებლად წინააღმდეგობას გამოიწვევს. დღეს ძალზე ემოციური და სიმართლისმოყვარული ბრძანდებით, ამიტომ ურთიერთობების გამორკვევის ნებისმიერი მცდელობა კამათით დამთავრდება. ეს რომ არ მოხდეს, უნდა გათავისუფლდეთ ილუზიისგან, რომ ვინმესთვის რამის დამტკიცებას შეძლებთ – ეს დღეს ნამდვილად არ გამოგივათ.

მშვილდოსანი: ექსპერტების მთავარი რჩევა დღეს ასეთია – არ იჩქაროთ არანაირი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება. სჯობს, დრო ინფორმაციის შეგროვებას დაუთმოთ. შესაძლოა, რაღაც ვერ გაითვალისწინეთ ან სათანადო ცნობები არ მოგეპოვებათ. შეცდომა არ დაუშვათ, დღეს ფაზლის ყველა დეტალი უნდა ააწყოთ: დაელაპარაკოთ საკითხის მცოდნე ადამიანებს, იპოვოთ პასუხები კითხვებზე, მოიძიოთ და ჩაუსხდეთ წიგნებს, შეისწავლოთ ფაქტები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ „ბრძოლის ველზე“ გასვლა.

თხის რქა: დიდი ალბათობით, მოგიწევთ საკუთარი შეხედულების გადახედვა რომელიმე ადამიანზე, რამე მოვლენაზე ან პრობლემაზე. ეს, შესაძლოა, საკუთარი სურვილის მიუხედავად გააკეთოთ, უბრალოდ, სიტუაციის გამო რაღაც ფაქტები შეიძლება ჩაგივარდეთ ხელში, რომელთა გათვალისწინებაც მოგიწევთ. ამან რომ მთელი დღე კალაპოტიდან არ ამოგაგდოთ, სჯობს, მოულოდნელობისთვის მზად იყოთ და აუცილებლობის შემთხვევაში რაღაც საკითხში მოქნილობა გამოავლინოთ.

მერწყული: დღეს გარშემომყოფებთან ურთიერთობებში, სავარაუდოდ, ძალიან გაჯიუტდებით. იმის გათვალისწინებით, რომ ძალზე ემოციური ხართ და ყველაფეი ადვილად გწყინთ, არ არის გასაკვირი, რომ ცხარე კონფლიქტების წყარო გახდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, დღეს თქვენთვის შეინახოთ ძვირფასი, „ერთადერთი სწორი“ მოსაზრება და მას ხმამაღლა გამოთქვამთ, მაშინ მზად იყავით, რომ კომპრომისზე წახვიდეთ და ბოდიშიც მოიხადოთ.

თევზები: ყველაფერი წესრიგში და სისუფთავეში უნდა იყოს – სულშიც, ფიქრებშიცა და მუშაობის მხრივაც. ყველაფერს ხედავთ და ამჩნევთ – სულ მცირე მტვრის ნაწილაკსაც კი და მთელი ძალით ცდილობთ დასუფთავებას. უმნიშვნელო არეულობას ან სიბინძურესაც კი გარშემომყოფების ნაკლოვანებების – მათი არაიდეალურად სუფთა საქციელისა და სიტყვების გამოვლენა შეუძლია. ნაკლებსავარაუდოა, რომ დღეს ვინმემ ან რამემ შეაკავოს თქვენი მისწრაფება, რომ პირდაპირ მიახალოთ სათქმელი სისუფთავის „დამრღვევს“.

0