კაპიტოლიუმის შტურმი

ეუთომ ვაშინგტონს დემოკრატიული პროცესის პატივისცემისკენ მოუწოდა

51
(განახლებულია 16:52 07.01.2021)
მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ვაშინგტონში შეიჭრნენ კაპიტოლიუმში, შემდეგ – სენატის დარბაზში.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ და ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ჰელგა შმიდმა აშშ-ს ვაშინგტონში წესრიგისკენ მშვიდობიანი დაბრუნებისა და დემოკრატიული პროცესის პატივისცემისკენ მოუწოდეს, იუწყება ხუთშაბათს ეუთოს პრეს-სამსახური.

„საჭიროა დემოკრატიული არჩევნების შედეგების, ასევე კონსტიტუციური პრინციპების პატივისცემა“, – განაცხადა ლინდემ.

„შეშფოთებული ვარ ამ თავდასხმით დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პრინციპებზე, რომელსაც დღეს ვაშინგტონში ვხედავთ“, – ციტირებს შმიდს ეუთოს პრეს-სამსახური.

მათ დაადასტურეს თავიანთი კომენტარი და OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის შეშფოთება, რომელიც აშშ-ში ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდა.

ოთხშაბათს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეებმა, რომლებიც ვაშინგტონში მის მხარდასაჭერ დემონსტრაციაზე შეიკრიბნენ, კონგრესის შენობაზე შტურმი მიიტანეს და შეაწყვეტინეს სხდომა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცება უნდა მომხდარიყო. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით არჩეულ პრეზიდენტად დემოკრატი ჯო ბაიდენი მიიჩნევა, მაგრამ ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს.

51
ვაქცინაცია COVID-19-ზე

კოვიდ-ვაქცინებისგან სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა: ჯანმოს ექსპერტი

9
(განახლებულია 12:29 21.01.2021)
ჯანმოს ექსპერტის თქმით, დაფიქსირებულია მხოლოდ გვერდითი ეფექტების რამდენიმე შემთხვევა, როგორიცაა ანაფილაქტიკური შოკი და სერიოზული ალერგიები

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ჯანმოს ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრის გამო სიკვდილის არცერთი შემთხვევა, განაცხადა ორგანიზაციის ექსპერტმა მარიანჯელა სიმაომ.

​„ჩვენ გვაქვს ვაქცინა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბაზარზე. ეს „ფაიზერია“. და ჩვენ ჯერჯერობით არ გვინახავს სიკვდილის არცერთი შემთხვევა იმ ვაქცინებისგან, რომლებიც ამ მომენტისთვის გამოიყენება“, — განაცხადა მან.

ჯანმოს წარმომადგენლის განცხადებით, დაფიქსირდა გვერდითი ეფექტების რამდენიმე შემთხვევა, მაგალითად ანაფილაქტიკური შოკი, რამდენიმე ვაქცინირებულს კი სერიოზული ალერგიებისადმი მიდრეკილება გამოუვლინდა. ასეთ შემთხვევებში, ექსპერტის თქმით, აუცილებელია აცრა სამედიცინო დაწესებულებებში დაკვირვების ქვეშ ჩატარდეს.

მარიანჯელა სიმაოს თქმით, ჯანმო გულდასმით აკვირდება ვაქცინების ნებისმიერ გვერდით მოვლენებს და შესაბამისად გასცემს განახლებულ რეკომენდაციებს.

ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ 12 პრეპარატი ელოდება ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებას.

მანამდე ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში რეგისტრაციაზე განაცხადი შევიდა რუსული ვაქცინა Sputnik V–ს მწარმოებლებისგანაც. აღნიშნული ვაქცინა, რომელიც გამალეის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ცენტრში შეიქმნა, მსოფლიოში პირველად მიჩნევა.

 

9
თემები:
საერთაშორისო პანორამა
თორნიკე ნინიკაშვილი

როგორ შეცვალა „გლოვოს" კურიერის ცხოვრება ნაპოვნმა საფულემ და სოციალურმა ქსელმა

35
(განახლებულია 18:26 20.01.2021)
შემთხვევა, რომელმაც ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრება სრულიად შეცვალა 4 იანვარს მოხდა. „გლოვოს“ თანამშრომელმა თორნიკე ნინიკაშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფულით სავსე საფულე იპოვა.

არც უფიქრია, მაშინვე მფლობელის ძებნა დაიწყო. პოსტი ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა და ამას რაც მოყვა, თორნიკე თავად მოგიყვებათ:

თორნიკე ნინიკაშვილი
თორნიკე ნინიკაშვილი

- ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. დავტოვე შეკვეთა მომხმარებელთან და უკან ვბრუნდებოდი. როცა „სითი მოლთან“ მოვედი, დავინახე ძირს დაგდებული საფულეს. ფული, ბარათები, პირადობის მოწმობა - ყველაფერი იქ იყო. თავიდან გადავწყვიტე პოლიციაში მიმეტანა, მაგრამ ასე რომ მოვქცეულიყავი, ფაქტიურად მთელი დღე იქ უნდა გამეტარებინა და მუშაობას ვეღარ შევძლებდი. ამიტომ ფეისბუქზე დავწერე პოსტი, რომ ვეძებდი საფულის მფლობელს.

დავხურე ფეისბუქი და გავაგრძელე მუშაობა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როცა კვლავ გავხსენი სოციალური ქსელი, თვალებს არ დავუჯერე იმდენი გაზიარება ჰქონდა პოსტს. საბედნიეროდ მალევე ვიპოვეთ პატრონი. ძალიან აფორიაქებული და განერვიულებული იყო. როცა მოვიდა გახარებული ჩამეხუტა და დიდი სითბო მაგრძნობინა, საოცარი მადლიერება გამოხატა. სახლშიც მიმიპატიჟა მისმა ოჯახმა. თუმცა, მგონი მე მასზე უფრო გახარებული ვიყავი, რომ ასე გავაბედნიერე ადამიანი.

რამდენიმე მეგომარმა პოსტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მონიშნა. როცა საფულე მფლობელს დავუბრუნე, ბევრი მწერდა სამინისტროდან და მადლობას მიხდიდნენ ჩემი საქციელის გამო, პატრულის თანამშრომლები მაჩერებდნენ გზაზე და ხელს მართმევდნენ. ჩემს მშობლებს ყველა სიყვარულით ხვდებოდა რაიონში და ისინიც უბედნიერესები იყვნენ.

თორნიკე ნინიკაშვილი
თორნიკე ნინიკაშვილი

- ცოტა თქვენს შესახებაც მოგვიყევით...                                             

- დავიბადე და გავიზარდე ზესტაფონის რაიონში, ალავერდში. ვერ ვიტყვი, რომ ფუფუნებაში ვიზრდებოდი. პირიქით, გვიჭირდა, მაგრამ ყველაზე დიდი სიმდიდრე, თბილი და მოსიყვარულე ოჯახი მყავდა. სკოლას რომ ვამთავრებდი რეპეტიტორებთან მომზადების საშუალება არ გვქონდა, ჩემი ძალებით ჩავირიცხე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე და თბილისში გადმოვბარგდი. სამწუხაროდ გრანტი ვერ ავიღე. იმ დროს ჩემს ოჯახს მატერიალური პრობლემები ჰქონდა. დღე ვსწავლობდი, ღამე ვმუშაობდი. ძალიან მიჭირდა, მაგრამ როგორღაც ვახერხებდი... ბევრი მცდელობის მიუხედავად, უსახსრობის გამო სწავლის შეწყვეტა მომიხდა. ამჟამად სტატუსი მაქვს შეჩერებული. ვმუშაობ „გლოვოში“ კურიერად.

-  როგორ შეცვალა ამ ამბავმა თქვენი ცხოვრება?

- აი, ამას კი ნამდვილად არ ველოდი. ვერც კი წარმოვიდგენდი ამდენი ადამიანის სითბოს, სიყვარულს დაფასებას თუ დავიმსახურებდი. წარმოუდგენელი ამბავი ხდებოდა ჩემს ფეისბუქზე. უამრავი ადამიანი მწერდა. უამრავი საჩუქარი მივიღე. 1650 ლარიანი ფეხსაცმელი მაჩუქეს, რომელზედაც ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერც ვიოცნებებდი. ისეთი საჩუქარია ფეხზე ჩასაცმელად არც მემეტება.

ყველაზე მეტად იცით რამ გამაბედნიერა? საოცარმა ადამიანებმა ჩამირიცხეს თანხა და სრულად მომიგროვდა სწავლის საფასური. უბედნიერესი ვარ, რომ გავაგრძელებ და შევძლებ სწავლის დამთავრებას. უკვე მივწერე უნივერსიტეტის ადმინისრატორს, მასაც ძალიან გაუხარდა და სულ მალე მოვაგვარებთ ყველა დეტალს.

მე მაშინ ამ ყველაფერზე არც მიფიქრია, მხოლოდ იმ ადამიანზე  ვფიქრობდი, ვინც ეს საფულე დაკარგა. ერთი სული მქონდა მეპოვნა, ვიცოდი როგორ იდარდებდა, რა დღეში იქნებოდა. ცოტა ფული ნამდვილად იდო იმ საფულეში, ამასთან ყველა საბუთი და ბარათი. ბედნიერი ვარ, რომ მომცა უფალმა საშუალება სიხარული მეჩუქებინა ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანისთვის...

35