დედამიწა და შავი ხვრელი

დედამიწა ბრუნვას აღარ ანელებს: დაემატება თუ არა დამატებითი წამი დროის შკალას?

751
(განახლებულია 19:02 02.01.2021)
დამატებითი წამი თუმცა დროის შკალაში მხოლოდ მაშინ შეაქვთ, როცა ატომური საათი მნიშვნელოვნად უსწრებს ასტრონომიულს პლანეტის არათანაბარი ბრუნვის გამო

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. გასული წლის 31 დეკემბრიდან ახალი წლის 1 იანვრის ღამით დამატებითი წამი მსოფლიო კოორდინირებული დროის შკალაში (UTC)  არ შესულა, რაც დედამიწის ბრუნვის თავისებურებით აიხსნება, აცხადებენ დედამიწის ბრუნვის დროის, სიხშირისა და  პარამეტრების განმსაზღვრელ სააგენტოში.

სპეციალისტების თქმით, ჩვენი პლანეტა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კი არ ანელებს, პირიქით აჩქარებს ბრუნვას.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ბოლოს დროის შკალაში 2016  წლის 31 დეკემბერი–2017 წლის 1 იანვრის დამატებითი წამი შეიტანეს. მას შემდეგ დედამიწის საშუალო წლიური კუთხოვანი დაჩქარება მხოლოდ იზრდება.

ტრადიციულად, დამატებითი წამი დღე–ღამეს ან 31 დეკემბერს ემატება, ან 30 ივნისს. თუმცა არა ყოველწლიურად, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა ატომური საათი მნიშვნელოვნად უსწრებს ასტრონომიულს პლანეტის არათანაბარი ბრუნვის გამო.

აღსანიშნავია, რომ უარყოფითი დამატებითი წამი არასდროს შეუტანიათ დროის შკალაში, ანუ 24 საათისთვის ეს წამი არასდროს მოუკლიათ.

როდის შეუქმნის გადახურებული მზე დედამიწას საფრთხეს: ცნობილი გახდა თარიღი>>

გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწა ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში აჩქარებს ბრუნვას, ზოგი სპეციალისტი უკვე ფიქრობს, ხომ არ არის საჭირო, რომ საათის ისრები ერთი წამით წინ გადაიწიოს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება დადგა, გადაწყვეტილებას დედამიწის ბრუნვის დროის, სიხშირისა და  პარამეტრების განმსაზღვრელ სააგენტო მიიღებს.

 

 

751
თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

შავ ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა ვიდეო

33
(განახლებულია 21:43 18.01.2021)
შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული და რუსული მასმედია ავრცელებს.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ეკიპაჟის 5 წევრი გადარჩენილია, ორი კი დაღუპული იპოვეს. ეკიპაჟის 15-კაციანი შემადგენლობის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ახლაც მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ეკიპაჟის წევრები სამ სამაშველო ნავზე იმყოფებიან.

სამაშველო ნავების ჩაძირვის ან დაღუპულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. მაშველების მუშაობას კი უამინდობა უშლის ხელს.

33
რუსული ვაქცინა Sputnik V

„დასავლეთის უმეცრება“: ევროპაში რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაიცვეს

23
(განახლებულია 20:49 18.01.2021)
ჟურნალისტის აზრით, დასავლეთი წლების განმავლობაში უარყოფდა რუსულ სამეცნიერო მიღწევებს, რაც არის კიდეც მიზეზი რუსული ვაქცინის მიმართ ეჭვებისა.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. რუსეთმა შექმნა პრეპარატი, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის დათრგუნვა შეუძლია, ნათქვამია ფრანგული „ლე მონდის“ ესპანურენოვანი გამოცემის Monde diplomatique სტატიაში.

სტატიის ავტორის ფედერიკო კუსკოს აზრით, დასავლეთის სკეპტიკური რეაქცია ვაქცინა Sputnik V-ს შექმნაზე იმითაა გამოწვეული, რომ დასავლეთში რუსული მეცნიერების მიმართ ერთგვარი უმეცრება არსებობს.

„ენობრივი, კულტურული და პოლიტიკური განხვავებებით აღძრული ეს უმეცრება ეჭვით ხვდება რუსეთის ინიციატივებს“, — აღნიშნავს ჟურნალისტი.

კუსკო ხაზს უსვამს, რომ პრეპარატის შექმნა რუსეთის სამეცნიერო აღმოჩენების მთელი ისტორიული ჯაჭვის შედეგია. მაგრამ, მისი აზრით, დასავლელი „მთხრობელები“ წლების განმავლობაში უარყოფდნენ რუსეთის მეცნიერულ მიღწევებს და ახლა გაკვირვებული არიან ვაქცინის შექმნით.

  • „ისეთი ქვეყნებისგან განსხვავებით, როგორებიც არიან აშშ და ევროკავშირის სახელმწიფოები, სადაც ფარმაცევტული ლაბორატორიები თავიანთ წამლებს ასტრონომიულ ფასად ახვევენ თავს საზოგადოებას, რუსეთი ფულისთვის არ იღწვის“, — მიაჩნია კუსკოს.

ჟურნალისტის აზრით, 50 წლის შემდეგ „სპუტნიკ V“-სთან დაკავშირებული ეჭვები, რომლებიც ახლა აქტიურად ვრცელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, აღარავის გაახსენდება. 

 

23
თემები:
რუსეთი დღეს
გამოცხადების ხატი

ნათლისღების დღესასწაული: ქართული ადათ-წესები

0
(განახლებულია 08:17 19.01.2021)
საქართველოში ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს - მაცხოვრის ნათლისღებისას

დღეს, 19 იანვარს, ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.

საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში დილიდან აღევლინება.

წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ ტარდება – ნათლისღების წინა დღესა და ნათლისღების დღეს – ლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისი ტრადიციები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის კურთხევის წეს-ჩვეულებებს უკავშირდება.

იესო ქრისტეს ხატი
იესო ქრისტეს ხატი

საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ. ხალხში ამბობენ, რომ ნათლისღების დღეს აღებული ჩვეულებრივი წყალიც დიდხანს ძლებს და არ იხრწნება. ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს — მაცხოვრის ნათლისღებისას.

მაგალითად, აჭარაში ნათლისღების მთავარი ტრადიცია — ზღვაში შთაფვლა — მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით აღდგა. ზღვის კურთხევის ლოცვას სასულიერო პირები სანაპიროზე შეკრებილ მორწმუნეებთან ერთად ასრულებენ. ამის შემდეგ ხშირად სასულიერო პირები მრევლის ნაწილთან ერთად ზღვაში შედიან და ცოდვების განწმენდის სიმბოლურ რიტუალს ატარებენ. წელს ეს ტრადიცია, კორონავირუსის პანდემიის გამო, არ შესრულდება.

აჭარაში ნათლისღების დღეს გავრცელებულია კიდევ ერთი — არარელიგიური რიტუალი — ნათლულებს თავიანთი ნათლიისთვის ამ დღეს ერთი მამალი მიჰყავთ.

რაჭაში ნათლისღებაზე საკალანდო ღორს კლავდნენ, აცხობდნენ ერთ ღორისქონიან განატეხს, ე.წ. ღორის სალოცვილს. ასევე იცავდნენ შემდეგ წესს — 31 დეკემბერს ოჯახის წევრი მიდიოდა ტყეში და სახლში შეშით სავსე მარხილი მოჰქონდა. მარხილი კალოზე წაღმა მხრიდან აღმოსავლეთისკენ უნდა დაედგათ და ასე უნდა გაეჩერებინათ ნათლისღების დღესასწაულამდე.

ასევე ლეჩხუმში ღორს საახალწლოდ კლავდნენ და მისი თავი სხვენზე ნათლისღებამდე ჩამოკიდებული უნდა ყოფილიყო.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნათლისღების დღესასწაული საქართველოს კუთხეებში, ძირითადად, ახალი წლის რიტუალების ციკლის ერთგვარი დასასრულია და ახალი წლის საზეიმო განწყობას უკავშირდება. მაგალითად, გურიაში საახალწლო ჩიჩილაკს ნათლისღების წინა დღეს ცეცხლზე წვავდნენ; სამეგრელოში კი ნათლისღების დღეს ჩიჩილაკს შორს წაიღებდნენ და იქ წვავდნენ.

Торговля чичилаки на новогоднем базаре у Дворца Спорта
© Sputnik / Alexander Imedashvili
ჩიჩილაკი

ასევე ნათლისღების დღეს უკავშირდება საახალწლო ნაძვის ხის აღების ადათიც. არსებობს ტრადიცია, რომ ნათლისღებას სახლი საშობაო და საახალწლო სიმბოლოებისგან გათავისუფლებული, დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა იყოს. ძველად არსებობდა რწმენა, რომ ნაძვის ხე თავის დადებით ენერგეტიკას 14 იანვრამდე ოჯახში ტოვებდა, ამიტომ ამ დრომდე მისი აღება სასურველი არ იყო. ძველით ახალი წლის შემდეგ ოჯახები ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადებიან და ტრადიციისამებრ, საახალწლო ნაძვის ხესაც მანამდე იღებენ. მაგალითად, მეგრული ტრადიციებით, ნაძვის ხე ახალ წლამდე სამი-ხუთი დღით ადრე იდგმება და აღებასაც თავისი დრო აქვს – ნათლისღების წინა დღე. როგორც სამეგრელოში უფროსი თაობა ამბობდა, ნათლისღებას, 19 იანვარს ოჯახში არ უნდა დახვდეს არც ჩიჩილაკი და არც ნაძვის ხე.

საქართველოში საახალწლოდ აცხობდნენ კვერს, რომელსაც ბასილას ანუ კაც-ბასილას — უწოდებდნენ. ქართლში ასეთ კვერს გულზე ჯვარს გამოუსახავდნენ და ფქვილის გოდორში ჩააგდებდნენ — „ბარაქა ამ გოდორსო". მას წყალკურთხევის დღეს მდინარეში ასველებდნენ.

მლოცველები მდინარე იორდანეში
© photo: Sputnik / იური კავერი
მლოცველები მდინარე იორდანეში

ნათლისღების დღეს ქართლში (სადაც ნათლისღებას განცხადებას უწოდებენ) მთელი სოფელი მდინარისკენ მსვლელობას აწყობდა, ასევე მიჰყავდათ საქონელი და მიჰქონდათ სამუშაო იარაღები, რომ ისინიც წმინდა წყალში დაესველებინათ და ასე ეკურთხებინათ.

ასევე გავრცელებული იყო შიდა ქართლში კორკოტობა. კორკოტს ნათლისღების დღეს ახალი მიცვალებულის პატრონი ოჯახი ხარშავდა.

შიდა ქართლში კიდევ ერთი წესი ჰქონიათ — ნათლისღებამდე პატარძალი ხალხში არ გაჰყავდათ, გინდაც რამდენიმე თვის მოყვანილი ყოფილიყო. მხოლოდ ამ დღეს გაჰყავდათ ის წყალზე. მას ხელში აუცილებლად სანთლები უნდა სჭეროდა.

ზოგიერთ სოფელში, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში, ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დააქცევენ. ზოგს ეს წყალი საფლავზე მიაქვს და ზედ ასხურებს.

ნათლისღების აღნიშვნის საკუთარი ტრადიცია ჰქონდა თბილისსაც. ამ დღეს, წირვის შემდეგ, მღვდელი ჯვრით ხელში ხალხს მიუძღოდა მდინარისაკენ, სადაც საგანგებოდ იყო მოწყობილი წყალთან მისასვლელი ხის ხიდი, ბაქანი, რომელსაც „იორდანეს” უწოდებდნენ. სადღესასწაულო სვლაში მონაწილეობას იღებდნენ ტფილისის ჰამქრები და ქალაქში განლაგებული ჯარი. ლოცვა-კურთხევის შემდეგ მღვდელი მტკვარში ჩაუშვებდა ჯვარს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მდინარის წყალი წმინდა და ნაკურთხი იყო; ამის შემდეგ ნაკურთხი წყლის სახლში წაღება ხალხს უკვე შეეძლო.

სიცივის მიუხედავად „იორდანე” ხალხით იყო სავსე. ეს ხალხმრავლობა ხანდახან ტრაგიკული შემთხვევების მიზეზიც ხდებოდა. მაგალითად, 1892 წელს წყალკურთხევაზე სომხური ვანქის ეკლესიასთან მოწყობილმა ხის დროებითმა ხიდმა ხალხის სიმძიმეს ვერ გაუძლო და 300-ზე მეტი ადამიანი წყალში ჩავარდა. მათგან რამდენიმე დაიღუპა. ამგვარი ტრაგიკული ინციდენტების მიუხედავად, წყალკურთხევა გასაბჭოებამდე  ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ დღესასწაულად რჩებოდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში, მტკვრის დაბინძურების გამო, წყალკურთხევის წესის შესრულება მდინარე ვერეზე გადაიტანეს. ვერეზე წყლის კურთხევა 1918 წლიდან 1923 წლის ჩათვლით ჩატარდა.

სტატია მომზადებულია ინტერნეტში ღია წყაროების საფუძველზე

0