ქირურგიული ოპერაცია

ქირურგის დაბადების დღე ოპერაციის შედეგს განსაზღვრავს: მასშტაბური კვლევა

59
(განახლებულია 17:20 29.12.2020)
მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვეულებრივ დღეს პაციენტთა სიკვდილიანობა 5,6% იყო, ქირურგების დაბადების დღეს კი ეს მაჩვენებელი 6,9%-ს აღწევდა.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ქირურგიული ოპერაციის დროს ან პროცედურიდან 30 დღის განმავლობაში პაციენტის დაღუპვის ალბათობა გაცილებით მაღალია, თუ ქირურგმა ოპერაცია საკუთარ დაბადების დღეს გააკეთა, ნათქვამია კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევაში, რომელიც რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალ BMJ-ს საიტზეა გამოქვეყნებული.

ირკვევა, რომ მკვლევარებმა სპეციალურად შეისწავლეს საკითხი, თუ რა გავლენას ახდენს საკუთარ დაბადების დღეზე ქირურგის მუშაობა ოპერაციის შემდეგ პაციენტების გადარჩენაზე.

კვლევის დროს სწავლულებმა 980 ათასზე მეტი ოპერაციის შედეგები გააანალიზეს, რომლებიც 47 489 ქირურგის მიერ ჩატარდა 2011 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში. მათგან 0,2% ქირურგების დაბადების დღეს იყო შესრულებული.

მკვლევართა მონაცემებით, ანალიზმა აჩვენა, რომ ჩვეულებრივ დღეს პაციენტთა სიკვდილიანობა 5,6 პროცენტი იყო, ქირურგების დაბადების დღეს კი ეს მაჩვენებელი 6,9%-ს აღწევდა.

„საკუთარ დაბადების დღეზე, შესაძლოა, ქირურგები დროის მწვავე უკმარისობას განიცდიდნენ — შინაგანად გრძნობდნენ, რომ პროცედურების დროულად დასასრულებლად აჩქარებაა საჭირო, ვინაიდან საღამოსთვის მნიშვნელოვანი გეგმები აქვთ“, — განმარტავენ კვლევის ავტორები.

გარდა ამისა, სიკვდილიანობის მაღალი რისკის მიზეზებში შედის ქირურგებსა და კოლეგებს შორის საუბრები დაბადების დღესთან დაკავშირებით, სატელეფონო მილოცვებზე ყურადღების გადატანა და ასისტენტებისთვის მოვალეობების გადაცემა.

როგორც ამერიკის სამეცნიერო სკოლა ამტკიცებს, ცივსისხლიანი და უაღრესად წარმატებული ქირურგები შეიძლება იყვნენ „წარმატებული ფსიქოპათები“ (successful psychopath) ან, მინიმუმ, ძლიერი ფსიქოპათიური თვისებების მქონე ადამიანები.

59
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (613)
შეყვარებულები

ვინც 2020 წელს ოჯახი შეინარჩუნა: დაწერეთ წერილი და მიიღეთ ბრილიანტის ორი ბეჭედი

84
(განახლებულია 21:48 26.01.2021)
ბრილიანტის ბეჭდების საჩუქრად მიღება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ წყვილს შეუძლია, თუ ისინი ერთ პირობას დააკმაყოფილებენ.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. წყვილს, რომელმაც კორონავირუსული პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს გაუძლო და ოჯახური ერთიანობა შეინარჩუნა, ამერიკელი კრისტენ ბონავიტა ბრილიანტის ორი ბეჭდის ჩუქებას ჰპირდება — ოღონდ ერთი პირობით, წერს Daily Mail ქალის Facebook-გვერდზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებს წყვილს შეუძლია მიიღოს, თუ ისინი ბონავიტას მიერ წამოყენებულ პირობას დააკმაყოფილებენ.

ირკვევა, რომ კრისტენ ბონავიტა და მისი მეუღლე 2020 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, რაც ქალმა ძალიან მძიმედ გადაიტანა. ხოლო მას შემდეგ, რაც განცდებს თავი დააღწია და ყველაფერი უკან დარჩა, გადაწყვიტა თავიდან მოიშოროს წარუმატებელი ოჯახური ცხოვრების შესახებ მოგონებები და თავისი ბეჭედი ბედნიერ წყვილს უსახსოვროს.

როდესაც კრისტენის ყოფილმა ქმარმა მისი სურვილის შესახებ შეიტყო, თავადაც მოინდომა ამ კეთილ საქმეში ჩართვა და საკუთარი ბეჭდის გაჩუქებაც გადაწყვიტა. ასე რომ, ახლა ორი ძვირადღირებული სამკაული ახალ პატრონებს ელოდება.

„მინდა ჩემი და ჩემი ყოფილი ქმრის კუთვნილი ნიშნობის ბეჭდები ვაჩუქო წყვილს, რომელიც 2020 წელს მძიმე პრობლემებს შეეჯახა, მაგრამ სირთულეების გადალახვა ერთად შეძლო“, — დაწერა კრისტენ ბონავიტამ.
  • მისი ერთადერთი პირობა ასეთია: წყვილმა უნდა დაწეროს მოკლე ესე იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხეს ურთიერთობების შენაჩუნება პანდემიის დროს. მონათხრობი არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას, წერილს კი უნდა ერთვოდეს 2020 წელს გადაღებული ფოტო.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტების შეფასებით, კრისტენ ბონავიტას თითქმის ორკარატიანი ბეჭედი 2 800 დოლარი ღირს, მისი მეუღლისა კი უფრო იაფი — დაახლოებით 760 დოლარი.

84
თემები:
საერთაშორისო პანორამა
ნადირობა

კანონმდებელმა თოვლის კაცზე ნადირობის დაშვება მოითხოვა: რა წერია კანონპროექტში

37
(განახლებულია 21:22 26.01.2021)
კანონმდებელს მიაჩნია, რომ ამგვარი ზომა არაერთ ადამიანს მიიზიდავს და ტურიზმის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საჭიროა გაიცეს ოფიციალური ნებართვა თოვლის კაცზე (იეტი) ნადირობაზე, დადგინდეს ნადირობის სეზონი და გაიცეს ლიცენზია ყველაზე, ვისაც ამ მითიურ არსებასთან ახლოდან გაცნობის სურვილი აქვს – ასეთი უცნაური წინადადება წამოაყენა ამერიკელმა კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა ჯასტინ ჰემფრიმ, რომელიც კონგრესში ოკლაჰომის შტატს წარმოადგენს.

აღნიშნულის შესახებ წერს CNN.

​ჰემფრის თქმით, ასეთი ზომა ოკლაჰომაში ტურიზმს გამოაცოცხლებს და კიდევ მეტ ადამიანს მიიზიდავს შტატში.

კონგრესმენის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ნებადართულია იეტის მხოლოდ ცოცხლად შეპყრობა, რის შემდეგაც იღბლიან მონადირეს ჯილდოდ 25 ათასი დოლარი გადაეცემა.

როგორც ჰემფრი აცხადებს, პირადად მას იეტების არსებობის არ სჯერა, თუმცა არაერთი სანდო პირისგან მოუსმენია, რომ ისინი თოვლის კაცს შეხვედრიან.

მართალია, თოვლის კაცის არსებობა მეცნიერულად დადასტურებული არ არის, მაგრამ ოკლაჰომაში ყოველწლიურად ტარდება იეტისადმი მიძღვნილი დღესასწაული, რომელშიც ბევრი ადამიანი მონაწილეობს.

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მიიჩნიეს, რომ ჯასტინ ჰემფრის წინადადება ტყეში ადამიანისთვის სროლას დააკანონებს, რაც მერე შეიძლება შეცდომით გამართლდეს.

37
თემები:
საერთაშორისო პანორამა
დაკავება

ფოთში შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

0
ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ფოთში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

უწყების ინფორმაციით, ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ფაქტზე სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

0