თურქეთის დროშა

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში ცუდად გახდა: ვიდეო

108
(განახლებულია 20:57 21.12.2020)
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი კიბერუსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გახდა ცუდად, დაცვის წევრებმა ის სასწრაფოდ გაიყვანეს სცენიდან.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუათ ოქთაი პირდაპირ გამოსვლისას ცუდად გახდა და სიტყვის დასრულება ვერ მოახერხა, იუწყება თურქული მასმედია.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოქთაი კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოდიოდა.

​სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ჩანს, როგორ უჭირს ვიცე-პრეზიდენტს ლაპარაკი, როგორ ებმება ენა და მძიმედ სუნთქვას იწყებს, რის შემდეგაც დაცვასა და ექიმებს სცენიდან გაჰყავთ.

CNN Turk-ის ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტს წნევა დაუვარდა. ექიმებმა მას სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს, ხოლო ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა.

ამის შემდეგ ფუათ ოქთაი სცენაზე დაბრუნდა და მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს გაგებისათვის. მისი ვარაუდით, ცუდად გახდომის მიზეზი შესაძლოა უძილობა და გადაღლილობა იყოს.

 

108
თემები:
მსოფლიო დღეს (2471)
შეყვარებულები

ვინც 2020 წელს ოჯახი შეინარჩუნა: დაწერეთ წერილი და მიიღეთ ბრილიანტის ორი ბეჭედი

96
(განახლებულია 21:48 26.01.2021)
ბრილიანტის ბეჭდების საჩუქრად მიღება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ წყვილს შეუძლია, თუ ისინი ერთ პირობას დააკმაყოფილებენ.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. წყვილს, რომელმაც კორონავირუსული პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს გაუძლო და ოჯახური ერთიანობა შეინარჩუნა, ამერიკელი კრისტენ ბონავიტა ბრილიანტის ორი ბეჭდის ჩუქებას ჰპირდება — ოღონდ ერთი პირობით, წერს Daily Mail ქალის Facebook-გვერდზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებს წყვილს შეუძლია მიიღოს, თუ ისინი ბონავიტას მიერ წამოყენებულ პირობას დააკმაყოფილებენ.

ირკვევა, რომ კრისტენ ბონავიტა და მისი მეუღლე 2020 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, რაც ქალმა ძალიან მძიმედ გადაიტანა. ხოლო მას შემდეგ, რაც განცდებს თავი დააღწია და ყველაფერი უკან დარჩა, გადაწყვიტა თავიდან მოიშოროს წარუმატებელი ოჯახური ცხოვრების შესახებ მოგონებები და თავისი ბეჭედი ბედნიერ წყვილს უსახსოვროს.

როდესაც კრისტენის ყოფილმა ქმარმა მისი სურვილის შესახებ შეიტყო, თავადაც მოინდომა ამ კეთილ საქმეში ჩართვა და საკუთარი ბეჭდის გაჩუქებაც გადაწყვიტა. ასე რომ, ახლა ორი ძვირადღირებული სამკაული ახალ პატრონებს ელოდება.

„მინდა ჩემი და ჩემი ყოფილი ქმრის კუთვნილი ნიშნობის ბეჭდები ვაჩუქო წყვილს, რომელიც 2020 წელს მძიმე პრობლემებს შეეჯახა, მაგრამ სირთულეების გადალახვა ერთად შეძლო“, — დაწერა კრისტენ ბონავიტამ.
  • მისი ერთადერთი პირობა ასეთია: წყვილმა უნდა დაწეროს მოკლე ესე იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხეს ურთიერთობების შენაჩუნება პანდემიის დროს. მონათხრობი არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას, წერილს კი უნდა ერთვოდეს 2020 წელს გადაღებული ფოტო.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტების შეფასებით, კრისტენ ბონავიტას თითქმის ორკარატიანი ბეჭედი 2 800 დოლარი ღირს, მისი მეუღლისა კი უფრო იაფი — დაახლოებით 760 დოლარი.

96
თემები:
საერთაშორისო პანორამა
ნადირობა

კანონმდებელმა თოვლის კაცზე ნადირობის დაშვება მოითხოვა: რა წერია კანონპროექტში

44
(განახლებულია 21:22 26.01.2021)
კანონმდებელს მიაჩნია, რომ ამგვარი ზომა არაერთ ადამიანს მიიზიდავს და ტურიზმის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საჭიროა გაიცეს ოფიციალური ნებართვა თოვლის კაცზე (იეტი) ნადირობაზე, დადგინდეს ნადირობის სეზონი და გაიცეს ლიცენზია ყველაზე, ვისაც ამ მითიურ არსებასთან ახლოდან გაცნობის სურვილი აქვს – ასეთი უცნაური წინადადება წამოაყენა ამერიკელმა კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა ჯასტინ ჰემფრიმ, რომელიც კონგრესში ოკლაჰომის შტატს წარმოადგენს.

აღნიშნულის შესახებ წერს CNN.

​ჰემფრის თქმით, ასეთი ზომა ოკლაჰომაში ტურიზმს გამოაცოცხლებს და კიდევ მეტ ადამიანს მიიზიდავს შტატში.

კონგრესმენის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ნებადართულია იეტის მხოლოდ ცოცხლად შეპყრობა, რის შემდეგაც იღბლიან მონადირეს ჯილდოდ 25 ათასი დოლარი გადაეცემა.

როგორც ჰემფრი აცხადებს, პირადად მას იეტების არსებობის არ სჯერა, თუმცა არაერთი სანდო პირისგან მოუსმენია, რომ ისინი თოვლის კაცს შეხვედრიან.

მართალია, თოვლის კაცის არსებობა მეცნიერულად დადასტურებული არ არის, მაგრამ ოკლაჰომაში ყოველწლიურად ტარდება იეტისადმი მიძღვნილი დღესასწაული, რომელშიც ბევრი ადამიანი მონაწილეობს.

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მიიჩნიეს, რომ ჯასტინ ჰემფრის წინადადება ტყეში ადამიანისთვის სროლას დააკანონებს, რაც მერე შეიძლება შეცდომით გამართლდეს.

44
თემები:
საერთაშორისო პანორამა
თბილისის მერია

ჩუღურეთის გამგებლის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

0
(განახლებულია 09:51 27.01.2021)
საჯარო მოხელე ერთ-ერთ კომპანიას სისტემატურად უქმნიდა პრობლემებს და მის მიერ შესრულებული სამუშაოების დროულად ჩაბარებაში ხელს უშლიდა.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე ლადო გოგსაძეს, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზეა დაკავებული, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

მოსამართლე ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე გოგსაძისთვის გირაოს მოითხოვდა.

გოგსაძის დაკავების შესახებ ორშაბათს გახდა ცნობილი.

გამოძიების ვერსიით, საჯარო მოხელემ, როგორც სატენდერო კომისიის მუშაობაზე პასუხისმგებელმა პირმა, რაიონში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის გამაგრებაზე 2020 წლის 30 აპრილისთვის გამოცხადებული ტენდერის დროს,29 აპრილს ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი დაიბარა და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით.

სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება.

საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნეს-ურთიერთობებში კორუფციისგან თავისუფლების კუთხით >>

გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანიამ მაინც მიიღო მონაწილეობა ტენდერში და მოიგო ის, რადგან ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა. ამ ფაქტით უკმაყოფილო ჩინოვნიკმა კომპანიისთვის პრობლემების შექმნა დაიწყო და მის მიერ შესრულებული სამუშაოების დროულად ჩაბარებაში ხელს უშლიდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ საბოლოოდ კომპანიას პრობლემები შეექმნა და მასთან კონტრაქტი გაწყვიტეს, ხოლო კორპუსის მცხოვრებლები ავარიულ შენობაში ცხოვრებას აგრძელებდნენ.

0