კორონავირუსი ბრიტანეთში

უფრო გადამდებია: ჯანმომ კორონავირუსის ახალი შტამი შეაფასა

127
(განახლებულია 19:58 15.12.2020)
ჯანმოში განმარტეს, რომ სპეციალისტები ახლა ყურადღებით აკვირდებიან, გამოავლენს თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი ანტისხეულების გამანეიტრალებელ თვისებებს.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსი SARS-CoV-2-ის ახალი მუტაცია, რომელიც დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, უფრო გადამდებია, მაგრამ მთლიანობაში დაავადების საშიშროების დონის სტრუქტურას არ ცვლის, განაცხადა ჯანმოს სპეცწარმომადგენელმა დევიდ ნაბარომ ბრიფინგზე, რომლის ტრანსლაციაც twitter-ზე მიმდინარეობდა.

„ის უფრო გადამდებია, მაგრამ, როგორც ჩანს, საშიში არაა“, — აღნიშნა მან.

​ნაბაროს თქმით, ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ, თუმცა ახალი შტამის გამო ეპიდემიასთან ბრძოლის მეთოდებსა და პრიორიტეტებში რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.   

ნაბაროს მოსაზრებას ეთანხმება ჯანმოს კიდევ ერთი წარმომადგენელი მარია ვან კერკჰოვე, რომლის თქმითაც, ახალი მუტაციის უჩვეულო ქცევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

კერკჰოვეს განმარტებით, სპეციალისტები ყურადღებით აკვირდებიან, გამოავლენს თუ არა ახალი მუტაცია ანტისხეულების გამანეიტრალებელ ცვლილებებს.

მანამდე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთიუ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა, რომელიც მის საწყის ფორმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ მტკიცებულება, თითქოს ის უფრო მომაკვდინებელია, არ არსებობს.

 

127
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1300)
ვაქცინა Sputnik V-ს წარმოება

არგენტინაში რუსული ვაქცინით 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრა დაუშვეს

75
მანამდე ქვეყანაში უკვე დაიწყო რუსული ვაქცინით „სპუტნიკ V" 18-დან 59 წლამდე მედიკოსებისა და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლების აცრა

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. არგენტინის მარეგულირებელმა დაუშვა რუსული ვაქცინით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა აცრა, იუწყება РИА Новости.

ადრე ასეთი ნებართვა არ არსებობდა, ამიტომ არგენტინაში გაგზავნილი ვაქცინის პირველი დოზებით აცრეს 18-დან 59 წლამდე მედიკოსები და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლები.

არგენტინაში უკვე შეტანილია „სპუტნიკის“ 600 ათასი დოზა, რომელიც ორივე კომპონენტს შეიცავს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა რუსეთმა 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. პრეპარატ „სპუტნიკ V"-ს უპირატესობად სპეციალისტები მის უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობას ასახელებენ. ამ დროისთვის პრეპარატი უკვე დარეგისტრირებული და დამტკიცებულია არგენტინაში, ბელარუსში, პალესტინაში, სერბეთში, ბოლივიასა და ალჟირში.

75
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა

გერმანიაში კვლავ მხარს უჭერენ „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულებას

10
გერმანიის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ არ ეთანხმება ექსტერიტორიულ სანქციებს, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს კი განიხილავს კომერციულ, და არა პოლიტიკურ პროექტად

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა ცნობად მიიღო აშშ-ის ახალი სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ, ბერლინის პოზიცია პროექტთან დაკავშირებით უცვლელია, განაცხადა გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე მარტინა ფიტცმა. იუწყება РИА Новости.

„ჩვენ ცნობად მივიღეთ ბოლო მოვლენები (სანქციები „ფორტუნას“ წინააღმდეგ, - რედ.). ჩვენი პოზიცია ექსტერიტორიულ სანქციებთან დაკავშირებით უცვლელია, ეს არაერთხელ განგვიცხადებია. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულებასთან დაკავშირებით პოზიცია იგივე რჩება - ეს ეკონომიკური პროექტია. აქტუალური სიტუაციისა და შემდგომი გეგმების შესახებ კითხვები უნდა გაიგზავნოს პროექტის ოპერატორებთან“, - განაცხადა მან ოთხშაბათს ბრიფინგზე.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ანდრეა ზასეს სიტყვებით, ოფიციალურ ბერლინს სანქციების თაობაზე ბერლინში აშშ-ის საელჩომ აცნობა ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას, ასევე, შესაბამისი უწყება მიიღო ვაშინგტონში გერმანიის საელჩომ.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით. გაზსადენი გადის რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის ეკონომიკურ ზონებზე ან ტერიტორიულ წყლებზე.

პროექტს ახორციელებს Nord Stream 2 AG, რომლის ერთადერთი აქციონერია „გაზპრომი“. ევროპელი პარტნიორები - Royal Dutch Shell, OMV, Engie, Uniper და Wintershall - მშენებლობას ნაწილობრივ - თითოეული მათგანი 950 მლნ ევროთი - აფინანსებდნენ.

აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს, ევროკავშირს თავს მოახვიოს თავისი თხევადი გაზი. 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისა და „თურქეთის ნაკადის“ წინააღმდეგ. შედეგად შვეიცარიულმა კომპანია Allseas-მა, რომელიც გაზსადენის გაყვანაზე მუშაობს, საქმიანობა შეაჩერა და ხომალდები გაიყვანა.

გასულ დეკემბერში Nord Stream 2 AG-მა მოახერხა მილების გაყვანის სამუშაოების განახლება გერმანიის ეკონომიკურ ზონაში ხომალდ „ფორტუნას“ გამოყენებით.

10
ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 21 იანვარი

0
(განახლებულია 22:20 20.01.2021)
მართლმადიდებელი ეკლესია 21 იანვარს მოწამე აბო თბილელის, ღირსი გიორგი ქოზიბელის, მღვდელმოწამე კარტერიოსისა, მოწამეთა: ივლიანეს, კელსის, ანტონის, ანასტასის, 7-თა ყრმათა და 20-თა მხედართა, ასევე ღირსი ილია ეგვიპტელის და ღირს გრიგოლი პეჩორელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე აბო თბილელი

766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. ქართლ-კახეთის აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა და არაბთა ამირა მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო.

სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო 17 წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისმთავარს საქართველოში. მიუხედავდ ერის უბედურებისა, აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. აბო მთელი სულითა და გულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას და ნერსესთან ერთად ხაზარეთში ყოფნისას მოინათლა კიდეც.

სამი წელი მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. მან წმიდანს ქრისტეს დაგმობა და მამა-პაპათა სჯულზე დაბრუნება შესთავაზა. ყოველნაირად ეცადნენ აბოს გადაბირებას, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა. ამირამ მისი მოკვლა ბრძანა. წმიდა აბომ ჯვარედინად დაიწყო გულზე ხელები და სიხარულით მოუდრიკა ქედი მახვილს.

ღირსი გიორგი ქოზიბელი 

ღირსი გიორგი ქოზიბელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა. მშობლების სიკვდილის შემდეგ იგი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად და მდინარე იორდანესა და იერუსალიმს შორის მდებარე ქოზიბის ძმობაში დამკვიდრა. მარხვის, ლოცვის, მღვიძარების მოყვარული მამა ბერებმა იღუმენად აირჩიეს. ღირსი გიორგი მშვიდობით მიიცვალა ღრმა სიბერეში.

ღირსისა დომნიკა იღუმენია

ღირსი დომნიკა კართაგენიდან ჩავიდა კონსტანტინეპოლში თეოდოსი დიდის მეფობისას. აქ მან ნათელიღო პატრიარქ ნექტარიუსის ხელით და მონასტერში დაემკვიდრა. მკაცრი და გულმოდგინე მოღვაწეობით წმიდა ქალწულმა სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. იგი კურნავდა სნეულებს, იმორჩილებდა სტიქიებს, წინასწარ ჭვრეტდა მომავალს. სათნოებით შემკული წმიდა დედა ღრმა მოხუცებულობაში მიიცვალა 474 წელს.

ღირსმოწამე კარტერი, კესარია-კაბადოკიელი ხუცესი

წმიდა მოწამე კარტერი ხუცესად მსახურობდა კაბადოკიის კესარიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს. მან უფლის სადიდებლად ააგო ტაძარი და დიდი მრევლიც შემოიკრიბა. როცა მისი მოღვაწეობის შესახებ ოლქის გამგებელს ამცნეს, ის მდევნელებს განერიდა, მაგრამ შემდეგ ნებით ჩაბარდა მტარვალებს. კარტერი, სასტიკად აწამეს და ბოლოს მახვილით განგმირეს.

წმიდა მოწამენი: ივლიანე, კელსი, ანტონი, ანასტასი, ვასილისა და მარიონილა, 7 ყრმა და 20 მხედარი

წმიდა მოწამე ივლიანე დაიბადა ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში. იგი, მშობლების სურვილით, დიდებულ და მდიდარ ქალწულ ვასილისაზე დაქორწინდა, მაგრამ მეუღლეებმა ქორწინებაში ქალწულება დაიმარხეს. მშობლების სიკვდილის შემდეგ მათ მონაზვნობა შეიმოსეს და ორი – მამათა და დედათა სავანე დააარსეს, რომელთაც თვითონვე წინამძღოლობდნენ. დიოკლეტიანეს დროინდელ დევნილობისას, 313 წელს ივლიანე სასტიკად აწამეს ქრისტეს აღსარებისათვის. წამების დროს გამოჩენილმა მისმა სიმტკიცემ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია მარიონილა და კელსი, ქრისტიანობაზე მოექცა და მოინათლა ერთი ახლადგარდაცვლილი წარმართი, რომელიც სასწაულებრივად აღადგინა წმიდა ივლიანემ. ხუცესმა ანტონიმ ახალნათელღებულს ანასტასი უწოდა. აღმსარებლები ჯერ დილეგში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. მათთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა 20 მხედარი და 7 ყრმა.

წმიდა ილია ეგვიპტელი მეუდაბნოე

ღირსი ილია მეუდაბნოე 75 წელი მოღვაწეობდა ეგვიპტის ერთი უდაბური მთის კლდოვან გამოქვაბულში. იგი 110 წლის ასაკში მიიცვალა IV საუკუნეში.

გრიგოლ საკვირველთმოქმედი 

ღირსი გრიგოლი, კიევო-პეჩორელი განდეგილი, ცხოვრობდა XI საუკუნეში. წმიდა გრიგოლი მთელი ცხოვრების მანძილზე უმი ბალახის გარდა არაფერს ჭამდა. ამ ბალახს აძლევდა იგი შემწეობის სათხოვნელად მოსულ სნეულებსაც. ისინიც სასწაულებრივად იკურნებოდნენ.
ღირსი გრიგოლი კიევო-პეჩორის მონასტერში ბერად აღიკვეცა ღირსი თეოდოსის (+1074) დროს. წმიდანი ძალიან ბევრს კითხულობდა – მის ერთადერთ ქონებას წიგნები წარმოადგენდა. ღირსი გრიგოლ საკვირველთმოქმედი 1093 წელს მიიცვალა და დაკრძალულია კიევო-პეჩორის ლავრაში.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

0