თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. მალარიით უფრო მეტი ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვები, დაიღუპება აფრიკაში, ვიდრე ახალი ტიპის კორონავირუსით დაიღუპა წელს, იუწყება გაზეთი Telegraph ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 400 ათასი ადამიანი კვდება მალარიით, აქედან 90% აფრიკაზე მოდის. ჯანმოს გათვლებით კი კორონავირუსის პანდემია აფრიკაში 20-დან 100 ათასამდე მსხვერპლით გადააჭარბებს მალარიით დაღუპულთა რაოდენობას.
„ამ რეგიონში COVID-19-სგან უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება, ვიდრე მალარიისგან. მაშ, რატომ იწვევს კორონავირუსი თუ ებოლა დიდ შფოთვას, მალარია კი, რომლისგანაც ყოველ წელს ასობით ათასი ბავშვი კვდება, არა?“ — განაცხადა ჯანმოს რეგიონულმა დირექტორმა აფრიკაში მატშიდისო მოეტიმ.
როგორც მის მიერ წარმოდგენილ „მალარიის შესახებ მსოფლიო მოხსენებაშია“ ნათქვამი, ბოლო წლებში მალარიასთან ბრძოლაში შესამჩნევი პროგრესის წყალობით 7,6 მლნ კაცის სიკვდილი აღიკვეთა. მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაიყაროს, ვინაიდან წელს ინვესტიციების რაოდენობა და, შესაბამისად, პროგრესიც ამ მიმართულებით მკვეთრად შემცირდა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა კიდევ მეტად გაამწვავოს მდგომარეობა და მალარიით, შარშანდელთან შედარებით, მეტი ადამიანი დაიღუპოს.