თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. შოტლანდიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქალების ჰიგიენური საშუალებებით უფასოდ უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
„კანონპროექტი ჰიგიენური პროდუქტების შესახებ (უფასო მიწოდება შოტლანდიაში) დღეს ერთხმად მიიღეს პარლამენტის წევრებმა“, — ნათქვამია პარლამენტის Twitter-ზე
აღნიშნული საშუალებების (მათ შორის, ჰიგიენური საფენებისა და ტამპონების) უფასოდ მიღება შესაძლებელი იქნება როგორც აფთიაქებში, ისე საზოგადოებრივ ცენტრებსა თუ კლუბებში.
როგორც რეგიონის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა, შოტლანდიამ მსოფლიოში პირველმა მიიღო კანონი, რომელიც ჰიგიენურ პროდუქციაზე წვდომის საშუალებას აძლევს ყველას, „ვისაც ეს სჭირდება“.
Proud to vote for this groundbreaking legislation, making Scotland the first country in the world to provide free period products for all who need them. An important policy for women and girls. Well done to @MonicaLennon7 @ClydesdAileen and all who worked to make it happen https://t.co/4lckZ4ZYIY
— Nicola Sturgeon (@NicolaSturgeon) November 24, 2020
კანონპროექტის ინიციატორ მონიკა ლენონის თქმით, სანიტარიულ–ჰიგიენური საშუალებები არ არის ფუფუნების საგნები, ამიტომ მათზე წვდომა ყველა ქალს უნდა ჰქონდეს — მიუხედავად მატერიალური მდგომარეობისა და კეთილდღეობის დონისა.
საპარლამენტო დებატებისას ითქვა, რომ ქალი პირადი ჰიგიენის საშუალებებზე 9 000 დოლარს ხარჯავს (მთელი ხნის განმავლობაში). მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქალი ვერ აძლევს თავს ამის საშუალებას, სახელმწიფომ შესაბამისი დახმარება უნდა გაუწიოს მათ.
ექსპერტების დათვლებით, ქალის ჰიგიენური საშუალებების ბიუჯეტიდან დაფინანსება ხაზინას წელიწადში დაახლოებით 44 მლნ დოლარი დაუჯდება.
შოტლანდია 2018 წელს ასევე პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც სკოლებს, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს აგრეთვე უფასოდ მიეწოდება ჰიგიენური საშუალებები.