თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ჩემი ადმინისტრაცია არ იქნება ბარაკ ობამას მესამე ვადა, განაცხადა ჯო ბაიდენმა, რომელსაც ობამას ადმინისტრაციაში რვა წლის განმავლობაში ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი.
მანამდე ბაიდენი არაერთხელ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის თავის ადმინისტრაციაში ახალი სახეების დანიშვნას კი არ გეგმავს თანამდებობებზე, არამედ ისეთი ხალხის მოყვანას, რომლებიც ობამას ადმინისტრაციიდან არიან ცნობილი.
„ეს ობამას მესამე ვადა არ არის. ჩვენ სრულიად სხვა მსოფლიოს შევეჯახეთ. პრეზიდენტმა ტრამპმა ლანდშაფტი შეცვალა. ახლა ეს არის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, ანუ „ამერიკა მარტოობაში“, — თქვა ბაიდენმა NBC-სთან ინტერვიუში.
გარდა ამისა, ამერიკული პრესის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ცნობილმა დემოკრატმა კანდიდატმა ასევე გაახმოვანა თავისი მმართველობის პირველი 100 დღის გეგმები. მისი თქმით, ეს პერიოდი მიგრაციულ რეფორმასა და კორონავირუსთან ბრძოლას დაეთმობა.
„მე სენატს გადავუგზავნი კანონს იმიგრანტების შესახებ, რომელიც 11 მილიონ დაურეგისტრირებელ ადამიანს მოქალაქეობის მიღებისკენ გაუხსნის გზას“, — თქვა ბაიდენმა.
კიდევ ერთი გეგმა – მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რამდენიმე ბრძანებულების გაუქმებაა, რომლებმაც, მისი აზრით, ადამიანებსა და კლიმატს ზიანი მიაყენა. ამასთან დემოკრატი კანდიდატი პირობას დებს, რომ არ წამოაყენებს ტრამპის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ინიციატივას.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა, მაგრამ კენჭისყრის ოფიციალური შედეგები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. მასმედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენს უკვე აქვს გამარჯვებისთვის საკმარისი რაოდენობის ხმა ამომრჩეველთა კოლეგიისგან. გასული დღე-ღამის განმავლობაში სამმა საკვანძო შტატმა — პენსილვანიამ (20 ელექტორალური ხმა), მიჩიგანმა (16) და ნევადამ (6) არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა.
ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს უნდა გაიმართოს.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. წყვილს, რომელმაც კორონავირუსული პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს გაუძლო და ოჯახური ერთიანობა შეინარჩუნა, ამერიკელი კრისტენ ბონავიტა ბრილიანტის ორი ბეჭდის ჩუქებას ჰპირდება — ოღონდ ერთი პირობით, წერს Daily Mail ქალის Facebook-გვერდზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებს წყვილს შეუძლია მიიღოს, თუ ისინი ბონავიტას მიერ წამოყენებულ პირობას დააკმაყოფილებენ.
ირკვევა, რომ კრისტენ ბონავიტა და მისი მეუღლე 2020 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, რაც ქალმა ძალიან მძიმედ გადაიტანა. ხოლო მას შემდეგ, რაც განცდებს თავი დააღწია და ყველაფერი უკან დარჩა, გადაწყვიტა თავიდან მოიშოროს წარუმატებელი ოჯახური ცხოვრების შესახებ მოგონებები და თავისი ბეჭედი ბედნიერ წყვილს უსახსოვროს.
როდესაც კრისტენის ყოფილმა ქმარმა მისი სურვილის შესახებ შეიტყო, თავადაც მოინდომა ამ კეთილ საქმეში ჩართვა და საკუთარი ბეჭდის გაჩუქებაც გადაწყვიტა. ასე რომ, ახლა ორი ძვირადღირებული სამკაული ახალ პატრონებს ელოდება.
„მინდა ჩემი და ჩემი ყოფილი ქმრის კუთვნილი ნიშნობის ბეჭდები ვაჩუქო წყვილს, რომელიც 2020 წელს მძიმე პრობლემებს შეეჯახა, მაგრამ სირთულეების გადალახვა ერთად შეძლო“, — დაწერა კრისტენ ბონავიტამ.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტების შეფასებით, კრისტენ ბონავიტას თითქმის ორკარატიანი ბეჭედი 2 800 დოლარი ღირს, მისი მეუღლისა კი უფრო იაფი — დაახლოებით 760 დოლარი.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საჭიროა გაიცეს ოფიციალური ნებართვა თოვლის კაცზე (იეტი) ნადირობაზე, დადგინდეს ნადირობის სეზონი და გაიცეს ლიცენზია ყველაზე, ვისაც ამ მითიურ არსებასთან ახლოდან გაცნობის სურვილი აქვს – ასეთი უცნაური წინადადება წამოაყენა ამერიკელმა კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა ჯასტინ ჰემფრიმ, რომელიც კონგრესში ოკლაჰომის შტატს წარმოადგენს.
აღნიშნულის შესახებ წერს CNN.
Bigfoot may be a considered a myth — but that's not stopping one Oklahoma lawmaker from proposing open season on the creature https://t.co/yAqvi4OMuH
— CNN (@CNN) January 26, 2021
ჰემფრის თქმით, ასეთი ზომა ოკლაჰომაში ტურიზმს გამოაცოცხლებს და კიდევ მეტ ადამიანს მიიზიდავს შტატში.
კონგრესმენის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ნებადართულია იეტის მხოლოდ ცოცხლად შეპყრობა, რის შემდეგაც იღბლიან მონადირეს ჯილდოდ 25 ათასი დოლარი გადაეცემა.
როგორც ჰემფრი აცხადებს, პირადად მას იეტების არსებობის არ სჯერა, თუმცა არაერთი სანდო პირისგან მოუსმენია, რომ ისინი თოვლის კაცს შეხვედრიან.
მართალია, თოვლის კაცის არსებობა მეცნიერულად დადასტურებული არ არის, მაგრამ ოკლაჰომაში ყოველწლიურად ტარდება იეტისადმი მიძღვნილი დღესასწაული, რომელშიც ბევრი ადამიანი მონაწილეობს.
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მიიჩნიეს, რომ ჯასტინ ჰემფრის წინადადება ტყეში ადამიანისთვის სროლას დააკანონებს, რაც მერე შეიძლება შეცდომით გამართლდეს.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian water and power–ის (GWP) განცხადებით, თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება, იუწყება პირველი არხი.
წყალგამანაწილებელი კომპანიის კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა, რომელიც კომპანიას დაქირავებული ჰყავს გარკვეული ვადით და პირობებით, ორი დღეა, უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე.
GWP–ის დაახლოებით ოცამდე თანამშრომელმა კომპანიის სასარგებლოდ შედგენილი ხელშეკრულების პირობების გადახედვა, კუთვნილ შვებულებაზე ნებართვის მიღება და ხელფასის გაზრდა მოითხოვა.
„ერთი მხრივ, ისინი არ ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს, მეორე მხრივ კი, სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება“, – განაცხადეს კომპანიაში.
კომპანიაში ამავე დროს ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ვითარებისა და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებისა, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნა სამუშაო ადგილი და ანაზღაურება, მაშინ როდესაც კომპანიების დიდი ნაწილი გაჩერებულია და ადამიანები სამუშაოს გარეშე დარჩნენ.
კომპანიის განცხადებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინა კონტრაქტორებთან შექმნილი სიტუაციის განსამუხტად.
თბილისში ათასობით ოჯახი 24 საათის განმავლობაში უწყლოდ დარჩება >>
დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის სადავო საკითხების გადაწყვეტის პროცესში ჩართული იყო პროფკავშირის წარმომადგენელიც, რომელიც GWP–ის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებს მართავდა.
აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 26-27 იანვარს ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ტექნიკური სამუშაოები დაიწყო, რის გამოც ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში ათასობით აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდა.