თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო ნიუ-იორკის შტატში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, დღეიდან, 13 ნოემბრიდან ბარები, რესტორნები, სავარჯიშო დარბაზები, ფიტნეს–ცენტრები და ალკოჰოლის გაყიდვის ლიცენზიის მქონე დაწესებულებები დაიკეტება 22:00 საათიდან 05:00 საათამდე.
„ახალი რეგულაციის თანახმად, შენობის შიდა და გარე შეკრებებზე დაშვებული იქნება მხოლოდ ათი ადამიანი“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება მიტანის მომსახურებას.
ახალი რეგულაციების შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ 11 ნოემბერს გააკეთა განცხადება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 10 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 248 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.