თურქეთის დროშა

უარის მიუხედავად: თურქეთი ყარაბაღის სამშვიდობო მისიაში ჩაერთვება

78
(განახლებულია 18:00 12.11.2020)
კრემლში განაცხადეს, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის ყარაბაღში „ერთობლივი სამშვიდობო ძალების თაობაზე საუბარი არ ყოფილა“.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ანკარაში კვლავ აცხადებენ, რომ თურქეთის სამხედრო ძალები მონაწილეობას მიიღებენ მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისიაში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Anadolu.

„თურქეთი მონაწილეობას მიიღებს ყარაბაღზე შეთანხმების დაცვისა და მონიტორინგის პროცესში. თურქი სამხედროები ერთობლივი სამშვიდობო მისიის შემადგენლობაში იმოქმედებენ“, — ციტირებს სააგენტო თურქეთის თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარს.

მანამდე რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ თურქი სამხედროები არ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო მისიაში, და რომ ანკარის როლი მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე მონიტორინგის რუსულ–თურქული ცენტრის ფარგლებში განისაზღვრება.  

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმაც, რომლის თქმით, მოსკოვი და ანკარა ყარაბაღის საკითხზე მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსებული მონიტორინგის ცენტრის მეშვეობით ითანამშრომლებენ, „ერთობლივი სამშვიდობო ძალების თაობაზე კი საუბარი არ ყოფილა“.

9 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. განცხადების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე დარჩებიან და ამასთან დაიწყება ტყვეთა გაცვლა. უახლოეს დღეებში სომხური მხარე აზერბაიჯანს შეთანხმებით განსაზღვრულ ყარაბაღის ტერიტორიებს გადასცემს. დოკუმენტის თანახმად, რუსეთი მთიან ყარაბაღში 1 960 სამხედრო მოსამსახურეს, 90 ჯავშანტრანსპორტიორს და 380 ერთეულ სხვა სპეციალურ ტექნიკას განათავსებს.

ბაქოში შეთანხმება ერევნის კაპიტულაციად შეფასდა. პრეზიდენტმა ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული დოკუმენტი აზერბაიჯანისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელია. ხოლო სომხეთში, სადაც შეთანხმება ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნიეს, საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც ერევანში არეულობა და დემონსტრანტების დაპატიმრებები მოჰყვა.

78
თემები:
მსოფლიო დღეს (2303)
4G კავშირის ანძები

დასახელდა 5G-ს რეალური საფრთხე, რომელსაც დიდი მსხვერპლის მოტანა შეუძლია

71
(განახლებულია 19:51 23.11.2020)
აშშ-ის აერონავტიკის რადიოტექნიკური კომისიის დასკვნით, 5G ანძებს მართლაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან ადამიანების სიცოცხლეს.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. კავშირის 5G ქსელები რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანების სიცოცხლისთვის და მრავალრიცხოვანი ლეტალური შემთხვევების გამოწვევა შეუძლია, წერს გამოცემა The Sun ავიაციის ამერიკელ ექსპერტებზე დაყრდნობით.

აერონავტიკის რადიოტექნიკური კომისიის (RTCA) მონაცემებით, რომელიც კონსულტაციას უწევს აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სააგენტოს (FAA), 5G ანძების მუშაობას გარკვეულ სიხშირეებზე შეუძლია ხარვეზები შეუქმნას ლაინერების სიმაღლის მზომ რადარებს, რომლებიც 4,2–4,4 გიგაჰერცზე მუშაობენ.

როგორც RTCA-ს ანგარიშშია ნათქვამი, ამას შეუძლია გავლენა მოახდინოს როგორც აშშ-ის, ისე მთელი მსოფლიოს ავიაციაზე და არაერთი ავიაკატასტროფა გამოიწვიოს მრავალრიცხოვანი მსხვერპლით.

„რისკების დეტალურ ანალიზს, რომლებიც 5G-ს გავლენას უკავშირდება, ავიაციის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია გვქონდეს იმის გარანტია, რომ უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საავიაციო სისტემები დაცული იქნება“, — განაცხადა RTCA-ს ხელმძღვანელმა ტერი მაკვენესმა.

მან მოუწოდა ყველას, ყურადღება მიაქციონ კომისიის დასკვნებს და დამატებითი კვლევები ჩაატარონ საავიაციო ტრანსპორტზე 5G ქსელების ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

 

71
თემები:
მსოფლიო დღეს (2303)
დონალდ ტრამპი

ტრამპის შტაბმა პენსილვანიელი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე აპელაცია შეიტანა

33
(განახლებულია 16:15 23.11.2020)
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ტრამპს კენჭისყრის შედეგების სერტიფიცირების შესაჩერებლად სჭირდება, რომ რამდენიმე შტატის სასამართლომ დააკამაყოფილოს მისი სარჩელები.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა 22 ნოემბერს აპელაცია შეიტანა პენსილვანიის ფედერალური მოსამართლის წინააღმდეგ, რომელმაც არ დააკმაყოფილა პრეზიდენტის სარჩელი ბიულეტენების ნაწილის ბათილად ცნობის შესახებ, იწყება ტელეარხი Fox News.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის შტაბმა აშშ-ის მესამე ოლქის სააპელაციო სასამართლოს სთხოვა, გადახედოს მოსამართლე მეთიუ ბრანის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტის შტაბმა „უსაფუძვლო იურიდიული არგუმენტები და სპეკულაციური ბრალდებები“ წარმოადგინა.

ტელეარხის ვარაუდით, ტრამპი ამ გზით ცდილობს ხელი შეუშალოს პენსილვანიის ხელისუფლებას, დაამტკიცოს საპრეზიდენტოს არჩევნების შედეგები. არხის ჟურნალისტების თქმით, იმისათვის, რომ კენჭისყრის შედეგების სერტიფიცირების პროცედურა შეაჩეროს, ტრამპს რამდენიმე შტატის სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილება სჭირდება სარჩელებზე.

პენსილვანია (20 ელექტორალური ხმა) ერთ-ერთია იმ ოთხ საკვანძო შტატს შორის, სადაც, მასმედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა მოიპოვა გამარჯვება. გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატი კანდიდატი რესპუბლიკელს თითქმის 20 ათასი ხმით უსწრებს. 

33
თემები:
მსოფლიო დღეს (2303)
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

„ადგილები აღარ არის“ - რას ამბობენ კლინიკების დირექტორები გახარიასთან შეხვედრის შემდეგ

0
კლინიკების დირექტორების განცხადებით, დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას და ამასთან ერთად, თავყრილობების შეზღუდვა გააადვილებს ვირუსის დაძლევას

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. კლინიკები გადატვირთულია, სასტუმროების გამოყენება უნდა გაფართოვდეს, ხოლო მოსახლეობა უნდა მოერიდოს თავშეყრებს და მაქსიმალურად იცავდეს ყველა რეკომენდაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ავადმყოფთა ამხელა რაოდენობას, აცხადებენ კლინიკების დირექტორები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1012 ადამიანი.

„დამატებითი რესურსები არსებობს, პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა“, - განაცხადა „ევექსის“ ჰოსპიტლების დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა უკვე არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.

„მნიშვნელოვანია უკვე არსებული, გამოყოფილი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, რომ ჰოსპიტალური სერვისი მიიღოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც ეს რეალურად ყველაზე მეტად სჭირდება და არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მისი დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ ამჟამად საავადმყოფოში ადგილები არ არის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია.

„ამ წუთას რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევს 128 პაციენტი. ეს არის კლინიკის დატვირთვის მთელი სიმძლავრე. ადგილი ამჟამად არ არის. ჩვენთან კლინიკაში ყოველდღიურად კი ხდება პაციენტების ბრუნვა, ანუ გვეწერებიან გამოჯანმრთელებული პაციენტები და მათ მაგივრად ვიღებთ ახალ პაციენტებს. ეს ყოველდღიური დინამიკაა, უბრალოდ, ცარიელი ადგილი, როცა გინდა მოიყვან და პაციენტს დააწვენ, ასეთი სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის“, - განაცხადა გოფოძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, დაიცვან ყველა წესი, ყველგან ატარონ პირბადე, რადგან, გოფოძის თქმით, ინფიცირების შანსები ქვეყანაში ძალიან იზრდება.

„ასეთი კატასტროფული მატება თუ წავიდა, ამას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი, მათ შორის ვერ გაუძლეს ძალიან მოწინავე ქვეყნებმაც. ამიტომაც... მოსახლეობამ უნდა გაიგოს ეს სიტუაცია, უნდა მოვერიდოთ ყველანაირ მასობრივ თავშეყრის ადგილებს, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა წესი, ყველგან ვატაროთ ნიღაბი უკვე გახსნილ სივრცეშიც კი, რადგან ინფიცირების შანსები ქვეყანაში ძალიან იზრდება“, – განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა.

როგორც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ განაცხადა, თავყრილობების შეზღუდვა გააადვილებს ვირუსის დაძლევას.

„ყველანაირად უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი თავყრილობები, ეს აუცილებელია. ეს გააადვილებს ამ ვირუსის დაძლევას, რომელსაც მაღალი ლეტალობა აღმოაჩნდა მსოფლიოში. ყველას ვთხოვ, დაიცვან ის რეგულაციები, რაც დასაცავია და ეს არის ყველაზე დიდი დაცვა თქვენიც, თქვენი ახლობლების და ოჯახის წევრებისაც“, – განაცხადა გადელიამ.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის განმარტებით, პანდემიის მართვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას.

„ჩვენ ერთი კვირაა, ძალიან კარგად ვიყენებთ სასტუმროებს. თუ არ არის ჟანგბადის ძალიან დიდი რაოდენობით მომხმარებელი, ავადმყოფის მკურნალობა უმჯობესია სასტუმროში მოხდეს“, – განაცხადა დავით გადელიამ.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის 22:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში