კორონავირუსი მსოფლიოში

გრიპისა და COVID-19-ის მსგავსება–განსხვავებები: ჯანმო განმარტავს

121
(განახლებულია 14:01 12.11.2020)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილონ ჩამოთვლილ სიმპტომებზე და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. დაავადება COVID-19-სა და გრიპს მსგავსი სიმპტომები აქვთ, თუმცა კორონავირუსით ინფიცირებას ახლავს დამატებითი ნიშნებიც, რომლებიც მას სეზონური ვირუსული ინფექციებისგან განასხვავებს, აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

„COVID-19-ისა და გრიპის მსგავსი სიმპტომებია ხველება, სურდო, ყელის ტკივილი, ცხელება, დაღლილობა. თუმცა COVID-19-ს ასევე შეუძლია დამატებით გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: გემოსა და ყნოსვის დაკარგვა და ქოშინი“, — აღნიშნეს ჯანმოში.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში განმარტეს, რომ COVID-19-ის მძიმე ფორმების შემთხვევაში დაავადებული კარგავს მადას, გრძნობს გამუდმებულ ტკივილს გულ-მკერდის არეში, სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსზე ზემოთ ეწევა და აქვს არეული ცნობიერება.

ჯანმო მოუწოდებს ყველას, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებისთვის COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც კი. გაფრთხილება განსაკუთრებით ეხება ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, ხანდაზმულებს, ორსულ ქალებსა და ასევე ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს.

ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 52 127 695 კაცს მიაღწია. აქედან გარდაიცვალა 1 284 457 ადამიანი.  

 

121
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1236)
COVID 19-ის პანდემია

„დარწმუნებული ვარ“: კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი პანდემიის დასრულების თარიღს ასახელებს

10
(განახლებულია 10:31 01.12.2020)
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ პანდემია სწორედ ამ დროსა და ამ ორი გზით დასრულდება

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსული პანდემია 2021 წელს დასრულდება, თუმცა თავად ვირუსი არსად გაქრება, განაცხადა სამეცნიერო ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელმა რინატ მაქსიუტოვმა.

„ვირუსი შენარჩუნდება, მაგრა პანდემია წავა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს 2021 წელს მოხდება“, — აღნიშნა მან Science Bar Hopping–ის ონლაინ–ფესტივალზე.

მაქსიუტოვის თქმით, პანდემია კლებაში მხოლოდ ორი გზით შეიძლება წავიდეს: ან მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიტანს დაავადებას, ან მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ. ეს ორივე შემთხვევა ხელს შეუწყობს კოლექტიური იმუნიტეტის  ჩამოყალიბებას.

ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელის თქმით, სადაც შეიქმნა კიდეც ერთ–ერთი რუსული ანტიკორონავირუსული ვაქცინა, საუბარი იმაზე, რომ კორონავირუსი რაღაც მომენტში „ჯადოსნური ჯოხის აქნევით“ გაქრება, არ შეიძლება.

 

10
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1236)
სტამბული

საქართველოს ელჩი თურქეთში თანამემამულეებს აფრთხილებს

26
(განახლებულია 10:20 01.12.2020)
თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ იქ მყოფ მოქალაქეებს კორონავირუსის გამო თურქეთის მიერ შემოღებული კომენდანტის საათის შესახებ შეახსენა

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეები კორონავირუსის პრევენციის მიზნით თურქეთის ხელისუფკლების მიერ შემოღებული რეგულაციების შესახებ გააფრთხილა.

თურქეთი კორონავირუსის გამო შეზღუდვებს ამკაცრებს და კომენდანტის საათს აწესებს. 

„თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 21:00-დან 05:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას კი, პარასკევის 21:00-დან ორშაბათის 05:00 საათამდე“, - დაწერა ჯანჯღავამ სოციალურ ქსელში.

გიორგი ჯანჯღავამ ასევე შეახსენა მოქალაქეებს იმ საჯარიმო სანქციების სესახებ, რომლებიც მათ დაეკისრებათ წესების დარღვევისთვის.

„აღნიშნული რეგულაცია ძალაში შედის პირველ დეკემბერს, 21:00 საათიდან! ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება“, - დაწერა ელჩმა.

თურქეთში 1 დეკემბრიდან შეჩერდება აბანოების, აუზების და სპორტდარბაზების მუშაობა, სავაჭრო ცენტრებში მოქალაქეების შესვლა შეიზღუდება.

„აბანოები, საუნები, აუზები, სპორტდარბაზები სამშაბათიდან მუშაობას წყვეტენ. სავაჭრო ცენტრებში შეუშვებენ მომხმარებელთა მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას და ისიც მხოლოდ ციფრული კოდით. ასევე შეიზღუდება ღია სივრცეებში ხალხმრავალი ადგილების მონახულება“, - განაცხადა ერდოღანმა ტელემიმართვისას და აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულებები 10:00-დან 16:00 საათამდე იმუშავებენ.

როგორც ადრე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, კორონავირუსის პანდემიამ თურქეთის ზოგ რეგიონში, მათ შორის სტამბოლში, მესამე პიკს მიაღწია. ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დადასტურების და მისგან გარდაცვალების რამდენჯერმე რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

26
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1236)
რაგბი. საქართველო–ირლანდია

ქართველი მორაგბე „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა

0
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი კვესელაძემ „შემოდგომის ერთა თასზე“ ჩვენი გუნდის მხრიდან ერთადერთი ლელო გაიტანა. მის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 5 ლელოა

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. ქართველი მორაგბე გიორგი კვესელაძე „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

23 წლის ქართველმა ცენტრმა გამოკითხვაში, რომელიც ტურნირის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ჩატარდა, ხმების 88.8 პროცენტი მოაგროვა, რითაც ინგლისელ, უელსელ და ფრანგ მორაგბეებს აჯობა.

გიორგი კვესელაძემ 29 ნოემბერს, ირლანდიასთან გამართულ შეხვედრაში ლელოს დადება მოახერხა და პირველი ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. კვესელაძემ ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 28 შეხვედრაში ლელოს გატანა ხუთჯერ მოახერხა.

შეგახსენებთ, საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ სამი შეხვედრიდან სამივე დათმო. ინგლისისა და უელსის ნაკრებებთან ბორჯღალოსნებმა მშრალი ანგარიშით 0:40 და 0:18 წააგეს.

ირლანდიასთან კი მე-16 წუთზე დადებული კვესელაძის ლელოს შემდეგ თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ხოლო მეორე ტაიმის 47-ე წუთზე აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმაც გაიტანა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან 23:10 დამარცხდა.

0
თემები:
სპორტის ამბები