ჩრდილოეთ კვიპროსი, ნიქოზია

„ჩვენ ვართ მეომრები“: ერდოღანის ფავორიტი ჩრდილოეთ კვიპროსის პრეზიდენტი გახდა

56
(განახლებულია 16:16 19.10.2020)
ერსინ თათარმა მადლობა გადაუხადა „დედასამშობლო თურქეთსა“ და მის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ანკარა უწევდა ჩრდილოეთ კვიპროსს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. კვიპროსის პრობლემის დასარეგულირებლად საჭიროა, რომ ადგილობრივმა ბერძნებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა ცნონ, განაცხადა თვითაღიარებული თურქულ–კვიპროსული სახელმწიფოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ერსინ თათარმა.

„ჩვენ ვართ კვიპროსელი თურქების ხმა, ჩვენ ვართ მეომრები, რომლებიც თავიანთი არსებობისთვის იბრძვიან ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ფარგლებში. ამიტომ ჩვენს სამხრეთელ მეზობლებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას თავისუფალი ცხოვრებისთვის ჩვენი ბრძოლის მიმართ პატივისცემის გამოვლენა მართებთ“, — განაცხადა თათარმა.    

თვითაღიარებული რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა „მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას და ბოლო დაუდოს კვიპროსის პრობლემას არსებული რეალობების საფუძველზე“.

ერსინ თათარს მიაჩნია, რომ კვიპროსის პრობლემის გადაჭრა ხელს შეუწყობს როგორც ანკარასა და ათენს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას, ისე მაგალითად იქცევა რეგიონისა და მსოფლიოსთვის.

თათარმა გაერთიანებისკენ მოუწოდა მის მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც, რათა ერთად იმუშავონ საყოველთაო კეთილდღეობისთვის.

გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა „დედასამშობლო თურქეთსა“ და მის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანს იმ ეკონომიკური დახმარებისთვის, რომელსაც ანკარა კორონავირუსის პანდემიის პირობებში უწევდა ჩრდილოეთ კვიპროსს.

კვიპროსი ორ ნაწილად 1974 წლიდანაა გაყოფილი, მას შემდეგ, რაც თურქეთი კუნძულზე შეიჭრა საბერძნეთის მიერ კუნძულის მიერთების მცდელობაზე პასუხად. ოკუპირებული აღმოჩნდა კუნძულის ტერიტორიის 37%. 1983 წელს იქ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა გამოცხადდა, რომელიც მხოლოდ თურქეთმა აღიარა.

56
კადრი სერიალიდან „დედოფლის გამბიტი“

„დედოფლის გამბიტი“ - Netflix-ის ყველაზე პოპულარული სერიალი

23
ფილმმა გენიალურ მოჭადრაკე ქალზე არა მხოლოდ ამ ინტელექტუალური თამაშის მოყვარულები, არამედ ჭადრაკისგან ძალიან შორს მდგომი ადამიანებიც მოხიბლა

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. Netflix-ის ახალი სერიალი „დედოფლის გამბიტი“ ამ პლატფორმის ყველაზე პოპულარულ სერვისად დაასახელეს - პრემიერიდან თითქმის ერთ თვეში ის 60 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა.

„დედოფლის გამბიტი“ არის ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებული გენიალური მოჭადრაკე ობოლი გოგონას ცხოვრების ისტორია.

მისი როლი ბრწყინვალედ შეასრულა ანა ტეილორ ჯოიმ.

შვიდსერიანმა ფილმმა ქსელში ნამდვილი ფურორი მოახდინა. თაყვანისმცემლები დაუღალავად იხილავენ ფილმის სცენარს, კოსტიუმებსა და დეკორაციებს. როგორც ჩანს, „დედოფლის გამბიტი“ 2020 წლის საუკეთესო პრემიების პრეტენდენტი გახდება.

საინტერესოა, რომ „დედოფლის გამბიტმა“ ახალი რეკორდი დაამყარა და Netflix-ის მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე პოპულარულ მინისერიალად დასახელდა. ეს ინფორმაცია სერვისის ოფიციალურ Twitter-ზე გავრცელდა.

მეტიც, სერიალი ყველაზე ცნობილი შოუების ათეულში მოხვდა 92 ქვეყანაში, ასევე, 63 მათგანში რეიტინგების პირველი ადგილი დაიკავა. უოლტერ ტევისის რომანი „დედოფლის გამბიტი“, რომლის მიხედვითაც სერიალია გადაღებული, The New York Times-ის ვერსიით, ბესტსელერების სიის სათავეში მოექცა.

23
ქალი პირბადით

ვირტუალური ახალი წელი? ჯანმო საახალწლო დღესასწაულების აღნიშვნის რეკომენდაციებს იძლევა

45
ვირტუალური ზეიმი და კერძების სახლში გამოწერა? რა რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი წლის დღეებში

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ახალი წლის დღესასწაული განსხვავებული იქნება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მოსაწყენი იქნება. ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა ჰანს კლიუგემ.

„ეს განსხვავებული ზეიმი იქნება, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის მხიარული არ იქნება. რამადანის დროს სათვისტომოებმა უსაფრთხო გადაწყვეტილებები გამონახეს მარხვის დასრულებისთვის, მათ შორის, ვირტუალური ან კერძების სახლში გამოძახების მეშვეობით“, - აღნიშნა მან ონლაინბრიფინგის მსვლელობისას.

კლიუგემ ყველას ურჩია სუფთა ჰაერზე გასვლა, თუმცა ამასთან ერთად უსაფრთხოებაც არ დაივიწყონ.

„დააფასეთ ეს დრო, იყავით იმ ადამიანებთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია. თუ იგეგმება დიდი სამეგობროს თავშეყრა, გადადეთ ეს მანამ, სანამ უსაფრთხოდ შეკრება არ იქნება შესაძლებელი. გადადეთ 2021 წლისთვის. შეიკრიბეთ ღია ცის ქვეშ ახლობლებთან ერთად. იზეიმეთ, მაგრამ უსაფრთხოდ“, - განაცხადა კლიუგემ და ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება ბავშვების დატოვება ტრადიციული ზეიმების გარეშე, მაგრამ საჭიროა ყველაფრის გაკეთება მათი უსაფრთხოების დასაცავად.

ჯანმოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საყოველთაო კარანტინის თავიდან აცილება შესაძლებელია იმ პირობით, თუ ამისათვის ძალღონეს არავინ დაიშურებს.

„მე ვემხრობი პოზიციას - საყოველთაო კარანტინის დაწესება უკანასკნელი საშუალებაა“, - განაცხადა კლიუგემ და ჩამოთვალა კარანტინის თანმდევი შედეგები, დაწყებული ეკონომიკაზე ზეგავლენით, დამთავრებული ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზემოქმედებით.

მისი აზრით, ნიღბები უკიდურესად მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების შესაკავებლად, მაგრამ მათი ტარება არ არის პანაცეა, საჭიროა უსაფრთხოების სხვა ზომების დაცვაც.

45
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა გაეროს უამბო, რა კეთდება საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით

0
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ოჯახში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ გაეროს ოფიციალურ ონლაინ-ღონისძიებაზე.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თარიღს 1981 წლიდან აღნიშნავენ. ამ დღეს 1960 წელს დომინიკას რესპუბლიკის ლიდერის, რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით სასტიკად მოკლეს სამი და მირაბალები, რომლებიც რესპუბლიკის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. 1999 წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისთვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

„ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ მიუხედავად COVID-19-ს მდგომაროებისა, არანაირი შეფერხება არ არის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი სერვისების მიწოდებაში (თავშესაფრები, კრიზისის ცენტრები, ცხელი ხაზები); სახელმწიფომ ძლიერი მესიჯი გაუგზავნა ქალებსა და გოგონებს, რათა ძალადობის შემთხვევაში მათ მოიძიონ დახმარება და დაუკავშირდნენ სამართალდამცავებსა და სხვა მხარდამჭერ ორგანიზაციებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ოჯახურ ტირანებზე ელექტრონული მეთვალყურეობაზე, რომელიც საქართველოში წელს შემოიღეს.

„შემაკავებელ ორდერთან ერთად, ეს მექანიზმი დამნაშავის რეალურ დროში მონიტორინგისა და მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან თუ სხვა სივრცეებში მიახლოების აკრძალვის საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა გამოხატა მადლიერება გენერალური მდივნის მიმართ განსაკუთრებული მოწოდებისთვის – „მშვიდობა შინ“ და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ყველა ქვეყნის თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ოჯახში ძალადობა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება და ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულში შედის. 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში ოჯახური ძალადობის 4 138 შემთხვევა მოხდა. ძალადობის მსხვერპლთა ძირითადი ნაწილია 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალებია. წლის დაწყებიდან ოჯახში ძალადობას 19 ქალი ემსხვერპლა.

0
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში