COVID 19-ის პანდემია

ცვლილებები ტვინში: ცნობილი გახდა COVID-19-ის ახალი საფრთხე

213
(განახლებულია 16:25 15.10.2020)
მკვლევარების თქმით, კორონავირუსი მსგავს ცვლილებებს იწვევს არა მარტო დაავადების რთული, არამედ იოლი ფორმების დროსაც.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. კორონავირუსს შეუძლია ისეთი ცვლილებები გამოიწვიოს ტვინში, რომლებიც შიზოფრენიის, ალცჰაიმერის, ასევე პარკინსონის დაავადებების გამოვლინებას უკავშირდება, აცხადებენ ბრაზილიელი სწავლულები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია სამეცნიერო პორტალზე medRxiv.

ბრაზილიელმა მეცნიერებმა კვლევისას აღმოაჩინეს, რომ SARS-CoV-2-ს აქვს უნარი, შეუტიოს ცენტრალური ნერვული სისტემის ყველაზე მრავალრიცხოვან უჯრედებს, ასტროციტებს, და თავის ტვინის ქერქში მნიშვნელოვანი დაზიანებები გამოიწვიოს — ცალკეული უბნების ატროფიის ჩათვლითაც კი. ამასთან ირკვევა, რომ ვირუსი მსგავს ცვლილებებს იწვევს არა მარტო COVID-19-ის რთული ფორმის მქონე პაციენტებში, არამედ მათშიც, ვისაც დაავადება იოლ ფორმებში უვითარდება.

სპეციალისტების თქმით, კვლევის მონაცემები ხსნის კიდეც, რატომ უვლინდებათ COVID-19-სგან განკურნებულ პაციენტებს ნევროლოგიური სიმპტომები განკურნებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, მათ შორის — თავის ტკივილები, მომატებული ძილიანობა, ყნოსვის დაკარგვა და კრუნჩხვები.

შავი პილპილი კორონავირუსის აქტიურობას თრგუნავს: სამეცნიერო კვლევა>>

გარდა ამისა, მეცნიერების თქმით, ვირუს SARS-CoV-2-ს შეუძლია ისეთი გენეტიკური დაავადებების გააქტიურება, როგორებიცაა შიზოფრენია, პარკინსონისა და ალცჰამერის დაავადებები.  

შემდგომში მკვლევარები აპირებენ გაარკვიონ, როგორ აღწევს ვირუსი ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე და დაადგინონ მისი მოქმედების მექანიზმი.

213
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (525)
ნანა ქიბროწაშვილი

„მე არ მაპატიეს ჩემი ხასიათი“ - ჩრდილებთან ბრძოლაში დაღლილი ქალის „აღსარება“

41
(განახლებულია 16:47 22.10.2020)
ალბათ გარითმულ სტრიქონები ლექსად რომ აქციო, მასავით სრულყოფილად უნდა იცხოვრო, დაამარცხო ყველა ტკივილი და სიცოცხლე ერთ დიდ სიყვარულად აქციო.

პოეტ და მხატვარ ნანა ქიბროწაშვილისთვის ეს სიყვარული ხან გობელენში ჩაიღვარა და ხან სტრიქონებში... რაც მთავარია, ის აფასებს იმას, რაც აქვს და ბედნიერია იქ, სადაც არის. ამბობს, რომ მისი ცხოვრება ცოტა მძიმე და თავგადასავლებით სავსეა, ლექსების წერა კი 40 წლის ასაკში დაიწყო. მის ერთ ლექსს ინტერნეტში მილიონზე მეტი ნახვა  აქვს.

ნიჭიერმა ახმეტელმა ქალმა, თავის ქალაქში დიდი ხანია შეძლო ყურადღების მიქცევა. 21 წელია, რაც ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მუშაობს და თავისი საქმიანობისთვის არა ერთი ჯილდო და მედალი აქვს მიღებული. დღეს ამ ქალაქის ერთ-ერთი წარმატებული პროექტის გამარჯვებული მენტორიცაა. ჩვენთან ინტერვიუში თავისი ცხოვრების პერიპეტიებსა და სიხარულზე, თითქმის აღსარებასავით გულახდილად საუბრობს...

ნანა ქიბროწაშვილი
ნანა ქიბროწაშვილი

-ქალბატონო ნანა, როგორი იყო ახმეტაში გატარებული ბავშვობა, რა გიხაროდათ, რაზე წუხდით?

- დავიბადე და გავიზარდე კახეთში. ახმეტის პირველი საჯარო სკოლა  და პარალელურად მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე. რვა თვის ვიყავი როდესაც ჩემი მშობლები განქორწინდნენ. ბავშვებს ბევრი ლამაზი ოცნება აქვთ ხოლმე, მე კი მხოლოდ ერთი მქონდა - მალე გავზრდილიყავი, რომ მუშაობა შემძლებოდა და დედის აუტანელი ცხოვრების პირობები გამეუმჯობესებინა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ არა ნიშნების გამო, არამედ იმისთვის, რომ მამისთვის, რომელიც ყურადღებას არ მაქცევდა, ჩემი შესაძლებლობები დამემტკიცებინა. პირველი ჯილდო ახმეტაში გამართულ ცოდნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ასფალტზე ხატვაში ავიღე. მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი. მახსოვს, მესამე და მეორე ადგილზე გასულ ბავშვებს რა დიდი სიხარულით და სიამაყით შეხვდნენ მშობლები, მე პირველი ადგილი ავიღე, მაგრამ ოჯახი გვერდით არ მყავდა. დედა მუშაობდა და ვერ შეძლებდა მოსვლას. მას შემდეგ ბევრი სიგელი, ჯილდო და ქების ფურცელი დავიმსახურე, თუმცა ჩემით მშობლებს არასოდეს უამაყიათ. ასე რომ, ბავშვობა საინტერესო და წარმატებული მქონდა, ოღონდ, ოჯახს მიღმა... 

ნანა ქიბროწაშვილი
ნანა ქიბროწაშვილი

- სკოლის შემდეგ სამხატვრო აკადემიის ბაზაზე შექმნილ დიზაინ-კოლეჯში დიზაინისა და ერგონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარეთ, მაგრამ მანამდე უკვე იცოდით გობელენების ქსოვა, ვინ გასწავლათ?

- გობელინის ქსოვა დედამ მასწავლა. ახმეტა ეთნიკურად ჭრელი რაიონია და აქ ცხოვრობდნენ ლეკები და ქისტები, რომლებიც მუშაობდნენ თექაზე, ხალიჩასა და ფარდაგებზე. დედაც მათთან ერთად მუშაობდა და თან სწავლობდა. როცა სახლში ვერ ასწრებდა ქსოვას, მე ვეხმარებოდი და უკვე 12 წლიდან საკუთარი ნამუშევრები მქონდა. როდესაც ომი დაიწყო საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რადგან ბავშვისთვის და ახალგაზრდა ქალისთვის ძნელი იყო გადარჩენა. მახსოვს ერთ დღეს, დედა მატყლის თბილ წინდებს ქსოვდა, არ გამკვირვებია, ვიფიქრე, ძველი ნაქსოვები დაშალა მეთქი. თურმე ის მატყლი ლოგინიდან საბანს გამოაცალა და იმით დაქსოვილი წინდები საკვებზე გადაცვალა. ამის მერე, საჭმელი გვქონდა, მაგრამ ლოგინი აღარ… ახლა ამას იუმორით ვიხსენებ, მაგრამ ის წლები არასოდეს მინდა განმეორდეს...

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

- ბუნებრივია, პროფესიული არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებოდათ, ასეა?

- თუმცა ხატვაში წარმატებული ვიყავი, თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც თეატრალურის სარეჟისოროზე მინდოდა ჩამებარებინა, მაგრამ ცუდი დრო იყო და  ვიფიქრე, მხატვრის პროფესია უფრო გამომადგებოდა, ვთვლიდი, რომ მხატვრობაში უფრო მეტ სათქმელს ვიტყოდი, ვიდრე რეჟისურაში, როგორც ჩანს, არ შევცდი, რადგან ბევრი კარგი რეჟისორი ფაქტიურად დღემდე სამსახურის გარეშეა დარჩენილი. როდესაც  თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩავაბარე, ალბათ მაშინ ყველაზე მეტად გამიმართლა, რადგან მოვხვდი უდიდეს  მხატვრებთან და ბუმბერაზ ხელოვანებთან, რომელთა გაკვეთილებიც დღემდე მეამაყება და მაბედნიერებს. მინდა ჩამოვთვალო ეს ადამიანები:  ქალბატონები: მანანა ძიძიკაშვილი, ლია გურასპაშვილი, ნინო ყანდარელი, ბატონები: თემურ გოცაძე, გივი ყანდარელი, თემურ თურმანიძე და სხვ. დიზაინ-კოლეჯში სწავლის დროს ამ მხატვრების შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან მქონდა ინფორმაცია და ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ კულტურის ინსტიტუტში ისინი ჩემი პედაგოგები გახდებოდნენ. სტუდენტობა საშინელ 90-იან წლებში მომიწია, რის გამოც თავი ვერაფერში გამოვიჩინე, ვერც გამოფენებში მონაწილეობას ვიღებდი და ვერც ნამუშევრებს ვყიდდი.

ნანა ქიბროწაშვილი
ნანა ქიბროწაშვილი

- ამის შემდეგ, ისე მოხდა, რომ საკუთარი ნებით, ასე ვთქვათ,  „გაიციმბირეთ“ თავი…

- დიახ, ოთხი წელი რუსეთში, ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში ვიცხოვრე. ციმბირში ცხოვრობდა მამა, რომელსაც სხვა ოჯახი ჰყავდა. მამის მეორე ქორწინებიდან ორი ძმა მყავს. მთელი ბავშვობა მინდოდა, რომ მამა და მისი ოჯახი გამეცნო. ამიტომ ოთხი წელი ციმბირში გავატარე. თუმცა ნოსტალგია ისე მძაფრად შემომაწვა, რომ გადავწყვიტე საქართველოში დავბრუნებულიყავი.

პროექტ „ახალი თაობის“ სცენაზე
პროექტ „ახალი თაობის“ სცენაზე

- როგორც ჩანს, ციმბირულმა სიცივემ თქვენში შემოქმედებითი მუხტი ვერ „გაყინა“..

- რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, 2001 წელს, ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში სამხარეო ხელმძღვანელის პოზიციაზე დავიწყე მუშაობა. სანამ ლექსების წერას დავიწყებდი, დავაარსე საბავშვო თეატრალური წრე ''ცისარტყელა”, რადგან ახლა დაცულია საავტორო უფლებები და შესაძლოა, სცენარზე, ან სპექტაკლში გამოყენებულ რაიმე მასალაზე ვინმე მომდავებოდა, გადავწყვიტე, რომ თავად დამეწერა სცენარიც, მუსიკაც და როგორც რეჟისორს, სპექტაკლიც თავად დამედგა. აი, პირველად მაშინ მივხვდი, რომ წერის ნიჭი მქონდა.

- პირველი ლექსი მართლა 40 წლის ასაკში დაწერეთ?

- დიახ, ლექსების წერა 40 წლის ასაკში დავიწყე და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე, ჩემი რომელიმე ლექსი პოპულარული გახდებოდა და ვინმე პოეტს მიწოდებდა. ყველას გაუკვირდა ჩემი პოეტური ნიჭი, რადგან ხელოვნების თითქმის ყველა დარგიდან მიცნობდა ხალხი, გარდა პოეზიისა. ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც ცხოვრება ავაწყე, კარგ სამსახურში მუშაობა დავიწყე და თავს ბედნიერად ვთვლიდი. ახალი წლის წინა დღე იყო, სამსახურში საახალწლო კონცერტს ვამზადებდი და სახლში ცოტა გვიან მომიწია მისვლა. როდესაც მივედი, დედა გარდაცვლილი დამხვდა. 61 წლის ასაკში უჯანმრთელესი ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა, იმხელა შოკი მივიღე, რომ არ მეგონა თუ გადავრჩებოდი, დედის სიკვდილი ყველასთვის ძნელია, მაგრამ მე მის მეტი არავინ მყავდა და მისი სახით უკანასკნელი გულშემატკივარი დავკარგე. საშინელი დეპრესია დამეწყო, წამლების გარეშე ვეღარ ვიძინებდი და ვხვდებოდი, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ მიშველიდა. მოკლედ, ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა და უფალს ვთხოვდი, რაიმე მენახა, რაზეც ყურადღებას გადავიტანდი...

პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად
პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად

- ასეთ დროს მხსნელად თეატრი, ანუ ისევ ხელოვნება მოგევლინათ...

- დიახ, უფლის ნებით, დავაარსე თეატრალური წრე, სადაც ბევრი მოსწავლე მოვიდა. თქვენ რომ მკითხეთ, პირველი ლექსი სწორედ იმ სპექტაკლისთვის დავწერე და მას მერე მუზა სულ მწყალობდა. თუმცა ამას არავის ვუმხელდი, რადგან ფილოლოგი არ ვარ და ვიცოდი, ლექსებში გრამატიკული შეცდომები მექნებოდა. როდესაც ჩემმა მეგობრებმა მოისმინეს ძალიან მოეწონათ და მთხოვეს, რომ გამომექვეყნებინა. თუმცა უარზე ვიყავი რადგან არ მინდოდა ხალხის ყურადღება მიმექცია. ერთ დღესაც, ადგილობრივ გაზეთიდან ''ბახტრიონი'' დამიკავშირდნენ და მთხოვეს, რომ  ჩემი ლექსები მიმეტანა. მათ ჩემი ყველაზე ცნობილი ლექსი ''ქართველო შეჩერდი'' გამოაქვეყნეს და მახსოვს ხალხის რეაქცია, უამრავი ადამიანი აფრიალებდა ამ გაზეთს და გაკვირვებული კითხულობდნენ. მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ისეთი დავწერე, რამაც ხალხი ააღელვა. ამის შემდეგ ჩემმა მეგობარმა, ანა ბაგაურმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს თანხა გამომიგზავნა და მთხოვა, კრებული გამომეცა. ჩემი პირველი წიგნი სწორედ მეგობრის დახმარებით შეიქმნა. აქვე ისიც მინდა ავღნიშნო, რომ პირველად ხალხმა მალხაზ მელქუაშვილის წყალობით გამიცნო, მისი დაჟინებული თხოვნით ავტვირთე ჩემი ლექსის ვიდეოები და შედეგით გაოცებული დავრჩი. ყველაზე დიდი ჯილდო უფლისგან ხალხის სიყვარულია, ეს ისაა, რაც ყოველთვის მაკლდა-სითბო და სიყვარული...

 - ბევრი ჯილდო გაქვთ მიღებული, მათგან რომელია თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

- ჩემი მუშაობის პერიოდში, მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის მართლა ბევრი ჯილდო და სიგელი მაქვს მიღებული, მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვება და პოპულარობა მომიტანა ახმეტაში დაარსებულმა და შემდეგ უკვე საქართველოს მასშტაბით ჩატარებულმა მუსიკალურმა პროექტმა “ახალმა თაობამ”, რომლის პირველი სეზონის გამარჯვებული მენტორი ვარ. უკვე მესამე სეზონია, რაც ამ პროექტში აქტიურად ვარ ჩართული და გამარჯვებას მომავალშიც ვაპირებ.

- ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი და მაინტერესებს არასოდეს გაგჩენიათ სურვილი, რომ იქ გეცხოვრათ?

- მოგზაურობა მართლა ძალიან მიყვარს, ყველა მოგზაურობა საინტერესო და თავგადასავლებით სავსე იყო. დღემდე ვინახულე  შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი, იაპონია, გერმანია, რუსეთი, თურქეთი, ლიეტუა, ლატვია, აზერბაიჯანი, ავსტრია, შვეიცარია, ყაზახეთი… როდესაც სადმე დიდ ქვეყანაში ვარ ხოლმე, იქიდან ვგრძნობ, თურმე რა ბედნიერად ვცხოვრობ საქართველოში... მიხარია, რომ სუფთა ჰაერს ვსუნთქავ, ვარ მშვიდ და ჩემთვის სასიამოვნო გარემოში, სადაც ეკოლოგიურად სუფთა საკვებია. დღეს უკვე ნამდვილად ვიცი, რომ ყველაზე მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველაზე მაგარ პატარა ქალაქში, რომელსაც ახმეტა ჰქვია. ამ ქალაქის უდიდესმა სიყვარულმა დამაწერინა ლექსი “ჩემო ახმეტა''. ვფიქრობ, რომ ადამიანს ყველგან შეუძლია ღირსეულად იცხოვროს. მე ბევჯერ მქონდა შანსი სხვა ქვეყანაში მეცხოვრა ფინანსურად უზრუნველყოფილს ან თუნდაც თბილისში გამეგრძელებინა წარმატებული მოღვაწეობა, მაგრამ მინდოდა, რომ ჩემს ქალაქს რამეში გამოვდგომოდი და მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება ახმეტისთვის გამომეყენებინა.

- „ახმეტელი ქალი ვიყო ახ, ნეტავი, მეო“-ეს სიტყვები ხალხურია, რითია სანატრელი ახმეტელი ქალობა?

-ახმეტელი ქალობა ჩემთვის ბედნიერებაა, რადგან ახმეტის ხალხი  მაღალი ზნეობით, თვითშეგნებით, ზრდილობით, ურთიერთპატივისცემით, სტუმართმოყვარეობით და ყველა იმ ღირსებით გამოირჩევა, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს. ახმეტელი ქალი რომ ვარ, ამიტომ შევძელი ბევრჯერ წაქცეული წამოვმდგარიყავი და ამაყად გამეგრძელებინა ცხოვრება. ამ სიტყვების ავტორი, ალბათ, იმ სულიერ და ფიზიკურ ძალას გულისხმობდა, რისი გადატანაც მხოლოდ აქაურ მანდილოსნებს შეგვიძლია…

 

41
ლაბორატორია

დადგინდა COVID-19-ის აგრესიულობის მიზეზი და მკურნალობის ახალი მეთოდი

145
(განახლებულია 18:35 22.10.2020)
იმის გასარკვევად, თუ რატომ არის SARS-CoV-2 ესოდენ გადამდები, მეცნიერებმა ორი დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარეს და „დამნაშავე“ აღმოაჩინეს.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ახალი კორონავირუსი მის წინამორბედებთან შედარებით უფრო აგრესიული იმიტომაა, რომ ის უჯრედებში შესაღწევად მათ ზედაპირზე არსებულ სხვა რეცეპტორსაც იყენებს, რომელიც მრავლადაა სასუნთქ გზებში, სისხლძარღვებსა და ნეირონებში, აცხადებენ მეცნიერები, რომელთა კვლევაც Science-ში გამოქვეყნდა ორ სტატიად (სტატია პირველი, სტატია მეორე). 

იმის გასარკვევად, თუ რატომ არის SARS-CoV-2 ესოდენ გადამდები, მეცნიერებმა ორი დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ადამიანის უჯრედების ზედაპირზე არსებული ცილა, რომელიც ვირუსს მასთან დამაგრებაში ეხმარება, ACE2-ის გარდა, ასევე უკავშირდება სხვა რეცეპტორს — ნეიროპილინ-1-ს. კვლევების ავტორები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს უადვილებს ვირუსს უჯრედებში შეღწევას. 

მეცნიერთა ორივე ჯგუფმა აღწერა და ექსპერიმენტულად დაადასტურა, რომ არსებობს ისეთი ანტივირუსული მკურნალობის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც ნეიროპილინ-1-ის ინჰიბირებაზე იქნება დაფუძნებული. საქმე ისაა, რომ ლაბორატორიული კვლევისას სწავლულებმა ადამიანის უჯრედებში ნეიროპილინ-1 გათიშეს და ამ გზით შეამცირეს SARS-CoV-2-ის ინფიცირების უნარი.

გარდა ამისა, ნეიროპილინ-1-ის არსებობით აიხსნა ერთ-ერთი კვლევისას COVID-19-ის დროს ყნოსვის დაკარგვის მიზეზიც. გერმანელმა მეცნიერებმა COVID-19-ით გარდაცვლილი ექვსი პაციენტის გაკვეთის დროს აღმოაჩინეს, რომ ხუთ მათგანს ყნოსვის ეპითელიუმის ინფექცია ჰქონდა, რასაც თან ერთვოდა ინფიცირებულ უჯრედებში ნეიროპილინ-1-ის მაღალი ექსპრესია.

კვლევის ავტორები ამავე მიზეზით ხსნიან COVID-19-ის დროს ტვინის დაზიანებასაც. როდესაც მკვლევარებმა ნეიროპილინ-1-ის მსგავსი ნანონაწილაკები შეუშვეს ცხოველების ცხვირხახაში, მათ რამდენიმე საათში მიაღწიეს ტვინის ნეირონებსა და კაპილარულ სისხლძარღვებს — განსხვავებით საკონტროლო ნაწილაკებისგან, რომლებსაც კავშირი არ ჰქონდა ამ რეცეპტორთან.

 

145
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (525)
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

კორონავირუსის მიუხედავად: ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა დამთვალიერებლებს კარები გაუღო

0
(განახლებულია 18:54 22.10.2020)
მუზეუმი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და პირველი ორი თვე დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც  კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის დროს ერთდროულად ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა. ამჯერად ქვეყანაში მნახველებისთვის კარები ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა გახსნა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

პირველი მუზეუმი, რომელიც პანდემიის დროს გაიხსნა, იყო ბოლნისის მუზეუმი, რომელიც ასევე პასუხობს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

ორი თვის განმავლობაში ვანის არქეოლოგიური მუზეუმი უფასოდ იმუშავებს. მუზეუმის შენობაში არის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, ასევე დროებითი საგამოფენო სივრცეებიც. გარდა ამისა, მუზეუმში არის სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საზოგადოებრივი ადგილები - კაფე, მუზეუმის მაღაზია და სხვა.

მუზეუმის განახლებულ დარბაზში მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით საერთაშორისო სიმპოზიუმების ჩატარება იგეგმება.

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე, რომელიც 1985 წელს არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით შეიქმნა.

ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა იმ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც  იკვლევდა ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორიას არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. მან აღმოაჩინა ვანის ნაქალაქარი, რომელიც ძვ.წ. VIII-I საუკუნეებით თარიღდება. თუმცა იმ მიზნით, რომ მუზეუმს მეტი ექსპონატი დაეტია, 2012 წელს უფრო მასშტაბური შენობის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღეს.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე და მის შემოგარენში აღმოჩენილი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდა: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. არქიტექტურული პროექტი გერმანულმა საპროექტო კომპანია Ellis Williams Architects-ის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორებთან პარტნიორობით შემუშავდა.

0
თემები:
საქართველო და კულტურა