ეპიდვითარება საფრანგეთში

მეორე ტალღა: საფრანგეთში კომენდანტის საათი გამოცხადდა ცნობილია ქალაქები

75
(განახლებულია 14:38 15.10.2020)
10 ოქტომბერს საფრანგეთში ინფიცირებულთა რეკორდული მატება დაფიქსირდა, როდესაც ერთ დღე-ღამეში 26 ათასი შემთხვევა გამოვლინდა.

თბილისი, 15 ოქტომბერი — sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კორონავირუსის მეორე ტალღის გამო რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დააწესა, მათ შორის პარიზშიც. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ფრანგულ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.

კომენდანტის საათი ღამის 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს ოთხი კვირის განმავლობაში. რეჟიმი ძალაში ამ შაბათს შევა. 

„რასაც ჩვენ კომენდანტის საათს ვუწოდებთ, ადეკვატური ზომაა“, — უთხრა მაკრონმა ჟურნალისტებს.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კომენდანტის საათი, პარიზის გარდა, ასევე იმოქმედებს ქალაქებში: ლილი, გრენობლი, ლიონი, მარსელი, რუანი, სენტ-ეტიენი, მონპელიე, ტულუზა და ილ-დე-ფრანსის რეგიონში.

ამასთან ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის აფეთქება არ ნიშნავს იმას, რომ ეპიდემიაზე კონტროლი დაკარგულია.

საფრანგეთში ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ აგვისტოდან დაიწყო გაუარესება. 10 ოქტომბერს ქვეყანაში ინფიცირებულთა რეკორდული მატება დაფიქსირდა, როდესაც ერთ დღე-ღამეში 26 ათასი შემთხვევა გამოვლინდა.

 

75
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1182)
უძველესი მონეტები

ტურისტმა წაქცეული ხის ძირში უძველესი განძი იპოვა

72
(განახლებულია 21:18 27.10.2020)
სპეციალისტებმა მცირე მონაკვეთის გათხრის შემდეგ შუა საუკუნეებში მოჭრილი რამდენიმე ათეული მონეტა იპოვეს, რომელთა საერთო ღირებულება ჯერ დადგენილი არ არის.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. შემთხვევით გავლილმა ტურისტმა წაქცეული ხის ფესვებში უძველესი განძი იპოვა, იუწყება სლოვაკეთის ძეგლთა დაცვის სამმართველო.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტმა სლოვაკეთის ქალაქ ტრნავეში ხის ძირში ვერცხლის უსწორმასწორო ფირფიტები შენიშნა დრაკონის გამოსახულებით და ნაპოვნის შესახებ ძეგლთა დაცვის სამმართველოს აცნობა. ორგანიზაციამ მაშინვე თავისი სპეციალისტები გაგზავნა ადგილზე, რომლებმაც ხის გარშემო ლითონის საძიებო ხელსაწყოებით განსაზღვრეს მათთვის საინტერესო 25X20 სმ ფართობის მონაკვეთი.

ადგილის გათხრის შემდეგ მიწაში შუა საკუნეებში მოჭრილი რამდენიმე ათეული მონეტა აღმოაჩინეს. განძის უდიდეს ნაწილს ვენური პფენინგები შეადგენდა. იქვე იყო ყალბი პფენინგები, რომლებიც 1251–1330 წლებში იყო მოჭრილი უნგრეთში.

„XIV საუკუნის შუა წლებში ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად მალავდა მიწაში ქონებას, განსაკუთრებით მონეტებს. ეს ყოველმხრივ არასტაბილური დრო იყო და ადამიანები ცდილობდნენ, დაეცვათ ქონება როგორც შემოსეული მტრის, ისე მძარცველებისგან“, — ამბობს ექსპერტი მატუშ სლადოკი.

სულ წაქცეული ხის ძირში სპეციალისტებმა 147 მონეტა აღმოაჩინეს, რომელთა შეფასების შემდეგ მათ მპოვნელ ტურისტს სახელმწიფოსგან პრემია გადაეცემა.

 

72
თემები:
მსოფლიო დღეს
სერგეი ლავროვი

ნავალნის ინციდენტი: ლავროვმა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე კომენტარი გააკეთა

12
(განახლებულია 20:45 27.10.2020)
რუსეთის პირველ დიპლომატს მიაჩნია, რომ დასავლეთმა რუსეთის განვითარების შესაკავებლად ძალისხმევა გააორმაგა, თუმცა მოსკოვის დანაშაულის მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიისა და საფრანგეთის მიერ ინიცირებული სანქციები ალექსეი ნავალნის ინციდენტის გამო წარმოაჩენს ევროკავშირის უუნარობას, ადეკვატურად შეაფასოს მომხდარი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

15 ოქტომბერს ბრიუსელმა შეზღუდვები დაუწესა რუსეთის ხუთ მოქალაქეს და ასევე სამეცნიერო ინსტიტუტს, რაზეც მოსკოვმა სარკისებურად რეაგირების პირობა დადო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო РИА Новости წერს, სერგეი ლავროვმა საზოგადოებას შეახსენა ბერლინის „ქედმაღლური უარი“, პასუხი გაეცა რუსეთის გენერალური პროკურორის მრავალრიცხოვან განაცხადებზე ნავალნის საქმესთან დაკავშირებით. დიპლომატის აზრით, ამით ბერლინმა დაარღვია ევროპული კონვენცია, რომელიც გერმანიას სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივ ურთიერთდახმარებას ავალდებულებს.

„ამ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტის პატივისცემის ნაცვლად გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა ევროკავშირის არალეგიტიმური სანქციების მორიგი ულუფის ინიციატივა წამოაყენეს რუსეთის მოქალაქეების მიმართ. ყველაფერი ეს მეტად სამწუხაროა და წარმოაჩენს <...> [ბრიუსელის] სწრაფვას, კანონის გარეთ დააყენოს თავი“, — განაცხადა ლავროვმა ხორვატიულ გაზეთ „საღამოს ფურცელთან“ ინტერვიუში.

მინისტრის თქმით, დასავლელი კოლეგების ანტირუსულ გამოხდომებს, რომლებსაც დაავიწყდათ, რა არის დიპლომატია და ბანალურ თავხედობამდე დაეშვნენ, მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა და ბრიუსელმა გააორმაგეს რუსეთის განვითარების შემაკავებელი ძალისხმევა, თუმცა არანაირი მტკიცებულება მოსკოვის დანაშაულისა არ წარმოუდგენიათ.  

ლავროვს იმედი აქვს, რომ ევროპელ პარტნიორებს ჯანსაღი აზრი და შორსმჭვრეტელობა ეყოფათ დიალოგის აღსადგენად.

ალექსეი ნავალნის ინციდენტი

ალექსეი ნავალნი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გადაიყვანეს ომსკის ჰოსპიტალში მას შემდეგ, რაც ის შეუძლოდ გახდა თვითმფრინავში. გამოკვლევის შემდეგ ომსკელმა ექიმებმა პაციენტის ცუდად გახდომის ძირითად მიზეზად ნივთიერებათა ცვლის დარღვევა დაასახელს, რამაც სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია. ომსკელ მედიკოსებს ნავალნის სისხლსა და შარდში საწამლავის ნიშნები არ აღმოუჩენიათ.

მოგვიანებით ბლოგერი გერმანიაში გადააფრინეს. გერმანიის მთავრობამ სამხედრო ექიმებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის სუბსტანციითაა მოწამლული. კრემლში ამასთან დაკავშირებით ითქვა, რომ ბერლინს არ უცნობებია მოსკოვისთვის თავისი დასკვნები, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთი გერმანიისგან პასუხს ელოდება ამ საქმესთან დაკავშირებულ ოფიციალურ მოთხოვნაზე. თუმცა პასუხი არ ყოფილა.

ალექსანდრ საბაევი: ნავალნის „მოწამვლის“ დიაგნოზი არ დაუდასტურდა>>

ამასთან რუსეთი აცხადებს, რომ გერმანიის დაზვერვას (BND) 1990-იანი წლებიდან აქვს წვდომა „ნოვიჩოკზე“, ხოლო კიდევ ოცი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი და ჩეხეთი სწავლობდნენ მას. რაც შეეხება რუსეთს, მოსკოვის განმარტებით, პრეზიდენტის 1992 წლის ბრძანებულების შესაბამისად, ქვეყანამ შეწყვიტა ქიმიური იარაღის სფეროში სამუშაოების წარმოება, ხოლო 2017 წელს სრულად გაანადგურა ამგვარი ნივთიერებების არსებული მარაგი.

ოქტომბრის დასაწყისში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ნავალნის ორგანიზმში აღმოჩენილი ნივთიერებები არ არის შესული აკრძალული პრეპარატების ნუსხაში, თუმცა ისინი მახასიათებლებით „ნოვიჩოკის“ ანალოგიურია. მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა მაინც დააწესა ანტირუსული სანქციები.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ალექსეი ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ის რეაბილიტაციის კურსს გადის.

 

12
თემები:
რუსეთი დღეს
სასწრაფო დახმარების მანქანა

112-ში ზარიდან კოვიდ კლინიკამდე - რა გზას გადის პაციენტი

0
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი, ეკატერინე ადამია საუბრობს, თუ რა გზას გადის კოვიდდადასტურებული პაციენტი 112-ში ზარიდან კოვიდ-კლინიკაში ან კოვიდ-სასტუმროში მოხვედრამდე

გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“... პანდემია ომზე ნაკლები არ არის, ამიტომ სამედიცინო ქსელი მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული. ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, მაგრამ ეს პროცესი დღემდე მართვადია და უნდა იყოს მართვადი...

ქვეყანაში თითქმის ყოველ დღე ცვლილებაა - ემატება კოვიდ სასტუმროები და კლინიკები, ადგილები PCR ტესტირებისთვის... ინფიცირების საერთო მაჩვენებელი ქვეყანაში 32 ათასს აჭარბებს. სლოგანი „დარჩით სახლში“ ისევ აქტუალური გახდა... და დარწმუნებით ვერავინ იტყვის, ვის რომელ გზაზე შეხვდება ვირუსი...

სად ტარდება PCR ტესტირება

COVID19-ით ინფიცირებულთა მატებასთან ერთად, იმატა PCR ტესტირების მსურველთა რაოდენობამაც. თუკი პირი სავალდებულო ტესტირების დადგენილ წესს არ ექვემდებარება, (არ აღენიშნება სიმპტომები და არ ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი) მაგრამ სურს გაიკეთოს ტესტი, ამ შემთხვევაში, მან თავად უნდა მიმართოს იმ ლაბორატორიებს, სადაც PCR ტესტირება ტარდება.

როგორია სავალდებულო და საკუთარი გადაწყვეტილებით ტესტირებულთა თანაფარდობა, ეს ცნობები დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკურ მონაცემებში არ არის ასახული.

PCR ტესტი საქართველოს მასშტაბით, შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგ კლინიკებში: „ულტრამედი“, „მედისონი“, „მედკაპიტალი“, „ნეოლაბი“, „ციტო“, „ევექსი“, „გორმედი“, „ჯეოჰოსპიტალსი“, „ინფექციური პათოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი“, „ონის სამედიცინო დაწესებულება“, „ზუგდიდი ინფექციური საავადმყოფო“.

ტესტის ღირებულება 110 ლარიდან 220 ლარამდე მერყეობს, გააჩნია პასუხის ვადებს; პასუხების მიღების ვადა 24-48 საათია. დაჩქარებული პასუხის მოთხოვნის შემთხვევაში, იზრდება თანხა, თუმცა, მცირდება დრო და ნაცხის აღებიდან რამდენიმე საათში, პასუხი მზადაა. ზოგიერთ ლაბორატორიაში, PCR ტესტის ასაღებად წინასწარ უნდა ჩაეწეროთ. თუმცა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ე.წ. ცოცხალი რიგითაც. ზოგიერთი ლაბორატორია უზრუნველყოფს ბინაზე მომსახურებასაც.

მაგალითად, მსურველებს აღნიშნულ სერვისს სთავაზობს ლაბორატორია „ციტო“. თუმცა, ამ შემთხვევაში, ტესტის ღირებულება 200 ლარს შეადგენს. პასუხის დამზადების მაქსიმალური დრო 24 საათია. ტესტის გაკეთების მსურველებს წინასწარ, ერთი კვირით ადრეც უწევთ თადარიგის დაჭერა.

ამჟამად, ქვეყანაში ჩატარებულია 851 ათასი PCR ტესტი და 441 ათასი სწრაფი ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი.

რა გზას გადის კოვიდინფიცირებული ვირუსის დადასტურების შემდეგ - ვინ აფასებს ინფიცირებულის პირველად მდგომარეობას და ვინ წყვეტს სად განათავსონ პაციენტი – კლინიკაში, კოვიდსასტუმროსა თუ სახლში

კორონავირუსის დადასტურების შემდეგ მუშაობს შემდეგი სქემა: პირველი ნაბიჯი არის ონლაინ-კლინიკა. საქართველოში ჯერ კიდევ აპრილიდან პროცესში ჩაერთვნენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, რომლებსაც პირობითად ონლაინ-კლინიკები შევარქვით. პაციენტი უკავშირდება 112-ს და მისი ზარი გადამისამართდება შესაბამისი ონლაინ-კლინიკის ოჯახის ექიმთან. ონლაინ-კლინიკის ოჯახის ექიმები ადგილზე მართავენ ამ პაციენტს - იღებენ გადაწყვეტილებას, სჭირდება თუ არა მას ტესტირება. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ტესტირება არ სჭირდება და საჭიროა ბინაზე მეთვალყურეობა, ოჯახის ექიმები ახორციელებენ მეთვალყურეობას ორი კვირის განმავლობაში ყოველ მესამე, მეექვსე, მეცხრე დღეს, პაციენტთან დარეკვით. ხოლო თუ პაციენტი კოვიდ-დადებითია და ბინაზე მკურნალობს, ამ შემთხვევაში მას ექიმი ყოველდღიურად უკავშირდება.

რაც შეეხება ონლაინ-კლინიკის მიერ პაციენტის გადამისამართებას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში - თუ პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია, მაგრამ ბინაზე თვითიზოლაციის საშუალება არ აქვს, ის ხვდება კოვიდ-სასტუმროში, ხოლო თუ დაავადების მიმდინარეობა რთულია და მისი ბინაზე დატოვება არ შეიძლება, ის ხვდება კოვიდ-კლინიკებში. თუ ბინაზე მყოფი პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, მას აუცილებლად გადაიყვანენ კოვიდ-კლინიკაში. კოვიდ-კლინიკაში გადაყვანილი პაციენტები იმართებიან ინფექციონისტების, ოჯახის ექიმების ან რეანიმატოლოგების მიერ, საჭიროების შესაბამისად.

სააგენტოსთან საუბრისას ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ-კლინიკებში ადგილები აღარ დარჩება, განაცხადა, რომ ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, სპეციალურ ვებგვერდზე პირადი ნომრით გაიგოს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. მისი თქმით, გაიზრდება კოვიდ-სასტუმროების რიცხვიც და არც ერთი ინფიცირებული უყურადღებოდ არ დარჩება.

„ქვეყანაში საწოლფონდის რაოდენობა უფრო ჭარბია, ვიდრე რეალურად ამის საჭიროება არსებობს. ინფიცირებულს, რომელიც მკურნალობას სახლში გადის, სულ მალე ექნება შესაძლებლობა, სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრით გაიგოს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. თითოეულ მოქალაქეს გავაცნობთ ოჯახის ექიმებს და შესაბამისად, გავუზიარებთ მათ საკონტაქტო ნომრებს“ - განაცხადა ეკა ადამიამ.

კოვიდ 19-თან საბრძოლველად ქვეყანაში მობილიზებულია 44 სამედიცინო დაწესებულება. ამ დაწესებულებებში მობილიზებულია 3 ათას 700-მდე საწოლი. საწოლების და კლინიკების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით არის შემდეგი: თბილისში მობილიზებულია 18 კლინიკა, საწოლების რაოდენობა არის 1 ათას 987, აჭარაში - 11 კლინიკა, საწოლების რაოდენობა 731, იმერეთში 10 კლინიკა 644 საწოლით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2 კლინიკა 190 საწოლით, შიდა ქართლში ერთი კლინიკა 164 საწოლით, მცხეთა-თიანეთში ერთი კლინიკა 111 საწოლით და გურიაში ერთი კლინიკა 21 საწოლით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა ბინაზე, ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, 18 ათას 692 აქტიური შემთხვევიდან საავადმყოფოებში მკურნალობს 3 ათას 832 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროში იმყოფება 2 ათას 249 პირი, 12 ათას 611 კი მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

სამედიცინო დაწესებულებებში ექიმები უკვე მეცხრე თვეა პანდემიას ებრძვიან. მათ დასახმარებლად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო უნივერისტეტების უფროსკურსელები გადამზადდებიან და საჭიროების შემთხვევაში კოვიდის მართვაში დაეხმარებიან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიურმა მაჩვენებელმა თითქმის 2 ათასს მიაღწია.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში, სადაც სიტუაცია ყველაზე მეტად საგანგაშოა. თბილისში, ქუთაისსა და მცხეთაში რესტორნები მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდნენ, მათ სტუმრების მომსახურება მხოლოდ ღამის 10 საათამდე შეუძლიათ. მანამდე ანალოგიური შეზღუდვა ამოქმედდა ბათუმში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 32 ათასს აჭარბებს. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238, კარანტინის რეჟიმშია 3757, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3847 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2238 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0