ავიაკომპანია  Lufthansa-ს თვითმფრინავი

გერმანია ვიზიტორებს ახალ შეზღუდვებს უწესებს: ეხება თუ არა საქართველოს აკრძალვები

88
(განახლებულია 15:56 01.10.2020)
გასულ კვირაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან, თუ ამის მწვავე აუცილებლობა არ არსებობს.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ბერლინმა გერმანიის ტერიტორიაზე შესასვლელად ნაწილობრივი ან სრული შეზღუდვები დაუწესა ევროპის 11 ქვეყანასა და მათ ცალკეულ რეგიონებს, იუწყება ტელე-რადიოკომპანია Deutsche Welle.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლებამ ახალი წესები დაამტკიცა კიდევ 160 ქვეყნის მოქალაქეებისთვის. გერმანიის ხელისუფლების მიერ გატარებული ზომების მიზანია ტურისტების ნაკადის შეზღუდვა მაღალი რისკის ქვეყნებიდან.

ცნობილი ხდება, რომ მაღალი რისკის ქვეყნების ჩამონათვალში შევიდნენ: დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ისლანდია, საფრანგეთის ორი რეგიონი, ლიეტუვა, ესტონეთი, ირლანდია, ხორვატია, სლოვენია, უნგრეთი და რუმინეთი.

მაღალი რისკის ჯგუფში შედის ქვეყანა ან რეგიონი, რომლებშიც ბოლო კვირის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირების 50 შემთხვევა დარეგისტრირდა.

გარდა ამისა, ევროკავშირის არაწევრი თითოეული ქვეყნის შემთხვევები ინდივიდუალურად განიხილება.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან, თუ ამის მწვავე აუცილებლობა არ არსებობს. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო მცირედ დაზარალდა პანდემიისგან, მაგრამ სექტემბერში ინფიცირების მაჩვენებელმა რეკორდული ზრდა დაიწყო.

მანამდე საქართველო შეიყვანეს ევროკავშირის იმ არაწევრი ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებთანაც გერმანიამ ტურისტული „მწვანე დერეფანი“ გახსნა საყოველთაო კარანტინის შემდეგ.

 

88
თემები:
მსოფლიო დღეს (2160)
ალექსანდრ ლუკაშენკო

„რა გეშველებათ უჩემოდ?“ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ ეჭიდება

44
(განახლებულია 22:12 20.10.2020)
ბელარუსის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის სასახლეში ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნისას შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ხელისუფლებას თითების გალურჯებამდე ჩემთვის კი არ ვეჭიდები, არამედ ხალხის ბედი მაწუხებს, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

მისი თქმით, მას მხოლოდ ქვეყნის ბედი აღელვებს ამჟამინდელი ოპოზიციის სახელმწიფოს სათავეში მოსვლის შემთხვევაში.

„რაც შეეხება ბელარუსის პრეზიდენტს, მან არაერთხელ თქვა, რომ ხელისუფლებას თითების გალურჯებამდე არ ეჭიდება. „საქმე ჩემში არ არის. საქმე თქვენშია: რა გეშველებათ უჩემოდ?!“ — ციტირებს ლუკაშენკოს სიტყვებს „Sputnik–ბელარუსი“.

თუმცა პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ შეიძლება გადაჭარბებულად აფასებდეს თავის როლს, მაგრამ მას აფიქრებს ადამიანების ბედი, რომლებსაც „ამ ქვეყანაში ცხოვრება მოუწევთ“ და რომლებიც შეიძლება „ნაკუწებად აქციოს“ ახალმა ხელისუფლებამ.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 80,1% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე სვეტლანა ტიხანოვსკაია გავიდა 10,12%-ით.

ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და ქვეყანაში არასანქცირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებსაც ძალოვანი ორგანოების წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ. ტიხანოვსკაიამ, რომელსაც ოპოზიცია არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევს, ბელარუსი დატოვა და საზღვარგარეთ გაემგზავრა. ექს-კანდიდატის ინიციატივით ქვეყანაში შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო ხელისუფლების გადაცემის მიზნით. მისი წარმომადგენლები ახალი არჩევნების დანიშვნასა და მოლაპარაკებებს მოითხოვენ.

44
თემები:
მსოფლიო დღეს (2160)
ჩრდილოეთის ნაკადი 2

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“: შეერთებულმა შტატებმა რუსული პროექტის მიმართ სანქციები გააფართოვა

44
(განახლებულია 21:35 20.10.2020)
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების უშუალო ობიექტები იყვნენ მხოლოდ ის კომპანიები, რომელთა ხომალდებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილეობდნენ.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ დაწესებული სანქციების ახალი ინტერპრეტაცია გამოსცა და განმარტა, რომ შეზღუდვები ეხება ყველა იმ უცხოურ კომპანიასა და პირებს, რომლებიც სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევენ გაზსადენის გაყვანაზე მომუშავე ხომალდებს.

შესაბამისი დოკუმენტი სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზეა გამოქვეყნებული.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების უშუალო ობიქტები იყვნენ მხოლოდ ის კომპანიები, რომელთა ხომალდებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. მაგალითად, ასეთი იყო შვეიცარიული კომპანია Allseas, რომლის გემებმაც გაზსადენზე მუშაობა 2020 წლის იანვარში შეწყვიტეს სანქციების დაწესების შემდეგ.

ახლა კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განავრცო სანქციების ინტერპრეტაცია და განაცხადა, რომ შეზღუდვები ეხება ყველა იმ კომპანიას, რომლებიც სხვადასხვა სახის მომსახურებას (მათ შორის, ფინანსურს) უწევენ, ან მოდერნიზაციის საშუალებებსა და აღჭურვილობას აწვდიან რუსული გაზსადენის მშენებლობაზე დასაქმებულ ხომალდებს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა 30-დღიანი ვადა მისცა ასეთ კომპანიებს „საქმიანობის კეთილსინდისიერად“ შესაწყვეტად.

ამასთან მოსალოდნელია, რომ ის კომპანიები, რომლებიც გაზსადენზე დასაქმებულ ხომალდებს მსგავს მომსახურებას მიმდინარე წლის 2-დან 20 ოქტომბრამდე უწევდნენ, არ დაისჯებიან.

მანამდე გემთმფლობელების ურთიერთდასადაზღვევო კლუბების საერთაშორისო ჯგუფმა (IG P&I) გადაწყვიტა, არ დააზღვიოს ის ხომალდები, რომლებმაც შეიძლება მონაწილეობა მიიღონ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში. ამის შესახებ ცნობილი გახდა ცირკულარიდან, რომელიც ჯგუფის წევრი ყველა კლუბის სახელით გავრცელდა.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით. პროექტს ახორციელებს Nord Stream 2 AG ერთადერთ აქციონერთან – „გაზპრომთან“ ერთად. ევროპელი პარტნიორები ― Royal Dutch Shell, OMV, Engie, Uniper და Wintershall მშენებლობას სანახევროდ, ანუ თითოეული 950 მლნ ევროთი აფინანსებენ.

აშშ აქტიურად ეწინააღმდეგება პროექტს და ევროკავშირს სანაცვლოდ საკუთარ თხევად გაზს სთავაზობს. ასევე ეწინააღმდეგება უკრაინაც, რომელსაც რუსული საწვავის ტრანზიტის დაკარგვისა ეშინია. ეს ორი და კიდევ ევროპის ზოგი ქვეყანა პროექტს პოლიტიკურს უწოდებენ.

გასული წლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა თავდაცვის ბიუჯეტი, რომელშიც შევიდა სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ. შედეგად – მშენებლობა შეჩერდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 15 ივლისს გამოაქვეყნა ახალი რეკომენდაციები „სანქციების მეშვეობით მოწინააღმდეგის შეკავების შესახებ“ კანონის (CAATSA) ფარგლებში და მასში, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გარდა, ასევე ჩართო პროექტ „თურქული ნაკადის“ მეორე ტოტი, რომელზეც მანამდე სანქციები არ ვრცელდებოდა.

გაზსადენი „თურქული ნაკადი“ მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში დაიწყო. ის ორი ტოტისგან შედგება და თითოეულის სიმძლავრე 15,75 მლრდ კუბური მეტრია. პირველი ტოტის დანიშნულება — რუსული გაზის თურქი მომხმარებლებისთვის მიწოდებაა, ხოლო მეორე ტოტისა — სამხრეთ და სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის მომარაგება ბუნებრივი აირით.

44
თემები:
მსოფლიო დღეს (2160)
გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 21 ოქტომბერი

0
(განახლებულია 02:22 21.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 ოქტომბერს ღირსი პელაგიას, ღირსი ტაისიას და წმიდა მოწამე პელაგია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი პელაგია

ღირსი პელაგია ედესელმა ეპისკოპოსმა ნონემ მოაქცია ქრისტიანობაზე. ნათლისღებამდე იგი პალესტინის ანტიოქიის მოცეკვავეებს ხელმძღვანელობდა, ძალიან მდიდარი იყო და თავაშვებულად ცხოვრობდა.
ერთხელ მდიდრულად ჩაცმულმა პელაგიამ ჭაბუკებისა და ყმაწვილქალების გუნდთან ერთად ჩაიარა ტაძრის წინ, რომლის კარებთანაც მღვდელმთავარი ნონე იჯდა და ხალხს მოძღვრავდა. მორწმუნეებმა თვალი აარიდეს ქალაქში ცნობილ მეძავს, ნონე კი დიდხანს გასცქეროდა მას. წმიდანმა შემოკრებილებს მიანიშნა იმაზე, თუ როგორ გულმოდგინედ ზრუნავდა ეს ქალი საკუთარ გარეგნობაზე და სხეულის მორთვა-მოკაზმვაზე, თან მწუხარედ დაამატა, ჩვენ, ქრისტიანები ნაკლებად ვესწრაფვით ჩვენი სულების სინანულის ცრემლებით განბანას და სათნოებებით შემკობასო.

ნონემ შეიცნო პელაგიას სულის სიმაღლე და შემდგომ თავის სენაკში დიდხანს ლოცულობდა წარწყმედისაგან მის დასახსნელად.

მეორე დღეს, როცა მღვდელმთავარი ამბიონიდან საშინელ სამსჯავროსა და ცოდვილთა და მართალთა სულების საუკუნო მისაგებელზე ქადაგებდა, ტაძარში პელაგია შევიდა. ნონეს სიტყვებმა ნეტარი ღვთის შიშით აღავსო, გულშემუსვრილი და აცრემლებული მიეახლა მას და ნათლისღება სთხოვა. მონანულის გულწრფელობაში დარწმუნებულმა ეპისკოპოსმა მონათლა პელაგია და თან იმ საცთურებისა და ბრძოლების შესახებაც ესაუბრა რომელიც წინ ელოდება სიწმინდისაკენ მიმავალ ყოველ ადამიანს.

ღამით დემონი წარსდგა პელაგიას წინაშე და ცდილობდა, იგი უწინდელი ცხოვრებისკენ მიბრუნებაზე დაეყოლიებინა, მაგრამ წმიდანმა ილოცა, პირჯვარი გადაისახა და ეშმაკიც გაქრა. ნეტარმა დედამ მთელი თავისი ქონება შეკრიბა და მღვდელმთავარს მიუტანა, ამ უკანასკნელმა კი ურჩია, საუნჯე გლახაკებისთვის დაერიგებინა: „გონივრულად დაიხარჯოს ავად მოხვეჭილი“. ამის შემდეგ პელაგიამ იერუსალიმს მიაშურა და ელეონის მთაზე დამკვიდრდა. აქ წმიდანი დაყუდებით მოღვაწეობდა ბერი პელაგიუსის სახელით და მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 457 წელს.

ღირსი ტაისია

ღირსი ტაისია მეძავის შვილი იყო და თვითონაც სიყმაწვილიდანვე ჩაეფლო გარყვნილებაში. საოცრად მომხიბლავი გარეგნობის წყალობით იგი მრავალს აცდუნებდა. ამ დროს ეგვიპტეში, ჰერაკლიის მონასტერში ცხოვრობდა ბერი პაფნუტი, რომელიც ბევრ შეცდომილს აყენებდა ცხონების გზაზე. როცა მან ტაისიას შესახებ შეიტყო, საერო ტანსაცმელი შეიმოსა, მივიდა მეძავთან და სთხოვა, ისეთ განკრძალულ ადგილას დაენიშნა მისთვის შეხვედრა, სადაც ვერც კაცი ნახავდა მათ და ვერც ღმერთი. ტაისიამ, რომლის სულში ჯერაც არ მინავლებულიყო ფიქრები უფალზე, ღიმილით უპასუხა, ეს შეუძლებელია, რადგან ღმერთი ყველგან არის და ყველაფერს ხედავსო. მაშინ ღირსმა მამამ გააცხადა თავისი ვინაობა, უფლის რჩეულს ცხადად წარმოუდგინა მისი ცოდვების სიმძიმე და ის აუტანელი სატანჯველები, რომელიც საუკუნო ცხოვრებაში მოელოდა მის მიერ ცდუნებული და წარწყმედილი ყოველი ადამიანის სულის სანაცვლოდ. ბერის სიტყვებმა შეძრა ცოდვილი ქალის სული, მის გულს კი ზეციური ნათელი მოეფინა. მან თავი მოუყარა მთელ თავის სიმდიდრეს, ქალაქის მოედანზე დაახვავა და საკუთარი ხელით დაწვა ნიშნად იმისა, რომ საჯაროდ აღიარებდა თავისი უწინდელი ცხოვრების სისაძაგლეს და ეს საუნჯე, როგორც გარყვნილების გზით მოგებული, გლახაკთათვის დარიგების ღირსადაც არ მიაჩნდა.

ღირსმა პაფნუტიმ წმიდანი დედათა მონასტერში მიიყვანა, სადაც იგი ვიწრო სენაკში დასახლდა და ყოველდღიურად მცირე სარკმლიდან აწვდიდნენ პურის ნატეხსა და მცირეოდენ წყალს. სამი წელი დაჰყო აქ ნეტარმა დედამ სრულ მარტოობაში. მკაცრი მარხვით გალეული უფლის რჩეული დაუდუმებლად იმეორებდა მოკლე ლოცვას: „შემოქმედო ჩემო, შემიწყალე მე“! ამასობაში პაფნუტიმ საოცარი სიბრალული იგრძნო მის მიმართ და ღირს ანტონი დიდს (ხს. 17 იანვარს) მიაშურა, რომ შეეტყო, შეუნდო თუ არა უფალმა ტაისიას. წმიდა ანტონიმ შეჰყარა თავისი მოწაფეები და მთელი ღამე მათთან ერთად ლოცვად იდგა. ბოლოს ერთ მათგანს - ღირს პავლეს (ხს. 7 მარტს და 4 ოქტომბერს) სასწაულებრივი ხილვით განეცხადა, რომ ტაისიას ცოდვები აღხოცილი იყო. პაფნუტი ჩავიდა სავანეში, სადაც წმიდა დედა მოსაგრეობდა და მას სენაკის კარები გაუღო. ტაისიამ მდაბლად წარმოთქვა, დაყუდებაში მინდა დავრჩეო, მაგრამ ნეტარმა ბერმა გამოსვლა უბრძანა. წმიდანი დამორჩილდა, თან თქვა: „ღმერთია მოწმე, იმ წუთიდან, როცა სენაკში შევედი, ჩემი ყველა ცოდვა თვალწინ მედგა და ცრემლად ვიღვრებოდი მათი შემყურე“. პაფნუტიმ უპასუხა: „სწორედ ამიტომ, და არა შენი დაყუდების სიმკაცრის გამო შეგიწყალა გულმოწყალე უფალმა“. ამის შემდეგ ტაისიამ მხოლოდ თხუთმეტი დღე იცოცხლა. იგი მშვიდობით შეერთო სასუფეველს დაახლოებით 340 წელს. ღირსი დედა უნდა განვასხვაოთ ნეტარი ტაისიასგან რომლის ხსენებას წმინდა ეკლესია 10 მაისს აღნიშნავს.

წმიდა მოწამე პელაგია ქალწული

წმიდა მოწამე პელაგია ქალწული, დიდებული გვარის ჩამომავალი, ანტიოქიაში ცხოვრობდა და მღვდელმოწამე ლუკიანეს (ხს. 15 ოქტომბერს) მოწაფე იყო. როცა, ქრისტიანთა დევნის დროს, მხედრები წმიდანის შესაპყრობად მივიდნენ, იგი მხოლოდ თხუთმეტი წლისა იყო. ნეტარმა მათ სთხოვა, ცოტა ედროვათ, თავად კი ლოცვად დადგა, უსჯულოთა ხელყოფისაგან დაცვა გამოითხოვა უფლისგან, შემდეგ კი სახლის ერდოდან გადმოეშვა და ადგილზევე განუტევა სული. ეს მოხდა IV საუკუნეში, როგორც ვარაუდობენ, 303 წელს.


მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

0