ქირურგიული ოპერაცია

ცნობილ ქირურგს შინ ადამიანის ძვლების კოლექცია უპოვეს: მიმდინარეობს გამოძიება

153
(განახლებულია 15:00 01.10.2020)
საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ შარშან შეიტყო ქირურგის გატაცების შესახებ, მაგრამ ისტორია არ გაახმაურა, ვინაიდან ეს ექიმი „ოქროს კვერცხის მდებელი ქათამი იყო, რომელსაც კლინიკისთვის უზარმაზარი შემოსავალი მოჰქონდა“.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილ ბრიტანელ ქირურგს დერეკ მაკმინს, რომელიც პოლიტიკოსებს, სპორტის ვარსკვლავებსა და სხვა პოპულარულ ხალხს მკურნალობდა, შინ ადამიანების ძვლების კოლექცია აღმოუჩინეს, იუწყება გამოცემა The Independent.

​გავრცელებული ცნობით, ექიმმა კოლექციის შეგროვება 25 წლის წინ დაიწყო ისე, რომ პაციენტებისგან, რომლებსაც მენჯ–ბარძაყის სახსრების პროტეზირებას უკეთებდა, ამის ნებართვას არ იღებდა.

ირკვევა ისიც, რომ ბირმინგემის საავადმყოფოს თანამშრომლებმა, სადაც მუშაობდა მაკმინი, იცოდნენ ექიმის უჩვეულო ჰობის შესახებ და ყველანაირად უწყობდნენ ხელს კოლექციის შევსებაში. ისინი ქირურგს ძვლების სპეციალურ ჭურჭელში შენახვაში ეხმარებოდნენ, რომელიც მერე საავადმყოფოდან დერეკის თანაშემწეებს გაჰქონდათ.

გამოცემის ცნობით, 2019 წელს მაკმინი საავადმყოფოს ხელმძღვანელობას ძვლების კოლექციის არსებობაში გამოუტყდა, მაგრამ მაშინ ისტორია არ გახმაურებულა, ვინაიდან მაკმინი „ოქროს კვერცხის მდებელი ქათამი იყო, რომელსაც კლინიკისთვის უზარმაზარი შემოსავალი მოჰქონდა“.

დერეკ მაკმინი უჩვეულო გატაცებას იმით ხსნის, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ძვლების შესწავლას აპირებდა, რათა გონების სისხარტე შეენარჩუნებინა.

პოლიციამ ცნობილი ექიმის მიმართ გამოძიება უკვე დაიწყო. გამომდინარე იქიდან, რომ მაკმინს სხეულის ორგანოების შენახვაზე ლიცენზია არ ჰქონდა, ქირურგი ადამიანის ქსოვილების შესახებ ბრიტანული კანონის დარღვევაშია ეჭვმიტანილი.

 

153
თემები:
მსოფლიო დღეს (2178)
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

ერდოღანმა განაცხადა, რომ არ ეშინია აშშ-ის სანქციების

16
თურქეთის ლიდერმა კომენტარი გააკეთა რამდენიმე ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადებებზე, რომლებიც ანკარის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეხებოდა

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთს არ ეშინია ამერიკული სანქციების ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო და არ წამოეგება აშშ-ის მუქარის ენას, რომლებიც С-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რუსულ სისტემებზე უარის თქმას მოითხოვენ, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.

„ზოგიერთები ამერიკიდან ურეკავენ ჩემს ძმას ილჰამს (ალიევს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს - რედ.) და აცხადებენ, რომ იციან, ვინ უჭერს მხარს აზერბაიჯანს. ეს არის ერდოღანი და თურქეთი. ამერიკელები ანკარის წინააღმდეგ სანქციებით იმუქრებიან. ჩვენ კი ვპასუხობთ: „შენ (ამერიკა - რედ.) არ გესმის, ვისთან გაქვს საქმე. მიდი, შემოიღე, ნუღა აყოვნებ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ქალაქ მალათიაში. ტრანსლაცია პრეზიდენტის Twitter-ში მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის ხელისუფლების პოზიციაზე, რომლებმაც უარი თქვეს თურქული მხარისთვის მეხუთე თაობის  F-35-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემაზე, რაშიც ანკარას თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა.

С-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის უახლესი რუსული სისტემების მიწოდება, რამაც თურქეთსა და აშშ-ს შორის კრიზისი გამოიწვია, 2019 წლის ივლისში დაიწყო. ვაშინგტონი გარიგებაზე უარის თქმას მოითხოვდა და სანაცვლოდ ამერიკული კომპლექსების - Patriot-ების შეძენას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთისთვის F-35-ის ტიპის უახლესი გამანადგურებლების მიყიდვის შეჩერებით ან გაუქმებით იმუქრებოდა. ასევე გაისმა მუქარა „სანქციების მეშვეობით მოწინააღმდეგის შეკავების შესახებ“ კანონის (CAATSA) ფარგლებში სანქციების დაწესების შესახებ. ანკარამ უარი თქვა დათმობაზე და С-400-ის დამატებითი პარტიის შესახებ მოლაპარაკებები განაგრძო.

16
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020
არჩევნები უკრაინაში

კენჭისყრა კარანტინის პირობებში: უკრაინელები ადგილობრივ თვითმმართველობას ირჩევენ

31
უკრაინელები მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ დეპუტატებს და იმ ტერიტორიული თემების სოფლების, დაბების და ქალაქების საბჭოების თავმჯდომარეებს, სადაც 10 ათასამდე ამომრჩეველი ცხოვრობს

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინაში კვირას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს, იუწყება РИА Новости.

წელს არჩევნები იმართება საერთო ეროვნული კარანტინის პირობებში, რომელიც კორონავირუსის აფეთქების გამო 12 მარტს დაწესდა და მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება. უბნებზე მისულ ამომრჩევლებს მოუწევთ რამდენიმე ეპიდსაწინააღმდეგო წესის დაცვა, რომლებიც მინისტრთა კაბინეტმა სექტემბერში ოფიციალურად დაამტკიცა.

ადგილობრივი არჩევნები ახალი საარჩევნო კანონით ტარდება. უკრაინელები მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ დეპუტატებს და იმ ტერიტორიული თემების სოფლების, დაბების და ქალაქების საბჭოების თავმჯდომარეებს, სადაც 10 ათასამდე ამომრჩეველი ცხოვრობს. დეპუტატებს და იმ ტერიტორიული თემების სოფლების, დაბების და ქალაქების საბჭოების თავმჯდომარეებს, სადაც 10 ათასზე მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს, პროპორციული სისტემით ღია სიებით ირჩევენ.

COVID-19-ის აქტიური ფორმის მქონე ამომრჩევლები, რომლებიც საავადმყოფოებში ან სახლში თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ხმის მიცემას მკურნალობის ადგილის მიხედვით გაცვლითი ბრიგადების დახმარებით შეძლებენ.

მიმდინარე არჩევნების შედეგები 6 ნოემბერს გაირკვევა და გამოქვეყნდება ხუთი დღის განმავლობაში, დიდ ქალაქებში მერის არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში - არაუგვიანეს 20 ნოემბრისა. ადგილობრივი არჩევნები დონბასის ტერიტორიების ნაწილში არ გაიმართება.

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 6088-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 102 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან 25 ოქტომბრამდე ქვეყანაში 343 498 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 141 508 ადამიანი, აქედან ბოლო დღე-ღამეში - 1753.

31
თემები:
მსოფლიო დღეს (2178)
ცესკო

არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება - რა წესები უნდა დაიცვათ უბანზე

0
კორონავირუსის პანდემიის გამო კაბინა მთლიანად დახურული არ იქნება, ხოლო კალამი, რომლითაც ამომრჩეველმა ბიულეტენი შეავსო, მან უბანზე სპეციალურ ყუთში უნდა გადააგდოს

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გააცნო მედიას ის წესები, რომლებიც არჩევნების დღეს ამომრჩევლებმა უბნებზე უნდა დაიცვან.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას თქმით, საარჩევნო უბანზე შესვლისას ამომრჩეველს პირბადე უნდა ეკეთოს.

„ვისაც პირბადე არ ექნება, მას ადგილზე მისცემენ. ამის შემდეგ ის დეზობარიერს გაივლის... ამის შემდეგ ამომრჩეველი რიგის მომწესრიგებელთან მიდის, აჩვენებს პირადობის მოწმობას და პირბადეს იხსნის, რადგან მისი იდენტიფიცირება მოხდეს. პირბადის გაკეთების შემდეგ, მარკირება მოწმდება და ამის შემდეგ ხელზე დეზინფექცია უტარდება, მიდის მაგიდასთან“, – განაცხადა ჟვანიამ.

ამის შემდეგ ამომრჩეველი კვლავ მოიხსნის პირბადეს და აიღებს ინდივიდუალურ კალამს, რომლითაც ხელს მოაწერს. იღებს მისთვის განკუთვნილ ბიულეტენს და ამის შემდეგ შედის კაბინაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო კაბინა მთლიანად დახურული არ იქნება.

ცესკო: გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანა 900-მდე ამომრჩეველმა მოითხოვა >>

„როდესაც ამომრჩეველი დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს, კალამს სპეციალურ ურნაში აგდებს და ამის შემდეგ ხდება ბიულეტენის ყუთში ჩაგდება. ამის შემდეგ ამომრჩეველი დატოვებს საარჩევნო უბანს“, - განაცხადა ჟვანიამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება.

 

 

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020