სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები ყარაბაღში

ყარაბაღში ბრძოლა გრძელდება, ტრამპი კომენტარს აკეთებს: ბოლო ცნობები და ვიდეო ფრონტიდან

206
(განახლებულია 13:22 28.09.2020)
აზერბაიჯანი სომხეთის მხარეს სერიოზული დანაკარგების თაობაზე ავრცელებს განცხადებას და ერთ-ერთი ტანკის განადგურების ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს, ერევანი კი ფრონტზე მიღწეული „მნიშვნელოვანი წარმატებების“ შესახებ წერს.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე

მისი თქმით, აშშ განიხილავს, შეძლებს თუ არა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტთან დაკავშირებით რამის გაკეთებას.

„ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს იმ რეგიონში. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა [კონფლიქტის] შეჩერებას“, — თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ტრამპის ვიზავიმ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯო ბაიდენმაც. პოლიტიკოსი შიშობს, რომ მოვლენები შეიძლება მასშტაბურ რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სიტუაცია მკვეთრად გამწვავდა, რაშიც ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა და ამიტომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა წამოიწყო, ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღზე „საჰაერო და სარაკეტო იერიში მიიტანა“.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ბოლო ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბრძოლებში დაკარგა 22 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 15 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 18 დრონი, 8 საარტილერიო დანადგარი. ხოლო სოფელ თალიშის მიმართულებით ბრძოლებში ლიკვიდირებულია სომხეთის სადესანტო პოლკის პოდპოლკოვნიკი ლერნიკ ბაბაიანი, ხოლო მისმა ქვედანაყოფმა მძიმე დანაკარგები განიცადა. 

აქვე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის ძალების ერთ-ერთი ტანკის განადგურების ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს. 

ბაქოს ინფორმაციას უარყოფს სომხური მხარე. როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არწრუნ ოვანისიანი წერს Facebook-ზე, აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების თაობაზე სინამდვილეს არ შეესაბამება, და რომ ღამის ბრძოლებში სომხეთის სამხედრო ძალებმა „მნიშვნელოვან წარმატებებს“ მიაღწიეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროც ასევე აქვეყნებს ვიდეოს ფრონტის ხაზიდან, რომელზეც აზერბაიჯანული სამხედრო ტექნიკის განადგურებაა ასახული.

 

206
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (91)
ფრანგ მოსწავლეებთან ერთად

მუსიკის მასწავლებელი, რომელიც ფრანგებს ქართულად ამღერებს და კარნავალის „ოქროს ნიღაბი“

11
(განახლებულია 20:24 21.10.2020)
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ დღეს საფრანგეთში მცხოვრებ შემოქმედსა და საოცრად საინტერესო პიროვნებას გიული ერგემლიძეს გაგაცნობთ.

25 წელია, რაც საფრაგეთში, კერძოდ, ნორმანდიაშია და ძირითადი საქმიანობის გარდა აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებასაც ეწევა.

გარდა იმისა, რომ ქალბატონი გიული ფრანგ ბავშვებს ქართულ სიმღერებს ასწავლის, ადგილობრივ ღონისძიებებსა და სხვადასხვა კონცერტებზეც ხშირად გამოდის, მღერის ფრანგულ გუნდში "ბორბოლეტა", თამაშობს მოყვარულთა თეატრის სპექტაკლებში, ერთ-ერთ ფრანგულ კარნავალზე მის მიერ შეკერილმა ქართულმა სამოსმა გაიმარჯვა და ჯილდო გადაეცა. გარდა ამისა, ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს სიხარულს ანიჭებს - მათ ლექსებს სიმღერებად აქცევს და დღემდე სიმღერა 66-ზე მეტ ლექსზე დაწერა.

გიული ერგემლიძე გაკვეთილზე
გიული ერგემლიძე გაკვეთილზე

- ქალბატონო გიული, დღეს საფრანგეთში იმ მცირე ქართველ ემიგრანტთა შორის ხართ, ვინც ფრანგი პუბლიკის წინაშე ქართულად მღერის, იფიქრებდით ამაზე საქართველოში?

- ალბათ ვერც ვიოცნებებდი... ისე, რაც თავი მახსოვს, დედა კარგად მღეროდა, მშობლები ადრე დაოჯახდნენ. დედამ ოჯახზე მზრუნველობა არჩია, მაგრამ მუსიკას მაინც ვერ შეელია და სახლში სულ სიმღერ-სიმღერით აკეთებდა ყველაფერს. ბავშვობიდან ყურში ჩამესმოდა მისი ნამღერი ლამაზი მელოდიები. ამბობენ, რომ გაუჩერებლად, როგორც პატარა ბავშვს შეეფერება ჩემებურად „ვყვებოდი“ მას და "ვჭყლოპინობდი”. მერე ბაღიდან მოყოლებული სკოლაშიც გაუჩერებლად ვმღეროდი. დღემდე მადლობელი ვარ ჩემი პედაგოგების, რადგან  მეუბნებოდნენ, რომ ნიჭიერი ხარო. მე ვიცოდი, რომ მარტო ნიჭით ვერაფერს მიაღწევ თუ არ იშრომებ კიდეც. ამიტომ ვაღიარებ, რომ სიზარმაცის გამო ვერ მივაღწიე იმას, რისი გაკეთებაც მინდოდა. სხვათა შორის, იყო დრო, მინდოდა კარგი ქირურგი გამოვსულიყავი და ხალხი გადამერჩინა, მაგრამ საბოლოოდ მუსიკის სიყვარულმა სძლია და მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე ვიოლინოს განხრით. ასე გავხდი მუსიკის მასწავლებელი. ბედნიერი ვარ, რომ ბევრ მოსწავლეს გავუღვივე მუსიკისდამი სიყვარული, რის გამოც ბავშვებიც და მშობლებიც მემადლიერებოდნენ.

გიული ერგემლიძე მუსიკის გაკვეთილზე
გიული ერგემლიძე მუსიკის გაკვეთილზე

- ამის მერე დაიწყო თქვენი ცხოვრების ფრანგული პერიოდი, მასაც მუსიკა „გასდევს ფონად“?

- დიახ, ასეა და ეს პერიოდი უკვე 25 წელია გრძელდება. აქ ვცხოვრობ ნორმანდიის მიწაზე, ჩვენ ქალაქს ფრანგულად ჰქვია ქონ (Caen). ქართველები მას კაენს ვეძახით. თავიდანვე ძალიან დამეხმარა დედა, რომლის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. ადრე მოხუცებულთა სახლებში ვატარებდი კონცერტებს მასთან ერთად და  უმწეო ხალხს სიხარულს ვჩუქნიდი. ჩემმა შვილებმა აქ ჩამოსვლისთანავე მირჩიეს, რომ ფრანგული ენა სასწრაფოდ მესწავლა. როცა ენის სასწავლებლად მოვხვდი სკოლაში, პირველივე გაკვეთილზე მომაქცია ყურადღება ფრანგულის მასწავლებელმა, მარტინ ბონფუამ (Martine Bonfoiy) რომელმაც დიდი დახმარება გამიწია. გამიმართლა იმაშიც, რომ საფრანგეთის ამ ლამაზ ქალაქში კეთილი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი.

უცხოელ მოსწავლეებთან ერთად
უცხოელ მოსწავლეებთან ერთად

- როგორია თქვენი თვალით დანახული ფრანგული ცხოვრების შუქ-ჩრდილები?

-  საფრანგეთი ძალიან ჰუმანური ქვეყანაა თავისი უდიდესი  კულტურითა და ტრადიციებით, ისინი ყველას მოწიწებით და პატივისცემით ექცევიან. თუმცა არის მედლის მეორე მხარეც: აქ დიდი ბიუროკრატიაა და ყოველდღიურ საქმეებზე სირბილი ხშირად გიწევს. ხშირად ვეხმარები ქართველ ქალბატონებს, რომლებმაც ენა არ იციან, დავყვები მათ, ვინც ოპერაციისთვის არის ჩამოსული და ექიმებთან თარჯიმნობას ვუწევ. სხვა მხრივ კი, აწყობილია ყველაფერი, გულსატკენია, რომ აქ ცხოვრების პირობები უკეთესია, ვიდრე ჩემს ქვეყანაში, მაგრამ თვალი და გული მაინც გაგირბის იქით, შენი რომ ჰქვია. აქ მაინც სტუმარი ხარ და ადრე თუ გვიან სახლში უნდა წახვიდე. ასე გადის დრო, მაგრამ თუ სიყვარულით ცხოვრობ, ლამაზად და ხალისით გაგყავს დღეები ეს გეხმარება, რომ მონატრებას გაუძლო.

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

-როგორც ვიცი, თქვენ ამას ახერხებთ იდეც და ბევრი ქართველი ემიგრანტი გაახარეთ მათი ლექსების ამღერებით...

- ფრანგები საოცარი ხალხია, უზომოდ კულტურული, თბილი და უშუალო ხალხია, თუკი რამე მონდომება შეგამჩნიეს გამხნევებენ და გახალისებენ. სწორედ მათი წახალისებით მოხდა ის, რომ შევძელი ჩემი პატარა წვლილი შემეტანა საფრანგეთში მყოფი ნიჭიერი ქართველი ქალბატონების წარმოჩენის საქმეში. დღემდე უკვე 66-ზე მეტ ლექსზე დაიწერა სიმღერა, ეს ზღვაში წვეთიც არ არის, რასაც ეს  ნიჭიერი ქალბატონები აკეთებენ, თან არ დაგავიწყდეთ, საკუთარი თავის და ოჯახის გადასარჩენად რამდენს შრომობენ. ბოლოს იტალიაში მცხოვრები არაჩველებრივი პოეტის ქალის, ფატი ბოკელავაძის ლექსი ავამღერე. ადრე თელაველი პოეტის, ზინა სოლომნიშვილის ლექსზე დავწერე სიმღერა, ასევე მარი იმერის ლექსზეც, ისე, რომ არც ვიცნობდი ვინ იყო. ჩემი დაწერილი სიმღერებით ბავშვობის მეგობარი და ნიჭიერი მომღერალი, თამარ ბოჭორიშვილი ხშირად გამოდის პუბლიკის წინაშე. პოეტი ბელა ალასანია სწორედ მან გამაცნო.

გიული ერგემლიძე გაკვეთილზე
გიული ერგემლიძე გაკვეთილზე

- თავად თუ გიწევთ ფრანგული პუბლიკის წინაშე გამოსვლა?

- ჩემი ფრანგულის ენის მასწავლებელთან ერთად ქალაქის მუსიკალურ პროგრამაში ხშირად ვიყავი ჩასმული. კონცერტებსა და ღონისძიებებზე გამოვდიოდი. ადგილობრივი მოყვარულთა ორკესტრის პირველი ვიოლინოც ვიყავი. ასევე მოყვარულთა თეატრის სპექტაკლებში ვთამაშობდი. ქალაქი Caen რაიონებადაა დაყოფილი და ჩემს რაიონს ქვია Chemin-Verz, სადაც კულტურის ცენტრია. ამ  ცენტრში იყო მოყვარულთა თეატრი, სადაც პატარ- პატარა სპექტაკლებს დგამდნენ. ჩვენი რეჟისორი, მადმუაზელ ვალერი (Balerie) ყოველთვის კმაყოფილებას გამოსთქვამდა ჩემს მიერ შესრულებული როლებით. ეს სპექტაკლები ტარდებოდა ჩვენი რაიონის თეატრში. განსაკუთრებული მონდომებით შობის დღესასწაულისთვის გვამზადებდნენ. დრო და დრო პარიზიდან ჩამოდიოდა მსახიობთა მცირე დასები, რომლებიც სპექტაკლებს ატარებდნენ. ამ დროს რეჟისორი გვიატრებდა გამოცდას, ვინც უკეთ შეასრულებდა თავის ეპიზოდურ როლს, მას მიეცეოდა საშუალება, რომ პროფესიონალ მსახიობებთან ერთად სპექტაკლში მიეღო მონაწილეობა. შემდეგ მათთან ერთად რეპეტიციებს გავდიოდით. ასევე ვმღერი ჩემს ქალაქში არსებულ ფრანგულ გუნდში, სახელად "ბორბოლეტა“. ვუკრავდი სიმებიან ორკესტრშიც.

- ფრანგული ცხოვრებიდან რომელი წარმატების ამბავს გაიხსენებთ?

- ერთ-ერთ კარნავალზე, რომელი 2004 წელს ჩატარდა, მეც გამოვედი. უფრო სწორედ, მაშინ ცხოვრებაში პირველად ქართული ტრადიციული კაბა შევკერე. ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ გავიმარჯვე, პირველი ადგილი დავიკავე და „ოქროს ნიღაბი“ გადმომეცა. სასიხარულო იყო, რომ კარნავალზე წარმოდგენილი ყველა ქვეყნის ნაციონალური ტანსაცმელიდან სწორედ ჩემს მიერ შეკერილმა ქართულმა ეროვნულმა კაბამ გაიმარჯვა.

-რომელ ქართულ სიმღერებს მღერით ფრანგებისთვის?

-აქ, კაენში არსებობდა მუსიკალური საზოგადოება "Les Iren". იმ პერიოდში მის პრეზიდენტად ქართველი მხატვარი, ირინა ჯიბლაძე დანიშნეს. იქ ყოველწლიური პროგრამა მზადდებოდა, რომელშიც სხვადასხვა კონცერტები იყო შეტანილი. ასეთ ღონისძებებში შვიდი წლის განმავლობაში ჩემს მასწავლებრლთან ერთად ვიღებდი მონაწილეობას. ხშირად გამოვდიოდი ქართული სიმღერით „ციცინათელა“. ასეც მომხდარა, რომ სამი სიმღერის მაგივრად, რასაც პროგრამა ითვალისწინებდა, თორმეტი სიმღერაც კი მიმღერია. დარბაზს ძალიან მოსწონდა ქართული მელოდიები. როცა სიმღერას დავასრულებდი, ფრანგულად იძახდნენ: "ონკოღ!"- ანუ ბისს, ისევ იმღერეო, მთხოვდნენ.

- გავიგე, რომ მხატვრული კითხვის კონკურსებშიც ხშირად იღებდით მონაწილეობას, რომელი ავტორის ნაწარმოებს კითხულობდით?

- როგორც გითხარით, რაც თავი მახსოვს სულ ვმღერი. მოგვიანებით  ვწერდი ლექსებს და მათ მელოდიების ფონზე ვკითხულობდი, მაგრამ  მხოლოდ ჩემთვის ვხალისობდი. ასევე გაგრძელდა საფრანგეთშიც, სადაც რაიმე გამოსვლის წინ ჩემს ლექსებს ვთარგმნიდი ფრანგულად და ჩემივე მელოდიით თანხლებით ვკითხულობდი, ყველას მოსწონდა.

- ფრანგ ბავშვებს ქართულად სიმღერას ასწავლით?

- 18 წელია, რაც ვამეცადინებ ფრანგ და სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს, ვისაც სურვილი აქვს დაუკრას და იმღეროს. ამას დიდი სიყვარულით ვაკეთებ. ამ პატარებმა ქართული არც იციან. ფრანგ ბავშვებს პირველად ვასწავლი ადვილად დასამახსოვრებელ ქართულ სიმღერებს, შემდეგ კი „ჩემო ციცინათელას", ‘სულიკოს“, „სანთელივით დავდნების“, გოგი ცაბაძის „თბილისოს“ და სხვა...  სამყაროში ბევრია ასეთი ადამიანი, ვისაც სიყვარული არ შეუძლია და მათგან განსხვავებით, ვფიქრობ, რომ მე ვსუნთქავ სიყვარულით. ამის გამოხატულებაა ის, რასაც ვაკეთებ და ამ კუთხით გული მშვიდად მქვს.

- თუ გწყდებათ გული რამეზე?

- სამწუხაროდ ვერ შევძელი ისეთი ცნობილი პიროვნება გამხდარიყავი, რომ ჩემით ეამაყათ მეგობრებს, ახლობლებს და საქართველოს, მაგრამ იმას მაინც ვახერხებ, რომ აქ, უცხო ქვეყანას ქართულ სიმღერებს და ნიჭიერ ქართველებს ვაცნობ - ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. ქართველები ყველგან ვართ და ღმერთმა გვამრავლოს. სადაც ვიკრიბებით, ყველაგან პატარა საქართველოა...

11
გაზეთები

ისლამისტები ფრანგულ გაზეთს „ცეცხლით“ ემუქრებიან

25
(განახლებულია 18:00 21.10.2020)
ფრანგულმა რეგიონულმა მედიასაშუალებამ პირველ გვერდზე წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა გამოაქვეყნა ერთსიტყვიანი სათაურით.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ფრანგულმა რეგიონულმა გაზეთმა Nouvelle République მუქარები მიიღო მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურა გამოაქვეყნა ჟურნალ Charlie Hebdo-დან, განაცხადა გაზეთის მთავარმა რედაქტორმა კრისტოფ ერიგომ ტელეარხ BFMTV-სთან ინტერვიუში.

​მისი თქმით, აღნიშნული კარიკატურა მასწავლებელ სამუელ პატის მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაიბეჭდა გაზეთის პირველ გვერდზე ერთსიტყვიანი სათაურით INNOMABLE („სასტიკი“) და მას უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა.

ამასთან, კრისტოფერ ერიგოს განმარტებით, კომენტარების 99,9% დადებითია, თუმცა იყო მუქარის შემცველი გამოხმაურებებიც რედაქციის მისამართით: „უფრთხილდით ცეცხლს“, „ჩვენ გაგაფრთხილეთ“ და ა.შ., რის გამოც ჟურნალისტებმა სამართალდამცველ ორგანოებს უკვე მიმართეს.

გაზეთის რედაქტორი ამბობს, რომ კარიკატურის გამოქვეყნება სულაც არ ისახავდა მიზნად ვინმეს პროვოცირებას. მათ უბრალოდ სურდათ დაეგმოთ ძალადობა და მხარდაჭერა გამოეხატათ სიტყვის თავისუფლებისა და საფრანგეთის რესპუბლიკის ფასეულობებისადმი.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოცემა პატივისცემით ეპყრობა ყველა რელიგიას.

16 ოქტომბერს ისტორიის მასწავლებელ სამუელ პატის თავი მოკვეთა წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის აბდულაჰ ანზოროვმა, რის შემდეგაც ფოტო- და ვიდეომასალა ინტერნეტში გამოაქვეყნა. მოგვიანებით ანზოროვი პოლიციამ მოკლა.

საფრანგეთი ქვეყნიდან 200-ზე მეტ უცხოელს აძევებს>>

გავრცელებული ინფორმაციით, ისტორიის მასწავლებელი იმისთვის დაისაჯა, რომ გაკვეთილებზე სიტყვის თავისუფლებაზე მსჯელობისას წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები წარუდგინა მოსწავლეებს თვალსაჩინო მასალად.

 

25
თემები:
მსოფლიო დღეს
ვლადიმერ ბორცვაძე

ბორცვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა მძევალი უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში

0
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შსს და ყველა სამართალდამცავი ორგანო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ  ოჯახებში, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან.

დღეს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ოცამდე – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი. რამდენიმე მძევალი თავდამსხმელმა უკვე გაათავისუფლა.

ბორცვაძემ  უარი განაცხადა მოლაპარაკებების დეტალების დაზუსტებაზე და მედიის წარმომადგენლებს სთხოვა, შემთხვევის ადგილი პირდაპირ ეთერში არ გადასცენ.

„ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს და ზიანი რომ თავიდან ავიცილოთ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ, პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილისა და მიმდებარე ტერიტორიის გაშუქებისგან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში