ქირურგიული ოპერაცია

ქირურგებმა დასაკეცი დანასავით მოხრილ პაციენტს ძვლები დაუმტვრიეს და წელში გამართეს ვიდეო

1177
(განახლებულია 20:48 23.09.2020)
კაცმა 25 წლის შემდეგ პირველად დაინახა დედის სახე, რომელიც ამ ხნის განმავლობაში საოცრად დაბერებულიყო და გაჭაღარავებულიყო...

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. პაციენტს, რომელიც წელში დასაკეცი დანასავით იყო მოხრილი და ამის გამო მისი სიმაღლე მხოლოდ 90 სმ-ს შეადგენდა, ჩინელმა ქირურგებმა უნიკალური ოპერაცია ჩაუტარეს, იუწყება გამოცემა daily mail. 

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 46 წლის ლი ჰუაზე, რომელსაც 18 წლის ასაკში „ბეხტერევის დაავადების“ სახელწოდებით ცნობილი მაანკილოზებელი სპონდილიტი დაეწყო. ეს პათოლოგია უფრო ხშირად ხერხემალს ეხება: მალები ერთმანეთს ეზრდება, მოძრაობის უნარს კარგავს და ხერხემალი ძლიერ მრუდდება.  

​მაგრამ ლი ჰუას შემთხვევაში ავადმყოფობა იმდენად აგრესიული გამოდგა, რომ კაცი ზუსტად შუაზე მოხარა და დასაკეც დანას დაამსგავსა. მისი სახე თეძოებს დაებჯინა ისე, რომ პირსა და ფეხებს შორის ორ სანტიმეტრამდე მანძილიღა დარჩა. ლი ჰუას მხოლოდ საწრუპის მეშვეობით შეეძლო წყლის დალევა და საკვების მიღება.

მთელი 28 წლის განმავლობაში კაცს დედა უვლიდა, რომელმაც ამ ხნის განმავლობაში ურიცხვი სამედიცინო დაწესებულება მოიარა, მაგრამ ამაოდ: მისი შვილის ხერხემლის დეფორმაცია ძალიან მძიმე იყო.

სინათლე გვირაბის ბოლოს მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ლი ჰუას შენჩჟენის უნივერსიტეტის ჰოსპიტლის სპეციალისტებმა მიაქციეს ყურადღება.

ირკვევა, რომ „პაციენტი–დასაკეცი დანა“ ქირურგ ტაო ჰიურენთან გასული წლის ივნისში მოხვდა. მკურნალობის გეგმას ექიმები ორი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ. დადგინდა, რომ შველა მხოლოდ ოთხი ოპერაციის სერიით შეიძლებოდა, რა დროსაც თავდაპირველად ძვლები უნდა დაემტვრიათ პაციენტისთვის, მერე კი თავიდან აეწყოთ მისი ჩონჩხი.

პირველი ოპერაცია შარშან, 15 აგვისტოს ჩატარდა და სამი საათი მიმდინარეობდა. ამ დროს ექიმებმა პაციენტის პირი და თეძოები დააშორიშორეს, რათა ლი ჰუას სამედიცინო აპარატურაზე მიერთება გამხდარიყო შესაძლებელი — უფრო ხანგრძლივი და რთული ოპერაციებისთვის.   

მეორე ოპერაციის დროს ქირურგებმა პაციენტის ხერხემლის კისრის განყოფილება დაამტვრიეს და თავიდან ააწყეს, რასაც 6 საათი მოანდომეს. ამ დროს ლი ჰუამ ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ ოპერაცია მაინც წარმატებით დასრულდა და, პირველად 25 წლის განმავლობაში, კაცმა თავი ასწია.

„ოპერაციის შემდეგ, როგორც იქნა, დედაჩემის სახე დავინახე. დაბერებულა და გაჭაღარავებულა ჩემზე ზრუნვისგან. ძალიან შემეცოდა. მთელი ცხოვრება ჩემი მოვლის მეტი არაფერი გაუკეთებია. იმედი მაქვს, მალე გამოვჯანმრთელდები და ტვირთს შევუმსუბუქებ“, — ამბობს ლი ჰუა.

მკურნალობის მესამე ეტაპი ყველაზე რთული გამოდგა. ექიმები 10 საათის განმავლობაში ამტვრევდნენ და თავიდან აწყობდნენ ლი ჰუას წელის ძვლებს. ამის შემდეგ კაცი, პირველად ყმაწვილობის შემდეგ, წელგამართული დაწვა საწოლში.

ბოლო, მეოთხე ოპერაციის დროს ექიმებმა პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსრები შეუცვალეს, რათა მას ადგომა და სიარული შეძლებოდა. ამ მანიპულაციას შვიდი საათი დასჭირდა, რითიც 31 ოქტომბერს მკურნალობის ქირურგიული ნაწილი დასრულდა.

დაიბადა ბავშვი ორი პირითა და ორი ენით – ვრცელდება ფოტოები>>

ამის შემდეგ კი დაიწყო სამკურნალო ფიზკულტურისა და ფიზიოთერაპიის მრავალთვიანი კურსები, რათა ატროფირებული კუნთები აღდგენილიყო. მკურნალობის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ლი ჰუა საავადმყოფოდან გამოწერეს და, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ისევ ყავარჯნებით დადის, ექიმები ირწმუნებიან, რომ ის დაახლოებით სამ თვეში დამოკიდებლად მოძრაობას შეძლებს.

ყოველ შემთხვევაში, ახლა უკვე ბედნიერ დედას სჯერა, რომ მისი შვილი, რომელმაც დასაკეცი დანის პოზაში 25 წელი გაატარა, მალე დაქორწინდება და შვილიშვილების გაზრდასაც მოასწრებს.

 

1177
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (536)
შონ კონერი

გარდაიცვალა შონ კონერი

60
(განახლებულია 17:01 31.10.2020)
შონ კონერი გადაღებულია 70–ზე მეტ ფილმში, იყო „ოსკარის“,BAFTA–ს ორგზის და „ოქროს გლობუსის“ სამგზის ლაურეატი

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ბრიტანელი მსახიობი შონ კონერი, რომელიც განსაკუთრებით ჯეიმს ბონდის როლის გამო შეიყვარა მაყურებელმა, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება BBC.

​შონ კონერი 1930 წლის 25 აგვისტოს დაიბადა შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში. ის გადაღებულია 70–ზე მეტ ფილმში, თუმცა ყველაზე მეტი პოპულარობა მას „ბონდიანამ“ მოუტანა.

შონ კონერი იყო „ოსკარის“,BAFTA–ს ორგზის და „ოქროს გლობუსის“ სამგზის ლაურეატი.

 

60
მეცნიერები ლაბორატორიაში

კორონავირუსმა უცნაური დადებითი თვისება გამოავლინა: მეცნიერული კვლევა

220
(განახლებულია 15:01 31.10.2020)
ამერიკელი მეცნიერები აპირებენ დეტალურად შეისწავლონ ვირუსის ეს თვისება, ვინაიდან ის შესაძლოა ძალიან საჭირო გამოდგეს ანესთეზიოლოგებისთვის

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუს SARS-CoV-2–ს უჩვეულო დადებითი თვისება აღმოაჩნდა — მას ტკივილის ჩახშობა შეუძლია, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომლეთა კვლევის შედეგებიც სამეცნიერო ჟურნალ Pain–შია გამოქვეყნებული.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ანესთეზიის ეფექტს წარმოქმნის S-ცილის (რომელიც კორონავირუსს ადამიანის უჯრედებში შეღწევის საშუალებას აძლევს) შენაერთი რეცეპტორ ACE2–თან და ასევე სხვა ნივთიერებებთან.

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ იმ სიგნალების გადაცემა, რომლებიც ტკივილის შეგრძნებებზე აგებს პასუხს, ნეიროპილინ–1–ისა და ცილა VEGF-A–ს მეშვეობით ფერხდება.

ამერიკელი სწავლულების ვარაუდით, სწორედ ეს შეიძლება იყოს COVID-19–ის უსიმპტომოდ მიმდინარეობის მიზეზი, რა დროსაც ავადმყოფი პრაქტიკულად ვერ გრძნობს შეუძლოდ ყოფნას.

ახლა მკვლევარები აპირებენ, უფრო დეტალურად შეისწავლონ ნეიროპილინ–1, ვინაიდან მისი თვისებები შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს ანესთეზიოლოგებისთვის.

მანამდე მეცნიერთა ორმა ჯგუფმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩაატარეს კვლევები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახალი კორონავირუსი მის წინამორბედებთან შედარებით უფრო აგრესიული იმიტომაა, რომ ის უჯრედებში შესაღწევად რეცეპტორ ნეიროპილინ-1-ს იყენებს. 

220
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (536)
ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს აქტიურ კონსულტაციებს მთავრობის ფორმირებაზე

0
ოთხივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო.

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. ოპოზიციური ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მთავრობის ფორმირებისთვის ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს, განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ყველა ეგზიტპოლის შემაჯამებელი მონაცემები ცნობილია >>

ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ეგზიტპოლების მონაცემებით, ბლოკმა „ძალა ერთობაშია“, რომლის ლიდერია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ამომრჩეველთა ხმების 24%-დან 33%-მდე მოიპოვა. ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ – 40%-დან 54%-მდე.

უდუმაშვილის თქმით, წინასწარი დათვლის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს.

„არა მხოლოდ სანდო ეგზიტპოლებით, არამედ წინასწარი დათვლის შედეგებითაც უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ არის უმცირესობაში და ოპოზიცია იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში. ახლა მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი საარჩევნო უბნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო გაყალბების მცდელობის მეორე ტალღა“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი განცხადებით, ოპოზიცია იწყებს აქტიურ კონსულტაციებს მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის მთავრობის ფორმირებაზე.

ოთხივე ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო. თუმცა,  ოპოზიციური ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ხმები მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის.

მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების არანაკლებ 50% სჭირდება,  წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციას თეორიულად შეუძლია შექმნას კოალიცია და მთავრობის ფორმირების უფლება მიიღოს, „ქართული ოცნება“ კი უმცირესობაში აღმოჩნდება.

არჩევნებში 55 პარტია მონაწილეობდა, მათგან შვიდი ორ ბლოკში – „ძალა ერთობაშია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. პირველ ბლოკში გაერთიანებული იყო ხუთი პარტია, მეორეში ორი.

პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%–ს შეადგენდა, ბლოკებისთვის იმდენი პროცენტი, რამდენი პარტიაც შედის ბლოკში. ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ახალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.

პარლამენტში 120 ადგილისთვის პროპორციული სისტემით პარტიებიდან და ბლოკებიდან 6 880 კანდიდატი იბრძვის – 1 ადგილზე 57 ადამიანია პრეტენდენტი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით საკანონმდებლო ორგანოში სამი პარტია შევიდა.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020