ზურგის მასაჟი

ზურგში ტკივილები საშიში დაავადების ნიშანია: ბრიტანელი ექიმები

122
(განახლებულია 16:41 23.09.2020)
სპეციალისტების თქმით, ზურგში ტკივილები შესაძლოა სულაც არ იყოს მალთაშორისი დისკოების დაავადება და ეს სასიკვდილოდ საშიშ დაავადებაზე მიანიშნებდეს.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ტკივილები ზურგში შესაძლოა კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს განვითარებაზე მიანიშნებდეს, იუწყება გამოცემა Express კიბოს კვლევის საქველმოქმედო ფონდ Cancer Research UK-ს სპეციალისტებზე დაყრდნობით.

ექიმების თქმით, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, გამომდინარე ამ ოგანოს მდებარეობიდან, რთულად გასარჩევია მალთაშორისი დისკოების დაავადებისგან. ამასთან ტკივილები შეიძლება დაიწყოს მუცლის არეში და მხოლოდ ამის შემდეგ გავრცელდეს ზურგზე.

„დისკომფორტი ძლიერდება, როდესაც ადამიანი ჰორიზონტალურ მდგომარეობას იღებს, და სუსტდება ჯდომის დროს. მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს ჭამის შემდეგ. ეს ყველაფერი გარკვეული ნერვების დაზიანების თავისებურებებს უკავშირდება“, — განმარტავენ ექიმები.

სპეციალისტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ზურგში გამუდმებული ტკივილები აქვს და ამასთან ეს არც შესაბამისი ტრავმებით ან ფიზიკური დატვირთვებით არ არის გამოწვეული, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

122
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (534)
დონალდ ტრამპი

ტრამპმა ლტოლვილების ლიმიტი რეკორდულად შეამცირა: რამდენ კაცს მიიღებს აშშ მომავალ წელს

9
(განახლებულია 14:35 28.10.2020)
ლტოლვილების მიღების ლიმიტი შეერთებულ შტატებში ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში წელიწადში 110 ათას კაცს აღწევდა

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2021 წლისთვის ლტოლვილების მიღების ლიმიტი რეკორდულად შეამცირა და 15 ათას ადამიანამდე დაიყვანა. შესაბამისი მემორანდუმი თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„2021 ფინანსური წლისთვის ლტოლვილების 15 ათასამდე შემცირება ეროვნული ინტერესების შესაბამისი ჰუმანიტარული და სხვა მოსაზრებებით არის განპირობებული“, — ნათქვამია დოკუმენტში.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ ლტოლვილებს აღარ მიიღებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: იემენი, სირია და სომალი. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, გამონაკლისი შეიძლება დაიშვას მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, „რომელთა მდგომარეობაც განსაკუთრებულ ჰუმანიტარულ შფოთვას იწვევს“.

იმის თაობაზე, რომ აშშ–ის ხელისუფლება მომავალი წლისთვის ლტოლვილების ლიმიტის შემცირებას აპირებდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა. როგორც უწყების განცხადებაში იყო ნათქვამი, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყნის ლიდერი „ამერიკელების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნავს“, განსაკუთრებით, COVID-19–ის პანდემიის ფონზე.

როგორც ტელეარხი CNN–ი იუწყებოდა მაშინ, ლტოლვილების ახალი ლიმიტი ისტორიული მინიმუმია აშშ–სთვის, ვინაიდან ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ეს მაჩვენებელი წელიწადში 110 ათას კაცს აღწევდა.

 

9
თემები:
მსოფლიო დღეს
ვიტამინები თეფშზე

წვავს ცხიმს: მეცნიერებმა დაადგინეს ვიტამინი, რომელიც წონის დაკლებას უწყობს ხელს

40
(განახლებულია 13:48 28.10.2020)
ავსტრიელი მეცნიერების თქმით, ამ ვიტამინის დიდი რაოდენობით მიღება, მით უმეტეს, ექიმის დანიშნულების გარეშე, დაუშვებელია

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. არსებობს ვიტამინი, რომელსაც ცხიმების წვის უნარი აქვს, აცხადებენ ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარები, რომელთა ნაშრომიც MedicalXpress-ზეა გამოქვეყნებული.

ავსტრიელი სწავლულების თქმით, ეს A-ვიტამინია, რომელიც სიცივეში თეთრ ცხიმს რუხ ცხიმად გარდაქმნის.

ცნობილია, რომ ადამიანის სხეული ყველაზე მეტი რაოდენობით თეთრ ცხიმს შეიცავს, რომელიც ძირითადად გვერდების, თეძოებისა და მუცლის არეში გროვდება. ცივ ამინდებში კი ორგანიზმი იწყებს A ვიტამინის მარაგის გაზრდას. ამის შედეგად იწყება რუხი ცხიმის სინთეზი, რომელიც მეტაბოლურ აქტივობასა და ენერგიის მოხმარებას ზრდის.

„ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ვიტამინი A მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმოვანი ქსოვილის ფუნქციონირებაში და გავლენას ახდენს გლობალურ ენერგეტიკულ ცვლაზე“, — ნათქვამია სამეცნიერო სტატიაში.  

ამასთან მეცნიერები მოგვიწოდებენ, არავითარ შემთხვევაში არ მივიღოთ დიდი რაოდენობით A ვიტამინი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ექიმს არ დაუნიშნავს. მათი თქმით, აუცილებელია, რომ ნივთიერება ორგანიზმში საჭირო დროსა და საჭირო უჯრედებში მოხვდეს.

ავსტრიელი სწავლულები აცხადებენ, რომ სიმსუქნესთან ბრძოლის მიზნით, მომავალში ჭარბ წონაზე სიცივის გავლენის შესწავლას გეგმავენ.

 

40
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (534)
ზუგდიდი

ბადრი ესებუას მამა პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

0
(განახლებულია 14:10 28.10.2020)
ტარიელ ესებუას სჯერა, რომ მისი შვილი მომხდარ ფაქტში უდანაშაულოა და იმედოვნებს, საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული და სიმართლე გაირკვევა.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.

ტარიელ ესებუას განცხადებით, მისი შვილი მომხდარ ფაქტში უდანაშაულოა და იმედოვნებს, საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული და სიმართლე გაირკვევა. 

როგორც ეჭვმიტანილის ოჯახის წევრებმა მედიასთან  გუშინ განაცხადეს, ბადრი ესებუა სახლიდან 21 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე გავიდა და თბილისში ექიმთან გაემგზავრა. თავდასხმის შემდეგ ბადრი ესებუა სახლში აღარ გამოჩენილა. ტარიელ ესებუას განმარტებით, მისი შვილი სახლში დაბრუნებას დღეს გეგმავს. 

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

26 ოქტომბერს, გვიან ღამით პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ბადრი ესებუას და მისი ნათესავების სახლებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში, სადაც ეჭვმიტანილი მუშაობდა, ჩხრეკა განახორციელა, თუმცა უწყება არ აზუსტებს, რაიმე სახის მტკიცებულებები ამოიღეს თუ არა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიციკაცია მისცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დამნაშავის ძებნის ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

 

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა