პარანალის ობსერვატორიიდან გადაღებული „პლანეტების პაემანი“: მთვარე იუპიტერსა და ვენერას შორის

იუპიტერზე მძვინვარებს გრიგალი, რომელსაც „დედამიწის ჩაყლაპვა“ შეუძლია: ვრცელდება ვიდეო

173
(განახლებულია 15:03 21.09.2020)
სპეციალისტების თქმით, იუპიტერზე დაფიქსირებული საშინელი ძალის გრიგალი საათში 650 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის კოსმოსური სააგენტო NASA-ს ექსპერტებმა ტელესკოპ Hubble-ის მეშვეობით პლანეტა იუპიტერზე უნიკალური წითელი და თეთრი გრიგალების ფოტოები გადაიღეს და საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნეს.

View this post on Instagram

A post shared by Hubble Space Telescope (@nasahubble) on

სპეციალისტების თქმით, წითელი გრიგალი, რომელიც საკმაოდ ძლიერია, იმდენად, რომ შეუძლია „დედამიწა ჩაყლაპოს“, ამ დროისათვის უკვე შემცირებისკენ მიდის.

იმავდროულად მის ქვემოთ ფიქსირდება მეორე გრიგალიც, რომელიც კვლავ მრისხანებს და ფერს იცვლის (ამ დროისათვის ის თეთრია). თუმცა ის მნიშვნელოვნად სუსტია პირველზე.

„Hubble-ის ახალ უნიკალურ და შთამბეჭდავ ფოტოზე ჩანს კაშკაშა თეთრი გრიგალი ჩრდილოეთ განედზე, რომელიც საათში 650 კმ სიჩქარით მოძრაობს“, — ნათქვამია Hubble-ის ოფიციალურ საიტზე.

აღნიშნული ფოტო მიმდინარე წლის 25 აგვისტოსაა გადაღებული, როდესაც იუპიტერი დედამიწიდან 653 მლნ კილომეტრით იყო დაშორებული.

 

173
თემები:
მსოფლიო დღეს (2152)
ავთანდილ წიწუაშვილი

ორი ქვეყნის სიყვარული როგორ გახდა ყოფილი კომაროველი ისრაელის უშიშროების მაღალჩინოსანი

1064
(განახლებულია 18:59 19.10.2020)
სულ ახლახან ისრაელში COVID-19-ით გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ებრაელი, კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი ავთანდილ წიწუაშვილი.

მისი ცხოვრების გზა, რომელიც საქართველოში დაიწყო, საკმაოდ გამორჩეული და შთამბეჭდავია. თავს მოვალედ ვთვლით, რომ ამ მასალით გავიხსენოთ ეს პიროვნება და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას.

ავთო წიწუაშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისში კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, მისი დამთავრებისთანავე, 1973 წელს ოჯახთან ერთად ისრაელში გადასახლდა. სწავლობდა იერუსალიმის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, ოთხი წელი ჯარში იმსახურა და ისრაელის საჰაერო ძალების ოფიცერი იყო. მოგვიანებით სამსახური ისრაელის უშიშროების სააგენტოში (ISA) დაიწყო...

შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, ავთანდილ წიწუაშვილი იცხაკ ილანი ხდება და მისი თავბრუდამხვევი კარიერაც უკვე ამ სახელსა და გვარს უკავშირდება.

ისრაელის უშიშროების სააგენტოში მან 31 წელი იმუშავა და არაერთი ჯაშუში გამოავლინა. 2010-2011 წლებში ის ისრაელის უშიშროების სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო. ჩვენ დავუკავშირდით მისი ბავშვობის მეგობრებს, ყოფილ კომაროველებს, ბატონ თამაზ მედოიძესა და ბატონ ავთანდილ გელაძეს და მეგობარზე ამბების გახსენება ვთხოვეთ.

თამაზ მედოიძე ფიზიკოსი, ყოფილი კომაროველი.
თამაზ მედოიძე ფიზიკოსი, ყოფილი კომაროველი.

- ბატონო თამაზ, თქვენ ერთად სწავლობდით კომაროვის სკოლაში, რას გაიხსენებდით ავთანდილ წიწუაშვილზე?

- ჩვენ კომაროვის მეათე გამოშვება ვართ. ჩვენი სკოლის დამაარსებელი და დირექტორი ვალერიან მელაძე ზედმეტად მკაცრი ადამიანი იყო, თუმცა ეს სიმკაცრე ასეთი რანგის სკოლისთვის ალბათ აუცილებელიც იყო. ბატონ ვალერიანს ასეთი სისტემა ჰქონდა: ის საუკეთესო ხუთი კლასიდან ერთს არჩევდა და მერე ამ არჩეული კლასის ნახევარს თავად ასწავლიდა, ბავშვებს თან გვყვებოდა. მისი შეფასებით, ავთო წიწუაშვილი ათივე გამოშვების საუკეთესო მოსწავლე იყო. მახსოვს, ავთოს დედა, ქალბატონი შუშანა ყოველ კვირა თბილისში ჩამოდიოდა და პროდუქტები ჩამოჰქონდა. იქიდან გავიგე პირველად ებრაელების მაცა. ავთო ძალიან ტრადიციული ებრაული ოჯახიდან იყო.

ავთანდილ წიწუაშვილი
ავთანდილ წიწუაშვილი

- ვიცი, რომ მისი წინაპრები ქართველი ებრაელი რაბინები იყვნენ…

- სხვათა შორის, ამის შესახებ ახლა გავიგეთ, მანამდე არაფერი უთქვამს. კომუნისტების დროს ამის თქმა არ  შეიძლებოდა. როცა სოციალურ ქსელებში გავიხსენე, რომ ის საუკეთესო იყო, იმდენად თავმდაბალი ადამიანი გახლდათ, რომ შემდეგ დამიკავშირდა და მსუბუქად მისაყვედურა, ასე რატომ დაწერეო. მე ვუთხარი, სიმართლე დავწერე, ტყუილი არ მითქვამს–მეთქი.

- როდის გაიგეთ, რომ საქართველოდან მიდიოდა?

- ჩვენი ბოლო შეხვედრა შემიძლია გავიხსენო: მაშინ საბუთები შემქონდა უმაღლესში, მაგრამ ზუსტად არ მქონდა გადაწყვეტილი, რომელ ფაკულტეტზე შემეტანა. როცა კომაროველების სიას გადავხედე, ვინ სად აბარებდა, ავთო ვერც ერთ მათგანში ვნახე. გამოსვლისას, კარებში რომ შემხვდა, გაოცებულმა ვკითხე, შენ ხომ პრობლემა არ გექნებოდა, რატომ არ შეიტანე განცხადება–მეთქი. მას ცრემლები წამოუვიდა და მითხრა, საქართველოდან მივდივარო, თან ჯიბიდან საზღვარგარეთის პასპორტი ამოიღო და მაჩვენა. ეს იყო 1973 წელი.

ავთო წიწუაშვილი კომაროვის სკოლის მოსწავლეებს შორის
ავთო წიწუაშვილი კომაროვის სკოლის მოსწავლეებს შორის

- ანუ ისრაელში დიდი ალიას დროს ავიდა?

- დიახ, მისი ოჯახი პირველი იყო მათ შორის, ვინც მაშინ ისრაელში წავიდა. აი, სწორედ მაშინ დავკარგეთ ავთო და მის კვალს ვერსად მივაგენით. მე უმაღლესი სასწავლებელი გერმანიაში დავამთავრე და როცა ჩამოვედი, მას მერე სულ ვეძებდი. ერთხელ მეგობრებმა ისრაელის გაზეთებშიც კი გამოვაქვეყნეთ სტატია, რომ ავთო წიწუაშვილს ვეძებდით, მაგრამ ამაოდ, ავთო არსად იძებნებოდა... როგორც კი ინტერნეტი და საძიებო სისტემა გაჩნდა, იქაც დავუწყეთ ძებნა. ყველანი დარწმუნებული ვიყავით, რომ ავთო წიწუაშვილი პროფესორი, დიდი მეცნიერი გახდებოდა და სადმე სამეცნიერო სფეროში იქნებოდა.

- თუმცა იმ პერიოდისთვის ის უკვე იცხაკ ილანი იყო...

- რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებაც არაფერი ვიცოდით... 2006 წელს ავთო მეუღლესთან ლიასთან და უფროს ვაჟთან იონათამთან ერთად თბილისში ჩამოვიდა. არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, სოხუმელი ებრაელი. მაშინ გვითხრა, ის გაზეთი მე წავიკითხე და ვიცოდი, რომ მეძებდით, მაგრამ უფლება არ მქონდა შეგხმიანებოდითო. სწორედ მაშინ გავიგეთ, რომ თურმე ისრაელის უშიშროებაში მუშაობდა. ჩვენთან შეხვედრის დროს საიდუმლო სამსახურიდან უკვე წამოსული იყო და საქართველოში ჩამოსვლა თავისუფლად შეეძლო. თუმცა თავის საქმიანობაზე მაშინაც არაფერს ამბობდა. როცა ვეკითხებოდით, სად მუშაობო, ზოგადად გვეუბნებოდა – სახელმწიფო სამსახურში ვარო.

ავთო წიწუაშვილი კომაროვის სკოლის იუბილეზე
ავთო წიწუაშვილი კომაროვის სკოლის იუბილეზე

- კომაროველების შეხვედრაზე როგორ აღმოჩნდა?

- ჩვენ, კლასელები, ყოველი წლის შემოდგომაზე ვიკრიბებით. წელს კოვიდის გამო ვერ მოვახერხეთ. ერთი ასეთი შეხვედრის მერე კომაროვის მაშინდელმა დირექტორმა დაგვირეკა და გვითხრა, ავთოა წიწუაშვილი ჩამოსულიო. ასე რომ, ერთი კვირის შემდეგ ჩვენ ისევ შევიკრიბეთ, ამჯერად ავთოსთან ერთად და რესტორანში წავედით. იქიდან დაიწყო ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის აღდგენა, ასე გამოგვიჩნდა დაკარგული ავთო. მშვენიერ ფორმაში იყო, ერთადერთი, ქართულად ივრითული აქცენტით საუბრობდა და სერიოზულად ჰქონდა დავიწყებული, მაგრამ შვილი და მეუღლე წმინდა ქართულით ლაპარაკობდნენ. საერთოდ, ქართული მისმა სამივე შვილმა კარგად იცის და ეს ძალიან დასაფასებელია. მაშინ გვითხრა, როცა საქართველოდან მივდიოდით, დედამ აქედან მთელი ბიბლიოთეკა წამოიღო, ჩემს შვილებს ის წიგნები აქვთ წაკითხული და ლიტერატურული ქართულით ამიტომ ლაპარაკობენო. მისი ერთი ვაჟი სამხედრო პირი, ჩინით მაიორი იყო. უმცროსი ვაჟი კი ისრაელის ჩემპიონი მათემატიკის ხაზით. ავთო იცინოდა – ხომ იცით, ისრაელში რა ბევრი ჭკვიანი ადამიანია, ჩემი ბიჭი კი ისრაელის ჩემპიონია მათემატიკაშიო.

ავთანდილ წიწუაშვილი (იცხაკ ილანი) და კომაროვის სკოლის მაშინდელი დირექტორი, გელა მანელიძე სკოლის დამთავრების 40 წლის იუბილეზე
ავთანდილ წიწუაშვილი (იცხაკ ილანი) და კომაროვის სკოლის მაშინდელი დირექტორი, გელა მანელიძე სკოლის დამთავრების 40 წლის იუბილეზე

- რას გაიხსენებთ მის ძმაზე, რომელიც ისრაელის გმირი იყო?

- მისი ძმა, ბადრი წიწუაშვილი არანაკლებ საამაყო პიროვნება იყო. მასაც კომაროვი ჰქონდა დამთავრებული. ავთოზე სამი წლით უფროსი იყო, სამწუხაროდ, ისიც დაღუპულია. როცა ისრაელს სარაკეტო თავდასხმების პრობლემა ჰქონდა, ბადრი მუშაობდა საჰაერო თავდაცვის რაკეტების პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რისთვისაც გმირობა მიანიჭეს.  

- კოვიდის დროს ონლაინ შეხვედრა თუ გქონდათ?

- დიახ, ბოლოს ონლაინ–შეხვედრა მაისის თვეში, კორონას დროს შედგა. როცა ერთმანეთს ინტერნეტით დავუკავშირდით, ყველას წინ ჩვენ-ჩვენი ღვინო გვედგა. ავთო ძალიან კარგ ფორმაში იყო. ამბობდა, კორონას მხრივ საქართველოში სიტუაცია ისე კარგად არის, რომ ისრაელსაც ჯობნით და ეს ქართველი ექიმების დამსახურებააო. საოცრად უყვარდა აქაურობა. მისი ასე ნაადრევად წასვლა ძალიან გულდასაწყვეტია, ეს იყო საქართველოსა და ისრაელისთვის ერთნაირად საამაყო კაცი... 

ავთო გელაძე - ფიზიკოსი, ავთანდილ წიწუაშვილის მეგობარი, ყოფილი კომაროველი.

- ბატონო ავთო, რას გაიხსენებთ თქვენს მეგობარზე?

- მე და ავთო მეშვიდე კლასიდან მოვდიოდით ერთად. ეს იყო საოცრად ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ზედაპირულად არაფერს განიხილავდა, ყველა საკითხს ფუნდამენტურად უდგებოდა. უდიდესი სტრატეგი იყო და ცხოვრებაში ნაჩქარევ დასკვნებს არ აკეთებდა. მოზომილი იყო, ემოციების გამოხატვა ბავშვობაშიც უჭირდა. ბოლოს, როცა 2006 წლის ოქტომბერში გამოჩნდა, ამდენი წლის მერე, ეს იყო საქართველოში მისი პირველი ჩამოსვლა. მაშინ ყველა კუთხე მოიარა, ნახა კახეთი, დასავლეთ საქართველო, გორი, სადაც ნათესავები ჰყავდა. პირველ რიგში მშობლიურ სურამში ჩავიდა. მოკლედ, ჩვენ ურთიერთობა, რომელიც 2006 წელს აღვადგინეთ, ბოლომდე არ გაგვიწყვეტია.

ავთანდილ გელაძე - ფიზიკოსი, ყოფილი კომაროველი
ავთანდილ გელაძე - ფიზიკოსი, ყოფილი კომაროველი

- მასთან დაკავშირებულ რომელიმე ამბავს ხომ ვერ გაიხსენებთ?

- ავთომ კომაროვი ოქროს მედალზე დაამთავრა, სხვათა შორის, კომაროვს ოქროს მედალზე ძალიან ცოტა ადამიანი ამთავრებს, საკმაოდ რთულია. მაშინ სულ ორი მედალოსანი გვყავდა. ავთო სკოლის დამთავრებიდან ისე სწრაფად გაემგზავრა საქართველოდან, რომ მედლის გარეშე წასვლა მოუწია. საქმე ისაა, რომ კომაროვის მედალს სკოლის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ გვაძლევდნენ, ავთო კი ამ დროს ფიზიკურად აღარ იყო საქართველოში და ამიტომ მედალს ვერ წაიღებდა. ამის შემდეგ მსოფლიო მოიარა, გენერალი გახდა და, ეტყობა, ეს ამბავი გულში ხინჯად ჰქონდა, რადგან კომაროვის მედალი მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. 2000 წელს მან საქართველოს განათლების სამინისტროს მოსწერა ამის თაობაზე და მათ ეს მედალი გაუგზავნეს. როცა ისრაელში ავთოსთან ვიყავი სტუმრად, მაშინ უკვე გენერალი იყო, ვნახე, რომ მის ოჯახში სხვა ჯილდოებთან ერთად საპატიო ადგილზე კომაროვის ოქროს მედალიც იყო.  

- საქართველოში დაბრუნებაზე არაფერი უთქვამს?

- ვიცი, რომ აქეთ დაბრუნებას ნამდვილად აპირებდა, რადგან საქართველო და ქართველები სიგიჟემდე უყვარდა...

 

1064
COVID-19-ის ტესტის აპლიკატორი პაციენტის ფილტვში აღმოჩნდა: რა გახდა მიზეზი

COVID-19-ის ტესტის აპლიკატორი პაციენტის ფილტვში აღმოჩნდა: რა გახდა მიზეზი

140
(განახლებულია 18:16 19.10.2020)
ირკვევა, რომ კორონავირუსის ტესტის ჩასატარებელი ზოგი აპლიკატორი სპეციალურად მზადდება ისე, რომ ზედმეტი ნაწილი იოლად მოტყდეს და აუცილებელი ფრაგმენტი თავისუფლად მოთავსდეს სინჯარაში.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ექიმებმა პაციენტს ფილტვიდან COVID-19-ზე ტესტის აპლიკატორი ამოუღეს, რომელიც ორგანოში გაუფრთხილებლობით მოხვდა, ნათქვამია BMJ Case Reports-ის ანგარიშში. 

გავრცელებული ინფორმაციით, 51 წლის ქალს საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს, რა დროსაც სპეციალური მილაკი — ტრაქეოსტომა ჩაუდგეს სასუნთქ მილში. საავადმყოფოდან გამოწერის წინ მედიკოსები ვალდებული იყვნენ შეემოწმებინათ პაციენტი კორონავირუსზე. გამომდინარე იქიდან, რომ ქალს ტრაქეოსტომა ედგა, ექიმებმა ნაცხი სასუნთქი მილაკიდან აუღეს და უბედური შემთხვევაც ამ დროს მოხდა: ტესტის აპლიკატორი გადატყდა და პაციენტის ორგანიზმში გაუჩინარდა.

რენტგენმა დაკარგული ნაწილი ვერ აღმოაჩინა, რის შემდეგაც პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს და ტესტის ფრაგმენტს მარჯვენა ფილტვში მიაგნეს.

საბედნიეროდ, ექიმებმა აპლიკატორის ამოღება წარმატებით მოახერხეს.

როგორც გამოცემა Daily Star აზუსტებს, კორონავირუსის ტესტის ჩასატარებელი ზოგი აპლიკატორი სპეციალურად მზადდება ისე, რომ ნაცხის აღების შემდეგ ზედმეტი ნაწილი იოლად მოტყდეს და აუცილებელი ფრაგმენტი თავისუფლად მოთავსდეს სინჯარაში.

140
თემები:
მსოფლიო დღეს (2152)
ფოტოლენტა

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ისტორია–კინო–ისტორია“ ჩაეშვა

0
(განახლებულია 08:32 20.10.2020)
პლატფორმის პრაქტიკაში გამოყენება მოხდება პროექტის პარტნიორ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, პროექტ „კინოსკოლის“ ფარგლებში.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik.  საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ისტორია–კინო–ისტორია“ დაიწყო, რომელიც ხელს შეუწყობს ისტორიის კინოჩვენებების დახმარებით შესწავლას, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრი. 

წელს ეროვნული კინოცენტრის პროექტმა მედიაპროგრამის კონკურსში „შემოქმედებითი ევროპა“ გაიმარჯვა და გრანტის სახით  205 ათასი ევრო მოიპოვა.   ეს პირველი შემთხვევაა პროგრამასთან თანამშრომლობის მანძილზე, როდესაც საქართველომ, როგორც ლიდერმა ქვეყანამ გაიმარჯვა. კონკურსში სულ 23 პროექტი მონაწილეობდა, რომელთაგან მხოლოდ ხუთმა მიიღო უმაღლესი შეფასება და გამარჯვებულის სტატუსი.

 „ისტორია–კინო–ისტორია“ კინოხელოვნების საგანმანათლებლო პოტენციალის გამოყენების ახალ შესაძლებლობას იძლევა. პროექტის ფარგლებში მასალები შეიქმნება ორი მიმართულებით: მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის სწავლება ფილმების გამოყენებით და კინოს, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების, ისტორიის სწავლება.

მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ევროპის ისტორიისა და ევროპული კინოს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს. სწავლის პროცესში გამოყენებული ფილმები თუ სხვა ვიზუალური მასალა გაუადვილებთ მათ ეპოქის აღქმას. 

თანამედროვე ეპოქაში ონლაინ–სივრცე და თხრობის აუდიოვიზუალური ფორმა ყველაზე ხშირად გამოიყენება ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისთვის. ამ ფაქტის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში შექმნილ სასწავლო მასალებს ექნებათ ვიდეოლექციების სახე (თეორიულ მასალასთან და სავარჯიშოებთან ერთად), რაც განასხვავებს ახალ პორტალს აქამდე არსებული ამ ტიპის სხვა საგანმანათლებლო რესურსებისგან.

პლატფორმის პრაქტიკაში გამოყენება მოხდება პროექტის პარტნიორ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, პროექტ „კინოსკოლის“ ფარგლებში.

ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმაზე მუშაობა ნოემბერში დაიწყება და სამომავლოდ ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

პროექტი „ისტორია-კინო-ისტორია“ (History-Film-History) – ასე ჰქვია ახალ კინოსაგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნება.

0
თემები:
საქართველო და კულტურა