თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. კომპანია Huawei გაჯეტების დასატენად სრულიად ახალ ტექნოლოგიას ქმნის, რომელიც უხილავი ლაზერით ენერგიის უსადენო გადაცემას ეფუძნება, იუწყება Pocketnow პატენტზე დაყრდნობით, რომელიც უკვე მიიღო კომპანიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით ერთი უსადენო მოდული ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობას დამუხტავს ენერგიით — უბრალოდ იმ სივრცეში ყოფნით, რომელშიც მოდული იქნება განთავსებული.
ასეთ შემთხვევაში აღარც ინდივიდუალური დამტენების ტარება იქნება საჭირო და აღარც აკუმულატორის მდგომარეობაზე შფოთვა, ვინაიდან ენერგიის უსადენოდ გადაცემის მოდული მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს კვებას.
Huawei-ში აცხადებენ, რომ კარგად აცნობიერებენ ლაზერების საფრთხეს ადამიანებისა და ცხოველების მხედველობისთვის, ამიტომ კომპანია ამ დროისათვის იმაზე მუშაობს, რომ დამტენმა სადგურმა თვალების განსაზღვრა შეძლოს და დაიცვას ისინი დაზიანებისგან.
ახალ ტექნოლოგიას ჯერჯერობით სახელი არ აქვს. ამასთან არც ლაზერული დამუხტვის მხარდაჭერის მქონე პირველი გაჯეტების გამოსვლის თარიღია ცნობილი.