სისხლის ანალიზი

ნაპოვნია აივ-ინფექციის სრულად განკურნების მეთოდი: ანტიბიოტიკების ახალი კლასი

129
(განახლებულია 15:38 14.09.2020)
ბოლო მონაცემებით, აივ-ინფიცირებულთა რაოდენობამ 1981 წლიდან (როდესაც პირველი შემთხვევა დაფიქსირდა) მსოფლიოში 60 მლნ ადამიანი შეადგინა.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა მიაგნეს მეთოდს, რომელსაც პოტენციურად შეუძლია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის სრული განკურნება, იუწყება გამოცემა Proceedings of the National Academy of Sciences.

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა მიკრობული სინთეზის LSI-ს პროდუქტების ბიბლიოთეკაში იპოვეს ანტიბიოტიკების კლასი პლეიკომაკროლიდები, რომელსაც აქვს უნარი, დაბლოკოს აივ-ინფექციის „დამხმარე“ ცილა.

საუბარია ცილა Nef-ზე, რომლის დახმარებითაც აივ-ინფექცია თრგუნავს სხვა ცილის – MHC-I-ს აქტიურობას და ამით ხელს უშლის იმუნურ სისტემას, ამოიცნოს ინფიცირებული უჯრედები.

ექსპერიმენტის დროს მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დასნებოვნებული უჯრედების პლეიკომაკროლიდ კონკანამიცინ A-თი დამუშავების შემდეგ ციტოტოქსიკური Т-უჯრედები ინფიცირებული უჯრედების გაწმენდას იწყებდნენ.

ამ დროისათვის მეცნიერები განაგრძობენ კვლევებს შესაბამისი სამკურნალო პრეპარატების შექმნის მიზნით.

ბოლო მონაცემებით, აივ-ინფიცირებულთა რაოდენობამ 1981 წლიდან (როდესაც პირველი შემთხვევა დაფიქსირდა) მსოფლიოში 60 მლნ ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 25 მლნ კაცი, ხოლო დანარჩენები აივ-ინფექციასთან ერთად განაგრძობენ ცხოვრებას. ამ დროისათვის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა და სამკურნალო პრეპარატები არ არსებობს. 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოში სულ სამი პაციენტი განიკურნა აივ-ინფექციისგან. ორ მათგანს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა, მესამემ კი ანტივირუსული პრეპარატებისა და ნიკოტინამიდის აგრესიული კომბინაციის კურსი გაიარა.

129
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (497)
გოგონა დისტანციური გაკვეთილის დროს

სასტიკი მასწავლებელი: პედაგოგს 10 წლის მოსწავლე შემოაკვდა

237
(განახლებულია 18:39 22.09.2020)
ამ დროისათვის სკოლის დირექტორიცა და მათემატიკის მასწავლებელიც საქმიანობას ჩამოშორებული არიან, მიმდინარეობს გამოძიება.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. დაწყებითი სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა მოსწავლე გოგონა ორი არასწორი პასუხისთვის სასიკვდილოდ სცემა, იუწყება მედია Xinhua News Agency-ზე დაყრდნობით.

​გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ჩინეთის პროვინცია სიჩუანში 10 სექტემბერს მოხდა, როდესაც ქვეყანაში მასწავლებლის დღე აღინიშნება.

ირკვევა, რომ გოგონა ტყუპ დასთან ერთად სკოლაში ყვავილების თაიგულით მივიდა, რათა პედაგოგებისთვის, მათ შორის, მათემატიკის მასწავლებლისთვისაც პროფესიული დღესასწაული მიელოცა.

საშინელება კი დაახლოებით 9 საათზე დაიწყო, როდესაც ბავშვმა გაკვეთილზე ორ შეკითხვას მცდარი პასუხები გასცა. მათემატიკის მასწავლებელმა გოგონა მუხლებზე დააყენა და გარდა იმისა, რომ ყურებს უწევდა, თავშიც ურტყამდა. ტყუპი დის თქმით, სასჯელის შემდეგ ბავშვი ფეხზე ვეღარ ადგა და საკუთარ ადგილს მხოლოდ თანაკლასელების დახმარებით დაუბრუნდა.

მომხდარიდან სამი საათის შემდეგ მასწავლებელმა თავად დაურეკა გოგონების ბებიას და აცნობა, რომ ბავშვი ავადმყოფურად გამოიყურებოდა და მისი შინ წაყვანა მოსთხოვა. სკოლაში მისულმა ქალმა კი აღმოაჩინა, რომ შვილიშვილი ვეღარ ლაპარაკობდა და ვერც თვალებს ახელდა.

გოგონა სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს — ბავშვი მალევე დაიღუპა.

ბებიის თქმით, მის შვილიშვილს ძალიან ეშინოდა მათემატიკის ახალი მასწავლებლისა, ვინაიდან ის ხშირად სჯიდა ბავშვებს ფიზიკურად.

ამ დროისათვის პედაგოგიცა და სკოლის დირექტორის ჩამოშორებული არიან საქმიანობას. მიმდინარეობს გამოძიება.

 

237
თემები:
მსოფლიო დღეს
ხმელი აბზინდა

ჯანმომ COVID-19-ის ბალახებით მკურნალობა გადაწყვიტა: აბზინდის ნაყენი კლინიკურად გამოიცდება

60
(განახლებულია 17:11 22.09.2020)
აპრილში ჯანმოს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ იცის, შველის თუ არა აბზინდის ნაყენი COVID-19-ს.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ COVID-19-ის სამკურნალოდ აფრიკული სამკურნალო მცენარეების სამეტაპიან კლინიკურ გამოკვლევას მხარი დაუჭირა, ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე.

აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილატიკის ცენტრის ტრადიციული მედიცინის რეგიონული კომიტეტის ექსპერტებმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ხალხური წამლების ჩართვის საკითხი მას შემდეგ წამოჭრეს, რაც მადაგასკარის პრეზიდენტმა ანდრი რაძუელინამ მათ აბზინდის ნაყენის ტესტირება შესთავაზა. კვლევებით დადგენილია, რომ აღნიშნული სასმელი ეფექტურია მალარიის წინააღმდეგ.

ამ დროისათვის ეს ნაყენი, სახელწოდებით COVID-Organics, ან CVO, ფართოდ გამოიყენება მადაგასკარზე და ასევე მთელ რიგ აფრიკულ ქვეყნებში.

„თუ ტრადიციული მედიცინის პროდუქტი უსაფრთხო, ეფექტური და გარანტირებული ხარისხისა აღმოჩნდება, ჯანმო მას ფართომასშტაბიანი ადგილობრივი წარმოებისთვის რეკომენდაციას მისცემს“, — განაცხადა აფრიკაში ჯანმოს წარმომადგენელმა პროსპერ ტუმუსიმემ.

აღსანიშნავია, რომ აბზინდა დიდი ხანია მედიცინაში გამოიყენება. ის რეფლექტორულად აღაგზნებს მადას და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გამოიყენება პანკრეასის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიებისას. გარდა ამისა, შედის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის გასაუმჯობესებელ წვეთებში, მადისმომგვრელ, მეტეორიზმის საწინააღმდეგო და ნაღვლისმდენ ნაკრებებში. აბზინდა შედის ბრიტანეთის ფარმაკოპეაში, იყენებენ მრავალი ქვეყნის ტრადიციულ მედიცინაში და ჰომეოპათიაში.

 

60
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

0
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

0
თემები:
საქართველო და კულტურა