აშშ. ნიუ-იორკი

როდის აღიდგენს ძალებს ამერიკა COVID-19-ის პანდემიის შემდეგ: ფაუჩის ვერსია

94
(განახლებულია 09:39 15.09.2020)
სინამდვილეში ადამიანები იმდენად მიეჩვივნენ პანდემიას, რომ ცხოვრება კორონავირუსამდე - პირბადეების და სანიტაიზერების გარეშე - უკვე ბუნდოვნად ახსოვთ

თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ აშშ-ის მოსახლეობა ჩვეულ ცხოვრებას 2021 წლის შუამდე ან წლის ბოლომდე შეიძლება დაუბრუნდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ COVID-19-ის ვაქცინა უახლოეს მომავალში გაჩნდება.

ასეთი ვერსია წამოაყენა აშშ-ის ალერგიულ და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ.

„მე მიმაჩნია, რომ ხელმისაწვდომი ვაქცინა გვექნება ამ წლის ბოლომდე - მომდევნო წლის დასაწყისამდე. მაგრამ ის მომენტი, როდესაც ინფექციის გავრცელება ლოკალიზდება, მიღწეული იქნება ვაქცინაცია და მოსახლეობის უმრავლესობის დაცვა, - ეს, სავარაუდოდ, 2021 წლის შუამდე ან ბოლომდე არ მოხდება“, - განაცხადა ფაუჩიმ  MSNBC-თან ინტერვიუში.

„თუ ვისაუბრებთ რაღაც ნორმალურ დონესთან დაბრუნებაზე, რომელიც შეედრება იმას, სადაც ჩვენ COVID-მდე ვიყავით, ეს 2021 წლის დასაწყისს გაცილებით გადაცილებული პერიოდი იქნება, შესაძლოა, 2021 წლის ბოლოსკენ უფრო ახლოს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 6,4 მილიონზე მეტი შემთხვევა და 192 ათასზე მეტი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.

94
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1159)
მამაკაცი პირბადით

გრიპის ზემოქმედება კორონავირუსზე: ამერიკელი პროფესორი განმარტავს

104
(განახლებულია 18:47 30.09.2020)
ამერიკელი პროფესორის თქმით, კორონავირუსის ახალი მუტაციები შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან „ისინი ბევრად უარესია“

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სეზონური გრიპი შეიძლება ნეგატიურად აისახოს კორონავირუსული დაავადება COVID–19–ის მიმდინარეობაზე, განაცხადა ბილოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის სისტემური ბიოლოგიის სკოლოს პროფესორმა ანჩა ბარანოვამ.

პროფესორმა უარყო მითი, რომ თითქოს კორონავირუსს შეიძლება კორონავირუსის რაღაც ნაწილები გადაეცეს ან შეჯვარდეს მასთან და აღნიშნა, რომ ეს ორი სრულიად განსხვავებული ვირუსია, რომლებიც არანაირ კომპონენს არ უცვლიან ერთმანეთს.

ამასთან ბარანოვამ აღნიშნა, რომ ორი ინფექცია ერთად ორმაგ დატვირთვას აძლევს ადამიანის ორგანიზმს.

„ამავდროულად კორონავირუსის მუტაციები შეშფოთებას იწვევს. ახლა აღწერილია არა მარტო D614G, არამედ სხვა მუტაციებიც და ისინი ბევრად უარესია“, — განმარტა ანჩა ბარანოვამ.

მისი თქმით, ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, რომ ახალი შტამების განეიტრალება შეუძლებელია ვირუსის ანტისხეულებით.

 

104
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1159)
მაია სირაძე

ქართველი მხატვრის 92 წლის ჰოლანდიელი მოსწავლე და ქალის პორტრეტები დედის თვალებით

115
(განახლებულია 21:08 30.09.2020)
რუბრიკაში “ქართველები უცხოეთში“ ამჯერად ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველ მხატვარს მაია სირაძეს წარმოგიდგენთ.

„ალბათ ჰოლანდიაში რომ არ მეცხოვრა, ჩემი შემოქმედება სხვანაირად განვითარდებოდა”, – ასე ფიქრობს ნიჭიერი ქართველი მხატვარი, ვისთვისაც ყველაფერი მაინც საქართველოში დაიწყო...

თავიდან მხოლოდ ზეთის საღებავებში ხატავდა, მერე აკრილის, აეროზოლის საღებავებით საკუთარი შერეული ტექნიკა შეიმუშავა, რის შემდეგაც მისი შემოქმედების თავყანისმცემელთა რაოდენობამ უფრო იმატა. ერთ დღესაც მის საოცარ ნახატებში სხვა ფერები და განწყობა გაჩნდა, ამის ინსპირაცია კი ტკივილი და მონატრება გახდა...

ჰოლანდიაში ბევრჯერ ჰქონდა როგორც პერსონალური, ასევე ჯგუფური გამოფენა, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის აუქციონებსა და გალერეებთან, რომლებიც მისი ნახატების შეძენის სურვილს წლებია გამოთქვამენ. თვლის, რომ ამ პროფესიამ მისი ცხოვრების გზა განსაზღვრა და წინა ცხოვრებაშიც მხატვარი იყო...

მაია სირაძე
მაია სირაძე

- ქალბატონო მაია, რადგან ადამიანის ისტორიის ათვლა ბავშვობიდან იწყება, თუ შეიძლება, თქვენი ბავშვობიდან გაიხსენეთ ერთი ამბავი, ყველაზე ნათელი მოგონება...

- კარგი კითხვაა, თქვენ ახლა გადამისროლეთ ბავშვობის მოგონებებში... მე და ჩემს ძმას ერთფეროვანი ბავშვობა არ გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ მოგზაურობა ჩემს გენეტიკურ კოდში იყო. მამის სამსახურის გამო ხშირად ვმოგზაურობდით: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ჩერკასი (უკრაინა)... მამა ბროლზე ხატვის ინჟინერი იყო და სხვადასხვა ქარხნებში ხშირად იწვევდნენ. შეუდარებელი იყო ჩემი ცხოვრების ბათუმური წლები. მახსოვს, ჩვენი საცხოვრებელი სახლი ტბას გადაჰყურებდა, ცოტა მოშორებით დელფინარიუმი იყო, ხოლო სახლიდან 20 მეტრის დაშორებით – პატარა ზოოპარკი... ალბათ ის ზოოპარკი აღარც კი არსებობს, მაგრამ ჩემთვის ის თავგადასავლების ცენტრი იყო, თითქმის ყოველდღე მივდიოდი იქ ცხოველების სანახავად.

მაია სირაძე
მაია სირაძე

- დარწმუნებული ვარ ხატვით ბავშვობიდან დაინტერესდებოდით...

- დიახ, ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავდი, თუმცა მაშინ არც მიფიქრია, რომ მხატვრობას პროფესიად ავირჩევდი. დედამ გადაწყვიტა, რომ მერვე კლასიდან გამოვეყვანე და სწავლა თოიძის ტექნიკურ სასწავლებელში გამეგრძელებინა, მეც დავთანხმდი. იქ გობელენის ქსოვას დავეუფლე. თოიძე წითელი დიპლომით დავამთავრე. შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ტანსაცმლის მოდელირებაზე ჩავაბარე. აკადემიის წლები ძალიან კარგად მახსოვს, მიუხედავად ომიანობის, უშუქობის, გაყინული ხელებით ხატვისა, მაინც ბედნიერები და ხალისიანები ვიყავით. საუკეთესო მეგობრებიც მაშინ შევიძინე. მყავდა არაჩვეულებრივი ლექტორები, რომლებმაც საჭირო ცოდნა გადმოგვცეს.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

- თუმცა აკადემიის შემდეგ ფერწერა და ტილოზე ზეთის საღებავებით ხატვა დაიწყეთ. როგორ იქმნება თქვენი ნახატები?

- როცა ხატვას ვიწყებ, თავდაპირველად გარკვეული იდეა მაქვს გონებაში, მაგრამ შემოქმედებითი პროცესი ჩემთვის ამოუცნობი ფენომენია, რადგან ხანდახან ხელები გონებისგან დამოუკიდებლად ქმნის ნახატს და საბოლოო ჯამში ტილოზე სულ სხვა რამ წარმოისახება ხოლმე. შედეგით თავადაც გაოცებული ვრჩები. ხასიათის მხატვარი ვარ, ხშირად ნახატი ჩემს განწყობას ჰგავს, მაგრამ დროის მოთხოვნილებებიც და კომერციული მხარეც არ უნდა დავივიწყო, ასევე დამკვეთის თუ მომხმარებლის გემოვნებაც გასათვალისწინებელია.

მაია სირაძის შემოქმედება
მაია სირაძის შემოქმედება

- შემდეგ დაიწყო ცხოვრების ჰოლანდიური პერიოდი, ყველაზე რთულად შესაგუებელი რა იყო თქვენთვის?

- 2001 წელს მე, დედამ და ჩემმა ძმამ ემიგრაცია გადავწყვიტეთ და ჰოლანდიაში ჩამოვედით. დედას და ძმას შემდეგ საქართველოში დაბრუნება მოუწიათ, მე კი აქ დავრჩი. ყველაზე რთულად შესაგუებელი ჩემთვის დედასთან განშორება იყო. ის მომენტი, რომ ყველაზე საყვარელ ადამიანთან თითქმის 4000 კილომეტრი გაშორებს და რომ დასჭირდე, ნახევარ საათში ვერ გაჩნდები მასთან, ძალიან ძნელია.

მაია სირაძის შემოქმედება
მაია სირაძის შემოქმედება

- ქართული ანდაზა „სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი“ თქვენზეც გამართლდა. მინდა გკითხოთ სიყვარულზე, რომელიც ჰოლანდიაში გეწვიათ...

- დიახ, ეს ადამიანი ჰოლანდიაში გავიცანი და შემიყვარდა, მერე ცოლად გავყევი და ოჯახი შევქმენით. ჰანსი ჰოლანდიელია და მის გამო სულ სხვა გარემოში ცხოვრება მომიწია. მეყოლა გოგონა, ანასტასია, რომელიც უკვე 14 წლისაა. ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან, ერთი მხრივ, შეყვარებული ვიყავი და მინდოდა ჰოლანდიაში დარჩენა, მაგრამ, მეორე მხრივ, სიგიჟემდე მიყვარდა დედა და მასთან განშორება მიჭირდა. იმასაც ვაანალიზებდი, რომ ყოველთვის, როცა დავჭირდებოდი, მის გვერდით ვერ ვიქნებოდი და ეს დილემა წლების მანძილზე არ მასვენებდა.

მაია სირაძის შემოქმედება
მაია სირაძის შემოქმედება

- თქვენთვის მხატვრობა საკუთარი არსების გამოხატვის ყველაზე მოსახერხებელი ფორმაა თუ...

- ჩემთვის ხატვა მართლაც საკუთარი არსებისა და განწყობის გამოხატვის ფორმაა. ალბათ ჰოლანდიაში რომ არ მეცხოვრა, ჩემი შემოქმედება სხვანაირად განვითარდებოდა. ვერ გეტყვით ზუსტად რა გახდა ინსპირაციის მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ აქ ჩემი სტილი და ხედვა რადიკალურად შეიცვალა და ვიგრძენი, რომ სულ სხვა ტილოებს ვქმნიდი. დრო რომ უკან დაბრუნდეს და მითხრან, შეგიძლია ნებისმიერი პროფესია აირჩიოო, მხატვრობას არანაირ ფულზე ან წარმატებაზე არ გავცვლიდი. ასე ვგრძნობ და მგონია, რომ წინა ცხოვრებაშიც მხატვარი ვიყავი.

გამოფენაზე
გამოფენაზე

- ვიცი, დღეს ჰოლანდიაში გამოფენებს აწყობთ და ბევრ კოლეგასთან გაქვთ შემოქმედებითი მეგობრობა...

- ჩემი პროფესიის მეშვეობით როგორც გამოფენებზე, ასევე გაკვეთილების ჩატარების დროს ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. მე და ჩემი სამი კოლეგა სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი შემოქმედებითი ჯგუფის მოდერატორები ვართ და ეს ხელოვან ადამიანებთან კავშირების დამყარებაში გვეხმარება. ჩვენთან ბევრი მხატვარი, მოქანდაკე და ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე ადამიანია გაწევრიანებული. ცოტა ხნის წინ დაახლოებით ასი წევრი უშუალოდ შევხვდით ერთმანეთს და ქალაქ ბოქსტელის მუზეუმში ერთობლივი გამოფენა მოვაწყვეთ.

მაია სირაძის შემოქმედება
მაია სირაძის შემოქმედება

- ჰოლანდიაში ბავშვებს და მოხუცებს ხატვას ასწავლით, ფავორიტი მოსწავლე თუ გყავთ? 

- მყავს, ჩემი ფავორიტი მოსწავლე 92 წლის ქალბატონი დოორჩე კონინგია. საოცარი ქალია, მას ჩემს მეგობრად ვთვლი და მასთან შემიძლია ყველაფერზე ვისაუბრო. მაოცებს მისი ენთუზიაზმი, ბედნიერია და ძალიან უნდა რომ ხატოს. დაჟინებით ადევნებს თვალს ჩემი ფუნჯის ყოველ მოძრაობას, სწავლობს და უხარია. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში დიდი დარდი აქვს – მეუღლე და შვილი დაკარგა და ჯანმრთელობაც შერყეული აქვს, მაინც ცდილობს, რომ ცხოვრება რაღაცით შეივსოს. ამ ადამიანს მხატვრობა ასულდგმულებს...

მაია სირაძის შემოქმედება
მაია სირაძის შემოქმედება

- ჰოლანდიაში აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება გაქვთ და, მაინც, ოდესმე თუ გინანიათ, რომ თქვენი ბედი უცხო ქვეყანას დაუკავშირეთ?

- დღემდე ვნანობ იმ წუთებს, დღეებს, წლებს, როდესაც დედაჩემის გვერდზე არ ვიყავი. ორი წლის წინ დადგა ის მომენტი, რისიც მეშინოდა – დედა გახდა ავად, ჰოლანდიაში ყოფნის დროს თავში სიმსივნე დაუდგინეს. იმედი მქონდა, რომ გადავარჩენდი, მაგრამ ვერ შევძელი, მე ის ერთი წლის წინ დავკარგე. ეს დიდი დანაკარგი, რა თქმა უნდა, მაშინ ჩემს შემოქმედებაზეც აისახა, ნახატებში ფერები შეიცვალა და ქალის ყველა პორტრეტზე მეგობრები მეუბნებოდნენ, დედაშენს ჰგავსო. ასე განზრახ არ ვხატავდი, მაგრამ ალბათ ჩემი შინაგანი ემოცია ტილოზე თავისთავად გადადიოდა. მხატვრობა ჩემი უდიდესი მეგობარია და ყველა გაჭირვების წამალი. როცა ვხატავ, ამ დროს ყველა დარდი მავიწყდება…

- საქართველო გენატრებათ?

- მენატრება... განსაკუთრებით მენატრება გაზაფხული საქართველოში და თბილისის ქუჩებში ხეტიალი, როცა ბუნება იღვიძებს. ამ დროს ჩვენი დედაქალაქი ძალიან ლამაზია. ბუნება და სიმწვანე ჰოლანდიასაც არ აკლია, მაგრამ მშობლიური მაინც სულ სხვაა…

 

115
თემები:
ქართველები უცხოეთში
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 1 ოქტომბერს

0
(განახლებულია 17:39 30.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0819 ლარით გამყარდა.

თბილისი, 1 ოქტომბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2059 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0819 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 1 ოქტომბერს
ლარის კურსი 1 ოქტომბერს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს