კორონავირუსი ინდოეთში

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

92
(განახლებულია 15:44 12.09.2020)
კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. ინდოეთში გასულ დღე-ღამეში მედიკოსებმა კორონავირუსის 97,5 ათასზე მეტი შემთხვევა გამოავლინეს - ეს ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დაავადებულთა რაოდენობის მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამას ადასტურებს ინდოეთის ჯანდაცვისა და ოჯახური კეთილდღეობის სამინისტროს მონაცემები.

ქვეყანაში ზედიზედ მესამე დღეა COVID-19-ის დადასტურებული მატარებლების რიცხვი რეკორდულ ნიშნულებს აღემატება - ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია 95,7 ათას შემთხვევაზე, პარასკევს - 96,5 ათასის შესახებ.

ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ 4,66 მილიონი ადამიანია გამოვლენილი.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა საერთო დაავადებულთა რიცხვიდან 77,77%-ს აღწევს და 3,62 მილიონ ადამიანს აჭარბებს. კლინიკებში მკურნალობას 958 ათასი ადამიანი გადის (დაავადებულთა 20,56%). ერთ დღე-ღამეში ეს რიცხვი 14 ათასით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 77,4 ათასს აჭარბებს და გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობის 1,66%-ს შეადგენს. ერთ დღე-ღამეში ვირუსისგან 1201 ადამიანი გარდაიცვალა.

92
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1142)
მსოფლიო ბანკი

როდის აღდგება მსოფლიო ეკონომიკა კორონავირუსის შემდეგ - მსოფლიო ბანკის პასუხი

100
მსოფლიო ბანკი ივნისში აცხადებდა, რომ 2020 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკაში რეკორდული ვარდნა მოხდება - 5,2%-ით, 2,5%-იანი ზრდის ნაცვლად, რაც იანვარში იყო მოსალოდნელი

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. მსოფლიო ეკონომიკას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსასვლელად შეიძლება ხუთი წელი დასჭირდეს, განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა კარმენ რეინჰარტმა (Carmen Reinhart). ამის შესახებ РИА Новости სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით იუწყება.

„სავარაუდოდ, კარანტინთან დაკავშირებული ყველა შემზღუდავი ზომების გაუქმების ფონზე სწრაფი ნახტომი მოხდება, მაგრამ სრულ აღდგენას ხუთ წლამდე დრო დასჭირდება“,  - ციტირებს სააგენტო ეკონომისტს.

ამასთან რეიჰარტი ვარაუდობს, რომ კრიზისის შემდეგ მსოფლიოში სიღარიბის დონე პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში გაიზრდება.

ეკონომისტის თვალსაზრისით, პანდემიით გამოწვეული კრიზისი მსოფლიოში უთანასწორობას გააღრმავებს, რადგან მდიდარ ქვეყნებში  კრიზისი უფრო მეტად დააზარალებს მოსახლეობის უღარიბეს ფენებს, და უღარიბესი ქვეყნები მეტად დაზარალდება, ვიდრე მდიდრები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) 11 მარტს კორონავირუსული ინფექციის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირების 29,1 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 926 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

100
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1142)
ამერიკული დოლარი

Duty Free-ს მსოფლიო ქსელის დამფუძნებელმა მთელი ფული ქველმოქმედებას შესწირა

63
(განახლებულია 20:37 17.09.2020)
„ფორბსის“ ინფორმაციით, ჩაკ ფინი ასკეტურ ცხოვრებას ეწევა სან-ფრანცისკოში მდებარე მოკრძალებულ ბინაში, რომელიც უფრო სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ოთახს ჰგავს.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელმა ფილანტროპმა და ბიზნესმენმა, მაღაზია Duty Free-ს მსოფლიო ქსელის შემქმნელმა ჩაკ ფინიმ მთელი თავისი მრავალმილიარდიანი ქონება ქველმოქმედებაზე დახარჯა, იუწყება გამოცემა Forbes.

​ფინის თქმით, მან და მისმა მეუღლემ მხოლოდ 2 მლნ დოლარი დაიტოვეს პენსიაზე კომფორტული ცხოვრებისთვის, ხოლო დანარჩენი მან მთლიანად ქველმოქმედებაზე გაიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა 40 წლის განმავლობაში 8 მილიარდი დოლარი გადაურიცხა სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებს.

„ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ. უკან რომ ვიხედები, ვხვდები, რომ ზოგი რამის გაკეთება სხვანაირადაც შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. მიხარია, რომ მიზანს სიცოცხლეშივე მივაღწიე“, — თქვა ფილანტროპმა.

„ფორბსის“ ინფორმაციით, ჩაკ ფინი ასკეტურ ცხოვრებას ეწევა სან-ფრანცისკოში მდებარე მოკრძალებულ ბინაში, რომელიც უფრო სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ოთახს ჰგავს.

 

63
თემები:
მსოფლიო დღეს
პოლიცია

სამართალდამცველები 41 წლის მამაკაცს ეძებენ

0
(განახლებულია 16:45 18.09.2020)
მამაკაცს ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება

 

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველები უგზოუკვლოდ დაკარგულ 41 წლის ამირან გაფრინდაშვილს ეძებენ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში. 

უწყების ცნობით, მამაკაცი თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში ცხოვრობს. მას  ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

სამართალდამცავ უწყებაში  მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 12 აგვისტოს შევიდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებო ღონისძიებები. ამ ეტაპზე, გამოკითხულია ათეულობით პირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი მოქმედებები გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს,  აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ან აცნობონ პოლიციის უახლოეს განყოფილებას.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში