ძალადობა ქალზე

მოძალადემ მსხვერპლს სასამართლო დარბაზში ცოლობა სთხოვა და... თანხმობა მიიღო

223
(განახლებულია 19:51 11.09.2020)
ბრალდებული მანამდე ხშირად სცემდა წიხლებით ქალს და მოკვლითაც ემუქრებოდა, ამჯერად კი შეეცადა მთელი ძალით თავში ხიშტი ჩაერტყა.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ახალგაზრდა ქალი პირდაპირ სასამართლო დარბაზში დაეთანხმა მამაკაცს ცოლობაზე, რომელსაც მისი მოკვლის მცდელობისთვის ასამართლებდნენ, იუწყება ტაბლოიდი Bild.

ცნობილი ხდება, რომ ბრალდებული, 47 წლის დურგალი ანდრეას ზ. მანამდე ხშირად სცემდა, წიხლებს ურტყამდა, თმებით ითრევდა, ახრჩობდა ქალს, რომელთანაც ცხოვრობდა, და მოკვლითაც ემუქრებოდა. 

​გამოცემის ინფორმაციით, ამჯერად ანდრეასი ხიშტით დაესხა თავს 35 წლის კატარინა ბ.-ს და ლამის მოკლა ის, მაგრამ ქალმა ხელი აიფარა და მხოლოდ ლოყა გაეჭრა.

მამაკაცი ოთხშაბათს სასამართლოს წინაშე წარდგა, სადაც კატარინას ცოლობა სთხოვა და თანხმობაც მიიღო.

გამოცემის შეფასებით, სასამართლოს დარბაზში ხელის თხოვნა „უფრო ტაქტიკური სვლაა, ვიდრე რომანტიკული ნაბიჯი“, რათა ქალს თავდამსხმელი მამაკაცის წინააღმდეგ ჩვენება აღარ მიეცა.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სასამართლო, მიუხედავად „მოვლენათა მოულოდნელი შემოტრიალებისა“, მაინც განიხილავს მკვლელობის მცდელობის საქმეს.

223
თემები:
მსოფლიო დღეს (2095)
Ан-26-ის ჩამოვარდნა ხარკოვთან

„ძალიან მტკივნეულია“ - საქართველოს პირველი პირები უკრაინას ტრაგედიის გამო უსამძიმრებენ

62
(განახლებულია 19:26 26.09.2020)
პრეზიდენტმა და პრემიერმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვეს

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს Тwitter-ის საშუალებით სამძიმარი გამოუცხადეს.

ავიაკატასტროფა უკრაინაში: გარდაცვლილების რიცხვი გაიზარდა >>

სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-26 გუშინ საღამოს ხარკოვის ოლქში ქალაქ ჩუგუევთან ახლოს იმ დროს ჩამოვარდა, როდესაც სასწავლო ფრენას ახორციელებდა. ბორტზე იმყოფებოდა 27 ადამიანი - ეკიპაჟის 7 წევრი და 20 კურსანტი. 25 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორმა კურსანტმა თვითმფრინავიდან გადმოსვლა მოახერხა, მაგრამ დღეს ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

​„ძალიან მტკივნეულია აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ახალგაზრდა კადეტებისა და პილოტების დაღუპვის გაგება. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და უკრაინელ ხალხთანაა“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფით, რომელსაც ბორტზე მყოფი ადამიანების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს გიორგი გახარია.

​უკრაინელმა გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე ფრენების და მათი მომზადების წესების დარღვევის მუხლით აღძრეს. განიხილება კატასტროფის ოთხი ვერსია: ტექნიკური გაუმართაობა, ეკიპაჟის შეცდომა, ფრენებზე პასუხისმგებელ პირთა მიერ მოვალეობების არასათანადო შესრულება, თვითმფრინავის ტექმომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები.

62
თემები:
მსოფლიო დღეს (2095)
Ан-26-ის ავიაკატასტროფა ხარკოვთან

ავიაკატასტროფა უკრაინაში: გარდაცვლილების რიცხვი გაიზარდა

52
(განახლებულია 17:43 26.09.2020)
Ан-26-ის მარკის თვითმფრინავი 43 წლის იყო, თუმცა 2020 წელს ის რემონტზე გადაიყვანეს. გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე ფრენების და მათი მომზადების წესების დარღვევის მუხლით აღძრეს

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ხარკოვის ოლქში Ан-26-ის მარკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - საავადმყოფოში ერთ-ერთი გადარჩენილი გარდაიცვალა, ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, სულ გარდაიცვალა 26 ადამიანი, ერთი კი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში რჩება.

„ხარკოვის ოლქში ავიაკატასტროფის ადგილას ნაპოვნია 25 გარდაცვლილის ცხედარი. ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა და ერთი ადამიანი ტრავმირებულია და საავადმყოფოში რჩება“, - ნათქვამია უწყების Telegram-არხზე.

Ан-26 გუშინ საღამოს ქალაქ ჩუგუევთან ახლოს ჩამოვარდა. ეს იყო სასწავლო ფრენა: მის ბორტზე იმყოფებოდა 27 ადამიანი - ეკიპაჟის 7 წევრი და 20 კურსანტი. ერთი კურსანტი ფრენაზე არ დაუშვეს.

Ан-26-ის მარკის თვითმფრინავი 43 წლის იყო, თუმცა 2020 წელს ის რემონტზე გადაიყვანეს.

გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე ფრენების და მათი მომზადების წესების დარღვევის მუხლით აღძრეს. განიხილება კატასტროფის ოთხი ვერსია: ტექნიკური გაუმართაობა, ეკიპაჟის შეცდომა, ფრენებზე პასუხისმგებელ პირთა მიერ მოვალეობების არასათანადო შესრულება, თვითმფრინავის ტექმომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები.

52
თემები:
მსოფლიო დღეს (2095)
პრემია „ლიტერა“

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

0
(განახლებულია 21:06 26.09.2020)
ლიტერატურულმა პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდა. გამარჯვებულებს პრიზებთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცათ.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. მწერალთა სახლის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების რიგით მეხუთე ცერემონია გაიმართა, პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდნენ, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

126 საკონკურსო განაცხადიდან მოკლე სიაში 38 წიგნი მოხვდა, „ლიტერა 2020-ის“ გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი:

თინათინ ჩხიკვიშვილი, ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

წლის საუკეთესო დებიუტი:

ნინი ელიაშვილი - „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

საუკეთესო დოკუმენტური პროზა:

გიორგი მაისურაძე - „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

შოთა იათაშვილი - „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

ეკა ქევანიშვილი - „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;

წლის საუკეთესო რომანი:

ირაკლი სამსონაძე - „ქელეხი - ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

„ლიტერა“ წელს 2019 წელს გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს აფასებდა. კონკურსის შედეგებს აფასებდა მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგებოდა. გამარჯვებულს გამოავლინეს ფარული კენჭისყრით. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს 5 000 ლარი გადაეცა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2016 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა დააარსეს. მას შემდეგ ის ყოველ წელს იმართება. სხვადასხვა წელს „ლიტერას“ გამარჯვებული გახდნენ მწერლები და პოეტები: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე და სხვები.

პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარება და ახალგაზრდა ავტორების წახალისება.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონიას მხოლოდ ფინალისტები და მონაწილე გამომცემლები ესწრებოდნენ.

 

 

0
თემები:
საქართველო და კულტურა