თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსი SARS-CoV-2, რომელიც COVID-19-ს იწვევს, რვა დღეზე მეტხანს ცოცხლობს გაცივებული ორაგულის ზედაპირზე, ასკვნიან ჩინელი მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია სამეცნიერო პლატფორმაზე biorxiv.org.
მკვლევარების ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ორაგულის ზედაპირზე მოხვედრილი კორონავირუსი ვირულენტურია (ანუ დაავადების გამოწვევის უნარი აქვს) ორი დღის განმავლობაში პლუს 25 გრადუსზე, და, სულ ცოტა, რვა დღის განმავლობაში 4 გრადუსზე.
აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის ორაგული მსოფლიოს მასშტაბით ტრანსპორტირებისას სწორედ 4 გრადუსზე ინახება რამდენიმე დღის განმავლობაში.
„იმპორტირებული და ექსპორტირებული თევზი დაბალ ტემპერატურაზე (0-4 გრადუსი) ინახება. ასეთ ვითარებაში SARS-CoV-2-ით დაბინძურებული თევზი მარტივად ხვდება ერთი ქვეყნიდან მეორეში ერთი კვირის განმავლობაში და კორონავირუსის საერთაშორისო გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ხდება“, — ნათქვამია კვლევაში.
გამომდინარე აქედან, მეცნიერების თქმით, ორაგულის ექსპორტსა და იმპორტს ინსპექტირების ახალი და მკაცრი პროტოკოლი ესაჭიროება — სანამ მისი გაყიდვა დაიწყება.