პირველად ისტორიაში: უდიდესმა ციფრულმა კამერამ 3200 მეგაპიქსელიანი ფოტოები გადაიღო – ვიდეო

© Pixabay / WikiImagesობსერვატორიის ტელესკოპი
ობსერვატორიის ტელესკოპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს უდიდეს და ყველა დროის უნიკალურ ციფრულ კამერას რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებიდან სანთლის ალის დაფიქსირება შეუძლია.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ამაჩქარებელი ლაბორატორია SLAC-ს მეცნიერებმა მსოფლიოს უდიდესი ციფრული კამერით გადაღებული პირველი სატესტო გამოსახულებები მიიღეს — 3200 მეგაპიქსელის გაფართოებით, ნათქვამია SLAC-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

​კამერას ჩილეში მშენებარე ვერა რუბინის ობსერვატორიის ტელესკოპზე დააყენებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოსახულებები იმდენად დიდია, რომ მათი მთლიანად ასახვისთვის 4K ზემაღალი სიმკვეთრის 378 ტელევიზორის ეკრანი იქნებოდა საჭირო. მსგავსი გაფართოება 25 კილომეტრის მანძილიდან გოლფის ბურთის დანახვის საშუალებას იძლევა.

მეცნიერების თქმით, SLAC-ში შექმნილი ციფრული კამერა ასტროფიზიკური დაკვირვებების დეტალურობას უპრეცედენტო დონეზე გაიყვანს.

ობსერვატორიაში დამონტაჟების შემდეგ კამერა ცის მთელი სამხრეთ ნახევარსფეროს პანორამულ გამოსახულებებს გადაიღებს ათი წლის განმავლობაში. მიღებული მონაცემები კი ყველა დროის უდიდეს ასტრონომიულ კატალოგში LSST (Legacy Survey of Space and Time) შევა, რომელმაც, გეგმით, დაახლოებით 20 მლრდ გალაქტიკა უნდა მოიცვას.

ახალი ციფრული კამერა ყველაფრით უნიკალურია, ხოლო ტელესკოპი ისეა დაპროექტებული, რომ მის სენსორებს შეუიარაღებელი თვალისთვის ხილულ ობიექტებზე 100 მილიონჯერ მცირე ობიექტების აღმოჩენა შეუძლია. მაგალითად, სანთლის ალს კამერა რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით დააფიქსირებს.

აღინიშნება, რომ ყველგანმავალი ავტომობილის ზომის კამერა ფინალური გამოცდებისთვის 2021 წლის შუა თვეებისთვის იქნება მზად, რის შემდეგაც მას ჩილეში გაგზავნიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0