აფეთქება ბეირუთში

აფეთქებული ბეირუთის ნანგრევებში გულისცემა ისმის: ვრცელდება ვიდეო ადგილიდან

169
(განახლებულია 16:13 04.09.2020)
ბეირუთში მომხდარი აფეთქებიდან ერთი თვის შემდეგ მაშველმა ძაღლებმა ნანგრევებში სიცოცხლის ნიშნებს მიაგნეს, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. მაშველებმა ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებიდან ერთი თვის შემდეგ, სპეცმოწყობილობის მეშვეობით, ნანგრევების ქვეშ სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს, იუწყება РИА Новости სამძებრო-სამაშველო ოპერაციის მონაწილეზე დაყრდნობით.

მანამდე ლიბანური მედია აცხადებდა, რომ ბეირუთის ერთ-ერთი სახლის ნანგრევების ქვეშ ჩილელმა მაშველებმა დაღუპულთა ცხედრებს მიაგნეს.

„ამ რაიონის მცხოვრებლებმა სამოქალაქო თავდაცვის სამსახურს აცნობეს, რომ ერთ-ერთი შენობიდან საშინლად ძლიერი სუნი გამოდიოდა. ჩვენ სპეცაღჭურვილობა არ გვაქვს და ამიტომ ლიბანში მყოფ ჩილელ მაშველებს მივმართეთ დახმარებისთვის. ძაღლებმა დაღუპულთა ცხედრების სავარაუდო ადგილსამყოფელს მიაგნეს, რის შემდეგაც სპეცმოწყობილობამ იქ სიცოცხლის ნიშნები დააფიქსირა. ჩვენ ადგილი შემოვსაზღვრეთ და სიჩუმის დაცვა მოვითხოვეთ, აპარატმა გულის ოცამდე დარტყმა აჩვენა წუთში. მაგრამ შესაძლოა ეს ადამიანი კი არა, რაიმე ცხოველი იყოს“, — თქვა სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მოხალისემ.

მისი თქმით, სამაშველო სამუშაოები სპეცტექნიკის მოსვლამდე შეჩერდა, რომელმაც ადგილი ბეტონის დიდი სექციებისგან გაწმინდა, მერე კი ძებნა გაგრძელდა და ამ დრომდე არ შეწყვეტილა.

ბეირუთის პორტში მძლავრი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. განადგურდა და დაზიანდა რამდენიმე ასეული შენობა და ავტომობილი, დაიღუპა 190 ადამიანი და დაშავდა 6 ათასზე მეტი. ხელისუფლების განცხადებით, აფეთქების მიზეზი 2750 ტონა ამონიუმის გვარჯილის დეტონაცია გახდა, რომელიც საბაჟო სამსახურის მიერ იყო ჩამორთმეული 2014 წელს და საწყობში ინახებოდა. ბეირუთი უბედურების ზონად გამოცხადდა. მომხდარის შემდეგ ქალაქში ანტისამთავრობო მიტინგები დაიწყო, რის შედეგადაც ლიბანის პრემიერი ჰასან დიიაბი და მისი მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.

169
თემები:
მსოფლიო დღეს (2098)
ალექსანდრ ლუკაშენკო

„საკუთარ საქმეებს მიხედე“ - ლუკაშენკო ემანუელ მაკრონს პასუხობს

30
(განახლებულია 12:45 28.09.2020)
ლუკაშენკოს აზრით, მაკრონი ზედმეტად ბევრ ყურადღებას უთმობს ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ქალს, რამაც შეიძლება ოჯახში შეუქმნას პრობლემები

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. აქეთ–იქით ცქერას სჯობს, საკუთარი ქვეყნის საშინაო საქმეებით დაკავდეთ, მიმართა ალექსანდრ ლუკაშენკომ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რომელმაც მანამდე ბელარუსის ლიდერს პოსტიდან წასვლა ურჩია. 

აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ლუკაშენკოს პრესმდივანმა ნატალია ეისმონტმა გაავრცელა.

„როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა უმწიფარს, მსურს ვურჩიო ბატონ მაკრონს, ნაკლებად იყუროს აქეთ–იქით და ამის ნაცვლად, ბოლოს და ბოლოს, საფრანგეთის საშინაო საქმეებით დაკავდეს. იმ პრობლემების გადაჭრა მაინც დაიწყოს, რომლებიც ქვეყანაში დაგროვდა“, — ციტირებს ეისმონტი ბელარუსის პრეზიდენტის სიტყვებს.

გარდა ამისა, ლუკაშენკომ მაკრონს ურჩია, თავად დატოვოს პოსტი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო.

„თავად საფრანგეთის პრეზიდენტი, მისივე ლოგიკით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა გადამდგარიყო, როდესაც პარიზის ქუჩებში „ყვითელმა ჟილეტებმა“ დაიწყეს გამოსვლა“, — აცხადებს ლუკაშენკო.

როგორც ბელარუსის პრეზიდენტი ამბობს, „წლები გადის, „ყვითელი ჟილეტები“ ისევ ქუჩაში არიან და ბატონი მაკრონიც, საოცარია, მაგრამ ისევ თანამდებობაზე რჩება“.  

ალექსანდრ ლუკაშენკოს აზრით, მაკრონი ზედმეტად ბევრ ყურადღებას უთმობს ბელარუსის პრეზიდენტობის ერთ–ერთ ექს–კანდიდატს.

  • „იმის გათვალისწინებით, რომ ეს ექს–კანდიდატი ქალბატონია, საფრანგეთის ლიდერი რისკავს, რომ საფრანგეთის შიდა პრობლემებთან ერთად პირადიც მიიღოს — საკუთარ სახლში“, — აცხადებს ლუკაშენკო.

მანამდე ემანუელ მაკრონმა გამოცემა Journal du Dimanche–სთან საუბრისას განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია  ბელარუსების სიმამაცით, „რომლებიც აცნობიერებენ, რა რისკზე მიდიან ყოველ კვირას დემონსტრაციაზე გასვლით, მაგრამ მაინც განაგრძობენ ამის კეთებას, რათა სული შთაბერონ დემოკრატიას, რომელიც ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია, ითრგუნება“.

 

 

30
თემები:
მსოფლიო დღეს (2098)
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

მოსალოდნელია დოლარის მკვეთრი ვარდნა: ამერიკელი ექსპერტი სამ ფაქტორს ასახელებს

96
(განახლებულია 10:40 28.09.2020)
აშშ დოლარი ამ მომენტისთვის მკვეთრი ვარდნის ადრეულ სტადიაზე იმყოფება და ეს მხოლოდ დასაწყისია, მიაჩნია იელის უნივერსიტეტის პროფესორს

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ამერიკული დოლარის კურსი უახლოეს მომავალში შესაძლოა მკვეთრად დაეცეს, წერს Morgan Stanley Asia–ს ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად მთავარი ეკონომისტი სტივენ როუჩი Project Syndicate-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

Morgan Stanley - ეს ამერიკული ფინანსური კონგლომერატია (2008 წლამდე საინვესტიციო ბანკი), რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს ბროკერულ ბიზნესს ფლობს. 

ექსპერტის თქმით, მაისიდან აგვისტომდე ამერიკული ვალუტის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 4,3%-ით შემცირდა, თუმცა აშშ დოლარი მაინც ყველაზე ძლიერ ვალუტად რჩება მსოფლიოს სხვა ვალუტებთან შედარებით. 

ამასთან სტივენ როუჩმა დაასახელა სამი მიზეზი, რომელთა საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ დოლარის ფართო ინდექსი 2021 წლის ბოლოსთვის 35%-ით დაეცემა.

„მე კვლავ ველი, რომ დოლარის ფართო ინდექსი 35%-ით დაეცემა 2021 წლის ბოლოსთვის. ამას სამი ფაქტორი განაპირობებს: აშშ–ში მაკროეკონომიკური დისბალანსის მკვეთრი ზრდა, ალტერნატიული ვალუტების — ევროსა და იუანის როლის ამაღლება, და ასევე ის, რომ გაქრა ამერიკული გამორჩეულობის განსაკუთრებული აურა, რომელიც დოლარს ტეფლონის გამძლეობას სძენდა თითქმის მთელი ომისშემდგომი პერიოდის განმავლობაში“, —  წერს როუჩი.

მისი აზრით, ამ ფაქტორებიდან ყველაზე მეტ ყურადღებას პირველი პუნქტი იმსახურებს. ექსპერტი აცხადებს, რომ აშშ–ში მაკროეკონომიკური დისბალანსის მკვეთრი და სწრაფი ზრდა გამოწვეულია შიდა ანაბრების რეკორდული ვარდნითა და მიმდინარე ოპერაციების დეფიციტის ზრდით.

სტივენ როუჩს მიაჩნია, რომ ეს „დოლარის დაცემის მხოლოდ დასაწყისია“.

96
თემები:
მსოფლიო დღეს (2098)
დაკავება

ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

0
(განახლებულია 12:25 28.09.2020)
ბრალიდ დამტკიცების შემთხვევაში ორივე დაკავებულს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ურთიერთშელაპარაკების მიზეზი

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე  ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, 27 სექტემბერს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნაძალადევის რაიონში ცოტნე დადიანის ქუჩაზე ირანელი მამაკაცი  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა  და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ინციდენტის დროს  ბრალდებულთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც ირანის მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით პატიმრობას.

0