ბავშვები უყურებენ მულტფილმს პლანშეტზე

საუკეთესო ქვეყანა ბავშვებისთვის: გაერო რეიტინგს აქვეყნებს

99
(განახლებულია 18:34 03.09.2020)
გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის ახალ კვლევაში განხილულია მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ბავშვების კეთილდღეობის დონე.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ბავშვთა კეთილდღეობის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, რეიტინგში პირველ პოზიციაზე ნიდერლანდები აღმოჩნდა.

როგორც ირკვევა, ექსპერტებმა მსოფლიოს 41 ქვეყანაში ბავშვთა ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის, აკადემიური მომზადებისა და სოციალური უნარების მაჩვენებლები შეადარეს. კვლევის მონაცემების გაანალიზების შემდეგ ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ბავშვები ყველაზე უკეთ თავს ნიდერლანდებში გრძნობენ.

რეიტინგში მეორე და მესამე პოზიციებზე დანია და ნორვეგია განთავსდნენ, ხოლო მეოთხესა და მეხუთეზე — შესაბამისად, შვეიცარია და ფინეთი.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდები ასევე პირველ ადგილზეა იმ ქვეყნების სიაში, რომლებშიც ბავშვები ყველაზე მეტად კმაყოფილი არიან თავიანთი ცხოვრებით — ასეთთა წილი ამ ქვეყანაში 93%-ს შეადგენს.

ბავშვებში ცხოვრებით კმაყოფილების მაღალი დონე ასევე დაფიქსირდა მექსიკაში (86%), რუმინეთში (85%), ფინეთში (84%), ხორვატიაში (82%), შვეიცარიაში (82%), ესპანეთში (82%) და ლიეტუვაში (82%).

ფონდის კვლევის თანახმად, ყველაზე ნაკლებად საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი არიან თურქეთში მცხოვრები ბავშვები. ამ ქვეყანაში საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი ბავშვების წილი 53%-ს შეადგენს.

99
თემები:
მსოფლიო დღეს (2098)
ექიმი და სმენადაქვეითებული პაციენტი

ფასი ერთი დოლარი: შექმნილია სმენის მარტივი და უიაფესი აპარატი

18
(განახლებულია 12:40 28.09.2020)
გამოგონების წამყვანი ავტორი, პროფესორი საად ბჰალმა თავადაც სმენადაქვეითებულია და სკოლის დამთავრებამდე სმენის აპარატი არ ჰქონია

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ამერიკელმა ინჟინრებმა წარმოადგინეს სმენის აპარატი, რომელიც ადამიანს თავად შეუძლია ააწყოს და ამაზე მხოლოდ ერთი დოლარი დახარჯოს, იუწყება პორტალი Sci Tech Daily.

  • „არსებული სმენის აპარატების მთავარი პრობლემა — ეს მათი ფასია. გაჯეტის საშუალო ფასი დაახლოებით 4 700 დოლარს შეადგენს. მათი ბიუჯეტური ანალოგები კი 1500 დოლარამდე ღირს“, — აცხადებენ ჯორჯიის უნივერსიტეტის ინჟინრები.

​იმისათვის, რომ სმენის აპარატების ფასი დაეწიათ, მეცნიერებმა უარი თქვეს ძვირადღირებულ ციფრულ სასიგნალო პროცესორებზე და მათ ნაცვლად, სიხშირული პარამეტრების დასარეგულირებლად, ელექტროფილტრები გამოიყენეს, რომელიც კორპუსში იმალება და ბრტყელი ბატარეით იკვებება.

აღსანიშნავია, რომ გამოგონების წამყვანი ავტორი, პროფესორი საად ბჰალმა თავადაც სმენადაქვეითებულია.

„მე ასეთი დავიბადე და სმენის აპარატით საშუალო სკოლის დამთავრებამდე არ მისარგებლია. ამ პროექტმა მომცა შესაძლებლობა, გავაკეთო რამე იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც ჩემნაირ მდგომარეობაში არიან და არ აქვთ სმენის აპარატის შეძენის საშუალება“, — თქვა ბჰალმამ.

აღინიშნება, რომ მოწყობილობას გარკვეული მინუსი აქვს — ის ჯერჯერობით თავის ციფრულ ანალოგებზე დიდია ზომით და სავარაუდოდ, წელიწადნახევრის განმავლობაში იმუშავებს. ბატარეის გამოცვლა კი სამ კვირაში ერთხელ დასჭირდება.

თუმცა, როგორც ამერიკელი ინჟინრები ირწმუნებიან, ისინი განაგრძობენ მუშაობას აპარატის ზომის შესამცირებლად და უახლოეს მომავალში მოწყობილობის კომპაქტურ ვერიას დაამზადებენ, რის შემდეგაც კლინიკურ კვლევებს დაიწყებენ.

 

 

18
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ალექსანდრ ლუკაშენკო

„საკუთარ საქმეებს მიხედე“ - ლუკაშენკო ემანუელ მაკრონს პასუხობს

35
(განახლებულია 12:45 28.09.2020)
ლუკაშენკოს აზრით, მაკრონი ზედმეტად ბევრ ყურადღებას უთმობს ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ქალს, რამაც შეიძლება ოჯახში შეუქმნას პრობლემები

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. აქეთ–იქით ცქერას სჯობს, საკუთარი ქვეყნის საშინაო საქმეებით დაკავდეთ, მიმართა ალექსანდრ ლუკაშენკომ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რომელმაც მანამდე ბელარუსის ლიდერს პოსტიდან წასვლა ურჩია. 

აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ლუკაშენკოს პრესმდივანმა ნატალია ეისმონტმა გაავრცელა.

„როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა უმწიფარს, მსურს ვურჩიო ბატონ მაკრონს, ნაკლებად იყუროს აქეთ–იქით და ამის ნაცვლად, ბოლოს და ბოლოს, საფრანგეთის საშინაო საქმეებით დაკავდეს. იმ პრობლემების გადაჭრა მაინც დაიწყოს, რომლებიც ქვეყანაში დაგროვდა“, — ციტირებს ეისმონტი ბელარუსის პრეზიდენტის სიტყვებს.

გარდა ამისა, ლუკაშენკომ მაკრონს ურჩია, თავად დატოვოს პოსტი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო.

„თავად საფრანგეთის პრეზიდენტი, მისივე ლოგიკით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა გადამდგარიყო, როდესაც პარიზის ქუჩებში „ყვითელმა ჟილეტებმა“ დაიწყეს გამოსვლა“, — აცხადებს ლუკაშენკო.

როგორც ბელარუსის პრეზიდენტი ამბობს, „წლები გადის, „ყვითელი ჟილეტები“ ისევ ქუჩაში არიან და ბატონი მაკრონიც, საოცარია, მაგრამ ისევ თანამდებობაზე რჩება“.  

ალექსანდრ ლუკაშენკოს აზრით, მაკრონი ზედმეტად ბევრ ყურადღებას უთმობს ბელარუსის პრეზიდენტობის ერთ–ერთ ექს–კანდიდატს.

  • „იმის გათვალისწინებით, რომ ეს ექს–კანდიდატი ქალბატონია, საფრანგეთის ლიდერი რისკავს, რომ საფრანგეთის შიდა პრობლემებთან ერთად პირადიც მიიღოს — საკუთარ სახლში“, — აცხადებს ლუკაშენკო.

მანამდე ემანუელ მაკრონმა გამოცემა Journal du Dimanche–სთან საუბრისას განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია  ბელარუსების სიმამაცით, „რომლებიც აცნობიერებენ, რა რისკზე მიდიან ყოველ კვირას დემონსტრაციაზე გასვლით, მაგრამ მაინც განაგრძობენ ამის კეთებას, რათა სული შთაბერონ დემოკრატიას, რომელიც ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია, ითრგუნება“.

 

 

35
თემები:
მსოფლიო დღეს (2098)
დისტანციური სწავლება

ოზურგეთში სწავლის პროცესი დისტანციურად გაგრძელდება

0
(განახლებულია 14:20 28.09.2020)
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ განაცხადა, რომ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. გართულებული ეპიდვითარების გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სწავლის პროცესი ონლაინრეჟიმში გაგრძელდება, ამის შესახებ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ ისაუბრა, იუწყება პირველი არხი.

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო რვა ქალაქის – თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები იძულებული არიან, ჯერჯერობით დისტანციურად ისწავლონ. სხვა ქალაქებსა და სოფლებში სასწავლო დაწესებულებები გაიხსნა.

სასწავლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 21 სექტემბერს კორონავირუსი დაფიქსირდა სამ სკოლაში - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში, შრომაში და სენაკში. იქ COVID-19 რამდენიმე პედაგოგსა და მოსწავლეს დაუდგინდა. აღნიშნული სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

ზურაბ ნასარაიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების მომატებულმა რისკმა განაპირობა.

„ოზურგეთის ყველა სკოლა, მომატებული რისკის გამო, სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდა. ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, თუ რაიმე ახალი გამოვლინება იქნა, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

„სწავლა მინდა!“ – ქართველმა სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს>>

დღეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საბავშვო ბაღები ქვეყნის მასშტაბით, გარდა აჭარისა, 12 ოქტომბერს განაახლებენ მუშაობას, ხოლო უმაღლესი სასწავლებლები მეცადინეობებს აუდიტორიებში, ასევე აჭარის გარდა – 19 ოქტომბერს.

ასევე პირველი ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. გამონაკლისია აჭარის რეგიონი.

ამასთან, თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ ბავშვებმა სასწავლო პროცესი გააგრძელონ დისტანციური ფორმით, ეს უზრუნველყოფილი იქნება, აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1906 ადამიანი, გარდაიცვალა – 28, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5637, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

0
თემები:
განათლება საქართველოში