გერანიის პოლიცია

პედოფილების საქმე: მთელ გერმანიაში ჩხრეკა ჩატარდა - არიან დაკავებულები და დაჭრილები

109
(განახლებულია 12:45 02.09.2020)
2019 წლის ოქტომბერში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაპატიმრების შემდეგ დაწყებული პედოფილების ქსელის საქმე ყველაზე დიდია ქვეყნის ისტორიაში

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის პოლიციის სპეციალურმა ქვედანაყოფებმა 1 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით 50 ეჭვმიტანილის ბინაში ჩაატარეს ჩხრეკა ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვა-გავრცელებასთან დაკავშირებით, იუწყება Deutsche Welle.

პოლიციის ცნობით, ჩხრეკის დროს ოთხი ადამიანი მსუბუქად დაიჭრა. 

ცნობილია, რომ გამომძიებლებმა უკვე დაიწყეს შეგროვებული მტკიცებულებების ანალიზი და შეფასება.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეების ვინაობა იორგ ლ.-ს საქმის გამოძიების დროს დადგინდა, რასაც ასევე უკავშირდებოდა ქალაქ ბერგიშ–გლადბახში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები.

იორგ ლ.-ს საქმემ, რომელმაც თავისი პატარა ქალიშვილი გააუპატიურა და აქტის ამსახველი ჩანაწერები ინტერნეტით გაავრცელა, გერმანიის პოლიციას საშუალება მისცა, დაეწყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი გამოძიება ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გამო.

ბოლო მონაცემებით, პედოფილების ონლაინ-ქსელს, რომლის კვალზეც პოლიცია იორგ ლ.-ს დაპატიმრების შემდეგ გავიდა, დაახლოებით 30 ათასი ანონიმური მომხმარებელი ჰყავდა. ისინი ინტერნეტის მეშვეობით უცვლიდნენ ერთმანეთს ბავშვთა პორნოგრაფიას და საკუთარ დანაშაულებრივ ქმედებებს ჩატებსა და მესენჯერებში განიხილავდნენ. ეს გერმანიის ისტორიაში ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველაზე დიდი შემთხვევაა.

იორგ ლ.-ს საქმეზე გამოძიება 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. მას შემდეგ პოლიციამ დამნაშავეთა კვალს გერმანიის თექვსმეტივე ფედერალურ მიწაზე მიაგნო.

27 აგვისტოს მონაცემებით, მარტო ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში 84 ეჭვმიტანილია გამოვლენილი, აქედან 10–ს უკვე წაუყენეს ბრალი, ერთ მათგანს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო რვას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

109
თემები:
მსოფლიო დღეს (2083)
„მეტრონომი“ ნიუ-იორკში

კატასტროფამდე დარჩა შვიდი წელი: ნიუ-იორკის საათი ქვეყნიერების დასასრულს აითვლის

49
(განახლებულია 16:20 23.09.2020)
ნიუ-იორკში მდებარე იდუმალი საათის, „მეტრონომის“ ფუნქცია რადიკალურად შეიცვალა - ამიერიდან ის შეუქცევადი კატასატროფის დადგომამდე დარჩენილ დროს აითვლის

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ოც წელზე მეტია, რაც ნიუ-იორკის იუნიონ-სკვერზე მდებარე ერთ-ერთი შენობის ფასადის ელექტრონული საათი ნიუ-იორკელებისთვის საიდუმლოდ რჩება — 15 ციფრი ციფერბლატზე, რომლებიც გაუგებარი თანმიმდევრობით იცვლება, არაფრით ჯდება დროის ათვლაში, წერს გამოცემა The New-York Times-ი.

​იყო ვერსიები, რომ საათი, როგორც „მეტრონომის“ ინსტალაციის ნაწილი, გვიჩვენებს ყველაფერს, მაგრამ არა დროს. მაგალითად, ბევრი დღესაც დარწმუნებულია, რომ ციფერბლატზე 15-ნიშნა რიცხვი — არის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი, პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა, დამწვარი და გაჩეხილი ტყეების ფართობი და ა.შ.

ვერსიები ბევრია, მაგრამ რეალურად ეს მართლაც საათია, რომლის მარცხენა ნაწილი მიმდინარე დროს აჩვენებს წამის მეასედების სიზუსტით, ხოლო მარჯვენა მხარე —  მეორე დღის დასაწყისამდე დარჩენილ დროს.

ახლა კი „მეტრონომის“ მისია რადიკალურად შეიცვალა — ამიერიდან ის აჩვენებს, თუ რამდენი დარჩა კაცობრიობას შეუქცევადი კლიმატური კატასტროფის დაწყების მომენტამდე.

ათვლის დაწყებამდე ციფერბლატზე  გაჩნდა წარწერა The Earth has a deadline („დედამიწას ვადა აქვს“).

ეკრანზე მოცემული ციფრების თანახმად, დღევანდელი დღიდან კლიმატური კოლაფსის დადგომამდე 7 წელი და 103 დღეა დარჩენილი.

იდეის ავტორები, მხატვრები გან გოლანი და ენდრიუ ბოიდი აცხადებენ, რომ ამ გზით სურთ საზოგადოების ყურადღება გლობალური დათბობის პრობლემებს მიაპყრონ და საათის მაჩვენებლებს „დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვან ციფრებს“ უწოდებენ.

49
თემები:
მსოფლიო დღეს (2083)
როუვენ რივლინი

უჩვეულო ინიციატივა: ისრაელის პრეზიდენტმა თავისი ხელფასის შემცირება მოითხოვა

28
(განახლებულია 14:26 23.09.2020)
ისრაელის პრეზიდენტის ხელფასი ერთ თვეში დაახლობით 18 ათას აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო დეპუტატებისა - 12 ათას დოლარს

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ისრაელის პრეზიდენტმა როუვენ (რუბი) რივლინმა ქვეყნის მთავრობას მისთვის ხელფასის 10%-ით შემცირების თხოვნით მიმართა, ამის შესახებ პრეზიდენტმა საკუთარ Twitter–აკაუნტზე დაწერა.

​მანამდე, 21 სექტემბერს, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მინისტრებისა და ქნესეთის (პარლამენტის) დეპუტატებისთვის დროებით ჯამაგირის 10%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ინიციატივა ქვეყნის ფინანსთა მინისტრ ისრაელ კაცს ეკუთვნოდა.

აღნიშნული წინადადების განხილვისას საგარეო საქმეთა მინისტრმა არიე დერიმ ყველა მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელისთვის ხელფასების 20%-ით შემცირება მოითხოვა, თუმცა მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.

ისრაელის პრეზიდენტის ხელფასი დაახლოებით 64 ათას შეკელს (18 ათასი 479 აშშ დოლარი) შეადგენს ერთ თვეში, ხოლო ქნესეთის დეპუტატის ხელფასი თვეში დაახლოებით 44 ათას შეკელს (12 768 აშშ დოლარი) უტოლდება.

28
თემები:
მსოფლიო დღეს (2083)
თბილისი

თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება

0
(განახლებულია 15:43 23.09.2020)
კახა კალაძის განცხადებით, ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik.  ავჭალის რაიონში ორ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე რეკრეაციული  სივრცის მოწყობა იგეგმება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე. 

მისი განცხადებით, პარკის კეთილმოწყობისთვის ავჭალის სადგურის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა. სკვერის დაპროექტება თბილისის  მერიისა და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობის გარგლებში იგეგმება.

 „ყველასთვის ცნობილია, რომ იმ პარკებსა და სკვერებში, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, განსაკუთრებით ზაფხულში ყველა ასაკის ადამიანების სიმრავლე იყო. ამიტომაც ჩვენ ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რათა ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შექვმნათ.  მწვანე ფერი უხდება თბილისს“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის სიტყვებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ქალაქში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, გამონაბოლქვი კი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

0
თემები:
თბილისის მერია