სასმელი წყლის ონკანი

ამცირებს აგრესიასა და თვითმკვლელობებს: დადგინდა, რა ელემენტი უნდა შეერიოს სასმელ წყალს

141
(განახლებულია 19:44 05.08.2020)
მეცნიერებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ამ მიკროელემენტის დამატება სასმელ წყალში საგრძნობლად ამცირებს აგრესიისა და დანაშაულების დონეს.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა ექსპერიმენტების საფუძველზე დაადგინეს, რომ იმ რეგიონებში, სადაც სასმელ წყალში ლითიუმის დონე მაღალია, იქ დანაშაულის, აგრესიისა თუ სუიციდების შემთხვევები ნაკლებად ხდება.

1980-იანი წლების ბოლოს ამერიკელმა ექსპერტებმა ტეხასის 27 ოლქში სასმელი წყლის შემადგენლობა შეისწავლეს. ანალიზმა აჩვენა, რომ ისეთ ადგილებში, სადაც ონკანის წყალში ლითიუმის შემცველობა მაღალი იყო, ბევრად ნაკლები თვითმკვლელობები, მკვლელობები, ძარცვები და დაპატიმრებები ფიქსირდებოდა. 

იგივეს ადასტურებს სხვა კვლევებიც ლითიუმის დადებითი ეფექტების შესახებ აგრესიის ან სუიციდისკენ მიდრეკილ პაციენტებში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს პაციენტები მაღალი დოზით იღებდნენ ამ მიკროელემენტს — მინიმუმ 200 მილიგრამს დღეში.

ჯერ კიდევ 1994 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღეში 400 მიკროგრამი (0.4 მილიგრამი) ლითიუმიც კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას. ოთხკვირიანი კურსის დასრულების შემდეგ ყოფილი ნარკომანები და ძალადობისკენ მიდრეკილი ადამიანები მშვიდდებოდნენ და აგრესიას აღარ ავლენდნენ. 

გამოდის, რომ ამ მიკროელემენტმა ონკანის წყლის მეშვეობით შეიძლება გავლენა მოახდინოს ძალადობის დონეზე გარკვეულ რაიონსა თუ მთელ ქალაქში.

აღნიშნული ჰიპოთეზა გარკვეულწილად დაადასტურეს იაპონელმა მეცნიერებმაც. მათ ოიტას პრეფექტურის 18 მუნიციპალიტეტში (მოსახლეობა – დაახლოებით 1 მილიონი) აიღეს წყლის ანალიზი, შემდეგ კი მონაცემები ამ რეგიონებში თვითმკვლელობების რაოდენობას შეადარეს.

აღმოჩნდა, რომ ლითიუმის შედარებით დაბალი კონცენტრაციაც კი (0.7-დან 59 მიკროგრამამდე ლიტრზე) ამცირებდა სუიციდების რაოდენობას. მკვლევარების აზრით, ესოდენ დაბალი დოზების დადებითი ეფექტი, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა ლითიუმიანი წყლის მრავალი წლის განმავლობაში მუდმივ გამოყენებას.

მსგავს დასკვნებამდე მივიდნენ ავსტრიელი სპეციალისტებიც. მათ ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც ონკანის წყალში ლითიუმის მაღალი კონცენტრაცია იყო, თვითმკვლელობები ბევრად ნაკლებად ხდებოდა.

გარდა ამისა, როგორც დანიელი მეცნიერები ირწმუნებიან, სასმელ წყალში ლითიუმის მიკროდოზას ალცჰეიმერის დაავადებისგან და დემენციის სხვა ფორმებისგან დაცვა შეუძლია. სწავლულებმა 800 ათასი ადამიანის შესახებ მონაცემები გაანალიზეს და ასევე შეისწავლეს დანიის 151 წყალმომარაგების სადგურიდან აღებული წყლის ნიმუშები. ამის შემდეგ ისინი შეეცადნენ გაერკვიათ, თუ როგორ მოქმედებდა ლითიუმი ასაკობრივ ჭკუასუსტობაზე (ხანდაზმულთა დემენცია). კვლევამ 74 ათასი ადამიანი მოიცვა. 

აღმოჩნდა, რომ ამ მიკროელემენტის მაღალი კონცენტრაცია ამცირებს დემენციის რისკს, ხოლო საშუალო – პირიქით, ზრდის. ანუ ერთ ლიტრ წყალზე 5.1-10 მიკროგრამი ლითიუმის ყოველდღიური მოხმარება ხანდაზმულთა დემენციის ალბათობას 22%-ით ზრდიდა, ხოლო ლიტრ წყალზე ლითიუმის 15 მიკროგრამი ან მეტი რისკს 17%-ით ამცირებდა.

თუმცა ნაშრომის ავტორების აზრით, ალცჰეიმერის დაავადების პროფილაქტიკისთვის სასმელ წყალში ლითიუმის დამატება ნაადრევია, ვინაიდან ჯერჯერობით მაინც უცნობია, რომელი კონცენტრაციის გამოყენებაა საჭირო.

2017 წელს მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა 3.7 მილიონი ადამიანის მონაცემები შეისწავლა. ეს მონაცემები ონკანის წყლიდან აღებულ სინჯებში ლითიუმის კონცენტრაციას შეადარეს და... რეგიონში ძალადობის დონესთან კორელაცია ვერ აღმოაჩინეს. მკვლევარებმა გააკეთეს ფრთხილი დასკვნა: თუ ლიტრ წყალში ლითიუმი 31 მიკროგრამზე ნაკლებია, მაშინ მას არანაირი გავლენა არ აქვს აგრესიაზე, დანაშაულსა და თვითმკვლელობაზე.

მაგრამ სამი წლის შემდეგ ბრიტანელმა ექსპერტებმა საპირისპირო შედეგები მიიღეს. მათ გაანალიზეს ცხრა ნაშრომი, რომელთა ავტორებიც ამ საკითხზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ავსტრიაში, საბერძნეთში, იაპონიასა და ლიეტუვაში — კვლევა 1286 დასახლებულ პუნქტს მოიცავდა. გაირკვა, რომ წყალში ლითიუმის მაღალი ბუნებრივი შემცველობა ნამდვილად ამცირებს თვითმკვლელობების რისკს და ეს ტიპიურია როგორც ქალებისთვის, ისევე მამაკაცებისთვის.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ნაადრევია — საჭიროა დამატებითი კვლევები და მხოლოდ ამ პირობებში ექნება აზრი სასმელ წყალში ლითიუმის მიზანმიმართულად დამატების შესახებ საკითხის განხილვას.

141
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (500)
„მეტრონომი“ ნიუ-იორკში

კატასტროფამდე დარჩა შვიდი წელი: ნიუ-იორკის საათი ქვეყნიერების დასასრულს აითვლის

14
(განახლებულია 16:20 23.09.2020)
ნიუ-იორკში მდებარე იდუმალი საათის, „მეტრონომის“ ფუნქცია რადიკალურად შეიცვალა - ამიერიდან ის შეუქცევადი კატასატროფის დადგომამდე დარჩენილ დროს აითვლის

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ოც წელზე მეტია, რაც ნიუ-იორკის იუნიონ-სკვერზე მდებარე ერთ-ერთი შენობის ფასადის ელექტრონული საათი ნიუ-იორკელებისთვის საიდუმლოდ რჩება — 15 ციფრი ციფერბლატზე, რომლებიც გაუგებარი თანმიმდევრობით იცვლება, არაფრით ჯდება დროის ათვლაში, წერს გამოცემა The New-York Times-ი.

​იყო ვერსიები, რომ საათი, როგორც „მეტრონომის“ ინსტალაციის ნაწილი, გვიჩვენებს ყველაფერს, მაგრამ არა დროს. მაგალითად, ბევრი დღესაც დარწმუნებულია, რომ ციფერბლატზე 15-ნიშნა რიცხვი — არის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი, პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა, დამწვარი და გაჩეხილი ტყეების ფართობი და ა.შ.

ვერსიები ბევრია, მაგრამ რეალურად ეს მართლაც საათია, რომლის მარცხენა ნაწილი მიმდინარე დროს აჩვენებს წამის მეასედების სიზუსტით, ხოლო მარჯვენა მხარე —  მეორე დღის დასაწყისამდე დარჩენილ დროს.

ახლა კი „მეტრონომის“ მისია რადიკალურად შეიცვალა — ამიერიდან ის აჩვენებს, თუ რამდენი დარჩა კაცობრიობას შეუქცევადი კლიმატური კატასტროფის დაწყების მომენტამდე.

ათვლის დაწყებამდე ციფერბლატზე  გაჩნდა წარწერა The Earth has a deadline („დედამიწას ვადა აქვს“).

ეკრანზე მოცემული ციფრების თანახმად, დღევანდელი დღიდან კლიმატური კოლაფსის დადგომამდე 7 წელი და 103 დღეა დარჩენილი.

იდეის ავტორები, მხატვრები გან გოლანი და ენდრიუ ბოიდი აცხადებენ, რომ ამ გზით სურთ საზოგადოების ყურადღება გლობალური დათბობის პრობლემებს მიაპყრონ და საათის მაჩვენებლებს „დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვან ციფრებს“ უწოდებენ.

14
თემები:
მსოფლიო დღეს
როუვენ რივლინი

უჩვეულო ინიციატივა: ისრაელის პრეზიდენტმა თავისი ხელფასის შემცირება მოითხოვა

20
(განახლებულია 14:26 23.09.2020)
ისრაელის პრეზიდენტის ხელფასი ერთ თვეში დაახლობით 18 ათას აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო დეპუტატებისა - 12 ათას დოლარს

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ისრაელის პრეზიდენტმა როუვენ (რუბი) რივლინმა ქვეყნის მთავრობას მისთვის ხელფასის 10%-ით შემცირების თხოვნით მიმართა, ამის შესახებ პრეზიდენტმა საკუთარ Twitter–აკაუნტზე დაწერა.

​მანამდე, 21 სექტემბერს, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მინისტრებისა და ქნესეთის (პარლამენტის) დეპუტატებისთვის დროებით ჯამაგირის 10%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ინიციატივა ქვეყნის ფინანსთა მინისტრ ისრაელ კაცს ეკუთვნოდა.

აღნიშნული წინადადების განხილვისას საგარეო საქმეთა მინისტრმა არიე დერიმ ყველა მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელისთვის ხელფასების 20%-ით შემცირება მოითხოვა, თუმცა მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.

ისრაელის პრეზიდენტის ხელფასი დაახლოებით 64 ათას შეკელს (18 ათასი 479 აშშ დოლარი) შეადგენს ერთ თვეში, ხოლო ქნესეთის დეპუტატის ხელფასი თვეში დაახლოებით 44 ათას შეკელს (12 768 აშშ დოლარი) უტოლდება.

20
თემები:
მსოფლიო დღეს