ირანის დროშა

ისრაელის ხელი: ირანის ბირთვულ ობიექტზე აფეთქება მოხდა ვრცელდება ვიდეო

87
(განახლებულია 18:27 06.07.2020)
რამდენიმე დღის წინ ირანის ერთ-ერთ ბირთვულ ობიექტზე აფეთქება მოხდა, დაშავებულებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის თაობაზე ინფორმაცია უცნობია.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ირანის ქალაქ ნათანზში მდებარე ბირთვულ ობიექტზე მომხდარ აფეთქებაში შესაძლოა ისრაელის ხელი ერიოს, იუწყება New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით.  

მანამდე, 2 ივლისს ირანის ატომური ენერგიის სააგენტომ განაცხადა, რომ ნათანზში ურანის გამამდიდრებელი ქარხნის ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე ხანძარი მოხდა. დაშავებულებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელების თაობაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

New York Times-ის სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ხანძარი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად გაჩნდა. იმავდროულად გამოცემა წერს, რომ ამის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს. მსგავს მოსაზრებას იზიარებენ სხვა დასავლური მედიასაშუალებებიც.

გამოცემის წყაროს თქმით, ისრაელმა ობიექტის შიგნით მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიტანა.

იმ ფაქტს, რომ ბირთვულ ობიექტზე ინციდენტი ასაფეთქებელმა გამოიწვია, ადასტურებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელიც. 

ცნობილია, რომ აფეთქების შედეგად დაინგრა მიწისზედა ნაგებობის უმეტესი ნაწილი, სადაც ახალი ცენტრიფუგები იყო განთავსებული.

87
თემები:
მსოფლიო დღეს (2167)
ლაბორატორია

დადგინდა COVID-19-ის აგრესიულობის მიზეზი და მკურნალობის ახალი მეთოდი

113
(განახლებულია 14:14 22.10.2020)
იმის გასარკვევად, თუ რატომ არის SARS-CoV-2 ესოდენ გადამდები, მეცნიერებმა ორი დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარეს და „დამნაშავე“ აღმოაჩინეს

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ახალი კორონავირუსი მის წინამორბედებთან შედარებით უფრო აგრესიული იმიტომაა, რომ ის უჯრედებში შესაღწევად მათ ზედაპირზე არსებულ სხვა რეცეპტორსაც იყენებს, რომელიც მრავლადაა სასუნთქ გზებში, სისხლძარღვებსა და ნეირონებში, აცხადებენ მეცნიერები, რომელთა კვლევაც Science-ში გამოქვეყნდა ორ სტატიად (სტატია პირველი, სტატია მეორე). 

იმის გასარკვევად, თუ რატომ არის SARS-CoV-2 ესოდენ გადამდები, მეცნიერებმა ორი დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ადამიანის უჯრედების ზედაპირზე არსებული ცილა, რომელიც ვირუსს მასთან დამაგრებაში ეხმარება, ACE2-ის გარდა, ასევე უკავშირდება სხვა რეცეპტორს — ნეიროპილინ 1-ს. კვლევების ავტორები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს უადვილებს ვირუსს უჯრედებში შეღწევას. 

მეცნიერთა ორივე ჯგუფმა აღწერა და ექსპერიმენტულად დაადასტურა, რომ არსებობს ისეთი ანტივირუსული მკურნალობის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც ნეიროპილინ 1-ის ინჰიბირებაზე იქნება დაფუძნებული. საქმე ისაა, რომ ლაბორატორიული კვლევისას სწავლულებმა ადამიანის უჯრედებში ნეიროპილინ 1 გათიშეს და ამ გზით შეამცირეს SARS-CoV-2- ის ინფიცირების უნარი.

გარდა ამისა, ნეიროპილინ 1–ის არსებობით აიხსნა ერთ-ერთი კვლევისას COVID-19-ის დროს ყნოსვის დაკარგვის მიზეზიც. გერმანელმა მეცნიერებმა COVID-19-ით გარდაცვლილი ექვსი პაციენტის გაკვეთის დროს აღმოაჩინეს, რომ ხუთ მათგანს ყნოსვის ეპითელიუმის ინფექცია ჰქონდა, რასაც თან ერთვოდა ინფიცირებულ უჯრედებში ნეიროპილინ 1-ის მაღალი ექსპრესია.

კვლევის ავტორები იგივე მიზეზით ხსნიან COVID-19-ის დროს ტვინის დაზიანებასაც. როდესაც მკვლევარებმა ნეიროპილინ 1-ის მსგავსი ნანონაწილაკები შეუშვეს ცხოველების ცხვირხახაში, მათ რამდენიმე საათში მიაღწიეს ტვინის ნეირონებსა და კაპილარულ სისხლძარღვებს — განსხვავებით საკონტროლო ნაწილაკებისგან, რომლებსაც კავშირი არ ჰქონდა ამ რეცეპტორთან.

 

113
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ჩაი

სვით ერთად და დიდი რაოდენობით: დადგინდა მწვანე ჩაისა და ყავის სარგებელი დიაბეტიანებისთვის

62
(განახლებულია 13:23 22.10.2020)
კვლევა, რომელშიც ხუთი ათასამდე ადმიანი მონაწილეობდა, ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ მანამდე უცნობი შედეგი გამოავლინა

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწვანე ჩაისა და ყავის ყოველდღიურად დიდი რაოდენობით მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს  მეორე ტიპის დიაბეტიან  ადამიანებში სიკვდილიანობის რისკს. კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალ BMJ Open Diabetes Research & Care-ში.

არაერთი კვლევით დადასტურებულია, რომ მწვანე ჩაისა და ყავის რეგულარული მოხმარება, ამ სასმელებში შემავალი სხვადასხვა ბიოაქტიური ნაერთების გამო, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. თუმცა, აქამდე უცნობი იყო, თუ როგორ მოქმედებს ეს ორი სასმელი ერთად მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებზე.

სწორედ ეს საკითხი შეისწავლეს კიუსიუს უნივერსიტეტის მეცნიერებმა იუჯი კომორიტას ხელმძღვანელობით.

ექსპერიმენტისთვის შეირჩა 4923 იაპონელი — 2790 კაცი და 2133 ქალი, რომელტა საშუალო ასაკი 66 წელი იყო და რომლებსაც მეორე ტიპის დიაბეტი, სულ მცირე, ხუთი წლით ადრე დაუდგინდათ.

კვლევის დასაწყისში მონაწილეებმა შეავსეს 58-პუნქტიანი კითხვარი, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას ცხოვრების სტილის შესახებ.  კითხვები უკავშირდებოდა ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა რეგულარული ვარჯიში, მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება და ძილის საათების რაოდენობა. ანკეტაში ასევე შედიოდა კითხვა, თუ რამდენ ჭიქა მწვანე ჩაისა და ყავას სვამდნენ საცდელი პირები ყოველდღიურად.

რისკის ფაქტორების კორექტირების მიზნით, მონაწილეებს გაუზომეს სიმაღლე, წონა და არტერიული წნევა, აუღეს სისხლისა და შარდის ტესტები.

კვლევის განმავლობაში, რომელიც ხუთი წელი გაგრძელდა, 309 ადამიანი გარდაიცვალა. სიკვდილის ძირითადი მიზეზები იყო კიბო და გულსისხლძარღვთა დაავადებები — 114 და 76 ადამიანი შესაბამისად. ამასთან სიკვდილიანობა ყველაზე დაბალი იყო მათ შორის, ვინც ბევრ მწვანე ჩაისა და ყავას მიირთმევდა.

საბოლოოდ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველდღიურად ოთხი ან მეტი ჭიქა მწვანე ჩაისა და ამას პლუს ორი ან მეტი ფინჯანი ყავის სმა 63%-ით ამაცირებს მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში სიკვდილიანობის რისკს.

„ეს არის პერსპექტიული კოჰორტაციული გამოკვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მწვანე ჩაისა და ყავის დიდი რაოდენობით მოხმარება მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული   ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებასთან. შესაძლოა ეფექტს ამ ორი სასმელის ერთობლივი მოქმედება აძლიერებდეს“, — აცხადებენ კვლევის ავტორები.

მკვლევარები ამას იმ ფაქტს მიაწერენ, რომ მწვანე ჩაი შეიცავს რამდენიმე ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო ნაერთს, მათ შორის ფენოლებს, თეანინსა და კოფეინს. ყავა ასევე შეიცავს მრავალ ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტს, მათ შორის ფენოლებს. მიიჩნევა, რომ კოფეინი დადებითად მოქმედებს ინსულინის გამომუშავებაზე და აუმჯობესებს მის მიმართ მგრძნობელობას.

62
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
საკვები

რატომ არ შეიძლება კომპიუტერთან ჭამა და რა ზიანს აყენებს ის ორგანიზმს

0
(განახლებულია 16:11 22.10.2020)
ტექნოლოგიური მიღწევები ძალიან კარგია, თუმცა ისიც ვიცით, რომ მედალს ორი მხარე აქვს. ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება კომპიუტერის ეკრანთან გატარებული დროის პირდაპირპროპორციულია.

ძნელია ოქროს შუალედის პოვნა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ კომპიუტერთან ჩვენი ურთიერთობა დავაბალანსოთ.

თანამედროვე ცხოვრებაში, როცა მუშაობის დროს ან უბრალოდ გართობისას, ადამიანი დღე-ღამის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს,  მისთვის კომპიუტერთან საკვების მიღებაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა ხოლმე. დღეს კომპიუტერთან ჭამა ბევრისთვის დამახასიათებელი მავნე ჩვევაა, რომელსაც არც ისე კარგი შედეგები მოჰყვება.

ბევრი თანამშრომელი შესვენებაზე გასვლის ნაცვლად ოფისში, სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერთან ჭამას ამჯობინებს. დავიწყოთ იმით, თუ რატომ არ არის სამუშაო მაგიდაზე საკვების მიღება მიზანშეწონილი.

ოფისის მაგიდაზე, სადაც მუშაობთ უამრავი ბაქტერია და მიკრობი იყრის თავს. არანაკლები ბაქტერია გროვდება კლავიატურაზე. ამ ტერიტორიზე საკვების მიღების შეთხვევაში აღნიშნული ბაქტერიები ძალიან მარტივად მოხვდება თქვენს ორგანიზმში. რაც დამეთანხმებით, კარგს არაფერს მოგიტანთ.

საბოლოო ჯამში ეს სერიოზულ ანთებებს აძლევს დასაბამს, იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, მათ შორის სიმსივნური პათოლოგიის განვითარებას. ასე რომ, საკვები ჰიგიენისა და ყველა სხვა წესის დაცვით მიირთვით, რათა არ ავნოთ ორგანიზმს.

კომპიუტერთან ჭამა ადამიანის ტვინს დასვენების საშუალებას არ აძლევს. ადამიანები, რომლებიც კომპიუტერთან ჭამენ, ძირითადად ეკრანს არ წყდებიან და ყურადღება საქმისკენ აქვთ მიმართული. არადა შუადღის შესვენება სწორედ ტვინის დროებით დასასვენებლად და საკვებად არის გათვალისწინებული.

როდესაც ადამიანი საკვების მისაღებად ლანჩზე, ან სულაც სამზარეულოში  გადის, მაშინ ის მთლიანად საკვებზე ახდენს კონცენტრირებას. ასეთ დროს კუჭი საკვებს საჭირო რაოდენობით იღებს და  უკეთ ინელებს. როდესაც ჭამის დროს რაიმე სხვა საქმით ხართ დაკავებული, თვალს არ აშორებთ კომპიუტერის ეკრანს ამან შესაძლოა თქვენი კუჭი დააზიანოს.

ტელევიზიამ, ინტერნეტმა, კომპიუტერმა ადამიანები „მჯდომარე“ ცხოვრებას მიაჩვია. გარდა იმისა, რომ ცოტას მოძრაობენ,  კვებაც მოუწესრიგებელი აქვთ. კომპიუტერთან კვების დროს მივირთმევთ გაუთვითცნობიერებლად, ამ დროს შესაძლოა ვერ ვიგრძნოთ და იმაზე გაცილებით მეტი საკვები მვიღოთ ვიდრე საჭიროა. ამასთან, როცა კონცენტრირებული არ ხართ საკვებზე და თქვენი გონება ეკრანისკენაა მომართული, ვერ გრძნობთ საკვების გემოს, სუნს, რისი შედეგიც არის გასტრიტი. როცა ამას სისტემატიური სახე ეძლევა, ორგანიზმს ექმნება ჭარბი წონის პრობლემა, რაც ასევე იწვევს დიაბეტს და სხვა გართულებებს.

კვლევების თანახმად, ყოველ მესამე პაციენტს, რომელიც დღეში 10 საათს ატარებს კომპიუტერთან, დიაბეტი ტიპი 2 აღენიშნება.

ასე, რომ თუ თქვენ დიდი დროს ატარებთ კომპიუტერის ეკრანთან და საკვებსაც ეკრანის წინ მიირთმევთ, სასწრაფოდ დაივიწყეთ ეს მავნე ჩვევა.

ალბათ რთულია ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა დროის სიმცირის თუ სხვა მიზეზების გამო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შუძლებელია შედეგის მიღება. მთავარია, შეეცადოთ, დაგეგმოთ, იყოთ თანმიმდევრულები.

და ბოლოს, თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი და კომპიუტერი იმდენად მძლავრადაა შემოჭრილი, რომ ძირითადი სამუშაო მაინც მჯდომარეა. თუ თქვენი დღის რეჟიმი  უმოძრაოა, მაშინ გირჩევთ:

·შესვენების დროს არავითარ შემთვევაში არ მიირთვათ კომპიუტერთან, აუცილებლად გადით ლანჩზე.

· მიიღეთ დღეში ორი ლიტრი წყალი, რაც დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

· იმოძრავეთ ბევრი, ფეხით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

· მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. ცნობილია, რომ ადამიანი, რომელსაც საშუალოდ რვა საათი არ სძინავს ან ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, გაცილებით მეტ არაჯანსაღ პროდუქტს მიირთმევს.

· გააკონტროლეთ კვების რაციონი და ორგანიზმი ცილებით მდიდარი პროდუქტებით გაანებივრეთ.

0
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე