ბოცვერი

„ბოცვრების ებოლა“: ემუქრება თუ არა ადამიანებს კორონავირუსზე უფრო საშიში ინფექცია

236
(განახლებულია 14:37 03.07.2020)
ახალი ეპიდემია სპეციალისტების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ვირუსი, რომლის ვაქცინაც არ არსებობს, პირველად გადავიდა შინაური ცხოველებიდან გარეულ ბოცვრებსა და კურდღლებზე.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ბოცვრების ჰემორაგიული დაავადების გამომწვევი სასიკვდილო ვირუსი (RHDV2) მთელ შეერთებულ შტატებშია გავრცელებული, მან უკვე დახოცა ათასობით ცხოველი, იტყობინება Business Insider.

ზოგი ვეტერინარი ამ ვირუსს „ბოცვრების ებოლას“ უწოდებს, რადგან ვირუსი ასევე იწვევს ბოცვრების ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანებას, შედეგად ვითარდება შინაგანი სისხლდენა და სიკვდილი. სპეციალისტების თქმით, ხშირად ერთადერთი გარეგანი ნიშანი იმისა, რომ ცხოველი დაინფიცირებულია, მათი სიკვდილის შემდეგ ჩნდება, როცა უეცრად სისხლი ცხვირიდან დენას იწყებს.

აპრილიდან შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტრომ RHDV2-ით დაავადების შემთხვევები არიზონაში, კალიფორნიაში, კოლორადოში, ნევადაში, იუტაში, ტეხასსა და ნიუ-მექსიკოში დაადასტურა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვირუსი სისხლით, ფეკალიებითა და შარდით ვრცელდება.

ვეტერინარის თქმით, „ბოცვერების ებოლა“, საშიშროების ხარისხის მიხედვით, ახალი ტიპის კოროვირუსს აჭარბებს, რადგან ინფიცირებული ცხოველი შემთხვევათა 90%-ში იღუპება.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ RHDV2 ადამიანებისთვის, კატებისა და ძაღლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მას შეუძლია ზედაპირებზე და ტანსაცმელზე სამ-ნახევარი თვის განმავლობაში გაჩერდეს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს გარდა, ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებულია საფრანგეთში, ავსტრალიასა და კანადაშიც. პირველად ინფექციის შესახებ 1984 წელს გახდა ცნობილი, როდესაც ბოცვრები ჩინეთში დაავადდნენ. 

ამჟამინდელი ეპიდემია სპეციალისტების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ვირუსი შინაური ცხოველებიდან გარეულ ბოცვრებსა და კურდღლებზე პირველად გადავიდა. მისი ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.

236
თემები:
მსოფლიო დღეს (1920)
აფეთქება ბეირუთში

ბეირუთში აფეთქების შემდეგ 16 ადამიანი დააკავეს

107
(განახლებულია 18:47 07.08.2020)
გამოირკვა, რომ ბეირუთის პორტის დირექტორმა, სადაც ამონიუმის ნიტრატის მძლავრი აფეთქება მოხდა, არ იცოდა ნივთიერების საშიშროების შესახებ.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ბეირუთში აფეთქების საქმეზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა პორტის 16 თანამშრომელი დააკავეს, განაცხადა სამხედრო სასამართლოს წარმომადგენელმა, მოსამართლის მოვალეობების შემსრულებელმა ფადი აკიკიმ, იუწყება РИА Новости.

„სამხედრო პროკურატურა ასრულებს საბედისწერო აფეთქების გამოძიების საწყის ეტაპს. დაიკითხა 20-მდე ადამიანი – პორტის ადმინისტრაციისა და საბაჟო სამმართველოს წარმომადგენლები, ვინც რემონტს ატარებდა და იქ ასაფეთქებელ ნივთიერებას ინახავდა“, – აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

ბეირუთის პორტის დირექტორი ჰასან ქორეითემი 16 დაკავებულს შორის აღმოჩნდა, იუწყება ლიბანის ტელეარხი LBC.

როგორც უფრო ადრე ქორეითემმა განაცხადა, მან იცოდა პორტში ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვის შესახებ, მაგრამ ვერ წარმოედგინა, თუ ასეთი საშიში იყო. მისი თქმით, საპორტო სამსახურებმა 2014 წლიდან არაერთხელ აცნობეს სასამართლო ხელისუფლებას საშიში ტვირთის არსებობის თაობაზე, მაგრამ მათგან არანაირი პასუხი არ მიუღიათ.

პორტის დირექტორს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.

ბეირუთში ზარალი დათვალეს: ქვეყანას მილიარდობით დოლარის ზიანი მიადგა – ფოტო>>

ლიბანის მასმედიის ცნობით, ქვეყნის ცენტრალური ბანკის „ფულის გათეთრებაზე“ მომუშავე სპეციალურმა კომისიამ ასევე გასცა განკარგულება – გაიყინოს სახელმწიფო საბაჟოსა და პორტის ხელმძღვანელების ანგარიშები.

მძლავრი აფეთქება ბეირუთში სამშაბათს, საღამოს მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, აფეთქების მიზეზი პორტში ექვსი წლის განმავლობაში 2750 ტონა ამონიუმის გვარჯილის არასათანადო პირობებში შენახვა გახდა. ქალაქის შენობების ნახევარი დაზიანდა. საავადმყოფოები სავსეა დაშავებულებით.

ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 149 ადამიანი და დაშავდა 5 ათასამდე. ბევრი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ტრაგედიასთან დაკავშირებით ლიბანში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ქალაქში ორი კვირით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ბეირუთის გუბერნატორმა მარვან აბუდმა პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალი 3-დან 5 მილიარდ აშშ დოლარამდე შეაფასა. ლიბანს დახმარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ შესთავაზა.

107
თემები:
მსოფლიო დღეს (1920)
კორონავირუსი მსოფლიოში

კორონავირუსი მსოფლიოში 7 აგვისტოს მონაცემები

69
(განახლებულია 16:26 07.08.2020)
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 19 მილიონს უახლოვდება. მხოლოდ ბოლო 24 საათში ის თითქმის 260 ათასით გაიზარდა.

თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ მთელ მსოფლიოში 7 აგვისტოსთვის 18 614 177 შეადგინა, გარდაიცვალა 702 642 ადამიანი, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის – ჯანმოს ვებ-გვერდზე.

ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 9 981 204 ადამიანი, მას მოსდევს ევროპა – 3 477 225. ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში 259 344 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 488 ადამიანი.

ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 19 007 938 შემთხვევა და გარდაცვლილია 713 406 ადამიანი.

საქართველოში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 1213 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 994, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

69
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ნავთობის ჩაღვრა მექსიკის ყურეში

შექმნილია ბიოპრეპარატი ნავთობროდუქტებისგან მიწისა და წყლის გასაწმენდად

0
(განახლებულია 19:59 07.08.2020)
ახალმა პრეპარატმა დაბალ ტემპერატურაზე 20 დღე–ღამეში 99,2%-ით გაწმინდა წყალსაცავი, რომელის საავიაციო საწვავით იყო დაბინძურებული

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატი, რომელიც ნავთობპროდუქტების დაშლას ხდის შესაძლებელს დაბალ ტემპერატურაზეც კი, ნათქვამია რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს საიტზე.

გავრცელებული ინფორმაციით, მეთოდს, რომელიც მიწისა და წყლის ნავთობპროდუქტებისგან გასაწმენდად გამოიყენება, სანქტ–პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგებმა და ენერგეტიკოსებმა მიაგნეს.

სპეციალისტებმა ბიოპრეპარატის მატარებელი ფოროვანი გრანულების მიღების ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომელსაც აქვს კიდეც უნარი, გაწმინდოს ნავთობისგან დაბინძურებული ადგილები.

ამისათვის ფოროვან გრანულებში იმობილიზდება მიკროორგანიზმების უჯრედები, რომლებიც „ჭამენ“ ნავთობპროდუქტებს. ამ უკანასკნელის დაშლის შემდეგ კი მიკროორგანიზმები იღუპება.

აღინიშნება, რომ ახალი ბიოპრეპარატი ბაზარზე უკვე არსებულ სხვა პრეპარატებზე ბევრად ეფექტური და ეკონომიურია. ექსპერიმენტის დროს ახალმა პრეპარატმა დაბალ ტემპერატურაზე 20 დღე–ღამეში 99,2%-ით გაწმინდა წყალსაცავი, რომელის საავიაციო საწვავით იყო დაბინძურებული.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება