ვირუსის აფეთქება პეკინში

SOS! ჩინეთში გრიპის უცნობი შტამი გამოვლინდა არსებობს ახალი პანდემიის საფრთხე

160
(განახლებულია 16:26 30.06.2020)
ჩინელი მეცნიერების თქმით, გრიპის ახალ შტამს ყველა თვისება აქვს საიმისოდ, რომ ადამიანიდან ადამიანს გადაეცეს და ახალი პანდემია გამოიწვიოს.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ჩინელმა მეცნიერებმა გრიპის ვირუსის ახალი შტამი დააფიქსირეს, რომელსაც ახალი პანდემიის გამოწვევის სერიოზული პოტენციალი აქვს, იუწყება BBC. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახლახან გაჩენილი ვირუსის გადამტანები ღორები არიან, თუმცა მას ადამიანების ინფიცირებაც შეუძლია.

მეცნიერებს ძალიან აშფოთებს ის ფაქტი, რომ ვირუსის შემდგომი მუტაცია შესაძლებელს გახდის ადამიანიდან ადამიანზე მის გადაცემას და ახალი გლობალური ეპიდემიის აფეთქებას.

მკვლევარების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის ვითარება ჯერ კიდევ არ არის საგანგაშო, ახალ პათოგენს აქვს ყველა ტიპური მახასიათებელი, რომლებიც ადამიანის ინფიცირების შესაძლებლობის მაღალ ხარისხზე მეტყველებს. შესაბამისად, ვირუსი საგულდაგულო კონტროლს მოითხოვს.

მსგავსი ტიპის ვირუსის ეპიდემია, რომელსაც მსოფლიო შეეჯახა — ღორის გრიპის აფეთქება იყო 2009 წელს, რომელიც მექსიკიდან დაიწყო. ეპიდემიით სიკვდილიანობა მაშინ იმაზე დაბალი გამოდგა, ვიდრე თავიდან ფიქრობდნენ — უმთავრესად იმის გამო, რომ ვირუსი გრიპის წინა წლებში არსებულ სხვა ვირუსებს ჰგავდა და ბევრ ადამიანს მის მიმართ იმუნიტეტი აღმოაჩნდა.

ახლახან გამოვლენილი ვირუსის თავისებურება კი ისაა, რომ ის სრულიად ახალია, არ ჰგავს სხვებს და ადამიანებში მის მიმართ მდგრადობა ან ძალიან დაბალია, ან საერთოდ არ არსებობს.

ამის პარალელურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის კუთხით შესაძლოა უარესი ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

ჯანმოს გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, თუ ქვეყნების მთავრობები ეპიდემიის დასათრგუნად გონივრულ პოლიტიკას არ გამოიყენებენ, კორონავირუსით იმაზე მეტი ადამიანი დაინფიცირდება, ვიდრე ახლაა გამოვლენილი.

„ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს დამთავრდეს. ყველას გვსურს დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. მაგრამ მკაცრი რეალობა ისაა, რომ ჩვენ ჯერ ახლოსაც კი არ ვართ [ეპიდემიის] დასრულებასთან“, — განაცხადა ჯანმოს დირექტორმა ბრიფინგზე.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 10 302 052 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაიცვალა 505 505 და განიკურნა 5 235 813 ადამიანი.  

 

160
თემები:
მსოფლიო დღეს (1825)
აია სოფიას ტაძარი სტამბულში

აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდება თურქეთმა გადაწყვეტილება მიიღო

133
(განახლებულია 21:47 09.07.2020)
აია-სოფია დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი ტაძარი იყო, თუმცა შემდეგ ოსმანთა იმპერიის უმთავრეს მეჩეთად გადაკეთდა.

თბილისი, 9 ივლისის — Sputnik. თურქეთის სახელმწიფო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი წმინდა სოფიას (აია-სოფია) საკათედრო ტაძარ-მუზეუმის სტატუსის შეცვლას და მის მეჩეთად გადაკეთებას.

ამის შესახებ Twitter-აკაუნტზე თურქმა ჟურნალისტმა რაგიპ სოილუმ დაწერა ქვეყნის მთავრობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

​მისი ინფორმაციით, ტაძრის სტატუსის შეცვლა ოფიციალურად 10 ივლისს უნდა გამოცხადდეს.

ის ფაქტი, რომ თურქეთის ხელისუფლება წმინდა სოფიას ტაძრის სტატუსის შეცვლას განიხილავდა, 2 ივლისს გახდა ცნობილი. აღინიშნა, რომ ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, თურქ რესპონდენტთა დაახლოებით 70% მხარს უჭერს ტაძრის მეჩეთად გადაქცევის გადაწყვეტილებას.

ამ ღირსშესანიშნაობის სტატუსის შეცვლის წინააღმდეგ გამოვიდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია.

აია-სოფიას ტაძარი 537 წლის 27 დეკემბერს აკურთხეს. დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში ის იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაძარი, მაგრამ შემდეგ ოსმალეთის იმპერიის მთავარ მეჩეთად იქცა. 1935 წლიდან მას მუზეუმის სტატუსი აქვს, ხოლო 1985 წელს იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს.

133
თემები:
მსოფლიო დღეს (1825)
ადამიანი და მაიმუნი

მაიმუნი ქალის გახდას შეეცადა: ვრცელდება ინციდენტის ვიდეო

162
(განახლებულია 21:10 09.07.2020)
ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ახტება მაკაკა ქალს მუხლებზე და როგორ დაჟინებით ცდილობს მისი სამოსის ქვეშ შეხედვას.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მაკაკა ბრიტანელი ტურისტი ქალის გახდას შეეცადა, შემთხვევა ვიდეოკადრებზე ქალის მეგობარმა აღბეჭდა, იუწყება გამოცემა Daily Mail.

​ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ირლანდიელი 38 წლის ჯილ პორტერი უბუდეში მაიმუნების ტყეს სტუმრობდა. როგორც კი ქალი მერხზე ჩამოჯდა, მუხლებზე პატარა კიბორჩხალაჭამია მაკაკა შეახტა. თავიდან მაიმუნი მისთვის შორტების გახსნას შეეცადა, მერე კი მკერდზე მაისურში ჩახედა და თმაზე მოქაჩა.

პორტერის თქმით, თავიდან  შეეშინდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ საშიში არაფერი იყო.

„ვფიქრობ, მაიმუნი მშიერი იყო და უბრალოდ საჭმელს ეძებდა“, — ივარაუდა ქალმა.

კიბორჩხალაჭამია მაკაკები მცირე ზომის მაიმუნებია, რომლებიც სიგრძეში 60-65 სანტიმეტრამდე იზრდებიან და 8,5 კილოგრამს იწონიან. 2011 წლის მონაცემებით, უბუდეში მაიმუნების ტყეში 600-ზე მეტი მაკაკა ბინადრობდა.

162
თემები:
მსოფლიო დღეს (1825)
მყიდველები ბაზარში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/10 ივლისი

86398
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის წინ მოიხსნა, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აგრძელებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავე დროს მთავრობა და ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა და კონდიციონერების ჩართვა;

  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;
  • დახურულ სივრცეებში აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;
  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 968 ადამიანს შეადგენს, აქედან 844 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

15 ივნისიდან აღდგა შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვის გახსნის.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4851, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 231 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
86398
თემები:
COVID-19 საქართველოში