არქეოლოგი გათხრებზე

უძველესი პეტროგლიფი გაშიფრულია: რა „წერია“ ორი ათასი წლის ქვა-რუკაზე

218
(განახლებულია 19:29 17.06.2020)
არქეოლოგების თქმით, პეტროგლიფი, რომელიც მექსიკაში ივნისის დასაწყისში აღმოაჩინეს, ბაზალტის ლოდზეა შესრულებული.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. არქეოლოგებმა გაშიფრეს თითქმის ორი ათასი წლის პეტროგლიფი, რომელიც მექსიკის შტატ კოლიმაში აღმოაჩინეს, იუწყება ქვეყნის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტი.

ირკვევა, რომ უძველეს ადამიანებს გრავირების სამი მეთოდით გამოუსახავთ ძველი მეზოამერიკის ნაწილის უზუსტესი რუკა. 

​გავრცელებული ინფორმაციით, არქეოლოგებმა პეტროგლიფი ივნისის დასაწყისში აღმოაჩინეს. უცნაური გამოსახულებები ბაზალტის ლოდზეა ამოკვეთილი. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ საქმე აქვთ ადგილის დეტალურ რუკასთან, რომელზეც დასახლებები მრგვალი ამოღრმავებებით არის მონიშნული, ხოლო მდინარეები — ხაზებით.

ანალიზმა აჩვენა, რომ რუკა საკმაოდ ზუსტად ასახავს თანამედროვე ლანდშაფტსაც კი.

„ქვა–რუკები უძველეს ადამიანებს მიწების მართვაში ეხმარებოდა. გარდა ამისა, ეს იყო ცოდნის გადაცემის მეთოდი ერთი თაობიდან მეორესთვის, ვინაიდან იმ დროს კოლომას ხალხებმა წერა არ იცოდნენ“, – განმარტა არქეოლოგმა პლატას რუისმა.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ პეტროგლიფი ჩვენს ერამდე 200-დან ჩვენი წელთაღრიცხვის 200 წლამდე შუალედში შეიქმნა.

 

218
თემები:
მსოფლიო დღეს (1850)
ტოკიო

ფუკუშიმის შედეგი: პლუტონიუმის ნაწილაკები მთელს იაპონიაშია აღმოჩენილი

22
(განახლებულია 15:33 15.07.2020)
ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქებიდან ცხრა წლის შემდეგ რეაქტორების მასალა მიკროსკოპულ რადიოაქტიულ ნაწილაკებად დაიშალა, ქარმა კი ის მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმოფანტა. 

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ფუკუშიმა-1-ის ატომური ელექტროსადგურის  ბირთვული საწვავის შემადგენლობაში შემავალი პლუტონიუმის ნაწილაკები, სადაც 2011 წელს კატასტროფა მოხდა, დღემდე გარემოში რჩება, ასკვნიან ექვსი ქვეყნის მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგები ჟურნალ Science of the Total Environment-ში არის  გამოქვეყნებული.

ეკოლოგებმა და ქიმიკოსებმა ადრევე აღნიშნეს, რომ მასალა, რომელიც ავარიის შემდეგ ატმოსფეროში, ნიადაგსა და ზღვის წყალში მოხვდა, პლუტონიუმის კვალს შეიცავდა, მაგრამ მისი ფიზიკური, ქიმიური და იზოტოპური ფორმები უცნობი რჩებოდა.

ახლა კი იაპონელი, ფინელი, ფრანგი, შვეიცარიელი, ინგლისელი და ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ პლუტონიუმის ოქსიდების ნანოზომის ჩანართები ცეზიუმით მდიდარ მიკრონაწილაკებს (CsMP) შეიცავს.

ბირთვული საწვავი რეაქტორის შიგნით წვის შემდეგ  სტრუქტურულ ბეტონთან ურთიერთქმედებაში შევიდა. აფეთქების დროს მასალა მიკროსკოპულ რადიოაქტიურ ნაწილაკებად დაიშალა, რომელიც ქარმა მთელ იაპონიაში მიმოფანტა.

აღმოჩნდა, რომ CsMP ძალიან რადიოაქტიურია და ძირითადად ბეტონის სილიციუმის შუშისა და რადიოაქტიური ცეზიუმისგან (სწრაფად აქროლადი დაშლის პროდუქტი) შედგება. ისინი რეაქტორებში საწვავის წვის დროს წარმოიქმნება.

მეცნიერებმა მიკრონაწილაკების ქიმიური შემადგენლობა მოწინავე ანალიტიკური მეთოდების კომბინაციის გამოყენებით შეისწავლეს.

„შედეგები დამაჯერებლად ცხადყოფს, რომ ნანოზომის არაერთგვაროვნება, ჰეტეროგენობა, რომელიც ნორმალური ბირთვული საწვავისთვისაა დამახასიათებელი, საწვავის ნარჩენებში კვლავ არსებობს, რომელიც დაზიანებული რეაქტორების შიგნით რჩება“, — აღნიშნა კვლევის ხელმძღვანელმა, იაპონიის კიუსიუს უნივერსიტეტის დოქტორმა სატოში უცუნომიამ.

მეცნიერის თქმით, ამ ინფორმაციით შესაძლებელია დაზიანებული რეაქტორის დნობის ხარისხის დადგენა, რაც ენერგეტიკოსებს საშუალებას მისცემს, დროულად გაიყვანონ ისინი ექსპლუატაციიდან და სწორად მიუდგნენ ნარჩენებს.

მკვლევარები აპირებენ, განაგრძონ CsMP-ის მიკრონაწილაკების შესწავლა, რათა უკეთ გაიგონ მათი გრძელვადიანი ქცევა და გარემოზე გავლენა.

შეგახსენებთ: 2011 წლის 11 მარტის დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა-1–ზე“  აფეთქებების სერია დაფიქსირდა, რაც გაგრილების სისტემის დაზიანებამ გამოიწვია. მთავრობამ მოსახლეობა ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ 20 კილომეტრიანი ზონიდან გაიყვანა და, ჩერნობილის მსგავსად, საშიშროების მაქსიმალური დონე გამოაცხადა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფუკუშიმას პრეფექტურის დაბინძურებულ ნიადაგს 30 წლის განმავლობაში გაანადგურებდნენ.

22
თემები:
მსოფლიო დღეს (1850)
ანა კოსტავა

ქართველი კონდიტერი გერმანიაში და ხელოვნების რანგში აყვანილი მისი შედევრები

830
(განახლებულია 13:34 15.07.2020)
დღეს რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ გერმანიაში მცხოვრებ კიდევ ერთ სასახელო ქართველს - ანა კოსატავას გაგაცნობთ.

როგორც, წესი, კულინარიისადმი ინტერესს, ერთხელ მაინც, ალბათ, ყველა გოგო ავლენს ბავშვობაში, მაგრამ კარგი დიასახლისი და იშვიათი კულინარი მათგან ბევრი ვერ გამოდის. თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ეს სფერო ხელოვნების რანგში აჰყავთ. ჩვენი რესპონდენტიც მათ რიცხვშია.

დღეს გერმანიის პროფესიულ სასწავლებელში კონდიტორიის განხრით სწავლობს. პარალელურად ადგილობრივ საკონდიტროში მუშაობს და შეიძლება ითქვას, რომ თავისი კულინარიული შედევრებით ფლეგმატურობით ცნობილი გერმანელების აღფრთვანებას იწვევს.

ანა კოსტავა
ანა კოსტავა

- ანა, როდის გაგიჩნდათ კულინარიისადმი ინტერესი პროფესიულ დონეზე?

- ჩემს შემთხვევაში, კულინარიისადმი ინტერესი დაოჯახების შემდეგ გაჩნდა. თავიდან დიასახლისობით დავიწყე და ნელ-ნელა კერძების მომზადების ყოველდღიური რუტინა საინტერესო საქმიანობად გავხადე. ეს ინტერესი მრავალნაირი იდეისა დ კულინარიული ექსპერიმენტის წყალობით უფრო და უფრო იზრდებოდა. ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი, როგორც კარგ კულინარად ჩამოყალიბება, ყოველ შემთხვევავში, ასე თვლიან ჩემს გარშემო მყოფები. თუმცა, მე უფრო მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ და ვფიქრობ, რომ კარგ და უფრო მეტიც, საუკეთესო კულინარამდე კიდევ გრძელი გზა მაქვს გასავლელი.

ანა კოსტავა
ანა კოსტავა

- გერმანიაში როგორ აღმოჩნდით?

- პირველად გერმანიაში თხუთმეტი წლის წინ ჩამოვედი მეუღლესთან ერთად. მეუღლე სპორტსმენია და გერმანიაში სპორტულ საქმიანობას ეწეოდა. თავიდან გარკვეული პერიოდით ვჩერდებოდით და ისევ საქართველოში ვბრუნდებოდით, მაგრამ შემდეგ აქ ცხოვრება გადავწყვიტეთ.

მეგობართან ერთად
მეგობართან ერთად

- ვიცი, რომ საკონდიტროში მუშაობთ - როგორია გერმანული სამზარეულო და ქართულ კერძს სთავაზობთ სტუმრებს?

- ჩვენი სამზარეულოსგან განსხვავებით გერმანული სამზარეულო არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით. საკონდიტროებშიც ძირითადად ერთი და იგივე, სტანდარტული ტიპის ნაწარმია. ასევეა იმ საკონდიტროშიც, სადაც ვმუშაობ. სამწუხაროდ აქ არ მეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ქართული კერძები შევთავაზო სტუმრებს. თუმცა, ოჯახში მოსულ სტუმრებს ყოველთვის ვცდილობ, რომ ქართული გემოები გავაცნო. მინდა გითხრათ, რომ ჩვენებური სამზარეულო მათ გულწრფელ ქებას იმსახურებს, რაც ძალიან მახარებს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- როგორ ფიქრობთ, გემოების მიხედვთ თუ არის შესაძლებელი, რომ ზოგადად ერის ბუნებასა და ხასიათზე იმსჯელო?

- ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ შესაძლებელია. მაგალითად, ქართველებს რომ ფიცხი ხასიათი გვაქვს, ალბათ აქედან გამომდინარეა ისიც, რომ ძირითადად ცხარე და მწარე კერძები გვიყვარს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- პარალელურად სწავლობთ პროფესიულ სასწავლებელში, კონდიტორიის განხრით - რა სასწავლებელია ეს და ძირითადად რა სახის ცოდნას იძლევა?

-დიახ, პროფესიულ სასწავლებელში ვსწავლობ კონდიტერიის განხრით. სწავლა სამი წელი გრძელდება და თეორიული განხრით ვიღებთ საჭირო ცოდნას დეტალურად ყველა იმ საკითხებზე, რას კონდიტერიას ეხება.  პრაქტიკულ სწავლებას საკონდიტროში გავდივარ.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- თქვენ მიერ შექმნილ რომელ კულინარიულ ნაკეთობას გამოარჩევდით?

- თითქმის ყველანაირი კერძი, რასაც გულით ვაკეთებ, მეტ-ნაკლებად კარგად გამომდის. თუ არ გამომდის, ისეთი პროფესიული ჟინი მაქვს, რომ მანამ არ ვეშვები, სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევ. თუმცა ალბათ მაინც გამოვარჩევდი ხილ-ბოსტნეულიდან შექმნილ ნაკეთობებს, რომლებსაც ვაფორმებ ყვავილებით, გოგო-ბიჭებით, სხვადასხვა აქსესუარით, რაც მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- რომელია თქვენი საყვარელი ქართული და გერმანული კერძი?

- ქართულებიდან განსაკუთრებით მიყვარს მჭადი და ყველი, ბადრიჯანი ყველა ფორმაში, ასევე წითელი ლობიო. აქ რამდენჯერაც უნდა გავაკეთო, ვერასდროს მივიღებ იმ გემოს, რაც საქართველოში აქვს. ჩვენებურ ბოსტნეულს, მწავნილებს სულ სხვა სურნელი და არომატი აქვს, მას პირდაპირ მოაქვს ქართული გემო და მეც სულ ამ გემოების მონატრებაში ვარ. რაც შეეხება გერმანულ კერძს, არც მაქვს რომელიმე გამორჩეულად საყვარელი კერძი. დიდად გურმანიც არ ვარ, ჩემი სუსტი წერტილი უფრო ტკბილეულია: ნამცხვრები, დესერტები და მსგავსი გემრიელობები. ჩემთვის ცომთან თამაში ცალკე ხელოვნებაა. მას კარგი ცოდნა უნდა და მასზეა დამოკიდებული, თუ როგორი გამოვა საბოლოოდ ცომისგან მოზელილი ღვეზელი ან ხაჭაპური...

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- რომელია თქვენი ოჯახის ყველაზე საყვარელი კერძი?

- ჩვენს ოჯახში რა თქმა უნდა ქართული კერძებია პრიორიტეტული,  განსაკუთრებით ხაჭაპური.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- ფოტოგრაფიითაც სერიოზულად ხართ გატაცებული...

- ფოტოგრაფია ჩემთვის გატაცებაზე მეტია. ისევე როგორც კერძების კეთების პროცესში, ასევე ფოტოგრაფიის დროსაც ერთნაირად და წარმოუდგენლად დიდ სიამოვნებას ვიღებ. ეს ნამდვილი თერაპია და რელაქსაციაა დატვირთული დღის რეჟიმის პერიოდში. საკმარისია თუნდაც ხუთი წუთიც იმისთვის, რომ მოვწყდე რეალობას და მთლიანად გადავეშვა ჩემს მიერ შექმნილ პატარა სამყაროში. აქ ერთ დღეს შეიძლება მზარეული ვიყო ან დიზაინერი, ხან კი ფლორისტი.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- ხილის ლამაზად გაფორმების ხელოვნებით ხართ დაინტერესებული და საოცარ ნიმუშებს ქმნით...

- დიახ, კონდიტორიასთან შეთავსებით ჩემი კიდევ ერთი უსაყვარლესი სფერო კარვინგია, რომლითაც რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი. მოვიძიე სწავლის ყველა საშუალება  და დიდი ძალისხმევის შემდეგ შესაძლებლობა მომეცა ერთ კვირიანი მასტერკლასი გამევლო ამ სფეროში ორ გზის მსოფლიო ჩემპიონთან, Xiang Wang-თან. მისგან ბევრი საინტერესო რჩევა  და სწორი მიმართულება მივიღე. მას შემდეგ  ამ სფეროს პროფესიონალურად შესწავლის მიზანი დავისახე. თავიდან საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ბევრი ვარჯიშის და ხილ-ბოსტნეულის „წვალების" შედეგად ნელ-ნელა მიზანს მივაღწიე (ალბათ ნიჭიც აღმომაჩნდა).  ასევე გამორჩეული  იყო ჩემთვის ფრანგული დესერტების სპეციალური კურსი, სადაც ახალ, თანამედროვე და საინტერესო ტექნოლოგიებს დავეუფლე. მოკლედ, სულ სიახლეების ძიებაში ვარ და ვცდილობ სხვადასხვა მასტერ-კლასებში მივიღო მონაწილეობა.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

- როგორია პირადად თქვენი კულინარიული შეგრძნებები- ტკბილი უფრო გიყვართ თუ მჟავე ან მწარე?

- ჩემი კულინარიული შეგრძნებები თავისუფალია, მას არა აქვს ჩარჩოები და სტანდარტები. ყოველთვის ორიგინალური და პიკანტური გემოების ძიებაში ვარ. მიყვარს გემოებით თამაში, თუნდაც მჟავე, ტკბილი, ცხარე გემოების უჩვეულო კომბინაციები. მთავარია, რომ ეს გემოები უხდებოდეს და აბალანსებდეს ერთმანეთს. არ მიზიდავს ეგზოტიკური სამზარეულო და არც ევროპაში გავრცელებული უჩვეულო გემოების მიქსი, მაგალითად, ხორცის წვნიანში მანდარინის ლებნები, ხახვის დესერტი და ა. შ. თუმცა ინტერესის გულისთვის მაინც ვსინჯავ ხოლმე.  ჩემთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია კერძის ესთეტიკური მხარე, მისი გემო ვიზუალიდან უნდა იგრძნობოდეს, ამიტომ მიმზიდველი უნდა იყოს.

ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი
ანა კოასტავას კულინარიული ნახელავი

-ბოლოს, ჩვენს მკითხველს, ანა კოსტავას „ფელამუშის ტარტის“ საავტორო რეცეპტს ვთავაზობთ:

-„ფელამუშის ტარტისთვის“ დაგვჭირდება:

200 გრ. ორცხობილა;

150 გრ. კარაქი.

1ლ. ყურძნის ნატურალური წვენი (უმჯობესია ბადაგი);

1 პაკეტი ვანილი;

1 სავსე ჭიქა სიმინდის ფქვილი;

1 ს/კ პურის ფქვილი;

100 გრ. თხილი ან ნიგოზი.

მომზადების წესი: ორცხობილა დავფშნათ წვრილად და შევურიოთ გამდნარი კარაქი, შემდეგ გადმოვიტანოთ ფორმაში და დავკეპოთ ხელით. მოვადუღოთ ფელამუში ჩვეული წესით, გადმოვდგათ ცეცხლიდან და როცა ცოტა გაგრილდება დავასხათ ორცხობილას თავზე, გავასწროთ ზედაპირი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი თხილი ან ნოგოზი. აი, ასე მარტივად და ცხობის გარეშე შეძლებთ დაამზადოთ გემრიელი ტარტი!...

 

830
თემები:
ქართველები უცხოეთში
ნინო ლომჯარია

როგორ ესმის ვაჟკაცობა და ძველბიჭობა პრეზიდენტს: რას უწუნებს ომბუდსმენი ზურაშვილს

0
(განახლებულია 16:22 15.07.2020)
პირველმა პირებმა არ უნდა მოახდინონ ძალადობის რომანტიზება - საჯარო პირების განცხადებებსა და შეფასებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, განაცხადა ნინო ლომჯარიამ

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი გამო, კვლავ კრიტიკის ობიექტი გახდა.

ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ენას სრულყოფილად ვერ ფლობს, საკუთარი გამონათქვამების გამო არაერთხელ აღმოჩდა უხერხულ ვითარებაში. ამჯერად მისმა განცხადებამ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უკმაყოფილება გამოიწვია.

„ვაჟკაცობა მესმის, როდესაც ჩხუბი ერთი ერთზე მიდის. მე არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი ვაჟკაცობის შესახებ. ადამიანებზე ძალადობა მიუღებელი და არაქართულია, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. დიდი ვაჟკაცობაა ბრალის აღიარება, კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა კი მონანიებაა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ომბუდსმენი აღაშფოთა ფრაზამ, რომელიც „ერთი ერთზე" ჩხუბს ამართლებს.

„ძალადობა, ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფური, არის ძალადობა და დანაშაული", - განაცხადა ლომჯარიამ და აღნიშნა, რომ საჯარო პირების განცხადებებსა და შეფასებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მისი თქმით, ზურაბიშვილის სიტყვების აღქმა შეიძლება ისე, რომ თითქოს საქართველოში „ერთი ერთზე" ჩხუბი მისაღები და ტრადიციულია.

„არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი-ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება... ეს მსოფლმხედველობა უნდა შეიცვალოს", - განაცხადა ომჯარიამ.

ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ქვეყნისთვის ბოლო პერიოდში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა გახდა.

2017 წლის დეკემბერში ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ორი მოსწავლის სიკვდილით დამთავრდა, სასამართლო პროცესი კი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე რეზონანსული გახდა.

მიმდინარე ზაფხულში საქართველო ახალმა ტრაგედიამ შეძრა. 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა - იგი 18 ივლისს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღის წვეეულებაზე იმყოფებოდა, რომელზეც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს: უშუალოდ მკვლელობას, რომლის დამტკიცებას ახლა ცდილობს გამოძიება, და უკვე დადგენილ ფაქტებს - ცემას, ჯგუფურ ძალადობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. დაკავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი.

0