ქართული სანელებლები

ცხიმიანი საკვები არ გაგასუქებთ, თუ... მეცნიერები ასახელებენ სანელებლებსა და დოზას

1228
(განახლებულია 18:12 22.05.2020)
ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ თუ ამ სანელებლების გემო მოგწონთ, შეგიძლიათ ცხიმიანი და ნახშირწყლების შემცველი საკვები ორგანიზმისთვის უფრო სასარგებლოდ გადააქციოთ.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. დიდი რაოდენობით ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველ საკვებში სანელებლების დამატება ამცირებს მის მავნებლობას ორგანიზმისთვის, დაასკვნეს პენსილვანიის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარებმა, რომელთა შრომაც გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში The Journal of Nutrition

მეცნიერების თქმით, მაღალკალორიული საკვების ერთ-ერთი საკვანძო თავისებურება, რის გამოც არის კიდეც მავნებელი, ისაა, რომ მისი მიღება ორგანიზმში ანთებითი პროცესის პროვოცირებას ახდენს. ხოლო ქრონიკული ანთების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმი გაძლიერებულად იწყებს ზედმეტი წონის აკრეფას და მოწყვლადი ხდება გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების მიმართ.

„ოქროს სტანდარტი — ეს, რაღა თქმა უნდა, ჯანმრთელი კვება, ფიზიკური ვარჯიში და, როგორც შედეგი, წონის დაკლებაა. მაგრამ ასეთი ქცევითი ცვლილებები რთულია და დროს მოითხოვს. ჩვენ გვსურდა გაგვერკვია, იძლევა თუ არა დადებით ეფექტს საკვებში ჩვეული სანელებლების ნარევის დამატება“, — აცხადებს კვლევის თანაავტორი კონი როჯერსი.

ირკვევა, რომ ექსპერიმენტის დროს, რომელშიც 40-დან 65 წლამდე ასაკის 12 (ძირითადად ჭარბწონიანი) მოხალისე იღებდა მონაწილეობას, მეცნიერებმა გამოიყენეს დაფნის ფოთლის, შავი პილპილის, რეჰანის, დარიჩინის, ქინძის, ძირის, ჯანჯაფილის, თავშავის, ოხრახუშის, წითელი წიწაკის, როზმარინის, ქონდრისა და კურკუმის ნარევი.

თითოეულ მონაწილეს სამი დღის განმავლობაში მაღალკალორიული საკვების სამი ვარიანტის გასინჯვა მოუხდა: სანელებლების გარეშე, ორი გრამის და ექვსი გრამის სანელებლის დამატებით.

ყოველი ექსპერიმენტული სადილის შემდეგ მეცნიერები მონაწილეებს ოთხჯერ უღებდნენ სისხლის ანალიზს, რათა ზუსტად მიედევნებინათ თვალი, რამდენად ძლიერ იმოქმედებდა საკვები ორგანიზმში ანთებების მარკერებზე. 

მონაცემების გაანალიზების შემდეგ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ანთებითი ციტოკინების რაოდენობა ყველაზე მეტად მაშინ მცირდებოდა, როდესაც მონაწილე ექვსი გრამი სანელებლით შეკმაზულ კერძს მიირთმევდა. ეს დაახლოებით ერთი ჩაის კოვზს უდრის.

„თუ სანელებლების გემო მოგწონთ, შეგიძლიათ ცხიმიანი და ნახშირწყლების შემცველი საკვები ორგანიზმისთვის უფრო სასარგებლოდ გადააქციოთ. ჩვენ არ ვიცით, ერთი სანელებელი აგებს ამაზე პასუხს თუ რამდენიმე, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ მიერ შესწავლილმა ნარევმა დადებითი ეფექტი გამოავლინა“, — აცხადებს კონი როჯერსი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მკვლევარების ჯგუფმა მარკ მოსის ხელმძღვანელობით ადამიანის ტვინზე სურნელოვანი მცენარეული ეთერზეთების არომატების ზემოქმედება შეისწავლა. მათი დასკვნით, როზმარინის არომატის შესუნთქვა ტვინის კოგნიტიურ ფუნქციებს აუმჯობესებს, განსაკუთრებით, აღადგენს მეხსიერებას.

1228
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (389)
თეა თავაძე

ქართველი ექიმი, რომელიც სტამბულში ქალებს ჰიპნოზით ამშობიარებს

29
(განახლებულია 17:30 03.06.2020)
 ჩვენი რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ თურქეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ექიმს თეა თავაძეს გაგაცნობთ.

ქართველი ექიმი სტამბულის ერთ-ერთ კერძო სამედიცინო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიური კლინიკის წამყვანი სპეციალისტია. ის ურთულეს გინეკოლოგიურ ოპერაციებს ატარებს და იმავე კლინიკაში კლინიკაში წყალში მშობიარობის განყოფილების დამაარსებელიც გახლავთ. ამავე სფეროში კოლეგებთან ერთად, მუშაობს ისეთ ინოვაციურ მეთოდზე, როგორიცაა, ჰიპნოზით მშობიარობა. ფლობს რადიოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სერთიფიკატებს.

თავის დროზე, დიპლომი დაიცვა ისეთ თემაზე, როგორიცაა, ვაგინალური ექოსკოპიის როლი ადრეული ორსულობის პერიოდში, რაც შემდგომ წიგნის სახით გამოიცა. დღეს კლინიკაში (Atlas Üniversitesi Edicine hospital) მუშაობის პარალელურად ლექციებსაც კითხულობს.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- ქალბატონო თეა, როგორ და როდის აღმოჩნდა ქართველი მედიკოსი თურქეთის სამედიცინო სფეროში?

- თურქეთში ჩამოსვლამდე, 1998 წელს, საქართველოში პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემია დავამთავრე. თურქეთში ჩემი ჩამოსვლა დეიდაჩემის, ნესტან სოფაძის რჩევით განხორციელდა. იმ პერიოდში, დეიდა თურქეთში ერთერთ კონსერვატორიაში მუსიკის პედაგოგად მოღვაწეობდა. სწორედ  მისგან გავიგე, რომ იმ პერიოდში თურქეთსა და საქართველოს შორის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები მოქმედებდა. ექვსი თვის მანძილზე თურქ სტუდენტებთან ერთად კლინიკაში ვიყავი და მონაწილეობას ვიღებდი პრაქტიკულ სამუშაოებში.

თეა თავაძე სამუშაო გარემოში
თეა თავაძე სამუშაო გარემოში

- რამ მოახდინა თქვენზე მაშინ შთაბეჭდილება?

- იმ ექვსი თვის განმავლობაში ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თურქეთის სამედიცინო განათლების დონემ. გადავწყიტე, რომ ისევ დავბრუნებულიყავი სტამბულში და მაგისტრატურაში აქ ჩამებარებინა. ძალიან დიდი შრომისა და გარკვეული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, (რისთვისაც სამი წელი დამჭირდა) მარმარის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში მოვხვდი მეან-გინეკოლოგის სპეციალობაზე, სადაც ექვსი წელი ვისწავლე და ერთ-ერთი  წარმატებული სპეციალისტი ვიყავი.

ექიმი თეა თავაძე პაციენტთან ერთად
ექიმი თეა თავაძე პაციენტთან ერთად

- ამ ეტაპზე რა სახის კვლევებზე გიწევთ მუშაობა?

- ვაწარმოებ გარკვეულ კვლევებს და ვახორციელებ ფიზიოლოგიურ მშობიარობას პირველი, მეორე და მესამე საკეისროს შემდეგ, რომელიც ძალიან რთული პროცესია. მოგეხსენებათ თურქული ტრადიციები მრავალშვილიანობის მომხრეა და საკეისრო კვეთა მრავალშვილიანობას ასე თუ ისე აფერხებს. მე როგორც ერთ-ერთი მეან-გინეკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, რთულ მშობიარობებს ვუწევ მეთვალყურეობას. გარდა ამისა, რომ მეან-გინეკოლოგი ვარ, დამატებით ვფლობ რადიოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სერთიფიკატებს, რომელსაც მხოლოდ ჩემს სპეციალობაში ვიყენებ.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- თურქეთში ისეთ უჩვეულო და უნიკალურ მეთოდზე მუშაობთ, როგორიცაა, ჰიპნოზით მშობიარობა, როგორ ხდება მსგავსი რამ?

- ჰიპნოზი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ძილს, ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება ღრმა მოდუნებით, შთაგონებისადმი მიმღებლობით, აღქმნის, მეხსიერების, მოტივაციის და თვითკონტროლის ცვლილებებით. ჰიპნოზში მყოფი პაციენტი გარეგნულად ძილის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა პაციენტი თავისუფლად გამოხატავს ემოციას: ტირის, ყვირის, შეკითხვებზე თავისუფლად გცემს პასუხს. ისინი გრძნობენ, რომ მათი ქცევა ყოველგვარი ცნობიერი განზრახვისა და ძალისხმევის გარეშე ხორციელდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ორსულობის პერიოდში შთაგონების მეშვეობით ვახერხებთ პაციენტის ქვეცნობიერის კონტროლს, რომელიც მშობიარობის პერიოდში ექიმის მითითებებს ექვემდებარება.

თეა თავაძე ოჯახურ გარემოში
თეა თავაძე ოჯახურ გარემოში

- რამდენად უსაფრთხოა ეს მეთოდი?

-ჰიპნოზით მშობიარობა სრულიად უსაფრთხო მეთოდია, რომელიც საერთოდ არ მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე. მშობიარობის შემდეგ პაციენტი რამდენიმე წამში გარკვეული მითითების შემდეგ ისევ უბრუნდება ჩვეულებრივ მდგომარეობას. ეს ახალი ტენდენციაა თურქეთში და ჩვენი უნივერსიტეტი ჯერჯერობით მხოლოდ მეორე იქნება, სადაც  ჰოპნოზით მშობიარობა განხორციელდება.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- ვიცი, რომ დისერტაციაზეც მუშაობთ, რა თემას ეხება თქვენი ნაშრომი?

- ამჟამად საერთაშორისო კლინიკის თანამშრომლებთან ერთად ვმუშაობ თემაზე, რომელიც ეხება ორსულობამდე და ორსულობის დროს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგებს მშობიარობის პერიოდში.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- თქვენი მეუღლე თურქეთელი ქართველების შთამომავალია, ალბათ ამანაც განაპირობა შემდეგში ამ ქვეყანაში თქვენი ოჯახის საბოლოოდ დამკვიდრება...

- ჩემი მეუღლე, ქემალ იემი (iyem) ირემაძე, წარმოშობით მაჭახელადანაა. დედამთილი, მარიამ ქავთარაძეა, მამამთილი, ნევზათ ირემაძე აწ გარდაიცვლილია. იმ პერიოდში თურქეთის არასტაბილური ეკონომიური მდგომარეობის გამო, მეუღლის მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ბელგიაში, სადაც ჩემი მეუღლე დაიბადა და გაიზარდა. იქ ცხოვრობდნენ ოცი წლის განმავლობაში, მიიღეს ბელგიის მოქალაქეობა, მაგრამ შემდეგ საცხოვრებლად ისევ სტამბულში გადავიდნენ. შემდეგ ჩემმა მეუღლემ დაიწყო თურქეთსა და საქართველოს შორის წარმატებული ბიზნეს-საქმიანობა, რის გამოც ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭა, ჩემს ორივე შვილსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

თეა თავაძე ოჯახთან ერთად
თეა თავაძე ოჯახთან ერთად

- საქართველოში რამდენად ხშირად ჩამოდიხართ და სამომავლოდ საქმიანობის აქ გაგრძელებას თუ აპირებთ?

- რაც შეეხება საქართველოში ჩემს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი კლინიკებიდან სერიოზული შემოთავაზებები მქონდა, ჯერჯერობით არ ვაპირებ, ვინაიდან ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტი პროფესიონალური გეგმების განხორციელებაა. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, თბილისი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ. იქ ძალიან ხშირად ჩავდივარ ოჯახთან ერთად. ჩემი შვილები მთელი ზაფხულის განმავლობაში ბებიასთან და ბაბუასთან ისვენებენ. ისინი ქართულს ძალიან კარგად ფლობენ, ისიც კარგად იციან, რომ მათ  გენებში ქართული სისხლია, საქართველო კი მათი მშობლიური ქვეყანა...

 

29
თემები:
ქართველები უცხოეთში
სამეცნიერო ლაბორატორია

ნიკოტინი ნამდვილად ეწინააღმდეგება კორონავირუსს: უახლესი კვლევა ისრაელიდან

99
(განახლებულია 15:35 03.06.2020)
გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის მიღმა თამბაქოს მოწევა უზარმაზარ ზიანს აყენებს ორგანიზმს, მეცნიერები სამკურნალოდ უშუალოდ ნიკოტინის გამოყენების საკითხს განიხილავენ  

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა მიერ გამოთქმული მოსაზრებებსი იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი მწეველებს ნაკლებად ემართებათ, დადასტურდა ისრაელის მეცნიერთა მასშტაბური კვლევებით, რომლის დროსაც 3 მილიონი ადამიანის მონაცემთა ანალიზი ჩატარდა.

კვლევამ აჩვენა, რომ COVID-19-ით დაავადების შანსი ნიკოტინის მოყვარულებში თითქმის ორჯერ ნაკლებია. 

Daily Mail-ის ცნობით,  ებრაელ მეცნიერთა გუნდმა, რომელსაც დოქტორი არიელ ისრაელი ხელმძღვანელობს, Clalit Health Services-ის მონაცემები გამოიყენა — ეს არის ქვეყანაში სამედიცინო სერვისების უმსხვილესი სისტემა. 3 მილიონ ადამიანს შორის მეცნიერებმა გამოარჩიეს ისინი, რომლებმაც კორონავირუსზე ტესტირება ჰქონდათ გავლილი. ასეთი  სულ 114 500 ადამიანი იყო. მათგან ტესტზე დადებითი პასუხი 4537 პაციენტს ჰქონდა მიღებული.

ამასთან, მეცნიერებს ჰქონდათ მონაცემები როგორც ჯანმრთელი, ისე COVID-19-ით დაავადებული პაციენტების ასაკის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, დაავადებებისა და ნიკოტინის გამოყენების შესახებ მონაცემები.

აღმოჩნდა, რომ კორონავირუსით დაავადებულთა შორის მწეველი იყო 9,8% , ხოლო ჯანმრთელებს შორის — 18,5%. ამასთან, მოსახლეობაში მწეველთა საერთო წილი 19%-ს შეადგენდა.

ამ უცნაური ეფექტის თაობაზე რამდენიმე თეორია არსებობს. ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ნიკოტინი კონკურენციას უწევს კორონავირუსს უჯრედებთან მიერთებაში და ბლოკავს მათი ორგანიზმში შეღწევადობის უნარს.  

სხვა ვერსიით, ნიკოტინი ანთების საწინააღმდეგო ციტოკინებს ბლოკავს და ამ გზით „აფრთხილებს“ ორგანიზმს ციტოკინური შტორმის, ანუ  იმუნიტეტის ჰიპერტროფიული გამოვლენის შესახებ, რომელსაც ინფიცირებულის მოკვლა შეუძლია.  

მესამე თეორიის თანახმად, ნიკოტინი АСЕ-2 რეცეპტორების რაოდენობას ამცირებს, რომლებსაც უერთდება კიდეც კორონავირუსი უჯრედების ინფიცირებისთვის.

დაბოლოს, მეოთხე ვარაუდი: კორონავირუსი ორგანიზმში აღწევს ცხვირისა და პირის მიდამოებში განლაგებული ნიკოტინური აცეტილქოლინის რეცეპტორებით, ნიკოტინი კი ამაში ხელს უშლის.

COVID–19–ით დაავადებულთა შესახებ მონაცემების კვლევამ აჩვენა, რომ არ არსებობს რაიმე დადასტურებული თეზისი იმისა, რომ მწეველებში კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებულად მძიმედ მიმდინარეობდა.

დოქტორი ისრაელის გუნდი საკუთარი კვლევების შედეგს „გასაოცარს“ უწოდებს, რადგან, ჩვეულებრივ, მოწევა ზრდის ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს არა მარტო იმუნიტეტის დაქვეითების ხარჯზე, არამედ იმიტომაც რომ მწეველები ხშირად ეხებიან ცხირ-ტუჩის არეს.

წაიკითხეთ აქ: რატომ ეწევიან ქალები: მეცნიერული კვლევა და სპეციალური რეკომენდაციები მათთვის>>

ისრაელელი მკვლევარები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ  მოწევას ნამდვილად აქვს COVID-19-ისგან დამცავი ეფექტი.  

რა თქმა უნდა, მათ ოპონენტებიც ჰყავთ. მაგალითად, ჩინელი და ბრიტანელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ მწეველებში დაავადება არამწეველზე მძიმედ მიმდინარეობს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ კვლევებისას ბევრად ნაკლები ადამიანის მონაცემები შეისწავლეს, ვიდრე ებრაელმა მეცნიერებმა.

სპეციალისტების განმარტებით,  გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის მიღმა თამბაქოს მოწევა უზარმაზარ ზიანს აყენებს ორგანიზმს, ისინი სამკურნალოდ უშუალოდ ნიკოტინის გამოყენების საკითხს განიხილავენ.  

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ თემაზე არსებული ყველა შრომა ჯერჯერობით მხოლოდ პრეპრინტების სახითაა გამოქვეყნებული, ანუ რეცენზია, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა კვლევის შედეგებს, არცერთს არ მიუღია.

 

99
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (389)
მატარებელი

„საქართველოს რკინიგზა“ მზადაა: ვინ და რატომ აფერხებს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას

0
(განახლებულია 18:35 03.06.2020)
მგზავრთა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაყვანა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტს შეჩერდა.

 

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik.  საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანა 8 ივნისიდან აღდგება, თუმცა, ძალაში რჩება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვა – საქართველოს მთავრობის 23 მაისის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები სამშაბათს შევიდა. 

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, შეზღუდულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა ოფიციალური სარკინიგზო გადაზიდვებისა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელთა გადაყვანა ექსპლუატაციის ადგილამდე ან პირიქით, ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებით.

ამასთან, „საქართველოს რკინიგზა“ მზადყოფნას გამოთქვამს მგზავრთა მომსახურებისთვის. ამ მიზნით უკვე შეძენილია სადეზინფექციო საშუალებები და უკონტაქტო თერმომეტრები. თუმცა, როდის განახლდება სარკინიგზო მიმოსვლა, ჯერჯერობით, უცნობია.

 „მოსალოდნელია, რომ ეს საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდება“, – განაცხადეს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „იმედთან“. 

მგზავრთა სარკინიგზო ტრანსპორტით გადაყვანა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 მარტს შეჩერდა. 

3 ივნისისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 800–ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 640 ადამიანი, გარდაიცვალა 13. კარანტინში იმყოფება 2424 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.   უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოს საქართველოს სამი მოქალაქეა გადმოყვანილი.

ქვეყანაში 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, რომელიც 21 მარტს ამოქმედდა, გაუქმდა. ამ დრომდე მკაცრი კარანტინი მოქმედებს თეთრიწყაროში და ბოლნისის რაიონის ორ სოფელში: მუშევანსა და გეტაში.

გარდა ამისა, მოქმედ შეზღუდვებში შედის საერთაშორისო სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაზე აკრძალვა, ასევე 10 კაცზე მეტის შეკრება ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, დაკრძალვა, იუბილე და ა.შ.).

ქვეყანაში 29 მაისიდან მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. 1 ივლისიდან კი საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენა იგეგმება.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში