დედა და შვილი

დედამ 32 წლის წინ დაკარგული შვილი იპოვა: ვრცელდება შეხვედრის ამაღელვებელი ვიდეოკადრები

688
(განახლებულია 20:36 20.05.2020)
პრესკონფერენციისას დარბაზში შესვლისთანავე ახალგაზრდა კაცი დედისკენ გაიქცა და ჩაეხუტა მას. პრესკონფერენციას გადასცემდა CCTV, რომლის მაყურებელიც დაკარგული შვილისა და დედ-მამის ამაღელვებელ შეხვედრას პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ახალგაზრდა კაცი, რომელიც 32 წლის წინ გაიტაცეს, ბიოლოგიურმა მშობლებმა ახლახან დაიბრუნეს სახის ამომცნობი ტექნოლოგიის წყალობით, იუწყება CNN.

გავრცელებული ინფორმაციით, მაო ინი 1988 წელს გაიტაცეს ჩინეთის შენსის პროვინციის ქალაქ სიანის ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიიდან. ბიჭუნა მაშინ ორი წლის იყო. 

​ირკვევა, რომ გამტაცებლებმა ის სიჩუანის პროვინციაში მცხოვრებ უშვილო წყვილს მიჰყიდეს. მშვილებლების ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებენ, ვინაიდან სამართალდამცველები ჯერ კიდევ იძიებენ გატაცების დეტალებს.

ცნობილია ის, რომ მაო ინმა, რომელსაც მშვილებელმა მშობლებმა სახელად ჰუ ნინინგი დაარქვეს, არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ბიოლოგიურ მშობლებს სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მისი ძებნა არ შეუწყვეტიათ. 

გამოცემის ინფორმაციით, სიანის პოლიციამ მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ 1980 წლის ბოლოს პროვინციის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მამაკაცმა ბავშვი იყიდა.

სამართალდამცველებმა სახის ამომცნობი სისტემის მეშვეობით დაამუშავეს მაოს ბავშვობისდროინდელი ფოტო და შექმნეს სიმულაციური გამოსახულება, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ის ზრდასრულობაში. ამის შემდეგ მიღებული გამოსახულება მონაცემთა ეროვნულ ბაზაში არსებულ ფოტოებს შეადარეს და შედეგიც მიიღეს.

მთელი რიგი საგამოძიებო ღონისძიებების შემდეგ პოლიციამ ქალაქ მიანიანში მიაგნო მაოს მსგავს მამაკაცს. მოგვიანებით დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ის ნამდვილად ის ბიჭუნა იყო, რომელსაც მშობლები 32 წლის განმავლობაში ეძებდნენ.

34 წლის მაო ორი დღის წინ, ორშაბათს შეუერთდა ბიოლოგიურ მშობლებს. ამ საკითხისადმი მიძღვნილი პრესკონფერენციისას დარბაზში შესვლისთანავე მაო დედისკენ გაიქცა და ჩაეხუტა მას. პრესკონფერენციას გადასცემდა CCTV, რომლის მაყურებელიც დაკარგული შვილისა და დედ-მამის ამაღელვებელ შეხვედრას პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.

„არ მინდა, რომ ოდესმე დამტოვოს. აღარ მივცემ ნებას, რომ ჩემგან წავიდეს“, — ამბობდა ატირებული დედა, რომელსაც მაგრად ჰქონდა შვილის ხელი ჩაბღუჯული.

CCTV-ს ინფორმაციით, მაომ, რომელიც ამჟამად ინტერიერის დიზაინითაა დაკავებული, პირობა დადო, რომ სიანში გადავა საცხოვრებლად — ბიოლოგიური მშობლების გვერდით.

გამოცემა წერს, რომ მაო წლების განმავლობაში ხედავდა ტელევიზიით, როგორ ეძებდა ქალი დაკარგულ შვილს, რისთვისაც ასობით ათას ბუკლეტსაც არიგებდა და არაერთ სატელევიზიო პროგრამაშიც მონაწილეობდა. მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამ თავგადადებული ქალის შვილი თავად იყო და სწორედ მას ეძებდნენ ამდენი ხანი.

688
თემები:
მსოფლიო დღეს (2196)
ქალი და მამაკაცი

ცალკე კაცებისთვის და ცალკე - ქალებისთვის: რა არის საჭირო უკეთესი სექსისთვის

43
(განახლებულია 13:03 29.10.2020)
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რა უწყობს სექსუალური ლტოლვის ზრდას მამაკაცებში, და რა - ქალებში

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. მამაკაცები, რომლებიც ორგანულ საკვებს ანიჭებენ უპირატესობას, ნაკლებად უჩივიან ერექციულ დისფუნქციას, ქალების სექსუალობაზე კი ხმელთაშუა ზღვის დიეტა მოქმედებს დადებითად, აცხადებენ ამერიკელი მკვლევარები, რომელთა ნაშრომიც სამეცნიერო ჟურნალ Science Direct-შია გამოქვეყნებული.  

ვნახოთ, რომელი პროდუქტები უწყობს ხელს სქესობრივი ლტოლვის ზრდას  და ჯანმრთელ ოჯახურ ცხოვრებას.

კვება მამაკაცებისთვის

40 წელს გადაცილებილი მამაკაცების 30-52% უჩივის სხვადასხვა სახის სექსუალურ დარღვევებს, რომლებიც ყველაზე ხშირად არასრულფასოვან ერექციას უკავშირდება.

ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად მკურნალობის უამრავი საშუალება არსებობს, მათ შორის, ქირურგიული ჩარევაც. თუმცა კალიფორნიის უნივერსიტეტის უროლოგიის განყოფილების მკვლევარები, პროფესორ ფაიზალ იაფის ხელმძღვანელობით, პრობლემას სხვა კუთხით მიუდგნენ და შეამოწმეს, როგორ მოქმედებს ამ ყველაფერზე კვება. ამისათვის მკვლევარებმა დეტალურად შეისწავლეს ყველა იმ მამაკაცის ცხვორებისა და კვების წესი, რომლებმაც მათ ერთი წლის განმავლობაში მიმართეს სქესობრივი დარღვევების ჩივილებით.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხული 271 ადამიანიდან 65 პროცენტი „ჩვეულებრივად“ იკვებებოდა, ხოლო დანარჩენი კი დიეტას იცავდა —  ისინი მიირთმევდნენ ორგანულ და გადაუმუშავებელ საკვებს, ერიდებოდნენ კონსერვებსა და ნახევარფაბრიკატებს. ამასთან 28% მიმართავდა პერიოდულ შიმშილობასაც. როგორც გაირკვა, ჯანსაღი დიეტის მომხრეები ნაკლებად უჩიოდნენ ერექციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ორგანული დიეტა აუმჯობესებს თვითშეგრძნებას და უზრუნველყოფს ენერგიის ნაკადს, რაც, თავის მხრივ, ზრდის ლიბიდოს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი საკვები ნაკლებად შეიცავს ქიმიკატებს, რომლებიც ნერვულ სისტემას თრგუნავს, სამაგიეროდ შეიცავს მეტი რაოდენობით ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს, აქვთ მაღალი კვებითი ღირებულება. ამასთან არსებობს მტკიცებულებები, რომ პერიოდული (წყვეტილი) შიმშილობა ზრდის მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის დონეს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კვლევაში  მცირე რაოდენობის ადამიანი იღებდა მონაწილეობას და ამიტომ ფრთხილ დასკვნებს აკეთებენ: იმის მტკიცება, რომ სექსუალურ მაჩვენებლებზე მხოლოდ დიეტა ახდენს გავლენას, დანამდვილებით არ შეიძლება.  ამასთან ექსპერიმენტის შედეგები არ შეიძლება გავრცელდეს მათზე, ვინც იცავს სხვა სახის დიეტებს: კეტოდიეტას, მთელმარცვლიანს, პალეო–,   ვეგეტარიანულ თუ ვეგანურ დიეტებს. სწავლულების თქმით, ამ შემთხვევებში  ცალკე კვლევაა საჭირო.

დიეტა ქალებისთვის

ზემოთ ნახსენები კვლევიდან ერთი წლის შემდეგ მკვლევართა იგივე გუნდმა გამოაქვეყნა მონაცემები ქალის სექსუალობასა და კვებას შორის კავშირის შესახებ. სტატისტიკის თანახმად, სქესობრივი ფუნქციის პრობლემები ქალების 43 პროცენტს აქვს, თუმცა ეს რიცხვი რეალურად შეიძლება გაცილებით მეტი იყოს. საქმე ისაა, რომ ასეთი ჩივილებით იშვიათად მიმართავენ ექიმებს.

მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა და გულსისხლძარღვთა დაავადებები ხშირად იწვევს ქალებში სექსუალურ დისფუნქციას. დიეტა ასეთი მდგომარეობების თერაპიის ნაწილია. ჩვეულებრივი რაციონი აშკარად არაჯანსაღია, ვინაიდან მოიცავს ბევრ შემწვარს, ცუდი ცხიმებსა და ინდუსტრიულად გადამუშავებულ პროდუქტებს.

სულ სხვაა ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც მდიდარია ბოსტნეულით, თევზით, მთელმარცვლეულით. არსებობს მონაცემები, რომ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მქონე ქალებში ამ ტიპის დიეტა აუმჯობესებს სქესობრივ ცხოვრებას.

პროდუქტები უკეთესი სექსისთვის

ირანელ, კანადელ და ალბანელ მამაკაცებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ყოველდღიური მენიუს მეათედი ხილისა და ბოსტნეულისგან შედგება, სქესობრივი დისფუნქციის რისკი ნაკლებია. კაკალი და ბოჭკოებით მდიდარი საკვებიც ასევე ეფექტურია.

ტროპიკული ამაზონის ტომების მამაკაცები იშვიათად განიცდიან ერექციულ დისფუნქციასა და ეაკულაციას. მათი რაციონი შედგება მდინარის თევზის, ბრაზილიურ კაკლისა, ხილისა და ბოსტნეულისგან.

სექსუალურ ლტოლვას აძლიერებს ისეთი საკვები, როგორებიცაა: კაკალი, გოგრის თესლი, ქუნჯუთი და ასევე მდელოს ბალახით ნაკვები საქონლის  წითელი ხორცი.

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფოლიუმის მჟავას დეფიციტი იწვევს ნაადრევ ეაკულაციას მამაკაცებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაციონში უნდა შედიოდეს ამ ვიტამინით მდიდარი პარკოსნები და ღვიძლი.

ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ამ დაავადებას  ეხმარება ბარდა და სიმინდი, რომლებიც ამინომჟავა ტრიპტოფანს შეიცავს. სწორედ ეს ნივთიერება აღადგენს სეროტონინის დონეს — ჰორმონისა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სექსუალური დაკმაყოფილების პროცესში.

ჯერჯერობით მექანიზმი შესწავლილი არ არის, მაგრამ სპეციალისტების თქმით, მამაკაცის სექსუალურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს კოფეინიც, რომელიც ასევე ზრდის ტესტოსტერონის დონეს. იგივე ეფექტი აქვს ბროწეულსა და კოჭას.

რაც შეეხება პეირონის დაავადებას (სასქესო ასოს გამრუდება), მისი პროფილაქტიკისთვის კარგია E ვიტამინი და ანტიოქსიდანტები, რომლებიც ციტრუსებში, შავ და ლურჯ მოცვში გვხვდება.

მეცნიერების თქმით (2008 წლის კვლევა), საზამთროში აღმოჩენილია ამინომჟავა ციტრულინი, რომელიც იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და, ფაქტობრივად, ვიაგრას მსგავსად მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულებები მწირად მოიპოვება, 2018 წელს იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ L- ციტრულინითა და რესვერატროლით კომბინირებული მკურნალობა აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას. ამ ნივთიერებებით მდიდარია ყურძენი, თხილი და კაკაო.

43
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ბრიტანული პოლიცია

ინფორმაცია „ფხიზელი მეზობლებისგან“: ბრიტანული პოლიცია სახლებში შეჭრით იმუქრება

28
(განახლებულია 12:39 29.10.2020)
პოლიცია „ფხიზელი მეზობლებისგან“ მიღებულ ყველა ინფორმაციას გადაამოწმებენ და თუ ისინი დადასტურდება, სერიოზულადაც დააჯარიმებენ დამრღვევებს

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ბრიტანეთის პოლიცია საშობაო დღესასწაულებზე იმ სახლებში შეჭრით იმუქრება, სადაც დიდი რაოდენობით ადამიანები იქნებიან თავმოყრილი, იუწყება გამოცემა The Sun-ი.

სამართალდამცველები ამ გადაწყვეტილებას კორონავირუსის გამო დაწესებული და მოქმედი საკარანტინო ღონისძიებებით ხსნიან.

როგორც პოლიციის კომისარი დევიდ ჯეიმისონი განმარტავს, სამართალდამცველები აუცილებლად შეამოწმებენ შობის დღეებში „ფხიზელი მეზობლებისგან“ მიღებულ ყველა ინფორმაციას და თუ ისინი დადასტურდება, გარდა იმისა, რომ თავყრილობას დაშლიან, სერიოზულადაც დააჯარიმებენ კარანტინის დამრღვევებს.

„თუ გვეცოდინება, რომ ადამიანთა დიდი ჯგუფები იკრიბებიან იქ, სადაც ამის გაკეთება არ შეიძლება, პოლიციას ჩარევა მოუწევს. რა თქმა უნდა, პოლიციის საქმე სულაც არ არის ადამიანებისთვის შობის დღესასწაულის ჩაშლა, მაგრამ ჩვენ ამას კორონავირუსის ეპიდემიის გამო მთავრობის მიერ დადგენილი წესები გვავალდებულებს“, — ამბობს ჯეიმისონი.

დღეისათვის დიდი ბრიტანეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით მეცხრე ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის. ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე იქ 945 378 ადამიანი დაავადდა, რომელთაგან 45 765 გარდაიცვალა.

 

28
თემები:
მსოფლიო დღეს (2196)
შსს–ს შენობა

შსს: ესებუას გადაადგილების გავრცელებული კადრები არასწორი და გაყალბებულია

0
უწყების პოზიციით, ტელევიზიების მიერ გავრცელებული არასწორი და გაყალბებული ინფორმაცია საზოგადოების სიცრუეში შეყვანასა და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას ემსახურება.

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ბანკის ფილიალზე თავდამსხმელის, ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას და ვიდეოს ავრცელებს.

დღეს ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს ვიდეო და ფოტო მასალა. მათი ინფორმაციით, ჩანაწერები სამართალდამცავი უწყებებიდან წყარომ მიაწოდათ და კადრებში ასახულია ბადრი ესებუას გაადაადგილება ზუგდიდის ტერიტორიაზე 27 ოქტომბერს.

უწყების ცნობით, ტელევიზიებმა საზოგადოებას არასწორი და გაყალბებული ინფორმაცია მიზნმიმართულად მიაწოდეს, რაც საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას ემსახურება.

„ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიცია ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

ბადრი ესებუას მამა ისევ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს>>

დღეს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ბადრი ესებუას მამამ, ტარიელ ესებუამაც. მისი თქმით, ტანსაცმელი, რომელიც მის შვილს აცვია  ტელევიზიაში ნაჩვენებ კადრებში, სახლში არის დატოვებული და შესასამისად, ქუჩის სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები 27 ოქტომბრის ვერ იქნება.

21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია. პირი, რომელსაც ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანა ედება ბრალად, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ვინაობის დადგენა თავდასხმის ღამესვე მოხდა.

26 ოქტომბერს, გვიან ღამით პოლიციამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში ბადრი ესებუასა და მისი ნათესავების სახლებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში, სადაც ეჭვმიტანილი მუშაობდა, ჩხრეკა განახორციელა, თუმცა უწყება არ აზუსტებს, რაიმე სახის მტკიცებულებები ამოიღო თუ არა.

გახარია: პოლიციამ კონკრეტული დავალება მიიღო და პირნათლად შეასრულა>>

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა