ოჯახი

რას იღებს შვილი მემკვიდრეობით დედისგან და რას - მამისგან: დამტკიცებულია მეცნიერულად

205
(განახლებულია 18:27 18.05.2020)
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რა თვისებებს, გარეგნულ მახასიათებლებსა თუ დაავადებებისადმი მიდრეკილებებს იღებენ შვილები მშობლებისგან.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. მამის გენომის ნაწილთან ერთად ბავშვს გადაეცემა შენაერთები, რომლებსაც დნმ-ის ცალკეული უბნების აქტიურობაზე შეუძლია გავლენის მოხდენა. საუბარია იმ გენებზე, რომლებიც ჯანმრთელობას, გარეგნობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას უკავშირდება, ირწმუნებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები. 

რაც შეეხება დედის წილს, მათი თქმით, ის უფრო „მდუმარეა“, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სწორედ ისაა მნიშვნელოვანი ევოლუციისთვის. 

მამის წვლილი

ნებისმიერი ძუძუმწოვარი, მათ შორის ადამიანი, გენეტიკურად უფრო მამას ემსგავსება, ვიდრე დედას, მიაჩნიათ ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებს.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მშობელი გენეტიკური მასალის თანაბარ რაოდენობას  გადასცემს შვილს, მამის მასალა უფრო ძლიერ ზეგავლენას ახდენს ბავშვის ორგანიზმის განვითარებაზე. კვლევამ აჩვენა, რომ მამის ხაზით მიღებული გენომის უბნები 80%-ით უფრო აქტიურია. შესაბამისად, დიდწილად სწორედ ისინი განსაზღვრავენ, როგორი იქნება შთამომავლობა. 

სიბერე მემკვიდრეობით 

შვილის სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრადაა დამოკიდებული მამის დნმ-ზე, მიაჩნიათ გერმანელ მეცნიერებს.

მათი თქმით, ასაკის მატებასთან ერთად ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეცვალოს გენების მუშაობა სხვადასხვა მიზეზით — იქნება ეს ხანგრძლივი სტრესი, შიმშილი თუ რადიაცია.

საქმე ისაა, რომ ნუკლეოიტიდებს უერთდება ე.წ. მეთილური ჯგუფები — ქიმიური შენაერთები, რომლებიც გავლენას ახდენს გენების ექსპრესიაზე. შედეგად - მათი ნაწილი უფრო აქტიურდება, ნაწილი კი, პირიქით, „დუმდება“. მას შემდეგ, რაც მამის ორგანიზმში მსგავსი ცვლილება ხდება, დნმ-ის ცალკეულ მონაკვეთებს შვილი მემკვიდრეობით იღებს მეთილურ ჯგუფებთან ერთად — უპირველესად კი მათ, რომლებიც სიცოცხლის ხანგრძლივობას განსაზღვრავს. 

მემკვიდრეობითი დაავადებები, რომლებიც ქალის ხაზით გადაეცემა>>

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, თუ ჩასახვის მომენტში მამა უკვე ხნოვანია, ეს მემკვიდრეებს დღეგრძელობის გარანტიას აძლევს. აღნიშნული დასკვნა მათ მას შემდეგ გააკეთეს, რაც ორი თაობის ადამიანებში 1500-ზე მეტი დნმ გამოიკვლიეს.

გაირკვა, რომ „გვიან ბავშვებს“ ტელომერები, როგორც წესი, უფრო გრძელი ჰქონდათ, ვიდრე მათ უფროს დებსა თუ ძმებს. მანამდე არსებული კვლევებით კი დამტკიცებულია, რომ რაც უფრო გრძელია ტელომერები, მით უფრო დღეგრძელია ადამიანი. 

გულის ტკივილი მამის ბრალია 

აღსანიშნავია, რომ შვილი ასევე მამისგან იღებს მიდრეკილებას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისადმი — თუმცა, მხოლოდ ვაჟები.

საქმე ისაა, რომ გენებს, რომლებიც პასუხს აგებენ ინფარქტებისა და ინსულტებისადმი მიდრეკილებაზე, დიდი ალბათობით, მამაკაცის Y-ქრომოსომა შეიცავს.

ლესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სწავლულებმა 3 ათასი ადამიანის დნმ გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ მათგან 90%-ის Y-ქრომოსომები ან I ჰალოჯგუფს განეკუთვნებოდა, ან ჰალოჯგუფ R1b1b2-ს. პირველი ჯგუფის მატარებლებში გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი 50%-ით მეტი იყო, ვიდრე სხვა მამაკაცებში. როგორც ჩანს, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გავლენას ახდენს Y-ქრომოსომა იმუნური სისტემის მუშაობაზე.  

გარდა ამისა, მამას შეუძლია ორივე სქესის შვილებს მემკვიდრეობით გადასცეს შიზოფრენიისადმი მიდრეკილებაც. ამასთან, რაც უფრო ასაკოვანია მამა, მით უფრო მაღალია დაავადების ალბათობა. 87 ათასი ადამიანის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ მათ შორის, რომელთა დაბადების მომენტშიც მამები 50 წელს იყვნენ გადაცილებული, სამჯერ მაღალი იყო შიზოფრენიით დაავადებულთა რაოდენობა. 

დედის წვლილი  

ფინელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ადამიანის სიმაღლეს თითქმის 75%-ით განსაზღვრავენ მშობლები. ამასთან, რამდენად მაღალი იქნება ბავშვი, უფრო მამაზეა დამოკიდებული, ვიდრე დედაზე. 

ბრიტანელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ტანად მამაკაცებს უფრო მაღალი შვილები უჩნდებათ — სქესის მიუხედავად. ამასთან, რაც უფრო ასაკოვანია მამა, მით მაღალია შვილი.

რაც შეეხება სიმსუქნისადმი ან თხელი აღნაგობისადმი მიდრეკილებას, ამას შვილი ორივე მშობლისგან იღებს (აღსანიშნავია, რომ უფრო ხშირად მემკვიდრეობით გადაეცემა სიმსუქნისადმი მიდრეკილება), თუმცა წონა დაბადების მომენტში მხოლოდ დედაზეა დამოკიდებული  — ორსულობის პერიოდში მისი ცხოვრების წესზე და არა დნმ-ზე.

ადამიანს მოგონებები მემკვიდრეობით გადაეცემა: მეცნიერული კვლევა

და, მაინც, ქალის გენომში არსებობს უბნები, რომლებიც უფრო აქტიურობენ შთამომავლების დნმ-ში. საუბარია მერვე ქრომოსომაზე.

ისლანდიელმა მეცნიერებმა 1500 „სამეულის“ (დედა–მამა–შვილი) გენომები შეისწავლეს და აღმოაჩინეს მუტაციები, რომლებიც სწორედ ქალებისგან იყო მემკვიდრეობით გადაცემული.

205
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (378)
კორონავირუსული პანდემია

ელოდეთ მეორე პიკს: დაავადებამ შესაძლოა ნებისმიერ დროს გააკეთოს ნახტომი

36
(განახლებულია 10:59 26.05.2020)
ჯანმოს წარმომადგენლის განმარტებით, პანდემიის პირველი ტალღის დასრულებაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია, ვინაიდან დაავადებამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ნახტომი გააკეთოს

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მსოფლიო ამ დროისათვის იმყოფება კორონავირუს SARS-CoV-2–ის პანდემიის შუაში და არსებობს დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრად მატების რისკი, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. 

მისი თქმით, იმ ადამიანების რეალური რაოდენობა, რომლებიც ინფიცირებულები იყვნენ ცალკეულ ქვეყნებში, ამ დროისათვის შედარებით მცირეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაავადების პირველი ტალღის მრუდი დაბლა იწევს, „რამდენიმე თვის შემდეგ კი დაავადების ახალი ტალღა დაიწყება“. 

რაიანმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ზოგ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ტალღა ნამდვილად მიუახლოვდა დასასრულს, მაგრამ გლობალური მასშტაბით ის ჯერ კიდევ არ  დამთავრებულა. მისი განმარტებით, „დაავადებამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ნახტომი გააკეთოს“.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რახან ახლა დაავადება მცირდება, ის კვლავაც განაგრძობს შემცირებას და ჩვენ რამდენიმე თვე გვექნება იმისთვის, რომ ახალი ტალღის დასახვედრად მოვემზადოთ. მეორე პიკი ამავე ტალღაში შეიძლება დადგეს. ასეთი რამ სხვა პანდემიების შემთხვევებში მომხდარა. ასე იყო „ისპანკის“ დროს 1919 წელს. ამიტომ შესაძლოა მივიღოთ მეორე პიკი და არა აუცილებლად მეორე ტალღა“, — ხაზი გაუსვა მაიკ რაიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტალღის გაჩენის ალბათობა, რომელიც შესაძლოა გრიპის სეზონმა გაართულოს, მოგვიანებით შეფასდება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 5 498 849 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 346 306 და განიკურნა 2 233 180 კაცი.  

 

36
თემები:
მსოფლიო დღეს
ვეგეტარიანულ დიეტას შეუძლია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების რისკი შეამციროს

რამდენიც უნდა ჭამოთ, არ გასუქდებით, თუ... მეცნიერებმა რუხი ქსოვილის ეფექტურობა დაადგინეს

110
(განახლებულია 21:02 25.05.2020)
კემბრიჯის უნივერსიტეტის სწავლულებმა, ამერიკელმა გენეტიკოსებმა და ჰარვარდელმა ბიოლოგებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს და დაასკვნეს, როდის და რა პირობებში აქტიურდება რუხი ცხიმოვანი ქსოვილი.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. დიაბეტსა და ჭარბ წონას ორგანიზმში რუხი ცხიმოვანი ქსოვილის არააქტიურობა იწვევს, ასკვნიან ამერიკელი მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც გამოქვეყნებულია გამოცემაში Nature Metabolism

ირკვევა, რომ საუბარია ე.წ. „კარგ ცხიმზე“, რომელიც ორგანიზმში ნივთიერებათა დაჟანგვით მიღებულ მთელ ენერგიას სითბოდ გარდაქმნის. მეცნიერების თქმით, თუ რუხ ცხიმოვან ქსოვილს აქტიურობას ვაიძულებთ, მაშინ ადამიანს ჯანმრთელობისა და წონის პრობლემა აღარ ექნება. 

მეცნიერები განმარტავენ, რომ ახალშობილის მასის დაახლოებით 5 პროცენტს სწორედ რუხი ცხიმოვანი ქსოვილი შეადგენს. ის თირკმელების, კისრისა და ზურგის ზედა ნაწილშია მოთავსებული და ჩვილს სიცივისგან იცავს. მანამდე მიიჩნეოდა, რომ მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში რუხი ცხიმოვანი ქსოვილი ქრება, მაგრამ ამასწინანდელმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ამ ნივთიერების რამდენიმე გრამი მთელი ცხოვრება რჩება ორგანიზმში. სწორედ ის ეხმარება ადამიანს სიცივესთან შეგუებაში, გლუკოზის ეფექტურად დაჟანგვასა და წონის შენარჩუნებაში.

ამერიკელმა და იაპონელმა სწავლულებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ დიაბეტითა და ჭარბი წონით დაავადებულებს ორგანიზმში დიდი რაოდენობით აღენიშნებათ სამი ამინომჟავა – ლეიცინი, იზოლეიცინი და ვალინი. ორგანიზმი მათ ხორციდან, თევზეულიდან, კვერცხიდან და რძიდან იღებს და რუხი ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედებში „გზავნის“. და რაც უფრო აქტიურია რუხი ცხიმოვანი ქსოვილის ფენა, მით უფრო ინტენსიურად წმენდს ის სისხლს ზემოთ ჩამოთვლილი ამონომჟავებისგან. შესაბამისად, ადამიანი უფრო ჯანმრთელია. ხოლო თუ რუხი ცხიმოვანი ქსოვილი პასიურია, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილი ამინომჟავები ორგანიზმში დიდი რაოდენობით გროვდება და დიაბეტი და ჭარბცხიმიანობა ვითარდება.

სიმსუქნე, პიროვნების ტიპი და სტრესზე რეაქცია – დამოკიდებულია სისხლის ჯგუფზე>>

კემბრიჯის უნივერსიტეტის სწავლულებმა, ამერიკელმა გენეტიკოსებმა და ჰარვარდელმა ბიოლოგებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ რუხი ცხიმოვანი ქსოვილი აქტიურდება სიცივეში, ფიზიკური დატვირთვისას და ასევე მათზე ზოგი ცილისა და ჰორმონების ზემოქმედების გზით. 

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საცდელ მღრღნელებს რუხი ცხიმოვანი ქსოვილი გადაუნერგეს (ადამიანებზე ცდები ჯერ არ ჩატარებულა) და აღმოაჩინეს, რომ თაგვები გახდნენ მიუხედავად იმისა, რომ ისინი მაღალკალორიულ კვებაზე ჰყავდათ. ამასთან, მღრღნელებს მოუწესრიგდათ ნივთიერებათა ცვლის პროცესი.

მათ ეთანხმებიან იაპონელი მეცნიერებიც, რომელთა დასკვნით, რუხი ცხიმოვანი ქსოვილის გასააქტიურებლად საკმარისია ცივ ამინდში სეირნობა და ყინულოვან წყალში ბანაობა. 

ანუ, თუ ადამიანი ექვსი კვირის განმავლობაში ყოვლდღიურად ორ საათს გაატარებს სუსხიან ჰაერზე, რუხი ცხიმოვანი ქსოვილის მარაგი ორგანიზმში შესამჩნევად გაიზრდება, ხოლო თეთრი ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობა შემცირდება და მასთან ერთად გაქრება ზედმეტი კილოგრამებიც.

კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი – რეგულარული სპორტული ვარჯიშებია, რა დროსაც ორგანიზმში ჰორმონი ირიზინი გამომუშავდება. ის კი თეთრ ცხიმოვან ქსოვილს რუხად გარდაქმნის. 

გარდა ამისა, რუხი ცხიმოვანი ქსოვილის გააქტიურებაზე გავლენას ახდენს ყავაც. ნოტინგემის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის სწავლულებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რა დროსაც მოხალისეთა ერთ ჯგუფს ყავას ასმევდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში, მეორეს კი წყალს. ამ დროს მეცნიერები აფიქსირებდნენ რუხი ცხიმოვანი ქსოვილის აქტიურობას საცდელი პირების კისერზე.

ყავა სერიოზულ დაავადებებს ებრძვის: მეცნიერთა დასკვნა>>

პირველი ჭიქა ნატურალური ყავის მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ რუხმა ცხიმოვანმა ქსოვილმა ინტენსიურად დაიწყო სითბოს გამოყოფა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაიწყო კალორიების უფრო მეტი რაოდენობით წვა. კვლევის ავტორების ვარაუდით, ეს პროცესი კოფეინმა გაააქტიურა. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ეფექტი, ყავის გარდა, ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა პროდუქტებსაც, რომელთა შემადგენლობაშიც შედის კოფეინი.

110
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (378)
შალვა კეკელია

„ძალიან გულიანი ადამიანი...“ - მამა შალვა კეკელია ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

0
(განახლებულია 22:27 25.05.2020)
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის სკანდალის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება. ცნობილი დეკანოზი მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ არსებულ სკანდალს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მხარდაჭერას უცხადებს.

სასულიერო პირი საზოგადოებას მოუწოდებს თავი დაანებონ დაუსაბუთებელ ბრალდებებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება