მსოფლიო 7-8 აპრილის ღამით: გაბრაზებული პრეზიდენტი, დაკავებული მერი და ლომი ქალაქში

11175
(განახლებულია 15:07 08.04.2020)
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა დაფინანსება შეუჩეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომლის მუშაობითაც ის უკმაყოფილოა.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 184 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 431 375 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 82 145 და განკურნებულია 301 417 პაციენტი. მონაცემები აღებულია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტიდან.  

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 399 886 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (141 942), მესამეზე — იტალია (135 586). 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 62-ს შეადგენს. ამ ნიშნულის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო. 

COVID-19-ით გამოწვეული და მასთან დაკავშირებული რამდენიმე მოვლენა, რომლებიც 7–8 აპრილის ღამით მოხდა მსოფლიოში, ასე გამოიყურება: 

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა დაფინანსება შეუჩეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომლის მუშაობითაც ის უკმაყოფილოა;
  • ინდოეთის სატყეო სამსახურის თანამშრომელმა გადაიღო, როგორ სეირნობს ღამის ქალაქის ქუჩებში ლომი. ვიდეო მან სოციალურ ქსელში ატვირთა. მისი თქმით, ეს კადრები კორონავირუსზე უკეთ დაარწმუნებს მოსახლეობას შინ დარჩენის აუცილებლობაში;    
  • ​ბოლივიის პოლიციამ დააკავა ქალაქ პატაკამაიას მერი, რომელმაც მოსახლეობას ხალხმრავალი დღესასწაულის მოწყობის უფლება მისცა კორონავირუსის ეპიდემიის დროს;
  • Twitter-ის დამაარსებელმა ჯეკ დორსიმ 1 მლრდ დოლარი გაიღო COVID-19-თან ბრძოლისთვის, რის შესახებაც თავად განაცხადა.
„მე ერთ მილიარდ დოლარს ჩავდებ კომპანია Square-ის აქციებში — ეს ჩემი ქონების დაახლოებით 28%-ია, ფონდ Start Small-ში, რათა დავაფინანსო გლობალური ბრძოლა COVID-19-ის წინააღმდეგ“, — დაწერა მან საკუთარ Twitter–აკაუნტზე;
  • ​არგენტინის ეროვნულმა უნივერსიტეტმა ნიღბების 3D-პრინტერებზე ბეჭდვა დაიწყო. უკვე დამზაებულია 720 ნიღაბი, რომლებიც საავადმყოფოებს გადაეცა. აღინიშნება, რომ თითო ნიღბის დაბეჭდვას დაახლოებით საათ-ნახევარი სჭირდება; 
  • ბრიუს უილისისა და დემი მურის ქალიშვილმა ტალულამ Instagram-ზე გამოაქვეყნა კარანტინის პირობებში გადაღებული ოჯახური ფოტოები, რომლებზეც ყველანი მწვანეზოლებიან პიჟამოებში არიან გამოწყობილი. ბრიუს უილისის ამჟამინდელ მეუღლეს ფოტოსესიაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ფოტოზე თბილი კომენტარი დატოვა;
View this post on Instagram

A post shared by tallulah (@buuski) on

  • ბილი აილიში, პოლ მაკარტნი, კრის მარტინი და სხვა პოპულარული მუსიკოსები ლედი გაგას მიერ ორგანიზებულ კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად. კონცერტის სახელწოდებაა One World: Together at Home და ის 18 აპრილს გაიმართება...
11175
თემები:
მსოფლიო დღეს (1665)

არეულობა აშშ-ში: პროტესტებმა 17 დიდი ქალაქი მოიცვა

265
(განახლებულია 15:22 31.05.2020)
მასობრივი არეულობების დროს ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი შემოიღეს

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. აშშ-ს 17 ქალაქში არეულობების დროს სამართალდამცველებმა დაახლოებით 1400 ადამიანი დააკავეს: სააგენტო THE ASSOCIATED PRESS-ის მონაცემებით ხუთშაბათიდან, როდესაც ქვეყანა პროტესტის ტალღამ მოიცვა, დაკავებულია სულ მცირე 1383 ადამიანი, იუწყება РИА Новости.

ქალაქ ინდიანაპოლისში (ინდიანას შტატი) არეულობების დროს სროლისას დაიღუპა ერთი და სულ მცირე ორი ადამიანი დაიჭრა, იუწყება ადგილობრივი გაზეთი Indy Star პოლიციაზე დაყრდნობით. მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება, მაგრამ სამართალდამცველები დარწმუნებულები არიან, რომ პოლიციას არ უსვრია. ქალაქის პოლიციას დაშავებულთა და დაღუპულის ვინაობას არ ასაჯაროებს.

პოლიციის მონაცემებით, არეულობის დროს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, ამსხვრევდნენ ადმინისტრაციული შენობების ფანჯრებს, მოგვიანებით კი სროლა ატეხეს. ქალაქის პოლიციის უფროსმა რენდალ ტეილორმა მოქალაქეებს სისასტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მინეაპოლისში და აშშ-ის სხვა ქალაქებში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს პოლიციის თანამშრომლებს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდათ. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხელბორკილიანი მამაკაცი ასფალტზე წევს, ხოლო პოლიციელი კისერზე მუხლით ებჯინება. დაკავებული რამდენჯერმე იმეორებს, რომ სუნთქვა და მოძრაობა უჭირს, შემდეგ კი ლაპარაკს წყვეტს. მოგვიანებით ის რეანიმაციაში გარდაიცვალა.

მომხდარის შემდეგ დაკავების მონაწილე ოთხივე პოლიციელი გაათავისუფლეს სამსახურიდან, ერთ-ერთი გაუფრთხილებლობით მკვლელობაშია ბრალდებული.

რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი შემოიღეს. Wall Street Journal ასახელებს ისეთ ქალაქებს, როგორიც არის ლოს-ანჯელესი, ატლანტა და მინეაპოლისი, სადაც ფლოიდი გარდაიცვალა. Washington Post ასევე ასახელებს ლუისვილს, დენვერს, ფილადელფიას, ჩიკაგოს, ცინცინატის, პორტლენდს, კოლუმბიას, სიეტლს, ტოლედოს, როჩესტერსა და მილუოკის. გამოცემის ინფორმაციით, არეულობების მონაწილეები აგრძელებენ პროტესტებს და ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ყურადღებას არ აქცევენ. ამერიკული გამოცემა Hill აღნიშნავს, რომ დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია ძალას იყენებს, ზოგიერთი შტატის გუბერნატორი აშშ-ის ეროვნული გვარდიის მეომრების მობილიზაციას ახდენენ.

265
თემები:
მსოფლიო დღეს (1665)
დონალდ ტრამპი

აშშ-მა გაწყვიტეს ურთიერთობა ჯანმო-სთან: რეაქციები და შედეგები

94
(განახლებულია 13:36 30.05.2020)
აშშ-ის პრეზიდენტი მუქარიდან მოქმედებებზე გადავიდა: ამერიკის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობა გაწყვიტა

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ჯანმო) ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა, იუწყება РИА Новости.

აშშ არ ცნობს ჯანმოს წამყვან როლს COVID-19-თან ბრძოლაში: ვრცელდება განცხადება >>

პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ჯანმო-მ უარი თქვა ვაშინგტონის მიერ მოთხოვნილი რეფორმების ჩატარებაზე.

თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამიერიდან ორგანიზაციისთვის განკუთვნილ თანხებს აშშ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის გადაუდებელ საჭიროებებზე გადაამისამართებს.

ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისწერა წერილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეიესუსს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვაშინგტონი სრულად შეწყვეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას და გადახედავს წევრობის საკითხს, თუ ორგანიზაცია 30 დღის განმავლობაში არ ჩაატარებს რეფორმებს. ​ამერიკის ლიდერის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ გამოიძია ჯანმოს „წარუმატებელი რეაგირება“ კორონავირუსის პანდემიაზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯანმო-მ უყურადღებოდ დატოვა ინფორმაცია გასული წლის დეკემბერში უჰანში კორონავირუსის გავრცელების შესახებ და არ ჩაატარა დამოუკიდებელი კვლევები. ამასთან, აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ ორგანიზაციამ ტაივანისგან „ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციის შესახებ“ ინფორმაცია 2019 წლის ბოლოს მიიღო, მაგრამ არ გაასაჯაროვა ის.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეპიდემიის კერაში საერთაშორისო ექსპერტების შესვლა არ მოითხოვა და მოიწონა ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით გადაადგილების აკრძალვის შესახებ, მაგრამ წინააღმდეგი იყო ამერიკის საზღვრების ჩაკეტვისა ან აშშ-ში ჩინეთიდან ვიზიტების აკრძალვის.

უკომენტაროდ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

თუმცაღა ჯანმო-ს წარმომადგენელმა აფრიკაში მიჰელ იაომ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტა იმოქმედებს რეგიონის ქვეყნების შესაძლებლობაზე შეებრძოლონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საშიშ კრიზისებს, მათ შორის კორონავირუსის პანდემიას.

„ეს ცუდი დროა საიმისოდ, რომ რომელიმე შენატანების გამოწვევა მოხდეს. ეს დრო მეტ სოლიდარობას მოითხოვს. შესაძლოა, განვითარებულ ქვეყნებს ჯანმო იმდენად არ ესაჭიროებათ, მაგრამ ჩვენი კონტინენტისათვის ჯანმო-ს არსებობა ნადვილად აუცილებელია, რათა ქვეყნებისთვის დახმარება გაგრძელდეს. ჩვენ გვყავს ისეთი ქვეყნები, რომლებიც ხანგრძლივ კრიზისს განიცდიან“, - განაცხადა მან.

იაომ ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია აფრიკის ჯანდაცვის ბიუჯეტის 80%-ის წყაროს წარმოადგენს და ამ თანხის მეხუთედი აშშ-ზე მოდის - ეს კი ერთი ქვეყნის მხრიდან ყველაზე დიდი შენატანია. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ამ დაფინანსების შეწყვეტა მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

გარდა ამისა, დაზარალდებიან ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, რომელთა ერთი ნაწილი კონკრეტულად COVID-19-ს ებრძვის, სხვა ნაწილი კი არანაკლებ მნიშვნელოვან გამოწვევებს, ისეთს როგორიცაა ებოლა, მალარია და სხვა სასიკვდილო დაავადებები, დასძინა მან.

რუსეთის რეაქცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობების შეწყვეტით აშშ დარტყმის ქვეშ აყენებს ამ სფეროში საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთქმედების საფუძვლებს, თანაც იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„იმ მომენტში, როდესაც მსოფლიოს პანდემიასთან ბრძოლაში ძალისხმევის კონსოლიდაცია სჭირდება, ვაშინგტონი დარტყმის ქვეშ აყენებს ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთქმედების საფუძვლებს“, - განაცხადა ზახაროვამ.

მას დაებადა კითხვა: „რა შეუძლია აშშ-ს სანაცვლოდ შესთავაზოს მსოფლიოს?“

„სავალალო სურათი, რომელიც ამერიკულმა ჯანდაცვის სისტემამ პანდემიის პერიოდში აჩვენა, ვაშინგტონს არ უტოვებს შანსს ისაუბრობს ამ სფეროში ლიდერობის შესახებ“, - განაცხადა ზახაროვამ.

94
თემები:
მსოფლიო დღეს (1665)
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 1 ივნისს

0
(განახლებულია 07:46 01.06.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გამყარდა.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,1865 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0104 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 1 ივნისს
ლარის კურსი 1 ივნისს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს