Bear Hunt: როგორ ართობს მსოფლიო პანდემიის გამო სახლში გამოკეტილ ბავშვებს

CC0 / Pixabay / სათამაშო დათვი
სათამაშო დათვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფანჯარაში შემოდებული სათამაშო დათუნია -  ეს სიყვარულის პოზიტიური კოდია, რომელსაც ხალხი ერთმანეთს უგზავნის

თვეზე მეტია, კორონავირუსის პანდემიის გამო, თითქმის მთელ მსოფლიოში საბავშვო ბაღები, სკოლები და სათამაშო მოედნები დაიხურა. მილიონობით სახლში გამოკეტილი ბავშვი მხოლოდ ფანჯრიდან, ან მანქანიდან  უყურებს გაზაფხულის თბილ დღეებს, წასასვლელი არსად აქვთ, ვერ ნახულობენ მეგობრებს.  

როგორ უნდა ავუხსნათ პატარა ბავშვს, რომ გარეთ სათამაშოდ გასვლა არ შეიძლება? არც მის მეგობარს შეუძლია სათამაშოდ მოვიდეს მასთან... და მსოფლიომ მოიფიქრა და მათთვის ამ მძიმე დღეების გადასატანად თამაში დაიწყო!

„დათუნიებზე ნადირობა“ (Bear Hunt)  - ასეთია თამაში, რომელიც მსოფლიომ წამოიწყო იმისათვის, რომ  თვითიზოლაციაში მყოფ  ბავშვებს  ამ დღეების გადატანა გაუმარტივონ და გაამხნევონ. თამაშობენ ყველგან - ავსტრალიასა თუ იაპონიაში, ამერიკის შეერთებული შტატებსა თუ  ახალ ზელანდიაში.

თამაშის პრინციპი ასეთია: უფროსები სათამაშო დათუნიებს ტოვებენ ყველგან - ფანჯრის რაფებზე, სადარბაზოებში,  ბუჩქებში, ხეებზე, აივნებზე,  დაპარკინგებულ მანქანებში, საფოსტო ყუთებში. თუ სახლში დათუნია, ან სხვა სათამაშო არ აღმოგაჩნდათ, ფანჯრებზე დახატვაც შეიძლება. მშობლებს კი ბავშვები მანქანით გამოჰყავთ სასეირნოდ და იწყება „დათუნიებზე ნადირობა“ -  უნდა აღმოაჩინოთ რაც  შეიძლება მეტი ჩამალული სათამაშო.  შეიძლება, რამდენიმე საათში 500-ზე მეტი დათუნიაც კი იპოვოთ. თამაშის დროს, რა თქმა უნდა, არავინ არღვევს და ყველა იცავს სოციალურ დისტანციას.

თამაშში ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯესინდა არდერნიც ჩაერთო და ბავშვების გასართობად, თავისი ყავისფერი დათუნია ფანჯრის რაფაზე შემოდო.

ბევრმა აღიარა, რომ თამაში მარტო ბავშვების გასართობი არ აღმოჩნდა და  უფროსებმაც იგრძნეს ერთმანეთის მხარდაჭერა.

„ეს ჩუმი ვიზუალური სიგნალია, რომელსაც ოჯახები ერთმანეთს უგზავნიან ფანჯრებიდან: „ჩვენ ყველა ერთად ვართ. მეც იმას განვიცდი, რასაც შენ“.  ფანჯარაში შემოდებული სათამაშო დათუნია -  ეს სიყვარულის პოზიტიური კოდია, რომელსაც ხალხი ერთმანეთს უგზავნის“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ბოლო მონაცემებით,  მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, თითქმის 60 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, 230 ათასამდე კი გამოჯანმრთელდა.

ყველა ახალი ამბავი
0