COVID-19: ვინ იყო პირველი ინფიცირებული ჩინეთში ჟურნალისტები ინფორმაციას ავრცელებენ

993
(განახლებულია 18:27 26.03.2020)
ჩინური გაზეთი „პენპაის“ თანამშრომლებმა მოახერხეს კორონავირუსით ინფიცირებულთა პირველი ჯგუფის სიის ასლის მოპოვება, რომლის მიხედვითაც პირველი ინფიცირებულის დადგენა შეძლეს.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. პირველი, ვისაც ქალაქ უჰანში მდებარე ზღვის პროდუქტების ბაზარ „ჰუანანში“ COVID-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა, იყო კრევეტების გამყიდველი ქალი, მაგრამ აქამდე უცნობია, სად და როგორ დაინფიცირდა იგი და იყო თუ არა „ნულოვანი პაციენტი“, აცხადებს ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი „პენპაი“.

კამათი იმის შესახებ, იყო თუ არა ზღვის პროდუქტების ბაზარი ინფექციის გავრცელების წყარო, თუ იქ ვირუსი სხვა ადგილიდან მოხვდა, დღემდე გრძელდება. სპეციალისტებმა ჯერ ვერ შეძლეს ვერც „ნულოვანი პაციენტის“ გამოვლენა და ვერც იმის დადგენა, თუ როდის და რა ვითარებაში შეიძლებოდა ვირუსი ინფექციის მატარებელი ცხოველიდან ადამიანს გადასცემოდა. 

გაზეთის ინფორმაციით, ქალს, რომლის გვარია ვეი და რომელიც „ჰუანანის“ ბაზარზე ცოცხალ კრევეტებს ყიდდა, 2019 წლის 11 დეკემბერს გაურკვეველი მიზეზის გამო ტემპერატურამ აუწია. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სწორედ ის იყო „ჰუანანის“ ბაზარზე COVID-19-ით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა 31 დეკემბერს განაცხადა, რომ ინფიცირებულთა პირველ ჯგუფში (იმ დროისთვის უცნობი იყო, რა იწვევდა პაციენტებში პნევმონიის სწრაფ განვითარებას) 27 ადამიანი შედიოდა. მაშინ ხაზი გაესვა, რომ დაავადების ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემის აშკარა ნიშნები არ არსებობდა (ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა იანვარში დადასტურდა).

გაზეთ „პენპაის“ თანამშრომლებმა მოახერხეს კორონავირუსით ინფიცირებულთა პირველი ჯგუფის სიის ასლის მოპოვება, რომლის მიხედვითაც, 24 ადამიანს „ჰუანანის“ ბაზართან კონტაქტის ისტორია ჰქონდა, ამასთან ოთხი მათგანი ერთი ოჯახის წევრია.

ირკვევა, რომ ქალი, გვარად ვეი, ამ სიიდან პირველი იყო, ვისაც პნევმონიის სიმპტომები აღმოაჩინა. ის დიდი ხნის განმავლობაში ქირაობდა ბინას „ჰუანანის“ ბაზრის მახლობლად, დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით. როდესაც ვეის სიცხემ აუწია, ქალმა თავისი სახლის პირველ სართულზე მდებარე კლინიკას მიმართა. 

როგორც მან ექიმებს განუმარტა, ბიზნესის გამო თავს სახლში წოლის უფლებას ვერ მისცემდა, ამიტომ როცა თავს შეუძლოდ გრძნობდა, საავადმყოფოში მიდიოდა, სადაც ინექციას უკეთებდნენ და მეორე დღეს მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა. მაგრამ ამჯერად ორმა ინექციამაც კი ვერ უშველა და ამიტომ ვეიმ სხვა საავადმყოფოს მიმართა. თუმცა ქალს ვერც იქ აღმოჩენილმა დახმარებამ უშველა. ამის შემდეგ მან სახლში წოლა და წამლების მიღება გადაწყვიტა. ბოლოს კი, 16 დეკემბერს, ქალი Wuhan Union Hospital-ის საავადმყოფო „სეხეში“ მივიდა სამკურნალოდ. 

როგორც გაზეთის ჟურნალისტებმა შეიტყვეს, ინფიცირებულთა პირველ ჯგუფში შემავალმა თერთმეტმა ადამიანმა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ პატარა კლინიკებს მიმართა, რომლებიც ბაზრის მახლობლად, ძველ საცხოვრებელ სახლებშია განთავსებული. 23 თებერვალს გაზეთის თანამშრომლებმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოინახულეს და აღმოაჩინეს, რომ ყველა ეს პატარა კლინიკა დაკეტილი იყო.

ჩამონათვალის შემოწმების შემდეგ ჟურნალისტებმა შეძლეს დაედგინათ პირველი ინფიცირებული, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა „ჰუანანის“ ზღვის პროდუქტების ბაზართან. ის იყო მამაკაცი, გვარად ჩენი, რომელსაც 16 დეკემბერს ტემპერატურა აეწია და უჰანის გარეუბანში მდებარე საავადმყოფოს მიმართა ჩივილებით.

მამაკაცმა ექიმებს უთხრა, რომ ერთ-ერთ კომპანიაში ფინანსებით იყო დაკავებული და არანაირი კონტაქტი არ ჰქონია ცოცხალ ფრინველებთან ან ბაზართან, რომლიდანაც 30 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა. ჩენი ვერ ხვდებოდა, სად შეიძლებოდა დაინფიცირებულიყო.

მოტყუებული ბარიერი: კორონავირუსით დაავადებულმა ჩინელმა ქალმა პარიზში შეაღწია>>

საინტერესოა, რომ ჩენის ოჯახის წევრები არაფრით იცავდნენ თავს მანამ, სანამ მას დიაგნოზი არ დაუსვეს. მიუხედავად ამისა, არც ერთი მათგანი არ დაავადებულა. აღსანიშნავია, რომ არ დაინფიცირებულა არც ის პირი, ვისაც ჩენი საავადმყოფოში დაჰყავდა.

ჩენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავადმყოფობამდე ორი კვირის განმავლობაში სამსახურის გარდა არსად ყოფილა. ამიტომ, მისი ვარაუდით, ვირუსი ან მეტროში გადაედო სამსახურიდან სახლში ან უკანა გზაზე მიმავალს, ან საავადმყოფოში მიმართვის შემდეგ დასნებოვანდა.

993
თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (471)