ფხენიანი

COVID-19: ჩრდილოეთ კორეა დახმარებას ფარულად ითხოვს

86
(განახლებულია 17:29 26.03.2020)
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მასმედიის ინფორმაციით, COVID-19-ის გავრცელების გამო ქვეყანაში დაახლოებით 10 ათასი კაცია კარანტინში.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, რომელიც მანამდე ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა არსებობას უარყოფდა, გასული ექვსი კვირის განმავლობაში არაერთხელ მოითხოვა ფარულად პანდემიასთან ბრძოლაში დახმარება, იუწყება Financial Times-ი ფხენიანში არსებულ წყაროზე დაყრდნობით. 

გამოცემის ინფორმაციით, ამისათვის ფხენიანმა პირადი საერთაშორისო კონტაქტები გამოიყენა. როგორც ირკვევა, ქვეყნის ხელისუფლება კორონავირუსზე ტესტირების გაფართოებაში დახმარებას ითხოვდა.

წყაროს მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეაში ამ დროისათვის ინფიცირებაზე ტესტირება, სულ ცოტა, 590 ადამიანს აქვს გავლილი. ყველა მათგანი იანვარშია შესული ქვეყნის ტერიტორიაზე და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითი იყო.

„ხელისუფლებას აქვს COVID-19-ზე ტესტირებისთვის საჭირო მოწყობილობები და მათით სარგებლობაც იციან, მაგრამ ისინი არასაკმარისია. ამიტომ [ხელისუფლების წარმომადგენლები] ყველა ორგანიზაციას სთხოვენ, დაეხმარონ ამ მიმართულებით“, — განაცხადა საქმეში ჩახედულმა წყარომ.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მასმედიის ინფორმაციით, ქვეყანაში დაახლოებით 10 ათასი კაცია კარანტინში. ინფიცირებულთა შესახებ ოფიციალური მონაცემები არ გავრცელებულა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე იაპონიაში გამომავალ პროჩრდილოკორეულ გამოცემა „ჩოსონ სინბოსთან“ ვიდეოინტერვიუში ჩრდილოეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კიმ ჰიონ ჰუნმა განაცხადა, რომ ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული, და რომ დაავადება არ გამოვლენიათ არც უცხოეთიდან ჩასულებსა და მათთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჩრდილოეთ კორეას COVID-19-თან ბრძოლაში დახმარებას უწევენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, იუნისეფი და ორგანიზაცია „ექიმები საზღვებს გარეშე“, აგრეთვე ჩინეთი და რუსეთი. 

86
თემები:
მსოფლიო დღეს (1413)