COVID-19 უკან იხევს: სამხრეთ კორეა მსოფლიოს გამოცდილებას უზიარებს წარმატებული ალგორითმი

23717
(განახლებულია 14:07 20.03.2020)
ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 50 მლნ კაცს შეადგენს, თუ 29 თებერვალს ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 909 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 17 მარტისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 74 კაცი იყო.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ შეძლო, მკვეთრად შეენელებინა COVID-19-ის გავრცელება ქვეყანაში და ეს ფართომასშტაბიანი ტესტირების წყალობით მოხდა, იუწყება სამეცნიერო ჟურნალი Science.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 50 მლნ კაცს შეადგენს, თუ 29 თებერვალს კორონავირუსით ინფიცირების 909 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 17 მარტისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 74 კაცი იყო.

COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევათა ამგვარი მკვეთრი შემცირების მიზეზად კორეის ხელისუფლება ტესტირების ყველაზე მასშტაბურ და ორგანიზებულ პროგრამას ასახელებს. სწორედ ამის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომ ანალიზი 270 ათასზე მეტი ადამიანისთვის აეღოთ. ეს 5200 ტესტზე მეტია ერთ მილიონ კაცზე. შესადარებლად ჟურნალს აშშ-ის მაგალითი მოჰყავს, სადაც ერთ მილიონ მოსახლეზე 74 ტესტი მოდის.

სამხრეთ კორეაში მოქმედებს შემდეგი ალგორითმი: მაღალი რისკის პაციენტებს, რომლებსაც რაიმე სახის ქრონიკული დაავადება აქვთ, პირველ რიგში ათავსებენ საავადმყოფოებში. ზომიერი სიმპტომების მქონეები სპეციალურად აღჭურვილ შენობებში გადაჰყავთ, სადაც მათ საბაზო სამედიცინო დახმარებას უწევენ. პაციენტებს, რომელთა ტესტიც ორჯერ გამოდგება უარყოფითი, შინ უშვებენ. მათ კი, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა ან სუსტად გამოხატული სიმპტომები აქვთ, სახლებში ტოვებენ ორკვირიან კარანტინში და მათ ყოველდღე, დღეში ორჯერ ამოწმებენ ექიმები.  

ამასთან, სტატიაში ხაზგასმულია, რომ კორეის ხელისუფლების ესოდენ გამძაფრებულ ყურადღებას წარსული გამოცდილება უდევს საფუძვლად, როდესაც ქვეყანა 2015 წელს MERS-ის (ახლო აღმოსავლური მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი) ეპიდემიას ებრძოდა. მაშინ სამხრეთ კორეაში ვირუსი ახლო აღმოსავლეთში მივლინებიდან დაბრუნებულმა ერთ-ერთმა ბიზნესმენმა შეიტანა და 186 ადამიანი დაასნებოვნა. მათგან 36 გარდაიცვალა. ხელისუფლებამ MERS-ის აფეთქება ორ თვეში ჩააქრო, რისთვისაც 17 ათასი ადამიანის კარანტინში მოთავსება გახდა საჭირო.

COVID 19 და სეზონური გრიპი: ადამიანის ორგანიზმი ორივეს ერთნაირად ებრძვის - ახალი კვლევა>>

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში დღეისათვის COVID-19-ით ინფიცირების 8 652 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გარდაიცვალა 94 და განიკურნა 1540 პაციენტი. 

23717
თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (529)