ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა

ნავთობზე ფასები ბარელზე 30 დოლარს ჩამოსცდა: დაცემა გრძელდება

84
(განახლებულია 16:34 16.03.2020)
ბანკ Goldman Sachs-ის მონაცემებით, ნავთობის ბაზარზე არსებული პანიკის ფონზე ნავთობის ღირებულება, შესაძლოა, ერთ ბარელზე 20 დოლარამდეც დაეცეს.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ფასების ვარდნამ Brent-ის მარკის ნავთობზე ორშაბათს თითქმის 9% შეადგინა და ერთ ბარელზე 31 აშშ დოლარს ჩამოსცდა, მოწმობს ვაჭრობის შედეგები. 

მაისის  ფიუჩერსების ფასი Brent-ის მარკის ნავთობის შენაერთებზე 14:08 საათისთვის (თბილისის დროით) 8,77%-ით ეცემოდა და ერთ ბარელზე 30,88 აშშ დოლარს შეადგენდა. ხოლო WTI-ს მარკაზე მაისის ფიუჩერსები 5,95%-ით იკლებდა და 30,25 აშშ დოლარს უტოლდებოდა ერთ ბარელზე.

ფიუჩერსი — ვადიანი საბირჟო კონტრაქტია, რომლის ერთი მხარე იღებს ვალდებულებას შეისყიდოს, ხოლო მეორე – გაყიდოს საბაზისო აქტივების განსაზღვრული რაოდენობა დადგენილ ვადაში, ფიქსირებულ ფასად. 

შეგახსენებთ, ნავთობზე კოტირებები 6 მარტს ჩამოიშალა, მას შემდეგ, რაც OPEC+-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნებმა ვერ მოილაპარაკეს ვერც გარიგების პარამეტრების შეცვლისა და ვერც მისი გაგრძელების თაობაზე. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ შეთანხმება 31 მარტს დაასრულებს მოქმედებას.

ნავთონის ექსპორტიორი ქვეყნების შეთანხმების წევრი რუსეთი არსებული პირობების შენარჩუნების მომხრე იყო, ხოლო საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების დამატებით შემცირებას მოითხოვდა. შედეგად – ბათილდება OPEC+-ის ქვეყნების ყველა ვალდებულება საწვავის მოპოვების შეზღუდვებთან დაკავშირებით.

ბანკ Goldman Sachs-ის გათვლით, ნავთობის ბაზარზე არსებული პანიკის ფონზე ნავთობის ღირებულება, შესაძლოა, ერთ ბარელზე 20 დოლარამდეც კი დაეცეს.

84
თემები:
მსოფლიო დღეს (1664)
დონალდ ტრამპი

აშშ-მა გაწყვიტეს ურთიერთობა ჯანმო-სთან: რეაქციები და შედეგები

6
(განახლებულია 13:36 30.05.2020)
აშშ-ის პრეზიდენტი მუქარიდან მოქმედებებზე გადავიდა: ამერიკის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობა გაწყვიტა

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ჯანმო) ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა, იუწყება РИА Новости.

აშშ არ ცნობს ჯანმოს წამყვან როლს COVID-19-თან ბრძოლაში: ვრცელდება განცხადება >>

პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ჯანმო-მ უარი თქვა ვაშინგტონის მიერ მოთხოვნილი რეფორმების ჩატარებაზე.

თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამიერიდან ორგანიზაციისთვის განკუთვნილ თანხებს აშშ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის გადაუდებელ საჭიროებებზე გადაამისამართებს.

ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისწერა წერილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეიესუსს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვაშინგტონი სრულად შეწყვეტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას და გადახედავს წევრობის საკითხს, თუ ორგანიზაცია 30 დღის განმავლობაში არ ჩაატარებს რეფორმებს. ​ამერიკის ლიდერის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ გამოიძია ჯანმოს „წარუმატებელი რეაგირება“ კორონავირუსის პანდემიაზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯანმო-მ უყურადღებოდ დატოვა ინფორმაცია გასული წლის დეკემბერში უჰანში კორონავირუსის გავრცელების შესახებ და არ ჩაატარა დამოუკიდებელი კვლევები. ამასთან, აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ ორგანიზაციამ ტაივანისგან „ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციის შესახებ“ ინფორმაცია 2019 წლის ბოლოს მიიღო, მაგრამ არ გაასაჯაროვა ის.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეპიდემიის კერაში საერთაშორისო ექსპერტების შესვლა არ მოითხოვა და მოიწონა ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით გადაადგილების აკრძალვის შესახებ, მაგრამ წინააღმდეგი იყო ამერიკის საზღვრების ჩაკეტვისა ან აშშ-ში ჩინეთიდან ვიზიტების აკრძალვის.

უკომენტაროდ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

თუმცაღა ჯანმო-ს წარმომადგენელმა აფრიკაში მიჰელ იაომ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტა იმოქმედებს რეგიონის ქვეყნების შესაძლებლობაზე შეებრძოლონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საშიშ კრიზისებს, მათ შორის კორონავირუსის პანდემიას.

„ეს ცუდი დროა საიმისოდ, რომ რომელიმე შენატანების გამოწვევა მოხდეს. ეს დრო მეტ სოლიდარობას მოითხოვს. შესაძლოა, განვითარებულ ქვეყნებს ჯანმო იმდენად არ ესაჭიროებათ, მაგრამ ჩვენი კონტინენტისათვის ჯანმო-ს არსებობა ნადვილად აუცილებელია, რათა ქვეყნებისთვის დახმარება გაგრძელდეს. ჩვენ გვყავს ისეთი ქვეყნები, რომლებიც ხანგრძლივ კრიზისს განიცდიან“, - განაცხადა მან.

იაომ ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია აფრიკის ჯანდაცვის ბიუჯეტის 80%-ის წყაროს წარმოადგენს და ამ თანხის მეხუთედი აშშ-ზე მოდის - ეს კი ერთი ქვეყნის მხრიდან ყველაზე დიდი შენატანია. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ამ დაფინანსების შეწყვეტა მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

გარდა ამისა, დაზარალდებიან ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, რომელთა ერთი ნაწილი კონკრეტულად COVID-19-ს ებრძვის, სხვა ნაწილი კი არანაკლებ მნიშვნელოვან გამოწვევებს, ისეთს როგორიცაა ებოლა, მალარია და სხვა სასიკვდილო დაავადებები, დასძინა მან.

რუსეთის რეაქცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობების შეწყვეტით აშშ დარტყმის ქვეშ აყენებს ამ სფეროში საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთქმედების საფუძვლებს, თანაც იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„იმ მომენტში, როდესაც მსოფლიოს პანდემიასთან ბრძოლაში ძალისხმევის კონსოლიდაცია სჭირდება, ვაშინგტონი დარტყმის ქვეშ აყენებს ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთქმედების საფუძვლებს“, - განაცხადა ზახაროვამ.

მას დაებადა კითხვა: „რა შეუძლია აშშ-ს სანაცვლოდ შესთავაზოს მსოფლიოს?“

„სავალალო სურათი, რომელიც ამერიკულმა ჯანდაცვის სისტემამ პანდემიის პერიოდში აჩვენა, ვაშინგტონს არ უტოვებს შანსს ისაუბრობს ამ სფეროში ლიდერობის შესახებ“, - განაცხადა ზახაროვამ.

6
თემები:
მსოფლიო დღეს (1664)

სტამბოლში სამრეცხაოში მომხდარ აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

125
(განახლებულია 13:01 30.05.2020)
აფეთქების შედეგად სამრეცხაოს შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა. ადგილზე სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. სტამბოლის ერთ-ერთ უბანში სამრეცხაოში ორთქლის ქვაბის აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა, იუწყება თურქული გამოცემა Milliyet.

უბედური შემთხვევა სტამბოლში გუშინ მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბაშაქშეჰირის რაიონში მომხდარი აფეთქებისას ორი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის საქართველოს მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი და თურქეთის 55 წლის მოქალაქე.

აფეთქების შედეგად შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა. ადგილზე სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.

ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სტამბოლის გუბერნატორიც.

რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, ამ დროისთვის უცნობია.

 

125
თემები:
მსოფლიო დღეს (1664)
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში: პაციენტების 80% გამოჯანმრთელდა

0
(განახლებულია 15:14 30.05.2020)
საქართველოში დღითი დღე იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებმაც საშიში ინფექცია COVID-19 დაამარცხეს.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოში COVID-2019 ერთ დღე-ღამეში 24 პაციენტმა დაამარცხა, ნათქვამია სამთავრობო ვებგვერდზე stopcov.ge.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/29 მაისი >>

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 757 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 600 (80%) გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ამ დროისათვის COVID-19-გან 134 პაციენტი მკურნალობს. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამჟამინდელ ინფიცირებულებს ოთხჯერ და უფრო მეტჯერ აჭარბებს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3031, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 262 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში