ვითარება ჩინეთში

ჯანმო რეკომენდაციებს ავრცელებს: სასიკვდილო ვირუსისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული

124
(განახლებულია 16:03 24.01.2020)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ჩინეთის ხელისუფლებას, ჩაატაროს მოქალაქეთა სკრინინგი იმ პროვინციების საერთაშორისო აეროპორტებსა და პორტებში, სადაც ვირუსი დაფიქსირდა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას აძლევს მსოფლიოს ქვეყნებს, მზად იყვნენ ჩინეთში აფეთქებული კორონავირუსის შესაკავებლად, ვინაიდან დაავადება შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში გავრცელდეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.  

„დაავადება შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში გავრცელდეს. ამგვარად, ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს მისი შეკავებისთვის აუცილებელი ზომების გასატარებლად“, — ნათქვამია განცხადებაში. 

რაც შეეხება კონკრეტულად ჩინეთს, მისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ცალკე ღონისძიებები დაასახელა. 

„ჩინეთმა უნდა გააძლიეროს მეთვალყურეობა ეპიდემიასთან დაკავშირებით და აქტიურად გამოავლინოს დაავადების შემთხვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით, ჩინური ახალი წლის ზეიმის დროს“, – ხაზგასმულია მასალაში. 

გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ჩინეთის ხელისუფლებას, ჩაატაროს მოქალაქეთა სკრინინგი იმ პროვინციების საერთაშორისო აეროპორტებსა და პორტებში, სადაც ვირუსი დაფიქსირდა. 

2019-nCoV 

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უჰანში უცნობი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. გაირკვა, რომ პირველ დაავადებულებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების ბაზართან. ექსპერტებმა მოკვლევით დაადგინეს, რომ საუბარი იყო კორონავირუსის ახალი ტიპის — 2019-nCoV-ის შესახებ. მოგვიანებით დადგინდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

ბოლო მონაცემებით, დასნებოვნებულთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 830-ს აჭარბებს. აქედან 26 პაციენტი გარდაიცვალა. ლეტალურ შემთხვევათაგან 24 ჰუბეის პროვინციაზე მოდის, ორი კი — მის ფარგლებს გარეთ.

ვირუსი გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების ფაქტები დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ვიეტნამში, სინგაპურსა და ტაილანდში.

 

124
თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (496)